„სონღულაშვილმა მითხრა, მეორედ აღარ დარეკო, შენ იცი რა თანამდებობა მიკავიაო?“

„სონღულაშვილმა მითხრა, მეორედ აღარ დარეკო, შენ იცი რა თანამდებობა მიკავიაო?“

დათიკო გერგედავა ერთ-ერთია იმ ასი ათასობით ადამიანთა შორის, რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. საქმე ეხება „გალისა და ოჩამჩირის შრომისა და ომის ინვალიდთა კავშირისთვის“ კუთვნილი ქონების უკანონოდ წართმევის ფაქტს. ეს ორგანიზაცია 2000 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 22 ათასი ოჯახია გაწევრიანებული, რომელთაც ყოფილი ხელისუფლების უკანონო ქმედების შედეგად მორალური და ფიზიკური ზიანი მაიდგათ.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გერგედავამ, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და დაზარალებულმა განცხადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, რომ გამოძიება დაწყებულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მისი ორგანიზაციის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის. საქმე ეხებოდა იმ პროკურორებს, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები იყვნენ. თუმცა, საგამოძიებო უწყებამ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვა გერგედავას კანონიერი მოთხოვნა.

როგორც for.ge-სთან საუბრისას გერგედავა აცხადებს, პროკურატურის უმოქმედობამ აიძულა განცხადებით მიემართა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისთვის. თუმცა, საპროკურორო საბჭომ განცხადება ისევ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციაში გადააგზავნა და განსახილველად იმ პროკურორს დააწერა, რომელმაც გერგედავას 13 საჩივარ-განცხადება თაროზე შემოდო. კერძოდ, საუბარია პროკურორებზე - ნათია სონღულაშვილზე და ია დარჯანიაზე.

როდესაც გერგედავამ მოითხოვა განცხადებაზე პასუხი, გაარკვია, რომ ეს განცხადებაც განსახილველად ისევ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს, ნათია სონღულაშვილს დაეწერა, მას ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა პროკურორ სონღულაშვილისგან პასუხის ნაცვლად, მუქარა მიიღო, რომ მეორედ აღარ გაებედა მასთან დრეკვა. გერგედავა ამბობს, რომ როგორც ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე, შეურაცხყოფილია სონღულაშვილის პასუხით. თუმცა, განსაკუთრებით უკმაყოფილოა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრების მიმართ, რომელთაც განცხადებით მიმართა და ამავე განცხადებით მთავარი პროკურატურისგან კანონის შესრულებას ითხოვდა.

დათიკო გერგედავა: ჩვენი ორგანიზაცია 2000 წელს დაფუძნდა. ძირითადად შემოწირულობებით არსებობდა. სახელმწიფოსთან კავშირი არ გვქონდა, პირიქით, რაც გაგვაჩნდა სახელმწიფომ წაგვართვა. იმდენად რთული ვითარება იყო მაშინ, რომ უსახსრობის გამო რამდენი ადამიანი ცელოფნის პარკში შეხვეული დავასაფლავეთ, რადგან სასახლის ფული არ გვქონდა. როდესაც ფული ვიშოვეთ ისევ ამოვიყვანეთ მიცვალებული, ჩავასვენეთ სასახლეში და დავასაფლავეთ. ასე დავასაფლავეთ გაგრის კომისარი ბიჭიკო გაბუნია, სამამულო ომის გმირი მელიტონ ქანთარია. ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს.

ეს ხდებოდა შევარდნაძის დროს, მაგრამ ხელი არ გეშლებოდათ?

- შევარდნაძის დროს ჩვენ ხელი არ გვეშლებოდა. მიხეილ სააკაშვილი როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მაშინ გვერდში გვედგა და მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ ჩვენთვის ხელი შეეწყოთ ფინანსურად. მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი გახდა, საერთოდ დაგვივიწყა და რაც გვქონდა ბანკში, თუ ხაზინაში, წაგვართვა. ჩვენი კუთვნილი ქონება სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა. ამ უკანონობაში ჩართული იყო ძალოვანი უწყება, სასამართლო და რა თქმა უნდა - მთავრობა.

არ სცადეთ სამართლებრივი გზით კუთვნილი ქონების დაბრუნება?

- როდესაც სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, მესამე პირად ჩართული იყო ინვალიდთა ლიგის თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე. რადგან თანხებს განკარგავდა პირადად გიორგი ძნელაძე. გიორგის თანამშრომელი ესწრებოდა პროცესს და მან დაასაბუთა როგორც იყო ჩვენი საქმე. მოვიგეთ პირველი ინსტანცია, მაგრამ გიორგი ძნელაძეს შეუთითხნეს საქმე.

ძნელაძე პროკურატურაში დაიბარა განსაკუთრეულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა გოჩა ჩხაიძემ და უთხრა, თუ პროცესზე მიხვალ როგორც მომწე, ფიზიკურად გაგანადგურებთ შენ და შენს ოჯახსო. გიორგი მეუბნებოდა, რომ მკვდარს თუ მიმიყვანთ, თორემ ცოცხალი იქ არ მივალო, სხვას არაფერს მეუბნებოდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. შეხვედრაზე მან მიამბო რა ზეწოლა განხორციელდა მასზე გოჩა ჩხაიძის მხრიდან. ოჯახის ფიზიკური განადგურებით მემუქრებოდნენ და ვიცოდი, რომ გააკეთებდნენო. ამ ზეწოლის შესახებ დაწერა საჩივარი და თვითონ შეიტანა პროკურატურაში, მაგრამ მეოთხე წელია პასუხსაც არ გვეუბნებიან. 24 საათის განმავლობაში რომ რეკოთ პროკურატურაში, ყურმილს არავინ იღებს.

არ იცით ვის დაეწერა თქვენი განცხადება?

- პროკურორ ია დარჯანიას, რომელიც მეუბნება, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, უფროსებს გავუგზავნე, ისინი როგორც იტყვიან ისე იქნებაო. პროკურატურა მთავრობასაც ატყუებს და ხალხსაც. ჩემი აზრით, პროკურატურაში ბევრი ნაციონალია შემორჩენილი და ამიტომაც არ ხდება ასეთი დანაშაულის გამოძიება.

თქვენ მიმართეთ პროკურატურას, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეთ. მეტიც, ამბობთ, რომ ნათია სონღულაშვილთან გქონდათ სატელეფონო კავშირი, რომელმაც გაგაფრთხილათ, რომ მეორედ აღარ დაგერეკათ მასთან...

- ჩვენი საჩივარი ეწერა ია დარჯანიას, რომელსაც თაროზე ჰქონდა შემოგდებული ეს საქმე. თავიდან ჩვენ ველოდებოდით სამართლიანობის აღდგენას. ახალი დეპარტამენტი რომ შეიქმნა, პირველი განცხადება ჩვენი იყო. დეპარტამენტმა ვითომ გამოიძია ეს საქმე და თქვა, რომ ჩვენი საქმე არ არისო და საგამოძიებო დეპარტამენტს დააწერეს, მაგრამ მათ ისევ ია დარჯანიას დააწერეს. ია დარჯანია კი დილით ერთს ამბობს, საღამოს მეორეს. მეუბნება, რომ ჩემი საქმე გავაკეთე, ახლა უფროსს უდევს და ის როგორც იტყვის ისე გავაკეთებო. თუ მითხრეს გააკეთეო, ერთ დღეში გავაკეთებ ყველაფერსო. ეს მითხრა დარჯანიამ. ამიტომ, ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ განცხადებით მიგვემართა საპროკურორო საბჭოსთვის, რადგან მხოლოდ ამ საბჭოს შეუძლია მთავარი პროკურორის საქმიანობაში ჩარევა.

ვუჩიოდით მთავარ პროკურორს, რადგან არაფერს არ აკეთებენ სამართლიანობის აღდგენის კუთხით. თეა წულიკიანმა ჩვენი განცხადება ისევ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსს გადააწერა. ადმინისტრაციის უფროსი როგორ განიხილავდა თავისი უფროსის საქმეს?

როდესაც დავრეკე და მოვიკითხე ჩემი საქმე, მითხრეს, რომ ადმინისტრაციის უფროსმა განცხადება ნათია სონღულაშვილს დააწერა. ვურეკადვი სონღულაშვილს სამსახურის ნომერზე, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ყურმილს არავინ იღებდა. შემდეგ დავურეკე მობილურზე, მაგრამ პასუხად მივიღე ის, რომ მეორედ დარეკვა აღარ გამებედა. წარმოიდგინეთ 74 წლის ინვალიდი კაცი 22 000 დევნილის სახელით მივდივარ და ვიღაცა ლაწირაკი მეუბნება, რომ მეორედ აღარ დარეკო, შენ იცი მე რა თანამდებობა მიკავიაო? ჯერ მთავარი პროკურორი არავინ არ არის და ეს ვინ არის საერთოდ.

რა გზა გრჩებათ?

- ეს საქმე უნდა განიხილოს პროკურორთა საბჭომ. ჩვენ არ ვითხოვთ კომპენსაციას. ჩვენი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ შეასრულოს კანონი და დაიწყოს გამოძიება. ამ საქმეში ფიგურირებს მოსამართლე ლეილა მამულაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვითხოვთ კანონის აღსრულებას, მაგრამ პროკურატურა ატყუებს ხალხსაც და მთავრობასაც. ამ ხელისუფლების მტრები პროკურატურაში არიან მოკალათებულები. 60% ისევ სააკაშვილის კადრები მუშაობენ, წყალს ამღვრევენ იმით, რომ ამ ხელისუფლებას თავისი მომხრეები გადაკიდეს.

თუ რატომ მოხდა გერგედავას განცხადების ისევ პროკურატურაში გადაგზავნა, ამის გასარკვევად for.ge საპროკურორო საბჭოს წევრებს - ირმა ჭკადუას და თემურ მონიავას დაუკავშირდა, თუმცა, მათ განაცხადეს, რომ მათ გერგედავას განცხადება არ მიუღია.

როგორც თემურ მონიავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მისთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის, აღნიშნული განცხადება საბჭოს მისთვის არ გადაუგზავნია.

„თუ განცხადება პერსონიფიცირებულია, ეს განცხადება საბჭოს წევრებს უნდა გადმოგვცემოდა, მაგრამ ეს განცხადება ჩემთვის არავის არ გადმოუგზავნია. კანონით, საბჭოს უნდა გადმოეგზავნა განცხადება, რომ შეგვესწვალა თუ რამდენად იყო ჩვენი ქვემდებარე. იმ შემთხვევაში, თუ დავადგენდით, რომ ჩვენი ქვემდებარე იყო, მაშინ კანონიდან გამომდინარე უნდა მოგვეხდინა რეაგირება. თუ განცხადებაში მითითებულია ჩემი გვარი, ასეთ შემთხევაში ჩემთვის უნდა ეთქვათ ამის შესახებ, მაგრამ მე აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხევევაში ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავა.