პუტინი-სააკაშვილის მოდელის მორგებას ერდოღანი შეეცდება

პუტინი-სააკაშვილის მოდელის მორგებას ერდოღანი შეეცდება

აჰმედ დავუთოღლუ თანამდებობის დატოვებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან დაპირისპირებაა. მმართველი პარტია მომავალ 15-20 დღეში პარტიის ყრილობას გამართავს, რომელზეც პარტიის ლიდერის არჩევა იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტიის ყრილობაზე დავუთოღლუ ლიდერად აღარ აირჩევა. არსებული ინფორმაციით, დავუთოღლუ არც პარტიის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება გუშინ ერდოღანსა და დავუთოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ და ევროპულ მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკომისიამ თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. თურქეთისთვის სავიზო ლიბერალიზაციის წინადადების წარდგენას ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანისა და პრემიერის აჰმეტ დავუთოღლუს შეხვედრა მოჰყვა.

დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის შემდეგ იკავებს, მას შემდეგ რაც ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, ეს ორი მაღალჩინოსანი 2015 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებაში დავუთოღლუს მიიჩნევს პარტნიორად. დავუთოღლუს თანამდებობიდან წასვლა კი ევროპული მედიის ცნობით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი ნიშანი არ იქნება.

გასულ კვირას დავუთოღლუმ გააკრიტიკა ერდოღანის მხარდამჭერი ბლოგის ავტორები და მათ „ვირტუალური შარლატანები“ უწოდა და აქვე დასძინა, რომ თუ საჭირო იქნებოდა გვერდზე გადგებოდა, თუმცა სიმართლისა და სუფთა პოლიტიკისგან არასოდეს იტყვის უარს. პრემიერის განცხადება ადასტურებს, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის გზები გაიყო და ეს ორი ერთად ვეღარ გააგრძელებს სვლას.

პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა გასული კვირიდან განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც დავუთოღლუმ ქურთთა პარტიასთან (PKK) შესაძლო მოლაპარაკებებზე დაიწყო საუბარი. ეს თავის მხრივ ერდოღანმა კატეგორიულად გამორიცხა. ამასთან ერდოღანი ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით გაზარდოს თავისი უფლებები და ეს სწორედ პრემიერ-მინისტრის უფლებების ხარჯზე უნდა მოხდეს.

for.ge-სთან საუბრისას თურქმა პოლიტოლოგმა მელიკ ალკანმა აღნიშნა, რომ ერდოღანი ცდილობს გაიმეორეს პუტინის ვარიანტი, გააძლიეროს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, რომ შეცვალოს მოქმედი პრემიერი. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს აქვს შანსი, რომ შეცვალოს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

„სხვათა შორის ერდოღანი ცდილობს გაიმეორეს პუტინის ვარიანტი. ცდილობს გააძლიეროს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი და მერე შემოგვთავაზოს თავისი შემცვლელი, როგორც ეს პუტინმა გააკეთა თავის დროზე მედვედევის სახით. თურქეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავითოღლუ აქტიური პოლიტიკოსია, მას ძალიან კარგად ახასიათებენ თურქეთის საზოგადოებასთან, მაგრამ ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერდოღანთან.

თუმცა, შეიძლება მათ შორის მომავალში წარმოიშვას კონფლიქტი. პრემიერ-მინისტრს აქვს შანსი, რომ შეცვალოს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, დღეს ის ერდოღანის გავლენის ქვეშ არის, მაგრამ ინტელექტუალური ადამიანია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მელიკ ალკანი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით უფლებამოსილების გაზრდა, იმ ქვეყნების მახასიათებელი თვისებაა, სადაც ტერმინ დემოკრატიას, მისი შინაარსის პატივისცემის გარეშე იყენებენ.

„უნდა დავაზუსტოთ ტერმინი - პუტინის გზა, ხომ არ ემთხვევა სააკაშვილის გზას. საკონსტიტუციიო ცვლილების წინაპირობა ერთი და იგივე ხომ არ იყო პუტინისთვის და სააკაშვილისთვის? რა გასაკვირია, რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტსაც, რომელსაც აქტიური კომუნიკაციები აქვს რუსეთთან და საქართველოსთან, იგივე სურვილი გაუჩნდეს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილია რა მოსდევს ასეთ ნაბიჯებს. რაიმე მოულოდნელობა, ან შეუძლებლობა ასეთი სცენარის განვითარებისა არ უნდა იყოს გაგებული, როგორც განსაკუთრეებული მოვლენა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თურქეთი ბევრად მნიშვნელოვანი ფასეულობაა ევროპისთვის, ვიდრე მისი ნებისმიერი ცალკე აღებული პოლიტიკოსი. შესაბამისად, თვლის, რომ დავუთოღლუს თანამდებობიდან წასვლა თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესს ვერ შეაჩერებს.

„რასაკვირველია, გამონათქვამები განსხვავებული იქნება ამ ფაქტთთან დაკავშირებით, მაგრამ ამით შედეგი არ შეიცვლება. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ-მინისტრის გვარს, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება თავად ევროკავშირის ლიდერების მიერ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, მიუხედავად პრემიერის მნიშვნელოვანი როლისა ევროკავშირთან დიალოგის პროცესში თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხისა, ეს არის ერთიანი პაკეტის ნაწილი, რომელითაც თურქეთი და ევროკავშირი ცდილობენ მოაწესრიგონ მიგრაციის ის პროცესები, რომელიც ძალიან მტკივნეული და პრობლემურია ევროპისთვის.

„ალბათ ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პროცესი ბოლომდე შეინარჩუნოს. რაც შეეხება პარალელების გავლებას რუსეთისა და თურქეთს შორის, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ორივე ხელმძღვანელი ავტორიტარული სტილის პოლიტიკოსები გახლავთ, რაღაც გარკევულ მსგავსებას ხშირად ხედავენ. მაგრამ თურქეთის სიტუაცია სერიოზულად განსხვავდება რუსეთისგან, მიუხედავად ბატონი ერდოღანის დაუღალავი მცდელობისა, პრემიერისა და პრეზიდენტის ინსტიტუტი, ასევე საერთოდ პოლიტიკური მოწყობა, ისეთი სუპერცენტრალიზებული არ არის, როგორც რუსეთში.

სამწუხაროდ, ბევრი დეტალი ჯერ არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაინტერესებულია ამ საკითხით და არ შეიძლება საქართველოში ვინმე გულგრილი იყო თურქეთში მიმდინარე პროცესებისადმი, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე საგულისხმოს დანახვა გაჭირდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას იარკლი მენაღარიშვილმა.