თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად, დასრულებულია და მალე ახალი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. კონკრეტული თარიღი თუ როდის ამოქმედდება ახალი შეზღუდვები მწეველთათვის ცნობილი არ არის.
კანონის ერთ-ერთი პუნქტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე აკრძალვების დაწესებას ეხება. მეათე მუხლის თანახმად, რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური მოსაწევი ადგილები. ამასთან, ასეთი ზონის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50%-ს. დაწესებულებებში, მოწევა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურად გამოყოფილი ადგილი იქნება, რომელიც სპეციალური გამწოვებით იქნება აღჭურვილი.
თბილისურ რესტორნებში ახალ რეგულაციას არ ეწინაააღმდეგებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს მწეველი კლიენტების გაღიზიანებას გამოიწვევს. რესტორან „ბერმუხას“ მენეჯერის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ არამწეველთა უფლებები ქვეყანაში დაცული არ არის, კანონპროექტი მათთვის მისაღებია.
„ეს ძალიან კარგი კანონი იქნება თუ მიიღებენ, თუმცა შეიძლება ეს მწევველი მომხმარებლისთვის აღმაშფოთებელი იყოს, სავარაუდოდ, გააპროტესტებენ კიდეც. კანონის დამტკიცების შემთხვევაში რესტორანი მოერგება ამ პირობებს“, - აცხადებენ „ბერმუხააში“.
ლუდის ბარ „ნალის“ წარმომადგენელიც ნაწილობრივ ემხრობა კანონპროექტს, რადგან ქვერყანაში როგორც არამწეველის უფლებები ირღვევა, ასევე ირღვევა მწეველი ადამიანის უფლებებიც.
„გაკეთდება სპეციალურად გამოყოფილი ზონები მწეველებისთვის. ქართველი ადამიანი ამ კანონს აუცილებლად გააპროტესტებს და არც დაიცავს, ისევე როგორც არ იცავენ ქუჩაში ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვას. არ არის გამორიცხული, რომ ამ კანონმა რესტორნის მომხმარებელის შემცირება გამოიწვიოს“.
რესტორან „ოტიუმშიც“ იგივე აზრს იზიარებენ და ემხრობიან კანონპროექტის დაკანონებას, თუმცა წინასწარ განსაზღვრა უჭირთ თუ როგორ შეხვდებიან რესტორნის ვიზიტორები ახალ შეზღუდვას.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე კი აცხადებს, რომ ქართულმა სარესტორნო ბიზნესმა ევროპული მიდგომა უნდა გაითვალისწინოს. მისი აზრით, კვების ობიექტების უმრავლესობა ახალ რეგულაციებს ადაპტირებული გარემო პირობებით ხვდება.
„მთელ მსოფლიოში არის გამოყოფილი ადგილები მწეველთა და არამწეველთათვის. ქართულ სარესტორნო ბიზნესს. განსაკუთრებით ახალ რესტორნებს შეუძლიათ ჰქონდეთ დარბაზი ორივე ტიპის მომხმარებელთათვის. სარესტორნო ბიზნესი რეგულაციებისთვის ემზადება. მათ ეს რესურსი აქვთ და გამოიყენებენ კიდეც“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას ქეთევან მელაძემ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძეც ადასტურებს, რომ სარესტორნო ბიზნესი მომავალი რეგულაციებისთვის მზადაა, თუმცა არსებობს სხვა ხელისშემშლელი პირობები.
,,ამ კანონის ამოქმედებას მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრია ეწინააღმდეგება. კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს რესტორნებსა და ბარებში მოწევის სრულად აკრძალვას. მომხმარებლების, ასევე სამასპინძლო ბიზნესის მხარდაჭერა სახეზეა, მთავრობის მხრიდან პოზიტიური განწყობაა, რეგულაციების დაწესება მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებში არ ჯდება“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე და დასძენს, რომ საქართველოში უკვე არის რამდენიმე კაფე-რესტორანი, სადაც მოწევა აკრძალულია.