ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ის ცნობით, ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო დოკუმენტები, რომელშიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და „ისლამური სახელმწიფოს“ თანამშრომლობაზეა საუბარი. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სირიის ქალაქი პალმეირა, პრეზიდენტ ასადის მომხრე არმიას გარკვეული, მათ შორის, ნავთობის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების სანაცვლოდ დაუბრუნდა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებით, დოკუმენტები მათ მებრძოლებისგან მიიღეს, თუმცა ინფორმაციის სანდოობა დამტკიცებული არ არის.
„ისლამური სახელმწიფოსა“ და ასადის რეჟიმის თანამშრომლობაზე საუბრობს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, პალმიირას სანაცვლოდ „ისლამურმა საახლიფომ“ დიდი თანხა აიღო ასადისგან.
რა საერთო ინტერესი აქვთ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და რუსეთის ხელისუფლებას და სად იკვეთება ასადის ინტერესები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
„ისლამურ სახელმწიფოსა“ და ასადის რეჟიმს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება და ამაზე საუბრობენ მსოფლიო ლიდერები, თუმცა დოკუმენტალური მტკიცებულება პირველად გამოჩნდა. ბატონო ვახტანგ, რა კავშირია „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სირიის პეზიდენტს შორის?
ვახტანგ მაისაია: დამტკიცებული ფაქტია, რომ ასადის რეჟიმი და „ისლამური სახელმწიფო“ თანამშრომლობენ, რაც მიღებული წესია სირიაში. თუ საჭიროა ისინი ნებისმიერს შეეკვრებიან. ასე რომ, ასადისა და „ისლამური სახელმწიფოს“ თანამშრომლობა გასაკვირი არ არის. პირიქით, გასაკვირი იქნებოდა, რომ ეს თანამშრომლობა არ ყოფილიყო. ეს არის აღმოსავლური სპეციფიკა, თუ დასჭირდათ ყველასთან ითანამშრომლობენ. ამ თანამშრომლობას თავისი მიზეზი აქვს, ასადის რეჟიმს სჭირდება ნავთობი, ტერორისტებს კი იარაღი.
სირიის პრეზიდენტი თანამშრომლობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“, მაშინ როგორ აიხსნება რუსეთის ხელისუფლების ქმედება, რომელიც ღიად უჭერს მხარს სირიის პრეზიდენტს?
- თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს ისლამურ სახალიფოსთან? მოგეხსენებათ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დამრტყმელი ძალას სადამ ჰუსეინის მომხრე სამხედროები წარმოადგენენ. ასე რომ, რუსებს პირდაპირი კავშირი აქვთ „ისლამურ სახალიფოსთან“ და გარკვეულწილად, თანამშრომლობენ კიდევაც. შემთხვევით არ იყო ის ფაქტი, რომ რუსეთი არ ბომბავდა სახალიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ბომბავდა მხოლოდ ალ ისლამიას ჯიჰადისტურ შენაერთებს. გასაგებია, რომ „ისლამურ სახელმწიფოსაც“ მიაყენა ზიანი, მაგრამ ეს იყო საკმაოდ უმნიშვნელო.
ამით რუსეთმა მიაღწია მიზანს, ჩრდილოეთ კავკასია გაწმინდეს იმ რადიკალური ისლამისტებისგან, რომლებსაც მხარს უჭერდა ჯაფხატ ან ნუსრა დაჯგუფება, რომელსაც მხარს უჭერდა ალ ქაიდა. ისინი ჯერჯერობით გაჩუმებული არიან და არ აქტიურობენ ჩრდილოეთ კავკასიაში. ფაქტია, რომ რუსეთსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის მოქმედებს არაფორმალური ზავი, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება ვითარება შეიცვლოს და ამოქმედდეს კავკასიის ვილაითი.
ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სიჩუმეც იმით აიხსნება, რომ რუსეთი, ისევე როგორც სირია, თანამშრომლობს „ისლამურ სახელიმწიფოსთან“?
- რა თქმა უნდა, და რუსეთის ინტერესი აქ სრულიად ნათელია. მაგალითად, „ისლამურმა სახალიფომ“ დიდი თანხა აიღო ასადისგან, რომ იმ მომენტისთვის პალმეირა დაეტოვებინათ, რადგან სრულად გაძარცვეს და პალმეირა უკვე აღარ სჭირდებოდათ. ამის შემდეგ გადასცეს ასადის რეჟიმს.
ბოლო ინფორმაციით „ისლამურმა სახელმწიფომ“ ასადის რეჟიმს საკმაოდ დიდი რაოდენობის გაზისა და ნავთობის საბადოები წაართვა. ამ სამხედრო ოპერაციაში სულ ასადის მომხრე 5 ჯარისკაცი დაიღუპა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას. ასადმა ისლამისტებს პალმეირას სანაცვლოდ დაუთმო ნავთობისა და გაზის საბადოები.
ასეთ კავშირებზე საუბარია თურქეთის შემთხვევაშიც. რუსეთი ამტკიცება, რომ თურქეთი თანამშრომლობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“. რუსეთის ამ ბრალდებას აქვს საფუძველი?
- რა თქმა უნდა ჰქონდა. იცით, რომ სწორედ თურქეთიდან გადადიოდნენ მოხალისეები სირიის მიმართულებით. თურქმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს თურქეთის სპეცსამსახურები კორიდორს უკეთებდნენ ე.წ. მებრძოლებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე გადაეტანათ იარაღი და იქიდან მიეღოთ საწვავი. ასეთ თანამშომლობას ჰქონდა ადგილი და აქვს კიდევაც.
ერდოღანსა და „ისლამური სახელმწიფოს“ შორის მეტი სიახლოვეა, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ერდოღანი ცდილობს აღადგინოს ის ხალიფატი, რომელიც თურქული მმართველობის პერიოდში არსებობდა. იდეოლოგიურად „ისლამურ სახელმწიფოსთან“ უფრო მეტი იდეოლოგიური კლიშე აქვთ მმართველ თურქულ პოლიტიკურ ძალას, ვიდრე სხვა რომელიმე პარტიას.
ეს ნიშნავს, რომ თურქეთი და „ისლამური სახელმწიფო“ მოკავშირეები არიან?
-არა, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ისინი მოკავშირეები არიან. როგორც წესი, აღმოსავლეთში არ არსებობს მუდმივი მოკავშირეები და მტრები. დღევანდელი მოკავშირეები შეიძლება ხვალ შენი მტერი გახდეს, ან პირიქით.