„მერსედეს ბენც ფეშენ ვიკი“, რომლის უკანაც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქალიშვილი სოფო ჭყონია დგას, არაჯანსაღი კონკურენციით მიზანმიმართულად ძირავს „თბილისი ფეშენ ვიკს“ - ამის შესახებ For.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა და იმ საეჭვო დეტალებზეც ისაუბრა, სადაც სახელმწიფოს ცალკეული სტრუქტურების ჯაჭვური რეაქცია იკვეთება.
ჩვენმა რესპონდენტმა თავი თბილისის მოდის კვირეულის (ანუ „თბილისი ფეშენ ვიკის“) გულშემატკივრად გაგვაცნო და აღნიშნა, რომ თბილისის მოდის კვირეული ჯერ კიდევ 2009 წლიდან იღებს სათავეს. თავის დროზე მის ორგანიზატორებს ნაციონალებთან მოუხდათ სერიოზული ბრძოლა, რადგან ნაცმოძრაობამ უცებ გადაწყვიტა, გაეკეთებინა ალტერნატიული პროექტი და მათი პროექტი ჩაეძირა. ამჟამად კი მათ არაკეთილსინდისიერი კონკურენტი გამოუჩნდათ „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის“ სახით, რომლის ჩვენებაც დღეს ეწყობა.
„მათ უკან თემურ ჭყონიას ქალიშვილი სოფო ჭყონიაა, რომელიც დიდი ფულის პატრონია. მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, რომ „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს“ სპონსორობას უწევს კომპანია „მერსედესი“, რომელიც უმდიდრეს კომპანიად ითვლება. თბილისის რეალობაში კი „მერსედეს-ბენცს“ გარანტად უდგას „კოკა-კოლა“, ანუ ფინანსურად ორი მონსტრი კომპანია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს კომპანია იქცევა არაბიზნესურად, ანუ ნაციონალების მეთოდებით. მათ დაიწყეს დიზაინერების გადაბირება, წევრობა შეუჩერეს დიზაინერებს, რაც მოდის კვირეულზე მათი ნამუშევრების წარმოჩენის აუცილებელი წინაპირობა იყო; გარდა ამისა, დიზაინერებს პირდებიან კოლექციის დაფინანსებას. ანუ, ეს პროექტი მიზანმიმართულად მუშაობს „თბილისის მოდის კვირეულის“ ჩასაძირად. ამაში იგულისხმება დიზაინერების მოსყიდვაც და სახელმწიფოს ფულის მიზიდვაც, რაზეც სახელმწიფო რატომღაც უარს არ ეუბნება. არადა, საკვირველია, როცა ასეთი ფინანსური ზურგი გაქვს, რატომ უნდა ითხოვდე სახელმწიფო სტრუქტურებისგან თანადაფინანსებას? რატომ უნდა ჩართო ამ საქმეში კულტურის სამინისტრო, მერია და ტურიზმის დეპარტამენტი? თუ ასეთი მდიდარი ხარ, რომ დიზაინერების საწევრო არ გჭირდება, რატომ თხოვ სახელმწიფოს თანადაფინანსებაში შემოსვლას ბიუჯეტის თანხებით?“ - აინტერესებს ჩვენს რესპონდენტს.
მისივე თქმით, ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების მფარველობა იკვეთება. კერძოდ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში ჩვენება იმართება და ამ დარბაზს უფასოდ უთმობენ „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკს“. ეს მაშინ, როცა სარკეებიანი დარბაზი ოფიციალურად დღიურად 4 ათას ლარად ქირავდება. „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკისთვის“ კი გამონაკლისი დაუშვეს, მერიაში დარეკეს მთავრობის კანცელარიიდან და დაავალეს, დახმარებოდნენ აღნიშნულ პროექტს. შედეგად, მერიიდანაც დარეკეს ყოფილ პიონერთა სასახლეში, სადაც ძლივს არიგებენ ხელფასებს, და ფართი უსასყიდლოდ გადასცეს მონსტრი ფინანსური გარანტიების მქონე კომპანიებს („მერსედესსა“ და „კოკა-კოლას“) მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ დარეკა.
კითხვები მიდის მერიასთან, კულტურის სამინისტროსთან, ტურიზმის დეპარტამენტთან, თუ რატომ არიან ჩართულნი ამ ბიზნესპროექტში? რატომ ასეირნებს ტურიზმის დეპარტამენტი „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკზე“ ჩამოსულ 40-50 სტუმარს საქართველოს ტურისტულ მარშრუტებზე მაშინ, როცა ამ ხალხის ჩამოყვანაში „მერსედესის“ კომპანიის ასტრონომიული ფულია გადახდილი? მით უმეტეს, „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკს“ სერიოზული მედიაპარტნიორები ჰყავს, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში ტრიალებენ.
ჩვენს წყაროს ისიც აინტერესებს, თუკი „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკისთვის“ დაიშვა გამონაკლისი, იგივე რატომ არ განმეორდა კახი კალაძის მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის შემთხვევაში, რომელსაც ყოფილი პიონერთა სასახლის სარკეებიანი დარბაზი გასულ წელს ქირის საფასურად დაუთმეს და მას უსასყიდლოდ დარბაზის გადაცემა არც მოუთხოვია?! ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თუკი როდესმე „თბილისის მოდის კვირეულიც“ მოითხოვს ფართს უფასოდ, ისიც დაარეკინებს ვიღაცას მერიიდან და მოსწავლე ახალგაზრდობის სარკეებიანი დარბაზიც გარანტირებული ექნება?!
ჩვენი რესპონდენტი ნაციონალურ მმართველობის წლებსაც იხსენებს და ამბობს, რომ „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის“ გამოჩენამდე „თბილისის მოდის კვირეულს“ ემტერებოდნენ და ამ ბიზნესით ნაციონალებმა დიდი ფული გაათეთრეს. ამ საქმეში კი ფიგურირებდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის - დავით ბაქრაძის მეუღლის, მაკა მეტრეველის კომპანიის, „ფეშენ გრუპის“ სახელი.
„ნაცმოძრაობამ უცებ გადაწყვიტა, გაეკეთებინა ალტერნატიული პროექტი და „თბილისის მოდის კვირეულის“ პროექტი ჩაეძირა. ნაცების „ჯორჯიან ფეშენ ვიკის“ პირველი პროექტის ხარჯთაღრიცხვა 600 ათასი ევროს შეადგენდა, რითაც, წესით, საგადასახადო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, რადგან აქ ფულის გათეთრების კვალი აშკარაა. კაცმა არ იცის, რაში დაიხარჯა ეს 600 ათასი ევრო. ჯერ კიდევ ნაციონალებიდან დაწყებული, „თბილისის მოდის კვირეულს“ კულტურის სამინისტრო კაპიკებს უგდებდა, რათა სალაპარაკო არ გამხდარიყო, რომ მათ არავინ ეხმარებოდა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ცოლი დაინტერესდა ამ პროექტით, ბაქრაძე პირადად რეკავდა სპონსორებთან და საკუთარი მეუღლის ბიზნესის დაფინანსებას ითხოვდა.
როცა „თბილისის მოდის კვირეული“ იხსნებოდა და პირველი პროექტის პრეზენტაცია იყო, მოდის დიზაინერი იტალიელი რობერტო კავალი საპატიო სტუმრად იყო მოწვეული. იგი გახსნას უნდა დასწრებოდა, მაგრამ მოულოდნელად რობერტო კავალი დავით ბაქრაძის ზარით სააკაშვილმა გაიტაცა, მოიგონა, რაღაც სადილზეა დაპატიჟებულიო, მერე ფუნიკულიორზე ასეირნა, კავალი ცუდად გახდა, იქიდან წაიყვანა ბათუმში, ეს კაცი გაგიჟდა, თვითმფრინავი გამოიძახა ბათუმში და ისე გაიქცა საქართველოდან, უკან არ მოუხედავს. ეს ყველაფერი დავით ბაქრაძემ განახორციელა, რათა რობერტო კავალი „თბილისის მოდის კვირეულის“ პირველ პროექტს არ დასწრებოდა და ამით პროექტი ჩავარდნილიყო. მე არ ვიცი, როდის იყო უკეთესი პირობები - მაშინ, როცა სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავით, თუ ახლა, როცა დიზაინერებს ისყიდიან, წევრობას უხსნიან, კანცელარიიდან რეკავენ... „თბილისის მოდის კვირეული“ ჯანმრთელი კონკურენციის წინააღმდეგი არ არის, უნდა გაიმარჯვოს ძლიერმა, მაგრამ არა - სახელმწიფოსგან წართმეულმა ამდენმა ფულმა“, - აღნიშნა რესპონდენტმა.
რაც შეეხება დიზაინერების საწევროებს, მან განმარტა, რომ ეს აუცილებელი სეგმენტია, რადგან დიზაინერს უღირს ათასი თუ ორი ათასი ლარის გადახდა მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. მით უმეტეს, რომ მთელი ლოჯისტიკა, განათება, უზარმაზარი ენერგია იხარჯება, ამ საქმისთვის უამრავი ადამიანი მუშაობს; ერთი კვირის ან სამი-ოთხი დღის განმავლობაში აქ უამრავი დიზაინერის, მყიდველის, მოდელის, მოდის კრიტიკოსის თავმოყრა ხდება, დიზაინერს სააშკარაოზე გამოაქვს ნამუშევარი, რომელიც მყიდველს მოეწონება და უკვეთავს კოლექციას. შესაბამისად, ეს სფერო ვითარდება. ახლა კი დიზაინერი არ ვითარდება, ძონძიც რომ შეკეროს, მას მაინც დაუფინანსებენ. ჭყონიების მხრიდან არაჯანსაღი პირობების შეთავაზების გამო „თბილისის მოდის კვირეულიც“ იძულებული გახდა, საწევროები მოეხსნა დიზაინერებისთვის. არადა, ეს დიზაინერები სწორედ „თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში“ „გამოიჩეკნენ“ და გახდნენ პოპულარულნი.
„ისედაც გაუგებარია, კულტურის მინისტრი თავის ბიზნესს („ისტერნ პრომოუშენს“) რატომ აფინანსესებს სახელმწიფოს ხარჯით? საინტერესოა, ახლაც ვინ ჩაერია კანცელარიიდან „მერსედეს ბენც მოდის კვირეულის“ დასახმარებლად? რა სარგებელი მოაქვს სახელმწიფოსთვის ამ პროექტს? ბიუჯეტში რა თანხა შედის? ახლაც ეწყობა „ავთანდილის“ ჩვენება ფუნიკულიორზე და კულტურის სამინისტრო ურიცხავს „მერსედეს ბენც მოდის კვირეულს“ მინიმუმ 25 ათასს მხარდაჭერის მიზნით. თავიდან ეს პროექტი რომ გამოჩნდა, ნაციონალების მეგონა, რადგან თემურ ჭყონია, მაინც ნაცონალებთან ასოცირდება“,-ასკვნის ჩვენი წყარო, რომლის აზრითაც, ბიზნესში გადაგდებაც მოსულა, დემპინგიც, მაგრამ საკუთარი და არა -სახელმწიფოს ფულით.