კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს 15 წლამდე პატიმრომა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, უდესიანმა ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების, ასევე ხსენებული კომპანიებიდან იძულებით გაყვანისა და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით შეიმუშავა და განახორციელა დანაშაულებრივი გეგმა.
კერძოდ, 2011 წელს, ხარძიანი მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში. დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, უდესიანი დაუკავშირდა ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა პატიმარ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნეს წილები დაეთმო.
დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, მუხაძის მითითებით, ხარძიანის საკანში მოთავსებული იქნა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი დაეთმო კომპანიების - „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები.
აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ ქონება უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილის თანამშრომლები.
მეტიც, ხარძიანს სისტემატიურად სთხოვდნენ ეთამაშა აზარტული თამაში, რაზედაც იგი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, ხარძიანი დაიყოლიეს თამაშზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ რესტორანში დაპატიჟება მოუგეს. მოგვიანებით კი განუცხადეს, რომ მათი შეთანხმება გულისხმობდა არა რესტორანში დაპატიჟებას, არამედ რესტორნის, როგორც ობიექტის საკუთრებაში გადაცემას. მეტი დამაჯერებლობისთვის ხარძიანისთვის შეთავაზებული იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ წერილის გაგზავნა დავის გადასაწყვეტად. აღნიშნული წერილი გადაცემული იქნა მუხაძისთვის.
წერილის შედგენიდან რამდენიმე დღეში, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა ხარძიანს გადასცა საპასუხო წერილი, სადაც თითქოსდა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ბესარიონ ხარძიანის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 800 000 აშშ დოლარს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხარძიანი თანახმა იყო გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული რესტორანი.
თუმცა ვინაიდან ხარძიანის წამების მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს წილების დათმობა უდესიანის სასარგებლოდ და არა რესტორნის, როგორც ობიექტის გადაცემა, მუხაძის დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა უარი განაცხადა რესტორნის ჩაბარებაზე და მოსთხოვა უდესიანის სასარგებლოდ წილების გადაფორმება, ასევე განუცხადა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ემუქრებოდა გაუპატიურება.
საპატიმრო დაწესებულებაში ხარძიანზე ზემოქმედების პარალელურად, უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე, რომელიც საკუთარ ოფისში შეხვდა ხარძიანს, რომელიც შპს „კუს ტბა კალას“ და შპს „კუს ტბა პალასის“ წილებს ფლობდა. უდესიანმა ხარძიანი თანმხლებ პირებთან ერთად სცემა, რა დროსაც დაემუქრა, რომ თუ ხარძიანების ოჯახი კუს ტბის წილებს მის სასარგებლოდ არ დათმობდა, თავად შევიდოდა ციხეში და დაესწრებოდა ხარძიანის გაუპატიურებას. ხოლო გიორგი ხარძიანს ან მოკლავდნენ, ან მასაც ციხეში შეაგდებდნენ და გააუპატიურებდნენ.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ერთ-ერთი ნათესავის სახელზე გაეცათ მინდობილობები და უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები. გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 მილიონ ლარზე მეტი.
ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ჯერ კიდევ ხარძიანის სიცოცხლეშივე დაიწყო საქმეზე გამოძიება და დაზარალებულად იქნა ცნობილი. მისივე თქმით, პირები, რომლებიც ახლა დასახელდა პროკურატურის მიერ, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რაც პროკურატურამ ამ დროისთვის მოიპოვა.
„გამოძიებამ ჩათვალა, რომ ეს მტკიცებულებები არის უტყუარი. ჩვენ ვიზიარებთ პროკურაურის პოზიციას. პირთა წრის წინასწარ განსაზღვრა რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. მოგეხსნებათ, რომ პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე.
ეს საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებად, ანუ ვინ შეიძლება იყოს სავარუდო დამკვეთი. სათანადო მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, პროკურატურა დადებს მტკიცებულებას. ასე რომ, ვინ არის ამ მკვლელობის დამკვეთი, ამას დრო გვიჩვენებს და ეს არ არის შორი პერიოდი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მალხაზ სალაყაია.
მთავარ პროკურატურაის მასალებს ჯერ არ იცნობს უდესიანის ადვოკატი, ანზორ იზორია, რომლის განცხადებით, უკვე ესაუბრა გამომძიებელს და უდესიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ოფიციალურად ხვალ გაეცნობა, რის შემდეგაც სასამართლომ უდესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. მისივე თქმით, უდესიანის პოზიციაა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ადვოტაკისთვის უცნობია, ჩამოვა თუ არა უდესიანი საქართველოში.
პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა გია უდესიანი, რომლის განცხადებით, აპირებდა მონაწილეობა მიმეღო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. შესაბამისად, ბრალის წაყენებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. უდესიანი ამავე განცხადებაში არაფერს ამბობს პროკურატურის მტკიცებულებაზე.
„ვაპირებდი, რომ მესტიიდან კენჭი მეყარა პარლამენტში დამოუკიდებელ მაჟორიტარად. ეს ცნობილი გახდა მოქმედი ხელისუფლებისთვის და მათი მარიონეტი პროკურატურის მეშვეობით განახორციელეს პოლიტიკური ზეწოლა და ჩემი დაბლოკვა როგორც მაჟორიტარი კანდიდატისა.
აღნიშნული ცალსახად დადასტურდა პროკურატურის წარმომადგენლის, ვინმე წიკლაურის მიერ გაკეთებული განცხადებით, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ კითხულობს აშკარად პოლიტიკურად შეთითხნილ ვითომდა ბრალდებას. ბრალმდებლის გამოსვლას აშკარად აკლდა თავდაჯერებულობა“, - ნათქვამია გია უდესიანის განცხადებაში.
ბესიკ ხარძიანის შვილი, ქეთი ხარძიანი აცხადებს, რომ უდესიანის მონაწილეობა კუს ტბის წილების წართმევაში არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. საქმეში არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გლდანის ციხეში ხარძიანი სწორედ უდესიანის დავალებით აწამეს და წამების მთავარი მიზანი კუს ტბის წილების დათმობა იყო.
„მამაჩემი კუს ტბის წილებს არასდროს არ ყიდდა და არასდროს სურვილი არ ქონია ეს წილები გაესხვისებინა. წილები იძულებით, წამების შემდეგ დაათმობინეს და ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს საქმეში, რომელზეც მე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ.
რაც შეეხება უდესიანის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, მამიდა წილების ყიდვას უდესიანს სთხოვს, დამონტაჟებულია. არასდროს ჩვენს ოჯახს წილების გასხვისება უდესიანისთვის არ შეუთავაზებია. სწორედ უდესიანის როლი იკვეთება მამაჩემის მკვლელობის საქმეში. პირიქით, უდესიანი იძულებით ითხოვდა წილების დათმობას. იმედი მაქვს, რომ მუხაძის და უდესიანის დაკავება უახლოეს მომავალში მოხერხდება“, - ამბობს ქეთი ხარძიანი.