ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ „თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით არ მომხდარა. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ საქმის მასალებში არ დევს მაყუჩიანი ტიპის იარაღი, რის საფუძველზე გამოძიებამ ბრალი წაუყენა გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას. ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა ტიპის იარაღით აქვს მიყენებული დაზიანება გარდაცვლილს და რატომ არიან ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია, თუ დაზიანება მიყენებული არ არის მაყუჩიანი იარაღით? - ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე საბოლოო სიტყვა მთავარმა პროკურატურამ და სასამართლომ უნდა თქვას.
თბილგაზის ყოფილი გენერალური დირექტორის, გია გვიჩიანის საქმეზე მტკიცებულებების კანონიერად მოპოვების საკითხს პროკურატურა უკვე სწავლობს. როგორც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, დასკვნას უახლოეს პერიოდში დადებენ, თუმცა შოთაძე გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს.
„არსებობდა პრეტენზიები, რომ თავის დროზე არასწორად ჩატარდა გამოძიება, არ იყო თავმოყრილი ყველა მტკიცებულება ამ მკვლელობის ფაქტზე. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უახლოეს მომავალში შესაბამისი დონეზე მივა გამოძიება და სამართლებრივი შეფასებას მივცემთ ფაქტებს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ კანონიერი სასამართლო გადაწვეტილების გადახედვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შოთაძემ.
როგორც ცნობილია, გვიჩიანი და ჩემია 2006 წელს დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მათ სასჯელი 15 წლამდე შეუმცირა. მსჯავრდებული გია გვიჩიან არ გამორიცხავს, რომ მისი 10-წლიანი პატიმრობა დასრულდეს და მის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ ბათილად ცნოს.
დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლაიშვილის დასკვნით, რომელსაც სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაც არ ეწინააღმდეგება, გამოირიცხება მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით.
„ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, ნიკა ლომინაძის მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით არ მომხდარა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ დასკვნას არ ეწინააღმდეგება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. სამხარაულის ექსპერტიზაში არგუმენტების გაბათილება არ მომხდარა და ვერც მოხდება, რადგან ეს შუძლებელია. კომისიის დასკვნაში წერია, რომ ვინაიდან კონკრეტული იარაღი, კონკრეტული მაყუჩი და ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება არ არსებობს, მაყუჩზე მსჯელობა უბრალოდ, არ მიდის.
მე დასკვნას დავეთანხმე, მაგრამ გავაკეთე დამატება, რომ მართალია, იარაღი და მაყუჩი არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ბრალდებულები, რომლებსაც ბრალად ამ სისტემის მაყუჩიანი იარაღით განხორციელებული მკვლელობა ედებათ და რომლებიც ციხეში სხედან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შესაძლებელია, ანუ, მასალები 2002 წელს ჩატარებულ კვლევას და ექსპერიმენტს უნდა შევადაროთ, რითაც მაყუჩის მოქმედება გამორიცხულია“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, მორფოლოგიური სურათი ადასტურებს, რომ სროლა ნაწარმოები არ არის მაყუჩიანი იარაღიდან, რომელიც საქმეში ფიგურირებს. ამასთანავე, ექსპერტი ამბობს, რომ შესაძლებელია, ლომინაძეზე დაზიანება მიყენებული ყოფილიყო როგორც მაკაროვის სისტემის იარაღიდან გასროლით, ასევე სხვა ნებისმიერი საშუალო კალიბრის იარაღიდან.
„დიდი ალბათობით, ძვალზე დატოვებული დაზიანების დიამეტრი უფრო მეტია, ვიდრე უნდა ყოფილიყო მიყენებული, ანუ ნაკლები დიამეტრით არის მიყენებული. დანაშაულის იარაღი, რომლითაც გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას ბრალი ჰქონდათ შერაცხული, დანაშაულის ეს იარაღი საქმის მასალებში არ არსებობს. ჩემს მიერ წარმოდგენილი დასკვნით ვამბობთ, რომ ასეთი ტიპის იარაღით ეს დაზიანება არ არის მიყენებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.
გვიჩიანის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა მთელი სისტემა ჩამოიშალა. შესაბამისად, აცხადებს, რომ სააპელაციო სასამრთლო ვალდებულია დასაშვებად გახადოს ახალი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ლომინაძის მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით არ განხორციელებულა.
„ფაქტია, რომ ადამიანი მოკლულია, მაგრამ ამ ექსპერტიზის დასკვნით მტკიცდება, რომ სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება ყოფილიყო მაყუჩიანი იარაღი. ექსპერტიზის დასკვნით დადსტურდა, რომ გია გვიჩიანი უდანაშაულოა. ახლა რჩება ერთადერთი გზა, ახალი მტკიცებულება გაიგზავნება სააპელაციო სასამართლოში და სასამართლოს უკვე არ რჩება უარის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაშვებად გახადოს ახალი მტკიცებულება. დარწმუნებული ვარ, რომ გია გვიაჩიანის უდანაშაულობის დადასტურება სასამართლოს მიერ მოხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი გელბახიანი.
გვიჩიანის ინტერესების დამცველის ირმა ჭკადუას განცხადებით, საქმის მასალები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დამალული იყო, არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისას აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება კი დნმ-ის დასკვნა იყო, რომელსაც ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესებზე მუდმივად ითხოვდნენ.
„დასკვნა მთავარ პროკურატურაში წლების განმავლობაში საგულდაგულოდ იმალებოდა და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აშშ-დან მიღებული არ ჰქონდათ. ამ დასკვნაში ცალსახად ეწერა, რომ ადამიანები, რომლებსაც მკვლელობას ედავებოდნენ, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან. გვიჩიანის დაკავების სპეცოპერაცია დადგმული შოუ იყო, რითაც რეალურად, გირგვლიანის საქმე გადაიფარა.
ეს ადამიანი დაკავებიდან 15 წუთში დამნაშავედ იქნა გამოცხადებული. იცით, რომ გარკვეული ჩვენების სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობდნენ, მაგრამ თქვა, რომ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია, არასოდეს აღიარებს და ვერც სხვას დააბრალებს. 4 წელია მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან მალე პროკურატურა ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს. დიახ, გია გვიჩიანის საქმე იქნება ღირსების ერთ-ერთი საქმე“, - ამბობს ირმა ჭკადუა.