კავკასიის საკითხებში კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი ფიქრობს, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ აფხაზები ამ ფორმით შეინარჩუნებენ ავტონომიას, რაც, ანალიტიკოსის შეფასებით, მომავალ თაობებს მისცემს შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, ექნებათ თუ არა საქართველოსთან ახლო ურთიერთობა.
„ეს დატოვებს აფხაზეთს მეტად გახსნილს დანარჩენი მსოფლიოსთვის, იგივე - ვაჭრობის და გაადაგილების თავისუფლების მხრივ. აფხაზებს უფლება ექნებათ, იმოგზაურონ, მიიღონ განათლება საზღვარგარეთ. აფხაზეთის კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა 2008 წელს, რის შემდეგაც რუსეთმა აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. სწორედ ამის შემდეგ გახდა რუსეთის ფედერაცია ამ კონფლიქტის მთავარი განმსაზღვრელი ძალა“, - აცხადებს თომას დე ვაალი.
ანალიტიკოსი აქვე ამბობს, რომ არ მომწონს ტერმინი - „გაყინული კონფლიქტი“, რაც ნიშნავს, რომ არაფერი ხდება და არაფერი იცვლება. მისივე შეფასებით, ეს ტერმინი შესაძლოა, საზიანოც აღმოჩნდეს საქართველოსთვის. თუ კონფლიქტი კვლავ დინამიკაშია და ის არ არის გადაჭრილი, შესაძლოა, მან კვლავ იფეთქოს.
„საქართველო მისდევს არაღიარების პოლიტიკას, რაც, ვფიქრობ, წარმატებული ნაბიჯია. თუმცა, საქართველომ დაკარგა თავისი ბერკეტები აფხაზეთთან მიმართებაში და ვფიქრობ, ოკუპაციის შესახებ კანონი არ ანიჭებს უპირატესობას საქართველოს დღის წესრიგს - იმის გამოცხადებამ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აფხაზეთთან მეტი კავშირის გზა მოჭრა, რაც კიდევ უფრო გაზრდის აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებას“, - განაცხადა თომას დე ვაალმა.
დე ვაალის საექსპერტო ანალიზს ეთანხმება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, რომლის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ აფხაზებს ქართულ საზოგადოებასთან დიალოგის წამოსვლისთვის უფრო მეტი მზაობა ჰქონდეთ.
„ბატონი დე ვაალი ამბობს, რომ აფხაზებისთვის უკეთესი იქნება შეინარჩუნონ ამ ფორმით ავტონoმია, რაღაცა წილი დამოუკიდებლობა რუსეთისგან, რა თქმა უნდა ოკუპაციის პირობებში და მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონფლიქტები მართალაც არ არის გაყინული, რეალურად დიდი დინამიკაა და ეს დინამიკა ფაქტობრივად ამ რეგიონების მეტ რუსფიკაციას გულისხმობს, რამდენადაც ეს რეგიონები ოკუპირებულია - ეს კონტექსტი იკითხება დე ვაალის ინტერვიუში.
ის არის ექსპერტი და შეიძლება თავისი მოსაზრებები ჰქონდეს, როგორ რა წარმოუდგენია. ამიტომ, როდესაც ამბობს, რომ კარგი იქნებოდა აფხაზებს რუსეთისგან გარკვეული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, რა თქმა უნდა, საექსპერტო ანალიზში შეიძლება დაეთანხმო და კარგი იქნებოდა, რომ მათ უფრო ქართულ საზოგადოებასთან დიალოგზე წამოსვლის მეტი მზაობა ჰქონდეთ, რასაც თავაზობს ჩვენი ხელისუფლება. ხალხთა შორისი კონტაქტის წახალისება, მეტი მშენებლობის მექანიზმების ამოქმედება… - ეს კარგია და მის ამ შეფასებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ცუდი ის არის, რომ საუბედუროდ, მართლა რუსული კონტროლია ამ რეგიონებზე. როგორც ჩანს, აფხაზებისთვის არც ისე მარტი ამოცანაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ქეთი ციხელაშვილი.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, აფხაზებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავისი დამოუკიდებლობა მაქსიმალურად შეეზღუდათ, როცა დათანხმდნენ რუსეთთან სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, განსაკუთრებით თავდაცვით ნაწილში. შესაბამისად, როგორც არეშიძე აცხადებს, დღეს აფხაზებს გაუჭირდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე საუბარი.
„ძალიან ღრმად აქვთ რუსულ მახეში თავი გაყოფილი. მიუხედავად კეთილი სურვილებისა, რომლის დემონსტრირებას ახდენს დე ვაალი, აფხაზების მხრიდან ამის გაკეთება ურთულესია და წარმოუდგენელიც კი მეჩვენება“, - აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები მუშაობენ აფხაზებთან, მაგრამ არ მუშაობენ აფხაზეთის მთავრობასთან. არა იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობას არ უნდა, არამედ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არის შეზღუდული თავის მოქმედებაში.
„საქართველოს ხელისუფლება მაინცდამაინც არ ცდილობს ღია კონტაქტები შექმნას სოხუმის ხელმძღვანელობასთან. მართალია, ხელისუფლებას ზღუდავს ოკუპაციის კანონი, მაგრამ ოკუპაციის კანონის მთლიანად გაუქმება კონტრპქროდუქტიული ვერ იქნება იმიტომ, რომ რუსეთი ბევრად უფრო ხელგახსნილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ კანონში შევიდეს გარკვეული კორექტირება, რათა ნდობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს და უფრო მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა იყოს. მაგრამ სიტყვა ოკუპაციის საერთოდ მოშორება საკანონმდებლო სივრციდან სწორი არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.