საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

"დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში" (II ტიმ. 4,18)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა! – გუგუნებენ ეკლესიის ზარები,

ქრისტე აღდგა! დღესასწაულობს ცა და ქვეყანა

ქრისტე აღდგა! – სიხარულით ვღაღადებთ ჩვენც და არამიწიერი გრძნობით აღვსილნი ბოროტების ბატონობის დასრულებას ვზეიმობთ.

“სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?

სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).

დღეს ყველა ბედნიერია, - მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული... ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა განმსჭვალული.

- რატომ არის ასეთი ყოვლისმომცველი ეს ზეიმი?

- იმიტომ, რომ მაცხოვარმა აღდგომით ზეცის კარიბჭენი გახსნა ყველასთვის და ადამის მთელი მოდგმა ადამის ცოდვის გამომსყიდველს შეჰხარის.

- მაგრამ რის ფასად მოგვენიჭა ეს ბედნიერება?

“შენთვის ღმერთი შენი ვიქმენ ძედ შენდა; შენთვის უმაღლესი ზესკნელთა გარდამოვხედ ქუეყანად და ქვეყანით შთავხედ ქუეშე ქუეყანისა, რათა ხრწნილებისაგან აღგადგინო," - ვკითხულობთ დიდი შაბათის საკითხავში.

დიახ "ცოდვის არმცოდნე (უფალი) ცოდვის მსხვერპლი გახდა ჩვენი გულისთვის, რათა მასში ღმერთის სიმართლედ ვქცეულიყავით" (II კორ. 5.21).

ამ მოვლენის არსი რომ ნაწილობრივ მაინც გავაცნობიეროთ, ჯერ სულიერად გოლგოთას უნდა მივეახლოთ, სადაც ჯვარცმულ მაცხოვართან ერთად ორი დამნაშავეა გაკრული ძელზე.

ორივე ავაზაკი ცოდვებით და უკეთურებებით იყო სავსე, მაგრამ სულიერად სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

ერთი შეურაცხყოფდა უფალს და დასცინოდა მას, მეორე კი თავის ხვედრს სამართლიანად მიიჩნევდა და სთხოვდა იესოს შეწყალებას.

დიადი რწმენა! – ასე ახასიათებენ წმინდა მამები მეორე ავაზაკის ამ მდგომარეობას. სააღდგომო ერთერთ ჰომილიაში ვკითხულობთ: თვით მოციქულებიც, რომლებიც ხედავდნენ უკვე მკვდრეთით აღმდგარ იესოს, კიდევ მერყეობდნენ და დამამტკიცებელ საბუთებს ეძიებდნენ, ჯვარცმულმა ავაზაკმა კი ყველაზე დამამცირებელი სასჯელით დასჯილი ქრისტე იწამა და შესთხოვა: “მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა"(ლუკა, 23,42); პასუხად კი მიიღო: “ამინ, გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"(ლუკა 23,43).

თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ და სინანულმა ავაზაკს სულიერი თვალი აუხილა, ჯვარცმულ იესოში მაცხოვარი დაანახა, რაც გახდა მიზეზი ჯვრიდან ზეცაში მისი მსწრაფლ აღყვანებისა.

აქვე მინდა შეგახსენოთ “ქართლის ცხოვრებაში" დაცული შემდეგი ისტორია: იერუსალიმიდან მოსული მოწვევის თანახმად, დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად და, ამასთან, მაცხოვრის ჯვარცმაზე დასასწრებად წასვლა საქართველოში მცხოვრები ებრაელებიდან, ლონგინოზთან ერთად, მოუწია წმინდა სიდონიას ძმას, ელიოზს;

მათი დედა დიდად წუხდა იმის გამო, რაც შეიძლება წმინდა ქალაქში განვითარებულიყო, რადგან გრძნობდა, უსამართლო განსჯა ხდებოდა მართლისა; ამიტომაც შვილი დაარიგა, არ მიეღო მონაწილეობა მაცხოვრის დასჯაში, რაც ელიოზმა აღასრულა და მცხეთაში მაცხოვრის კვართი სწორედ მან და ლონგინოზმა ჩამოაბრძანეს.

მანამადე კი, პარასკევ დღეს, როცა პასანიკმა (ჯალათმა) კვერი (იგივე ურო) დაარტყა იესოს ჯვარზე მისაჭედებლად, ელიოზის და წმინდა სიდონიას დედა იმდენად თანაეზიარა ვნებებს უფლისას, რომ დაჭედების ხმა მას გოლგოთიდან მცხეთას მოესმა, სამსჭვალმა თითქოს გულში გაუარა, ტკივილისაგან სულშეძრულმა “იკრჩხიალა მწარედ" აღმოთქვა რა: “მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი" და სული განუტევა.

ეს არის იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის, სრული აღიარება და ამასთან, მისთვის პირველი მარტვილობის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში.

ასე რომ, მაცხოვრის ჯვარცმისას მარადიული ნეტარების ღირსი ორი პიროვნება აღესრულა ქრისტეს რწმენით, - იერუსალიმში ავაზაკი და მცხეთას წმინდა სიდონიას და ელიოზის დედა. წმ.სიდონიას დედა წმინდანად ახლახანს იქნა კანონიზებული საქართველოს ეკლესიის მიერ.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ კეთილგონიერი ავაზაკი ამავე დროს, არის მონანული ქრისტიანის სიმბოლო, რადგან ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე. მართალია, უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბანეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავ ზნეს და ვნებათა მონა ვხდებით ყოველდღიურად, რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის.

- როგორ მოვიქცეთ?

- ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ.

- და რა გავაკეთოთ ამისათვის?

- უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ.

სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ, თითქოს, ცოდვა არა აქვთ, რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ სააღსარებო და მოსანანიებელი; მაშინ, როდესაც, მართლაც, წმინდად მცხოვრებნი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნია და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა.

- ასე რატომ ხდება?

- შეგახსენებთ აბბა დოროთეს საუბარს ქალაქ ღაზას ერთ წარჩინებულ და ფრიად გავლენიან მოქალაქესთან:

- როგორად მიგაჩნია შენი თავი ამ ქალაქში? - ჰკითხა მას წმინდანმა.

- ფაქტია, ყველა მიცნობს და მაფასებს, - იყო პასუხი.

- თუ კესარიაში წახვალ, იქ როგორად მიიჩნევ შენს თავს?

- იქაურ დიდებულთა შორის უმცირესად.

- ანტიოქიაში თუ იქნებოდი?

- ჩვეულებრივ მოქალაქედ.

- და თუ კონსტანტინეპოლში მეფის კარზე მოხვდებოდი?

- გლახაკად და არაფრისმქონედ.

ასე არის ნებისმიერი ადამიანიც, - უთხრა აბბა დოროთემ, - რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას.

ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავსი ცხოვრებით თავმომწონეობს.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა და ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გაცნობიერება.

როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მომაკვდინებელ ვნებები შემდეგია:

გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება. სხვა ყველაფერი მათგან მომდინარეობს.

ამა თუ იმ ცოდვამ ადამიანში თუ ღრმად გაიდგა ფესვი, მას დამღუპველი ზემოქმედება აქვს.

ამიტომაც, ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.

“ვინც თქვა არ იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ." (II ტიმ. 2, 10-11).

ამასთან, ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს.

თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ.

მოწაფის კითხვაზე: რა გავაკეთო, რომ ღმერთს სათნო ვეყო?, - ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან, შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფვის შენი სული, აკეთე იგი ღვთის სადიდებელად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.

“შეინანეთ"! - ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.

“შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მთ.4.17) - მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და ამასთან გვაფრთხილებს:

“ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა," - რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს, ანდა ჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან.

გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან.

უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე.

ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც.

- როგორ მივხვდეთ, ცოდვის ტოლფასია თუ არა ჩვენი სინანული?

- თუ შედეგად ჩვენში ხდება ცოდვასთან სრული განშორება და აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, - მიზნისთვის მიგვიღწევია.

ასეთი სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.

სულიერი თვალის ახელა ზოგიერთ პიროვნებაში ნელ-ნელა ხდება, ზოგიერთში კი - ერთბაშად, თუმცა ორივე შემთხვევაში სიწმინდის შენარჩუნება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ ბრძოლაში დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობით, არამედ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.

არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს!

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს.

უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.

ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის.

ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.

ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა.

ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, - ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას.

ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან.

თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა.

ჩვენ რომელ ავაზაკს ვგავართ? როგორი იქნება ჩვენი ჯვარი, - გადამრჩენელი, თუ წარმწყმედელი?

“ამქვეყნიური ჩვენი ყოფა ქარვასლას ჰგავს, სადაც ყველაფერი იყიდება, - წერენ წმინდა მამები, - წარუვალი ბედნიერების შეძენა თუ გსურთ, წარმავალი დროებითი სიკეთენი უნდა დათმოთ, რადგან იგი მხოლოდ ასეთი საფასურით მოიპოვება; მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას ახლა ხელიდან გაუშვებთ, მას სამუდამოდ დაკარგავთ, რადგან ასეთი საშუალება აღარასოდეს გვექნება."

როდესაც ვსაუბრობთ, რომ დროებითი სიკეთენი უნდა დავთმოთ მარადიული ნეტარებისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი (საერო თუ სასულიერო პირი) ამქვეყნიურ ცხოვრებას მუდმივ მწუხარებაში ატარებს; სულაც არა. ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა თუ ხდება ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამგვარად მცხოვრებთათვის სამოთხე დედამიწიდან იწყებაო.

დიახ, ადამიანი ბედნიერებისათვისაა შექმნილი და ამას ესწრაფვის იგი მაშინაც, როდესაც ვნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება.

ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და ამაში ჰპოვებს მხოლოდ სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გვთავაზობს.

მას სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენც შევთხოვოთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად.

როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: “მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი" (მთ. 26,39), ანდა “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე" (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა.

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!

ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას.

სამწუხაროდ, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის.

მათში ემოციური ფონი გაძლიერებულია. ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.

მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც.

აქვე შევეხები ქუჩის ბავშვების პრობლემას. ისინიც ჩვენი ხვალინდელი დღის შემომქმედნი იქნებიან და, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.

უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ.

ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი.

ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.

ეს, რა თქმა უნდა, მეტად მცირეა იმ საქმესთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება.

მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისთვის საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%; არადა ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება და მის გატანაზეც იფიქროს. ამისთვის კი, უნდა გაძლიერდეს როგორც ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები; ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან.

სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებაზე.

მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია.

მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება.

საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედით განგვაწყობს, თუმცა მათ მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხის ინფორმირებულობა მეტი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები.

ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა.

სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.

თანამედროვეობამ “სიახლის" სახელით წინ წამოსწია “მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე... ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე.

სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა.

ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.

შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ “ფასეულობების" მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს.

შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში.

მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა.

ისწავლე ლოცვა!

ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულისნადების მის წინაშე განფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვებაა; თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე, არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.

მაშ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება,ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: “არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის" (მთ.9,13), “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ" (მთ.11,28), “რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მთ. 11,30).

ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს.

თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.

მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო!

მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: “დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში."

ქრისტე აღდგა!

აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც “წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!

თქვენთვის მლოცველი

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, აღდგომა ქრისტესი, 2016 წელი