განგაში აღწერის შემდეგ

განგაში აღწერის შემდეგ

ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 655 ათასი ადამიანითაა შემცირებული. სოფლის მოსახლეობის წილი რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა, 3 რეგიონის გარდა, ყველგან დეპოპულაციაა. რაც ყველაზე საგანგაშოა, მოსახლეობის კლების ტემპით ვუსწრებთ აქამდე არსებულ ისედაც საგანგაშო პროგნოზს. თუ ასე გაგრძელდა 2030 წლისთვის 3საქართველოში 3.3 მლნ ადამიანი დარჩება, ხოლო 2050 წლისთვის 2.5 მლნ.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის, აღწერის შედეგებთან შედარებით, 15 პროცენტით ნაკლებია. შემცირება უფრო მეტად განიცადა სოფლის მოსახლეობამ. ყველაზე მნიშვნელოვანი კლება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აღინიშნებოდა, ყველაზე ნაკლები კი - აჭარაში.

“საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი ამბობს, რომ კანონით გათვალისწინებული 18 თვე დასჭირდა და საბოლოო შედეგები შემდეგ მონაცემებში ჩამოყალიბდა:

“საქართველოში ცხოვრობს 3 713 804 ადამიანი, მათ შორის, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2 122 000 კაცს, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 1 591 000 კაცს. მათგან 1 940 000 ქალია, ხოლო - 1 722 000 მამაკაცი. საქართველოს ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი სხვადასხვა ბევრი ინდიკატორი გამოვაქვეყნეთ და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომ შევიდეს საიტზე და მისთვის საჭირო მონაცემები - განათლება იქნება, ეროვნება იქნება, აღმსარებლობა იქნება თუ სხვა მონაცემები - მოიძიოს“, - აცხადებს დაუშვილი.

საქალაქო დასახლებებში, სოფელთან შედარებით, მეტი ქალი ცხოვრობს. და კიდევ ერთი, 52-დან 57 პროცენტამდე მოიმატა ურბანიზაციის დონემ, შესაბამისად,  ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში გაიზარდა ისტორიულ მაქსიმუმამდე. ამჟამად სოფლად მთელი მოსახლეობის 43%-ზე ნაკლები ცხოვრობს.  ქალაქის მოსახლეობის გაზრდა, როგორც “საქსტატის” მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი ამბობს, ცალკეულ შემთხვევებში ქალაქის საზღვრების გაფართოებას უკავშირდება:

“თბილისში 1 მლნ 108 ათასი ადამიანი ცხოვრობს და წინა აღწერიდან მოყოლებული 2.5%-ით არის გაზრდილი. ქვეყნის მეორე დიდი ქალაქი გახდა უკვე არა ქუთაისი, არამედ ბათუმი. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. ბათუმს შემოუერთდა ხელვაჩაურის რაიონის სოფლები და, შესაბამისად, ამის გამოც გაიზარდა ბათუმის მოსახლეობა. იყო 122 000, გახდა უკვე 152 000. ქუთაისი დარჩა თავის ბუნებრივ საზღვრებში, ასე ვთქვათ, ბათუმზე ნაკლები მოსახლეობით. ქუთაისისთვისაც რომ საზღვრები გაზრდილიყო, ბათუმს გადააჭარბებდა”, - ამბობს შავიშვილი. აღსანიშნავია ასევე ქალაქ რუსთავის მოსახლეობის 7 პროცენტით მომატების ფაქტიც, ბუნებრივად, ყოველგვარი საზღვრების ცვლილების გარეშე.

2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 2014 წლის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით, დაახლოებით, 655 000 ადამიანით  შემცირდა, რაც ემიგრაციის მაჩვენებლის გაზრდას უნდა უკავშირდებოდეს.

სხვათა შორის, მოსახლეობის შემცირების თაობაზე მუდმივად გვაფრთხილებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გაეროს 2010 წლის მონაცემების მიხედვით, 2050 წლისათვის ნავარაუდევი იყო საქართველოს მოსახლეობის 28%-ით - 1,1 მილიონი კაცით შემცირდება, ანუ იმ დროისათვის 3,3 მილიონის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ეს კვლევა ეფუძნებოდა 2002 წლის აღწერას და კლებაც 12 წლის წინანდელი აღწერის მაჩვენებლიდან იყო გამოთვლილი.

რეალურად კი აღმოჩნდა, რომ დღევანდელი სურათი გაცილებით მძიმეა და მოსახლეობის შემცირების არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 35 წლის შემდეგ შეიძლება ბევრად კატასტროფული შედეგი ვიხილოთ, ვიდრე გაერო პროგნოზირებდა.

“თუ ჩვენ საგანგებო ღონისძიებები არ მივიღეთ, მოსახლეობა 30-35%-ით შემცირდება. აგერ ჩანს, რომ 12 წელიწადში მოსახლეობა დაახლოებით 650 ათასითაა შემცირებული და თუკი პროცესები არ გამოსწორდება, კიდევ 12 წელიწადში ასეთი შემცირება კატასტროფულ შედეგს მოიტანს”, - აცხადებს დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძის განცხადებით, გადაშენების საფრთხე არ გველოდება, მაგრამ ცოტანი დავრჩებით. ზოგდად კი აღწერამ ბევრი რამ დაგვანახა, მათ შორის ის, რომ საარჩევნო სიები გადასახედია, სოფლები და მცირე ქალაქები დაცლის პირასაა, რასაც სასწრაფოდ მიხედვა სჭირდება, სხვა შემთხვევაში მალე სოფელში ახალგაზრდა აღარ დარჩება.

“რაჭა-ლეჩხუმში 1977-78 წლებში დაფიქსირდა პირველი დეპოპულაცია, როდესაც გარდაცვალებულთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. ასევე იყო და არის ზემო იმერეთში, გურიაში. მაშინ დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ყურადღება ვინ მიაქცია?! ახლა მარტო რაჭა-ლეჩხუმში კი არ არის დეპოპულაცია, არამედ ყველგან, სამხრეთ საქართველოს, აჭარისა და ქვემო ქართლის გარდა. ამიტომ ვამბობ, რომ პატარა ქალაქები უნდა განვავითაროთ”, - ამბობს ავთანდილ სულაბერიძე.

მისი თქმით, მიგრაცია თუ არ შეჩერდება, ბუნებრივია მოსახლეობა შემცირდება და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით 2030 წლისთვის 3,3 მილიონის ფარგლებში იქნება.