ბოლო 12 წელიწადში 71 სოფელი გაუკაცრიელდა

ბოლო 12 წელიწადში 71 სოფელი გაუკაცრიელდა

საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგებმა ყველაზე რთული სურათი, როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლებში გამოააშკარავა. ზოგადად, ბოლო 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოსახლეობა თვალშისაცემად შემცირდა, მაგრამ კლება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქებში 7,1 პროცენტი შეადგინა. შედეგად, წინა აღწერებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა დასახლებული პუნქტების სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 4,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57,2 პროცენტს გაუტოლდა მაშინ, როცა სოფლის მოსახლეობის წილი 43%-ს ჩამოცდა. 

2002 წლის საყოველთაო აღწრის შედეგად, 162 სოფელი გაუკაცრიელებულია. დღევანდელი აღწერის შედეგებით კი დაცარიელებული სოფლების რაოდენობამ 162-დან 233-მდე მოიმატა. საქართველოს დემოგრაფიული ფონდი ამ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს და იმედს “მთის კანონის” ამოქმედებაზე ამყარებს.

“ამ შედეგების ფონზე საქართველოს მოსახლეობა, ალბათ, კიდევ უფრო აფასებს სახელმწიფოს მიდგომას მთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ვიმედოვნებთ, ახლადამუშავებული „მთის კანონი“ რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას მთიან სოფლებში. შეწყდება არა მხოლოდ სოფლების დაცარიელება, არამედ დაიწყება უკუმიგრაცია. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რეგიონალური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, რადგან მოსახლეობისგან დაცლილია არა მხოლოდ მთის სოფლები, არამედ ბარიც”, - განაცხადა საქართველოს დემოგრაფიული ფონდის დამფუძნებელმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე თქმით, აღწერის შედეგებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ემიგრანტების რაოდენობაც. ძირითადად, ქვეყნიდან გაედინება ახალგაზრდობა და შრომისუნარიანი მოქალაქეები.

“მიგრაცია დღეს ყველაზე მასშტაბური დემოგრაფიული პრობლემაა. 2014 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში კიდევ უფრო დამძიმდა დემოგრაფიული ვითარება, ვიდრე ამას ვარაუდობდა გაერო-ს მოსახლეობის ფონდი 2010 წელს. მათი კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 28%-ით მცირდება. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ მოსახლეობის 15%-იანი კლება და თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, ამ დინამიკით 2050 წლისთვის მოსახლეობის კლება 28%-ს გადააჭარბებს.

სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია დღეს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში მუშავდება. ვიმედოვნებთ, საქართველოში ხელისუფლების მიერ 30 წლის შემდეგ, პირველად გაცხადებული დემოგრაფიული პოლიტიკა თავიდან აგვარიდებს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

როგორც აღვნიშნეთ ყველაზე მწვავე შიდა მიგრაციული ტენდენციაა. იცლება არა მარტო მთის, არამედ ბარის სოფლებიც. მიზეზი მხოლოდ უმუშევრობა არ არის. ხშირად საბაბი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობაა. მაგალითად, კახეთში ერთი მუნიციპალიტეტიც კი არ არსებობს, სადაც წყლის მიწოდების და ხარისხის პრობლემა იყოს მოგვარებული. ასეა გზებთან დაკავშირებითაც. არადა, სოფლებში ამ პრობლემების მოგვარებისთვის მილიონობით ლარია დახარჯული. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ბოლო 5 წლის განმავლობაში 700-კომლიანი სოფლის წყლით მომარაგებაზე 300 ათას ლარამდეა გახარჯული, პრობლემა კი დღემდე არსებობს.

„სოფლების დაცლა ძალიან შესამჩნევია. სიტყვაზე, სოფელ აფენში რომ გაიარო, ალბათ, 100 სახლიდან 20-25 დაკეტილია. ხალხისგან დაცლა პატარა სოფლებს უფრო ეტყობა. გლეხი ძირითად შემოსავალს შემოდგომაზე ელოდება და სხვა დროს მას ყოველდღიური ფული უჭირს. სოფლებიდან ქალაქში მიდიან, რადგან ვაჭრობა მეტად არის განვითარებული. დღიურ სამუშაოს იქ უფრო ნახულობენ“, - ამბობს ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი.

დაცარიელებულ სოფლებთან ერთად, მკვეთრად გაზრდილია ასევე იმ სოფლების რაოდენობაც, სადაც 3-10 კაცამდე ცხოვრობს. ასეთი სოფლები რამდენიმე წელიწადში ნასოფლარების ნუსხას შეუერთდება.