სასურსათო დამოკიდებულების დონის შემცირება დიდადაა დამოკიდებული საკუთარი აგრარული სექტორის აღდგენასა და განვითარებაზე. მსოფლიო ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მოსახლეობის უზრუნველყოფას სურსათით, სამამულო სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებლის დაცვას. ჩვენთან ყველა ეს პროცესი ბაზრის სტიქიურ ძალებზეა მინდობილ-მინებებული. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება მიგვიყვანოს უფრო მეტ სასურსათო დამოკიდებულებამდე, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ბევრი დარგის სრულ დაცემამდე. სასურსათო საქონელზე მსოფლიო ფასების ზრდის ზოგადმა ტენდენციამ და სურსათზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზმა შეიძლება ქვეყნის მოსახლეობა ჩააყენოს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
დაცვის ზღვრული სიდიდეები უნდა ითვალისწინებდეს რენტაბელობის გარკვეულ დონეს ადგილობრივ საქონელმწარმოებლებისათვის, – ვთქვათ, 15-20%-ის დონეზე. სახელმწიფო ადგილობრივ მწარმოებელს იაფი იმპორტული პროდუქციისაგან არა პროტექციონისტული სატარიფო და არასატარიფო ბარიერებით/ღონისძიებებით უნდა იცავდეს, არამედ ეკონომიკური სტიმულირებით.
ერთ-ერთი ასეთი ეკონომიკური მეთოდია სურსათის სახელმწიფო შესყიდვები, რომელიც ამყარებს ლარის კურსს, ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, სოფლად დასაქმების ზრდას და ქვეყნის სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. ამიტომ საჭიროა ამ პროცესის საკანონმდებლო და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო მმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული სურსათის სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანია.
სურსათის სახელმწიფო შესყიდვების შედეგად საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ადგილობრივ ბაზარზე რაც, ექსპერტული გათვლებით, ზრდის ფულის ბრუნვას დაახლოებით 6-15–ჯერ და ამით „ფართო ფულის“ (M2), ანუ მიმოქცევაში ნაღდი ფულადი მასის შემცირებას იწვევს.
საქართველოს მთავრობამ, გასული წლის შემოდგომაზე, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციისას, ხაზი გაუსვა ადგილობრივი სურსათის წარმოების და შესყიდვის მნიშვნელობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 46 მილიონი ლარით, საიდანაც 30 მილიონი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას (იხ. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში პრეზენტაციას დაესწრო
საკვები პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა - ეს არ ნიშნავს მხოლოდ ხელსაყრელი ფასის მიხედვით პროდუქტის საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შეძენას. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ხარისხს, შენახვის ვადას, მის რეალურ საზოგადოებრივ საჭიროებას და სარგებლობას. დღეს ჯანსაღი საკვები პროდუქტების შესყიდვა ემსგავსება ბრძოლას გადარჩენისთვის. მომხმარებელი აწყდება მთელ რიგ საფრთხეებს: საკვები დანამატები (კონსერვანტები, არომატიზატორები, საღებავები, პესტიციდები, გამაფხვიერებლები და სხვა), გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, სასუქების სიჭარბე, სხვადასხვა დაავადებები და დეფექტები, ვადის გასვლა, არასწორი ტრანსპორტირების და შენახვის პირობის დარღვევით გამოწვეული დაზიანებები, და ბოლოს, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა დისტრიბუტორის, მწარმოებლის ან გამყიდველის მხრიდან. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, იმპორტირებული პროდუქცია ვერ იქნება ახალი და თუკი ისინი ასეთად გამოიყურებიან, ეს საკვები დანამატების ჭარბ რაოდენობაზე უნდა მიანიშნებდეს.
სახელმწიფო შესყიდვების ხვედრითი წილი, ბოლო წლებში, საქართველოს მშპ-ში 10%-ს ფარგლებშია. თუ 2012 წელს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 2.771 მლრდ ლარი შეადგინა; 2013 წელს იგივე მაჩვენებელი 2.791 მლრდ ლარი, ხოლო 2014 წელს - 2.876 მლრდ ლარი იყო. ამასთან, 2014 წ. ივლისში - 2015 წლის აპრილში საქართველოში განხორციელდა მხოლოდ 55.7 მლნ ლარის სურსათის (მთელი შესყიდვების 1.92%) სახელმწიფო შესყიდვა.
ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიერ სურსათის ზოგიერთი სახეობა მთლიანად ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. კერძოდ, ნატურალური თაფლი (32030 კგ), კვერცხი (4614822 ცალი), ფარში (2732.6 კგ), ცხვრის ხორცი (45.5 კგ), კურდღლის ხორცი (262.5 კგ), მურაბები და ჯემები (25069 კგ), რძე (472850.7 ლიტრი), ხორბლის და სიმინდის ფქვილი (578820 კგ), ხორცის მზა ნაწარმი (277332 კგ), ღორის ხორცი (227000.5 კგ), ციტრუსები (113672 კგ), ყველი (129636.03 კგ) და ა.შ.
ამასთან, შესყიდული სურსათის ნაწილი წარმოებულია უცხოეთში. კერძოდ, საქონლისა და ხბოს ხორცის ნაწილი ბრაზილიაში 13.87%; მარცვლეულის 15.88% უკრაინაში; რძის ნაწარმის რუსეთში, უკრაინაში - შესაბამისად 8.96%, 13.43%; მცენარეული ზეთების აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში - შესაბამისად 9.72%, 7.89%, 15.36%; ქათმის ხორცის აშშ-ში, ბრაზილიაში - შესაბამისად 33.77% და 7%; კარაქი და მარგარინი უკრაინაში 51.88%; მანანის ბურღულის ნაწილი უკრაინაში 60.88%; ტომატ-პასტა რუსეთში, თურქეთში - შესაბამისად 48.38%, 23.08%; დაკონსერვებული სოკო ჩინეთში და რუსეთში - შესაბამისად 61.78%, 18.53%; შვრიის ფანტელი უკრაინაში, გერმანიასა და რუსეთში - შესაბამისად 57.00%, 21.94%, 6.97%; რძის ფხვნილი უკრაინასა და ლიტვაში - შესაბამისად 53.43%, 30.76%; თევზი და თევზის პროდუქტები აშშ-ში, კანადაში, ესპანეთსა და ნორვეგიაში - შესაბამისად 26.46%, 7.11%, 5.32%, 10.7%; ბრინჯი ინდოეთში, პაკისტანში, ტაილანდსა და ჩინეთში - შესაბამისად 32.50%, 27.50%, 9.02%, 5.73%.
გაანალიზებული ციფრებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი სურსათის შესყიდვებში არსებობს მნიშვნელოვანი რეზერვები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველოში დღეს მოქმედი შესყიდვების პრაქტიკით სახელმწიფო შემსყიდველს გაცილებით მეტი უფლებები აქვს, ვიდრე მიმწოდებელს. ამ კუთხით დღემდე მიღებულია სულ რამდენიმე პრაქტიკული გადაწყვეტილება მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ლარის კურსის რყევის გამო, სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ.
ამავდროულად, თანამედროვე ინდუსტრიულ სახელმწიფოებში არსებობს ადგილობრივი სურსათის მიმწოდებლებისათვის სახელმწიფო შესყიდვებში დამხმარე რეგულაციების ორგვარი „ჯგუფი“, რომლებიც სურსათის მცირე და საშუალო მიმწოდებელთა ბიზნეს–აქტივობებს ასტიმულირებს:
– ერთი „ჯგუფი“ (მაგალითად, აშშ–ს ჩრდილო აღმოსავლეთის რეგიონის, ნიუ–ინგლანდის 6 შტატში) აწესებს სხვა შტატებიდან შემოტანილთან, ან იმპორტულთან შედარებით, ადგილობრივი სურსათის შესყიდვის უპირატესობას. ე. ი. სურსათის მიმწოდებლებისგან აშშ–ს ფედერალური, შტატის და მუნიციპალური (საგრაფოს) ორგანიზაცია–დაწესებულებების მიერ შესყიდვების უპირატესობა დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტით. კერძოდ, კანონმდებლობა სახელმწიფო უწყებებს, ორგანიზაცია–დაწესებულებებს, ავალდებულებს შეისყიდონ ადგილობრივ (მოცემული შტატის) მიმწოდებელთა კვების პროდუქტები, თუ მათი ღირებულება 10%–ზე მეტად არ აღემატება შტატის ფარგლებს გარეთ შესაძენი სურსათის ფასს
– სურსათის შესყიდვების შესახებ მეორე „ჯგუფის“ რეგულაციები ადგენს „სამიზნე“ სურსათის პარტიებს, რომლებიც შეძენილი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მიმწოდებლებისგან. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია, რამდენიმე წლის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს დაავალდებულოს, რომ 2020 წლისთვის შესყიდული სურსათის რომელიმე კონკრეტული სახეობის, ვთქვათ 20%, მხოლოდ ადგილობრივ ფერმებში და მეურნეობებში იქნას შეძენილი
სხვათა შორის, ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, 2014 წლის შემოდგომაზე, რფ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემოღებული იქნა ქვეყანაში სურსათის იმპორტის შეზღუდვა დასავლეთის ქვეყნებიდან და პრეფერენციები საბაჟო კავშირის (CU) ტერიტორიაზე წარმოებული სურსათის შესყიდვაზე.
აღსანიშნავია, რომ საერთო პრეფერენციები ზოგიერთი სახეობის სურსათის შესყიდვებზე მთელი ნიუ–ინგლანდის რეგიონის – ანუ ექვსივე შტატის მიმწოდებლებისთვისაც არის დაწესებული. ფაქტიურად, შესყიდვების იერარქიაში რეგიონის რომელიმე მუნიციპალიტეტის (საგრაფოს) სურსათის მიმწოდებელს მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე შტატისას; შტატის მიმწოდებელს მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე რეგიონისას; ხოლო რეგიონის მიმწოდებელს მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ქვეყნის რომელიმე სხვა კუთხის მიმწოდებელს ან იმპორტიორს.
დღეს აშშ–ს ოცდაჩვიდმეტ შტატს უკვე აქვს გარკვეული ფორმის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოითხოვს, ან ხელს უწყობს ადგილობრივი სურსათის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას. ეს კანონები განსხვავებულია შტატების მიხედვით; ზოგი ვრცელდება კონკრეტულად სურსათზე, სხვები ვრცელდება ზოგადად ადგილობრივ პროდუქციაზე და მომსახურებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო და პოლიტიკურ ინიციატივებზე, რათა:
– შეიქმნას ნორმატიული ბაზა, რომლითაც დადგინდება ადგილობრივი და „სამიზნე“ სურსათის შესყიდვების უპირატესობა;
– ნორმატიული აქტით დადგინდეს „სამიზნე“ სურსათის პარტიები (სახეობები), რომელიც 2020 წლისთვის, შეძენილი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მიმწოდებლებისგან;
– მთავრობამ დაიწყოს მუშაობა ვებ–დირექტორიის შესაქმნელად, სადაც ფერმერებს და დისტრიბუტორებს მიეწოდებათ საკონტაქტო ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებში არსებული სურსათის შემსყიდველების შესახებ;
– ადგილობრივი სურსათის მიმწოდებლებს უნდა გაეხსნათ მიზნობრივი საკრედიტო ანგარიშები, რაც დააჩქარებს მიმწოდებელი წვრილი და საშუალო ფერმერების დროულ დაკრედიტებას;
– მოხდეს სურსათის აგრეგატორების – „ჰაბების“ შექმნა. მათში გაერთიანდეს წვრილი და საშუალო მიმწოდებელი ფერმერები. აგრეგატორები გამოვლენ დისტრიბუტორების როლში, რომლებიც აგროვებენ ადგილობრივ სურსათს სახელმწიფოს შემსყიდველებისთვის.
სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებელთა სისტემა ასახავს მისი გლობალური ასპექტებით დახასიათებას, აგრეთვე ცალკეული სახელმწიფოსა და რეგიონის სასურსათო უსაფრთხოების დონის განსაზღვრას. დღეს საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების შეფასებისათვის იყენებენ მაჩვენებლებს, რომლებიც დაამუშავეს ფაო-ს ექსპერტებმა:
– მარცვლეულის შემდეგი წლის მოსავლის მიღებამდე გარდამავალი მსოფლიო მარაგების მოცულობა;
– მოსახლეობის ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების დონე.
მარცვეულის გარდამავალი მარაგების ოდენობა გაიანგარიშება მსოფლიო მოხმარების მიხედვით დღეებში, ან მოხმარებისადმი პროცენტებში. ამასთან, მიჩნეულია, რომ გარდამავალი მარაგების დონე არ უნდა იყოს მსოფლიო მარცვლეულის მოხმარების 60 დღეზე ნაკლები მოცულობის.
აღნიშნული მაჩვენებლები იძლევა წარმოდგენას მხოლოდ სურსათის საკმარისობის შესახებ და წარმოადგენს სასურსათო უსაფრთხოების უკიდურესად ზოგად დახასიათებას, რამდენადაც მათი დახმარებით შეუძლებელია განისაზღვროს, თუ როგორ დონეზე ხდება სასურსათო უსაფრთხოების ისეთი ძირითადი ფუნქციის რეალიზება, როგორიცაა ადამიანის ფიზიოლოგიური გადარჩენის, მისი სრულფასოვანი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფა. არ შიძლება მისაღებად ჩაითვალოს საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც მარცვლეულის სამოცდღიანი მსოფლიო მარაგის არსებობის პირობებშიც კი, 800 მლნ. ადამიანი მთელ მსოფლიოში არ იღებს თავისი ძირითადი სასურსათო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საჭირო კვების პროდუქტებს. FAO–ს არაერთ დეკლარაციაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება შიმშილის არსებობის გამო, რომელიც ასეთი მასშტაბურობით წარმოადგენს საფრთხეს როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე მსოფლიო თანამეგობრობის სტაბილურობისათვის.
სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასებისათვის, როგორც აღნიშნული იყო, ზღვრული სიდიდეებია სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლები. ზემოთ განხილულ შემთხვევაში ასეთად გვევლინება მარცვლეულის სამოცდღიანი მსოფლიო მარაგი. მსოფლიო მარცვლეულის მარაგის მის ზღვრული სიდიდისაგან გადახრის დონე ახასიათებს საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების დონეს (მდგომარეობას).
მოსახლეობის ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების მაჩვენებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების დახასიათებისთვისაც. ამ მაჩვენებელთან ერთად, უნდა გამოვიყენოთ მაჩვენებელთა ისეთი სისტემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რეგიონის სასურსათო უსაფრთოხების შეფასებისთვისაც. სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების ფორმალიზაციის საფუძვლად გამოყენებულია მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტების მოთხოვნები. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი მოთხვნაა სურსათის მოხმარების საკმარისობა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს საკმარისობის ზოგადი კოეფიციენტების საშუალებით.
საკმარისობის კერძო კოეფიციენტები იანგარიშება იმ ძირითადი საკვები პროდუქტების მიხედვით, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე მეტი ენერგეტიკული ფასეულობა. ამ კოეფიციენტების გაანგარიშება საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ არა მარტო ძირითადი პროდუქტების საკმარისობა, არამედ განვსაზღვროთ მოსახლეობის კვების ხარისხიც, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის. საკმარისობის ზოგადი და კერძო კოეფიციენტების გაანგარიშებისა და ანალიზის დროს, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას სოფლის მოსახლეობის მიერ საკუთარ მეურნეობებში მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოხმარება, ნატურით შრომის ანაზღაურება და ა.შ. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება საჭიროა იმის გასარკვევად, თუ რამდენად იღებს სასაქონლო სახეს საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია. ამიტომ მართებული იქნება განვსაზღვროთ საკმარისობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისათვის. აუცილებელია აგრეთვე მხედველობაში იქნას მიღებული ქალაქელების მიერ საკუთარ სააგარაკე ნაკვეთებში მოწეული პროდუქცია.
სურსათის ხელმისაწვდომობა შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის (ზოგადისა და კერძოს) საშუალებით. ხელმისაწვდომობის ზოგადი კოეფიციენტი K ხელ. იანგარიშება ფორმულით.
სასურსათო უსაფრთხოების სრული სურათის შესაქმნელად შემოვიტანოთ ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ზღვრული სიდიდეები. ამასთან, გამოვყოფთ ამ ზღვარის ზედა და ქვედა (კრიზისულ) საზღვრებს. პირველ შემთხვევაში (ზედა), ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის გაანგარიშებაში ზღვრულ სიდიდეებს წარმოადგენს კვების რაციონის სამედიცინო ნორმები და მისი შესაბამისი კკალ-ების რაოდენობა, ხოლო ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის გაანგარიშებისას - სასურსათო კალათის ღირებულება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის აქტიურსა და ჯანსაღ ცხოვრებას.
რაც შეეხება სურსათის ხელმისაწვდომობას, ამ მაჩვენებლის ზღვრული (კრიზისული) სიდიდე განისაზღვრება დღე-ღამური რაციონის კვების პროდუქტების ღირებულებითი შეფასებით, გამომდინარე 2150 კკალ. დღეში ენერგეტიკული ფასეულობიდან.
აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელი ხარჯების სახითაა წარმოდგენილი, რადგანაც ადგილობრივ საწარმოებში წარმოებული პროდუქტების საბაზრო ღირებულება ყოველთვის არ ასახავს მათ ჭეშმარიტ კონკურენტუნარიანობას. დამღუპველი კონკურენციის კოეფიციენტის ზღვრული სიდიდე უნდა ითვალისწინებდეს რენტაბელობის გარკვეულ დონეს შესაბამისი პროდუქციის სახეების დოტაციის გათვალისწინებით. თუკი რენტაბელობის დონედ მივიჩნევთ 15-20%-ს, მაშინ დამღუპველი კონკურენციის კოეფიციენტის ზღვრული სიდიდე შეადგენს არაუმეტეს 0,75-ს.
ლიტერატურაში ასევე ცნობილია ნომინალური დაცულობის კოეფიციენტი, რომელიც ტოლია სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გათვალისწინებით გაანგარიშებული შინაგანი ფასების შეფარდებისა მსოფლიო ფასებთან. თუმცა, დაცულობის საერთო სურათის წარმოდგენისას აღნიშნული მაჩვენებელი არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას კონკრეტული პოზიციების (პროდუქტების სახეობების) დაცულობის შესახებ, რაც ბუნებრივია ართულებს სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის შესაბამისი დარგების დაცვის სტრატეგიის შემუშავებას. ამ თვალსაზრისით, შემოთავაზებული დამღუპველი კონკურენციის მაჩვენებელი უფრო მისაღებია.
ქვეყნისა და ცალკეული რეგიონის სასურსათო უსაფრთხოების შეფასება უნდა ხორციელდებოდეს ზემოთ განხილული მაჩვენებლების მთელი სისტემის გამოყენებით, რომლებიც საშუალებას იძლევა არა მარტო უშუალოდ განიასზღვროს სასურსათო უსაფრთხოების დონის შემცირება ან გადიდება, არამედ გაირკვეს სურსათით უზრუნველყოფის, და აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის დამუშავებისა და რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები.
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება თანამედროვე ეტაპზე
ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შეფასების დონე დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული ინფორმაციის ჭეშმარიტების ეხება. ამ მხრივ ჩვენში ყველაზე დიდ ეჭვს იწვევს კვების პროდუქტების მოსახლეობის მიერ ფაქტიური მოხმარების მონაცემები. კერძოდ, 2015 წლის მონაცემებით ყველის მოხმარებამ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგინა 26,4 კგ, რაც ერთი თვის რაციონზე გადაანგარიშებით შეადგენს 2,2 კგ-ს, ეს კი ნიშნავს, რომ საშუალოდ ქვეყნის თითოეული მცხოვრები მხოლოდ აღნიშნულ პროდუქტზე უნდა ხარჯავდეს დაახლოებით 20 ლარს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ განხილული გარემოება განაპირობებს ჩვენს მიერ ჩატარებული გაანგარიშებების გარკვეული დონის სიზუსტეს, მათი შედეგები შეიძლება მიღებული იქნას როგორც საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების დონის შეფასების სრულიად მისაღებ ორიენტირად.
საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მონაცემებით დღე-ღამური კვების რაციონის ენერეგტიკული ფასეულობა, მოხმარების რაციონალური ნორმების მიხედვით, შეადგენს 2513 კკალ-ს.
კვების დღე-ღამური რაციონის ეს დადგენილი ენერგეტიკული ფასეულობა შეესაბამება რუსი მეცნიერების მიერ გაანგარიშებული (2500-3500 კკალ დღეში) დიაპაზონის ქვედა ზღვარს, რომელიც უზრუნველყოფს საშუალო ადამიანის ნორმალურ სიცოცხლისუნარიანობას და რამდენადმე მაღალია იმ კრიტიკულ ზღვარზე, რომელიც დაადგინეს ფაო-ს ექსპერტებმა (2150 კკალ. დღე).
კვების დღე-ღამური რაციონის ფაქტიური ენერგეტიკული ფასეულობის დასადგენად ჩვენს მიერ ჩატარებულია გარკვეული გაანგარიშებები ამ საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის მიერ კვების პროდუქტების ფაქტიური მოხმარების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. გაანგარიშების თანახმად, ფაქტიური კვების დღე-ღამური რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა შეადგენდა 2980,7 კკალ დღე-ს. ამრიგად, საკმარისობის კოეფიციენტის სიდიდე K საკმ. 2 ტოლია 1,18-ის: K საკმ.2 = 2980,7/2513
მიღებული შედეგები, ერთი შეხედვით, პარადოქსალურია: ყველასათვის კარგად ცნობილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში კვების ფაქტიური რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა მეტია იმაზე, რომელიც განსაზღვრულია მოხმარების რაციონალური ნორმებით?!
ამ სიტუაციაში გასარკვევად ჩვენს მიერ ჩატარდა კვების რაციონის ანალიზი მისი ქიმიური შემადგენლობის, აგრეთვე ენერგეტიკული ფასეულობის თვალსაზრისით კვების რაციონის სტრუქტურის მიხედვით. ანალიზმა გვიჩვენა, რომ კკალ-ების ენერგეტიკული ფასეულობის დაახლოებით 60% კვების ფაქტიურ რაციონში მოდის პროდუქტების ოთხ სახეობაზე: ხორბლის პურზე, ხორბლის ფქვილზე, მცენარეულ ზეთსა და შაქარზე, პროდუქტების ამავე სახეობებზე მოხმარების რაციონალური ნორმები გამოყოფენ მხოლოდ 47%-ს. ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის, ნივთიერებათა ცვლისათვის ადამიანს ესაჭიროება ძირითადი საკვები ნივთიერებები, რომლებიც კვების სხვადასხვა პროდუქტებშია თავმოყრილი. სპეციალისტების აზრით, ყველაზე უფრო მთავარი და შეუცვლელი ამ პროდუქტებიდან არის რძის, ხორცის, პურის პროდუქტები და კარტოფილი, ცხიმები და შაქარი.
ეს პროდუქტები უზრუნველყოფენ არა მარტო საკმარის კალორიულობას, არამედ ადამიანისთვის ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების საჭირო რაოდენობას. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია აღინიშნოს ის, რომ რძისა და ხორცის პროდუქტების ხვედრითი წონა მოხმარების რაციონალური ნორმების მიხედვით შეადგენს 27,5%-ს, ხოლო ფაქტიური რაციონის მიხედვით - 21%-ს, აქედან 8,0% მოდის ყველზე. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, კვების ფაქტიურ რაციონს აკლია ისეთი არსებითი კომპონენტი, როგორიცაა ცილები: კვების თვიურ (ფაქტიურ) რაციონში ცილები 572 გრამით ნაკლებია, ვიდრე ეს ნორმებითაა გათვალისწინებული.
კვების ფაქტიური რაციონის სტრუქტურა დიდადაა განპირობებული მოსახლეობის საერთო შემოსავლების დაბალი დონით და მისი მატერიალური მდგომარეობით. მიუხედავად მეტი კალორიულობისა, ფაქტიური თვიური რაციონის (48 ლარი) ღირებულება თითქმის ორჯერ იაფია იმაზე, რასაც მოხმარების რაციონალური ნორმები გულისხმობენ (95,3 ლარი). სურსათის საკმარისობის კოეფიციენტი მის ღირებულებით გამოხატულებაში K საკმ. 1 ტოლია 0,50 (48 შეფარდებული 95,3)-ისა. K საკმ. 1-ის აღნიშნული სიდიდე მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით მიიღოს ყველა აუცილებელი (მოხმარების რაციონალური ნორმების თანახმად) კვების პროდუქტი და მათში შემავალი ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერება რადგანაც ეს პროდუქტები, როგორც წესი, მაღალფასიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან.
სურსათის საკმარისობის შეფასებისას აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში მოხმარებული კვების პროდუქტების რაოდენობა აღწევს 960 კვ-ს მაშინ, როცა საქართველოში ფაქტიური მოხმარება არ აღემატება 640 კგ-ს. თუ პროდუქტების ნუსხიდან ამოვიღებთ კარტოფილსა და პურს, მაშინ საქართველოში კვების პროდუქტების მოხმარების დონე შეადგენს 456 კგ-ს მაშინ, როცა მოწინავე ქვეყნებში ეს სიდიდე 741 კგ-ია. 1989 წელთან შედარებით ხდება მოხმარებული კვების პროდუქტების მოცულობის შემცირება. ამასთან, ყველაზე მეტად მოხმარების შემცირება ეხება ცილებისა და ვიტამინების შემცველ პროდუქტებს. კვების ამგვარი დონის და სტრუქტურის პირობებში იწყება მოსახლეობის დეგრადაცია გენოფონდის გაუარესების, დაავადებების დონის ამაღლების გამო. მოხმარებული პროდუქტების რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება მოზარდ თაობაზე. ბავშვებში ტუბერკულოზით დაავადების კატასტროფული ზრდა არის ზემოაღნიშნული მდგომარეობის სამწუხარო დამამტკიცებელი.
ყველაზე საგანგაშოა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობების ფაქტები გახშირდა. ამაზე ბოლო თვეების სტატისტიკაც მეტყველებს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ხშირად სიცოცხლეს თვითმკვლელობით მოზარდები ამთავრებენ.
გლობალური მასშტაბით, თვითმკვლელობების ანუ სუიციდის, გახშირების მთავარ მიზეზებად სხვადასხვა ფაქტორი სახელდება: ფსიქიკური აშლილობა, ფინანსური პრობლემები, ალკოჰოლის/ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ქრონიკული დაავადებები. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი, ანუ წელიწადში 800 ათასი ადამიანი, იკლავს თავს. უახლესი სამეცნიერო დასკვნებით, თვითმკვლელობების ორი მესამედი იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც მოსახლეობის შემოსავლები საშუალო ან დაბალ დონეზეა. მეცნიერთა დასკვნით, თვითმკვლელობის შესაძლებლობას ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე დაბალი წვდომა.
ქართული გამოცემა „კომერსანტი“ 2015 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „მოზარდთა თვითმკვლელობების ფაქტები ეპიდემიის სახეს იღებს“ მიუთითებს, რომ თვითმკვლელობების ზრდის შეჩერება მოახერხა ევროკავშირის სამმა ქვეყანამ - შვედეთმა, ფინეთმა და ავსტრიამ, რასაც ფსიქოლოგები ამ სახელმწიფოების მთავრობების მიერ, დროულად გატარებული სოციალური პროგრამებით ხსნიან. თუმცა, ამ ფონზე საინტერესოა, რომ ჩვენი მოძიებული ინფორმაციით, სუიციდის პრობლემა სოციალურად სტაბილურ იაპონიაშიცაა გახშირებული, რომლის მთავრობაც სხვადასხვა მეთოდით ცდილობს მასთან ბრძოლას. მაგრამ, ფსიქოლოგები იაპონიაში თვითმკვლელობების მაღალ მაჩვენებელს არა სოციალური პირობებით, არამედ ისტორიული ტრადიციით – „ხარაკირით“ განმარტავენ.
სუიციდის სიტუაციურ ფაქტორებს შორის სულ უფრო ხშირად ასახელებენ ეკონომიკურ პრობლემებს, მათ შორის, საკვების საკმარისობასა და ხელმოსაწვდომობას. შესაბამისად, თანამედროვე ფსიქოლოგიურ გამოკვლევებში თვითმკვლელობების პრობლემას ხშირად სასურსათო უსაფრთხოებით – სურსათის საკმარისობის, ხელმისაწვდომობის, იმპორტზე ზედმეტად დამოკიდებულებისა და ეკოლოგიურად სუფთა სურსათის არასაკმარისი ხვედრითი წილის მაჩვენებლებით ხსნიან. ამავე დროს უნდა აღინიშნის, რომ ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ხშირად აღრეულია ცნებები. კერძოდ, სასურსათო უსაფრთხოებას (Food Security), ანუ სურსათის საკმარისობას, ხელმისაწვდომობას, იმპორტზე დამოკიდებულებას – სამამულო მწარმოებლის დაცვას, აიგივებენ სურსათის უვნებლობასთან (Food Safety), ანუ პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავესთან.
სასურსათო უსაფრთხოების დონის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია სურსათის ხელმისაწვდომობის კოეფიციენტი:
გაანგარიშების თანახმად ხელმისაწვდომობის კოეფიციენტის სიდიდე ტოლია 0,5–ის (47,52 შეფარდებული 95,3–თან). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობას არ შეუძლია მთელი თავისი შემოსავალები დახარჯოს სურსათის შესაძენად (ექსპერტების გაანგარიშებით სურსათზე იხარჯება შემოსავლების 60-70%), მაშინ ამ მაჩვენებლის სიდიდე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება და არ აღემატება 0,35–ს (33,2 შეფარდებული 95,3–თან), ანუ იქნება კრიტიკულად დასაშვები ზღვარის დაბლა. ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ორიენტირებულია სასიცოცხლო მინიმუმზე, რომლის საფუძვლად გვევლინება მოხმარების რაციონალური ნორმები. მაგრამ როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, კვების ფაქტიური რაციონი თავისი სტრუქტურით მნიშვნელოვნად განსხვავდება საჭირო რაციონისაგან და თითქმის ორჯერ უფრო იაფია. თუკი საფუძვლად ავიღებთ კვების „იაფ“ ფაქტიურ რაციონს, მაშინ პროდუქტების ასეთი ნაკრების ხელმისაწვდომობის დონე რამდენადმე მაღალი იქნება და მიაღწევს 0,69 (33,2 შეფარდებული 48,0–თან). მიღებული შედეგი გვიჩვენებს, რომ ასეთი შედარებით იაფი რაციონიც კი მიუწვდომელია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. თუკი გამოვალთ იმ მოსაზრებიდან, რომ კვების ფაქტიური რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა შეადგენს 2980,7 კკალ. დღეში, ხოლო ხელმისაწვდომობის დონეა - 0,69, მაშინ სრულიად დასაბუთებულად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სურსათის საკმარისობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არის 2056,7 კკალ. დღეში დონეზე (2980,7ხ0,69), ანუ იგი ფაო-ს ექსპერტების მიერ დადგენილ შიმშილის ზღვარზე იმყოფება.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი გაანგარიშებები გასაშუალებულია და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლები ნაკლებია ქვეყნის საშუალო სულადობრივ მაჩვენებელზე.
ამრიგად, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება ბევრი მახასიათებლის მიხედვით იმყოფება კრიტიკულ ზღვარს მიღმა. მიუხედავად კვების ფაქტიური რაციონის ენერგეტიკული ფასეულობების შედარებით საკმარისი დონისა, მისი სტრუქტურა საკვები ნივთიერების შემადგენლობის თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელია. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს საშუალება იმისა, რომ უზრუნველყოს თავისი თავი შედარებით „იაფი“ პროდუქტების ნაკრებით და მისი კვების ენერგეტიკული ფასეულობა შიმშილობის ზღვარზეც კი დაბალია (ფაო-ს კლასიფიკაციის მიხედვით). იმის გამო, რომ არ არსებობს აგრარული სფეროსა და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის დარგების განვითარებისა და დაცვის მკვეთრი პოლიტიკური ნება, სასურსათო დამოკიდებულების დონე კიდევ უფრო უარესდება.