პრესის თავისუფლების კუთხით საქართველოს პოზიციები შარშანდელთან შედარებით გაუარესდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის 2016 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 49 ქულა მოიპოვა 100-ბალიანი შკალით (მაქსიმალური 100 ბალი - ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია).
შარშან, ანალოგიური ანგარიშის გამოქვეყნებისას, Freedom House-მა საქართველოს 48 ქულა მიანიჭა. შესაბამისად, წელს პრესის თავისუფლების კუთხით საქართველოს პოზიციები ერთი ქულით გაუარესდა. საქართველოს მეზობლები, მათ შორის აზერბაიჯანი (89 ქულა), თურქეთი (71 ქულა), სომხეთი (63 ქულა) და რუსეთი (83 ქულა) გამოცხადდნენ არათავისუფალი პრესის მქონე ქვეყნებად.
რა არის მთავარი მიზეზი რის გამოც საქართველოში მედია თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის თითქმის ზღვარზე იმყოფება, ამ თემაზე ექსპერტი, არჩილ გამზარდია გვესაუბრება.
ბატონო არჩილ, მიმდინარე წელს რა მოხდა ისეთი, რამაც შარშანდელთან შედარებით 1 პუნქტით, მაგრამ მაინც შეამცირა ქართული მედიის თავისუფლების მაჩვენებელი?
- ვერ ვიტყვი, რომ ერთი პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მედიის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს, მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დაწინაურდა. შესაძლოა, იმ პროპაგანდამ, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა ადგილი „მაესატროს“ თუ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მაჩვენებელი იგივე დარჩა და იმ მოცემულობით რაც გაგვაჩნია, მდგომარეობა ნორმალურია.
მედიის თავისუფლების ინდექსი არ გულისხმობს მხოლოდ ხელისუფლებისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და ძალიან ბევრი მაჩვენებლისგან შედგება. ეს, ჩვენს ქვეყანაშია მიღებული, რომ პრესის თავისუფლების ინდექსი ხელისუფლებასათანაა მიბმული.
საქართველო 100-ბალიანი შკალაზე სადღაც შუაშია, ანუ ნახევრად თავისუფალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების ზეწოლისგან მედია, ძირითადად, გათავისუფლდა, რა პარამეტრებს ვერ ვაკმაყოფილებთ იმისათვის, რომ უფრო წინ წავიწიოთ?
- აქ ის მაჩვენებლები უნდა განვიხილოთ, რომელიც მოქმედებს საბოლოო შედეგზე. მაგალითად, დაფინანსების გამჭვირვალობა, მედიის მიკერძოების, პოლიტიკური ზეგავლენის მაჩვენებლები, ეთიკის სტანდარტები, რაშიც ძალიან მოიკოჭლებს ქართული მედია. ასევე - პროფესიონალიზმი, წყაროები, გამჭვირვალობა და ა.შ. ბევრი ფაქტორია, რაც საბოლოოდ, მედიის ხარისხზე მეტყველებს.
იმისათვის, რომ საქართველო დაწინაურდეს, მთელი ეს მაჩვენებლები და კიდევ სხვა, რომელიც არ ჩამომითვლია, უნდა გაუმჯობესდეს.
თქვენ ახსენეთ დაფინანსების თემა, რაც ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია მედიისთვის. ხშირად, იკვეთებa ტენდენცია, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ გარკვეულ კომპრომისებზე არ მიდის, მედიასაშუალებას უჭირს არსებობა და თავის გადასარჩენად თვითონვე ირჩევს ნახევრადდამოკიდებულ პოზიციას. თქვენი შეფასებით ეს რამდენად სერიოზული პრობლემაა?
- ამაში მოიაზრება კრიტიკულობის ზღვრები იგივე, სარეკლამო დაკვეთებთან მიმართებაში და ა.შ. მაგრამ ჩვენთან კრიზისს ქმნის ერთი საკითხი - საჭიროზე მეტი მედიასაშუალებაა, ვიდრე ბაზარი თხოვს. ამიტომაც, ხელოვნურად ხდება ამ ბაზრის მართვა. თუ, დავუშვათ, მაღაზიები ექვემდებარება ბუნებრივი გადარჩევის პრინციპს, არ დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა ყველა მედიასაშუალება კერძო, კომერციულ სტრუქტურად ითვლება, მაგრამ ეს კომერციული მიზნები არ ხორციელდება. სწორედ იმიტომ, რომ კომერციული მედიასაშუალებები ხშირად, არა კომერციულ, არამედ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.
რაკი ბაზარი ხელოვნურად იმართება - ძალიან დიდი მიწოდებაა, შესაბამისად ვერ მოქმედებს ბუნებრივი კონკურენცია, შესაბამისი ბიზნესგარემოს შექმნა, ვფიქრობ, უფრო ველური, ბუნებრივი კონკურენცია უნდა მოქმედებდეს იმისათვის, რომ მედიასაშუალებები არ გაიყიდონ და იყვნენ იმ პრინციპზე დაფუძნებული, რაც დამოუკიდებელ მედიას სჭირდება. გადარჩევის შედეგად რჩებოდეს ის, რომელიც ყველაზე სიცოცხლისუნარიანია, როგორც ხდება ბიზნესის სხვა სფეროებში.
ამიტომაც, სანამ საქართველოში მედია არის არა იმდენად ბიზნესის, რამდენადაც პოლიტიკის საგანი, ბუნებრივია, თავისუფლების ინდექსი მაღალი ვერ იქნება. ეს ძალზე მკაფიოდ ჩანს და მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვისაც.
კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ არ ხდება პროფესიული სტანდარტების წამოწევა. მოთხოვნილების თვალსაზრისით უკანა პლანზე დგანან ის მედიასაშუალებები, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციით, ეთიკით, პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ანუ ის, რაც უნდა ქმნიდეს მედიას და რა მაჩვენებლებითაც საერთაშორისო ინდექსებში მაღალ ქულებს იმსახურებს, იმან შეიძლება ქართულ ბაზარზე მედია უკან დაწიოს. ამიტომაც მედიასაშუალებები იძულებული ხდებიან წინა პლანზე წაამოწიონ ის, რაზეც მოთხოვნაც მაღალია და მთელ რიგ მაჩვენებლებს ხაზი გადაუსვან.
ესეც არასწორი პროცესია და ამის დარეგულიურება შესაძლებელია ერთადერთი გზით, როდესაც ჯანსაღი კონკურენციის პირობები შეიქმნება და სხვა, დამატებითი ინსტრუმენტები არ დასჭირდება მედიასაშუალებას.
თუ მედიის დაფინანსების წყაროების მოძიებას იწყებენ, ან რომელიმე მედია საშუალებას მონიტორინგის ფარგლებში შეეხებიან, შეიძლება მაშინვე სკანდალი ატყდეს - მედიის შევიწროებასა და ზეწოლაში დაადანაშაულონ ვიღაც - ანუ ვიდრე ეს ტენდენციაა, თავისუფლების ინდექსებში დაწინაურების უფრო მეტი პერსპექტივა არ გვექნება.
შეგნებულად არ ვახსენე ხელისუფლება, რადგან შეიძლება, ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ ამის გარეშეც ბევრი ფაქტორია რომელიც უკან სწევს მედიასაშუალებას.
თუ წინა ხელისუფლებამ თავად შექმნა მედია საშუალებები და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, არ არსებობდა დამოუკიდებელი მედია, დღეს კი პრაქტიკულად, ასე აღარ ხდება. ამის მიუხედავად სხვადასხვა ფაქტორები იმდენად აზიანებენ მედია საშუალებას, რომ თავისუფლების ინდექსის მხრივ, უფრო მეტი წარმატება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება.
ანუ უფრო საზოგადოებისა და მომხმარებლის პრობლემა დგას ვიდრე პოლიტიკური ზეწოლის?
- ასეა, მაყურებელი არ უყურებს, მკითხველი არ კითხულობს. რაც შეეხება ინტერნეტ გამოცემებს, ხშირად, იმ გამოცემებს უფრო ფართო მომხმარებელი ჰყავთ, რომლებსაც ხმაურიანი განცხადებები და პოსტები გადააქვთ საიტზე, ვიდრე მათ, სადაც ჟურნალისტი თემაზე მუშობს - ჟურნალისტურ ნაწარმს ქმნის - სამწუხაროდ, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ.
ამიტომ მომხმარებელი თავისთავად, მნიშვნელოვანია და ვიდრე მომხმარებელს უხარისხო პროდუქცია აინტერესებს, მედია მოტივირებულია, უხარისხო პროდუქცია შექმნას.
თქვენც აღნიშნეთ ტენდენცია, რომ მედიაბაზარი გაჯერებულია. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს სულ რამდენიმე ტელევიზია, გაზეთი და ინტერნეტ მედია არსებობდა, ხოლო მათ უმეტესობას ხელისუფლება ფლობდა ან აკონტროლებდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უცებ, სოკოებივით აღმოცენდა, განსაკუთრებით, ელექტრონული მედია სშუალებები. ეს ტენდენცია რაზე მეტყველებს? თუ ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთიობაში დემოკრატიულობის ხარისხი მომენტალურად გაიზარდა, მედიადამოუკიდებლობის ზრდის ტემპი რატომ ჩამორჩება?
- დემოკრატიულობის ხარისხი გაიზარდა მხოლოდ ხელისუფლების ზეგავლენის შემცირების, პრინციპში, ნულთან მიახლოების ხარჯზე. მხოლოდ ამ ფაქტორმა უზრუნველყო ეს ტენდენცია. შესაბამისად, მთელი რიგი პოლიტიკური ძალები შეეცადნენ ეს ტენდენცია თავიანთი პოლიტიკური ზეგავლენის გასაძლერებლად გამოეყენებინათ, მაგალითებიც სახეზეა - „ტაბულა“, „რუთავი 2“, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საინფორმაციო სააგენტოები.
ბევრი მედია საშუალება რომ გამოვიკვლიოთ (და არაოფიციალურად ვიცით კიდეც) ხშირად, კონკრეტულ პოლიტიკურ პირამდე ან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალამდე მიგვიყვანს. ამიტომაც ბუნებრივია, რომ როდესაც ხელისუფლებამ მედიის კონტროლზე უარი განაცხადა (არ ვსაუბრობ რომელიმე სუბიექტის მხრიდან გადაცდომებზე), სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ისარგებლეს ამითი და ხელისუფლებისაგან გამოთავისუფლებული პოლიტიკური ზეგავლენები სხვა პოლიტიკურმა ძალებმა დაისაკუთრეს.
ის, რაც ხდება, ნორმალურ მედიაგარემოდ ვერ ჩაითვლება და ეს საერთაშორისო ინდექსებშიც აისახება. სიტუაციას ბაზარი მოაწესრიგებს თუ გარკვეული ტიპის, თუნდაც არაპირდაპირი რეგულაციებიები მაინც საჭიროა?
- ბაზარი ვერ აწესრიგებს იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე ეს ბაზარი ხელოვნურად არის შექმნილი - წამგებიანი სუბიექტები ფუნქციონირებენ. რეგულირებას რაც შეეხება, სახელმწიფომ თუ დაიწყო ეს პროცესი, შეიძლება, ხელისუფლების ჩარევაში გადაიზარდოს. თანაც საქართველოში არ ვართ შეჩვეული, რომ რომელიმე ხელისუფლება მოზომილად მოქმედებდეს. თუ წინა ხელისუფლება აბსოლუტურად აკონტროლებდა, დღევანდელი ხელისუფლება განცალკევებულია ამ სფეროსგან და არ აკონტროლებს. ამიტომაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულირება მხოლოდ ზიანს მოიტანს.
ერთადერთი, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ფინანსური გამჭვირვალობის რეგულირება იმ მხრივ, რომ ინფორმაცია იყოს გახსნილი და გაჩნდეს კითხვები იქ, სადაც რომელიღაც მედია საშუალება აშკარად წამგებიან ბიზნესს ეწევა. თუმცა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ სხვა ინტერესებზე მეტყველებს. ეს ინტერესები უნდა გამოიკვეთოს, დაერქვას თავისი სახელიდა ა.შ.
შესაბამისად, მედია საშუალებების იმიჯზე მათ რეპუტაციაზე, საინფორმაციო ზეგავლენაზე უნდა აისახოს ეს ყველაფერი, რომ შეიქმნას გარემო გაჯანსაღებისათვის. მედია საშუალებას არ უნდა აწყობდეს იყოს პარტიული პროპაგანდის საშუალება.
ეს, ალბათ, იქნება წინაპირობა, სხვა დანარჩენი მოხდება სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში, როდესაც აღმოჩნდება რომ მედია აღარ არის ისეთი ინტერესის საგანი, როგორიც იყო.
მაგალითად, უკვე შესამჩნევია, რომ ყოველდღიურად მცირდება ტელემედიის ეფექტი. სოციალური და ინტერნეტმედიის ეფექტი მძლავრდება, თუმცა, თუ ადრე ინტერნეტ მედიის გავლენისა და ნდობის მაჩვენებელი მაღალი იყო, დღეს იმდენი ინტერნეტ მედიასაშუალებაა, რომ ეს მაჩვენებლები შემცირდა - დღეს ყველაზე უკონტროლო ინტერნეტ მედიაა.
ალბათ, ბუნებრივია, რომ ეს ზედმეტი გაჯერების პერიოდი უნდა გადავიაროთ და შემდგომ დაიწყება ამ მედია საშუალებების დახურვა - თავისით, ბუნებრივად დახურვას ვგულისხმობ - დარჩებიან შედარებით სიცოცხლისუნარიანები. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ძალზე რთული პროცესი იქნება.
თუ მთლიანად ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი გახდება, ალბათ, ეს თავისთავად დაწმენდს მედიას?
- იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესებში ყველა იქნება ჩართული და არა მხოლოდ ხელისუფლება. დღეს ხელისუფლება არ ერევა მედია პროცესებში, სამაგიეროდ, გვაქვს „რუსთავი 2“ რომელიც ყოფილი ხელისუფლების კორპორატიული ტელევიზია და პროპაგანდის საშუალებაა. ასეთ შემთხვევაში დემოკრატიის ხარისხი ნაკლებად ზემოქმედებს. თუ მსგავს ორგანიაზაციებშიც არ გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, მხოლოდ ხელისუფლების დემოკრატიულობა საერთაშორისო ინდექსებზე ვერ აისახება - ეს ხარისხები არ იქმნება მხოლოდ ხელისუფლების ჩაურევლობის ხარჯზე.