„მოკავშირეებმა პირობა უნდა მისცენ რუსეთს, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. დაივიწყეთ ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვა ევროპული დედაქალაქების პირფერული პოლიტიკა“,- ასეთია ანალიტიკოს დუგ ბენდოუს გზავნილი ქართველებისა და უკრაინელების მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სპეციალური თანაშემწე იყო პოლიტიკური ანალიზის საკითხებში.
დუგ ბენდოუს თქმით, ყველა მხარის ინტერესებში უნდა იყოს, რომ თავისი პოლიტიკის გატარების დროს რეალური პოლიტიკა გაითვალისწინოს და შეეცადოს მასთან შეგუებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები და ევროპელები დასახმარებლად არ მოვლენ. ამიტომ ამერიკელებიც და ევროპელებიც რუსეთს სანქციებით კი არ უნდა დაუპირისპირდნენ, არამედ მასთან ითანამშრომლონ, ვინაიდან მსოფლიოში სხვა უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დუგ ბენდოუ ასკვნის, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო უკვე აცნობიერებს, დროა, მათ უკრაინის შესახებ რუსეთთან მოილაპარაკონ და წინ წავიდნენ. ვაშინგტონიც და ბრიუსელიც ამ დასკვნამდე უნდა მივიდნენ. მოკავშირეები რუსეთთან დამოკიდებულებაში კომპრომისზე უნდა წავიდნენ, მოუხსნან სანქციები და პირობა დადონ, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატოში არ მიიღებენ.
„ბევრი უკრაინელი ელოდება იმ მომენტს, როცა მათ ამერიკა ან ევროპა დაეხმარება და გადაარჩენს... არადა, უკრაინამ დრო არ უნდა დაკარგოს და მოეშვას საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოსდა „პრინცესა გაჭირვებაშია ჩავარდნილი“ და ელოდება, როდის დაეხმარება დასავლეთიდან მისული „თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი“. თუ უკრაინა ასე გააგრძელებს, დიდი რისკია იმისა, რომ არშემდგარ სახელმწიფოდ გადაიქცეს“, - მიაჩნია რეიგანის ყოფილ თანაშემწეს, რომლის აზრითაც, დასავლეთს არ აქვს მორალური უფლება, უსაყვედუროს რუსეთს, რადგან ხელები ყველას აქვს გასვრილი, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ბომბავს, იჭრება და ანაწევრებს სხვა ქვეყნებს ისე, როგორც თვითონ სურს და სრულიად არ ითვალისწინებს ამ ქვეყნების ინტერესებს თუ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
რას ნიშნავს დუგ ბენდოუს „არაპირფერულად“ ნათქვამი -მოკავშირეებმა პირობა უნდა მისცენ რუსეთს, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ და რამდენად გაუხსნის მსგავსი განცხადებები რუსეთს ხელ-ფეხს საქართველოსთან მიმართებით?
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძლიერი ქვეყნების მორალური პასუხისმგებლობა ცოტა უფრო რთული თემაა. მართლაც, დიდ ქვეყნებს ერთმანეთისთვის შესაძლოა, ბევრი არაფერი ჰქონდეთ სათქმელად, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ წლების განმავლობაში სწორედ რუსეთის ხელით დაკარგა საქართველომ ტერიტორიები, სახელმწიფოებრიობა, ავტოკეფალია, ყველანაირი რეგრესი, ლამის მშობლიურ ენასაც ვკარგავდით, ამიტომ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით უკვე გარკვეულია. სამაგიეროდ, რაგინდ პასიურობაშიც არ უნდა დავდოთ ბრალი დასავლეთს, დასავლეთი ყოველთვის მუშაობს წინსვლაზე და ჩვენს განვითარებას უწყობს ხელს. მთავარია, რომ ნეიტრალიტეტი და აგრესიული რადიკალიზმი ორივე დამღუპველია, რაც ნაცმოძრაობას ახასიათებდა.
ამიტომ არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ, მიუხედავად რეიგანის თანაშემწის სკეპტიკური განცხადებისა, საქართველოს მაინც უნდა ჰქონდეს საკუთარი ორიენტირი. წარმოუდგენელია პატარა სახელმწიფო, რომელსაც ორიენტირი, პოზიცია არ გააჩნია, რომელმაც არ იცის, თანამედროვე მსოფლიოში ვის ხედავს თავის თანამდგომელად. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს გამოცხადებული, რადგან ნეიტრალიტეტი ნიშნავს გულგრილ და არა პოზიციურ დამოკიდებულებას შესაძლო პარტნიორების მიმართ, რომელიც ხელს უხსნის მხოლოდ დამპყრობელს. ამიტომ ჩვენი ნეიტრალიტეტი კონფორმისტული იქნება რუსეთთან მიმართებით. თუკი ჩვენ ნეიტრალურები ვიქნებით, მაშინ პოლიტიკურ თანადგომასა და თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე ნატოს ვერაფერს მოვთხოვთ. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით რუსეთთან დაკავშირებით და ეს რუსეთს გზას გაუხსნის.
„საქართველო სრულფასოვან ინტეგრირებას ცდილობს ევროატლანტიკურ გაერთიანებაში. მართალია, ნატოს გრძელვადიან პერსპექტივაზე ასე მარტივად ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ დაიწყებს საუბარს, მაგრამ ის, რომ უახლოეს პერსპექტივაში ნატოში ინტეგრირებას ვერ ვახერხებთ, ამაში ტრაგიკულსაც ვერ ვხედავ. ნატოს უახლოესი პერსპექტივა ჩვენთვის ისედაც ცნობილია და არასოდეს მალავდნენ, რომ სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვას ნატო არ აპირებდა. ეს მშვენივრად გამოჩნდა თურქეთის მაგალითზეც. ამიტომ, თუკი მომავალი მოკავშირეები ვვარაუდობთ, რომ ნატო დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და ლამის მსოფლიო ომის რეჟიმში შევა რუსეთთან, ამაზე თავის მოტყუება არ შეიძლება. ნათელი იყო პოზიცია, რომ ამას არც აპირებდნენ, რადგან ეს გახლავთ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ალიანსიც. თავისთავად, ჩვენ ვისწრაფვით ორივე მიმართულებით.
მე ვფიქრობ, ნატოს მიმართ საქართველოში საინფორმაციო პოლიტიკა გასაუმჯობესებელია, რათა ნატო არ იყოს ასოცირებული იმ შეიარაღებულ საომარ დამხმარედ, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენი პოლიტიკოსები უფრო პოპულისტობენ, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები. ჩვენთვის ორიენტირია ის, რომ ნატო ჩვენთვის პოლიტიკურ თანადგომას გამოხატავს თავდაცვის გაძლიერების კუთხით, ეს პროგრესირებადი პროცესია, ისინი პერიოდულად უფრო აძლიერებენ ჩვენთან კომუნიკაციას. რუსეთმა, ასევე, იცის ის, რომ საქართველოსა და უკრაინის გამო ნატო სამხედრო კონფრონტაციაში არ ჩაერთვება“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ანალიტიკოს დუგ ბენდოუს გზავნილი ეს არის რიგითი ანალიტიკოსის შეფასება და კარგია, რომ ეს ანალიტიკოსი ამ დასკვნამდე მივიდა ახლა, მაგრამ ასეთები მხოლოდ მცირე რაოდენობას შეადგენენ და ეს დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბოსა შინა. უბრალოდ, მთავარია, ვარშავის სამიტზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, სწორედ ამაზე იქნება გაფართოების პოლიტიკა დამოკიდებული.
„ნატოს უსაფრთხოების მიმართულებით ცოტა რთულადაა საქმე, ვარშავის სამიტზე არც გაფართოება იქნება და არც წევრობის საკითხს არ განიხილავენ, მაპსაც არ მოგვცემენ, ეს არის რეალპოლიტიკა.
რეიგანის დროინდელი პოლიტიკოსები უფრო ნეოკონსერვატორები არიან, მაგრამ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ და ამინდს არ ქმნიან. რუსეთს უკვე მიეცა ხელ-ფეხის გახსნის საშუალება და რუსები ამას ასრულებენ კიდეც. რუსები დროს უქმად არ კარგავენ. ეს აიხსნება იმით, რომ დასავლეთი პასიურია. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. დასავლეთი მოუმზადებელია პუტინის აგრესიული ნაციონალისტური პოლიტიკის მიმართ. უბრალოდ, დასავლეთმა ვერ გაიგო, ვისთან ჰქონდა საქმე“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და განმარტა, რომ ჩვენ ვართ ჩიხურ უტოპიურ მდგომარეობაში.
სადაც გვინდა, იქ არ გვიღებენ და, სადაც არ გვინდა, ძალით გვერეკებიან. დაახლოებით ისეთივე ვითარებაა, როგორც 1921 წელს, როცა რანაირი რეკომენდაციაც არ უნდა უნდა დაედოთ, საქართველოს მაინც ვერაფერს უშველიდა. 1921 წელსაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ნეიტრალური სახელმწიფო იყო, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რუსეთის თავდასხმისგან მაინც ვერ გადაარჩინა. მით უმეტეს, ახლა, როცა გამალებული ცივი ომია, ან აქეთ უნდა წავიდეთ, ან -იქით, სხვა მესამე გზას არ გვაცლიან.
ამიტომ ვახტანგ მაისაია პროდასავლურ ევროატლანტიკურ კურსს უალტერნატივოდ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ის უტოპიად ჩანს. „მაგრამ, რა უნდა ვქნათ? - უნდა ვიყოთ კარგი უტოპიური ოპტიმისტები“.