„5 რაიონის სანაცვლოდ კრემლი აზრებაიჯანისგან ევრაზიული კავშირის წევრობას ითხოვს“

„5 რაიონის სანაცვლოდ კრემლი აზრებაიჯანისგან ევრაზიული კავშირის წევრობას ითხოვს“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 130-ჯერ დაარღვია. როგორც უწყებაში აცხადებენ, სომხურმა სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი სომხეთის ტერიტორიიდან და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაუხსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამომდინარე სომხური მხარის ქმედებიდან მათ 131 საპასუხო იერიში განახორციელეს.

„ომისკენ მოწოდება“, - ასე შეაფასა რუსეთის პირველმა დიპლომატმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ მთიანი ყარაბაღი, ერთ დღეს, აუცილებლად დაუბრუნდება თავის ნამდვილ პატრონს აზერბაიჯანს. სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთის ასეთი პოზიცია ომისკენ მოწოდებას ნიშნავს. აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერისთვის რუსი დიპლომატი თურქეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„განცხადებები, რომლებიც თურქეთის ხელისუფლებისგან გაისმა, ყოვლად მიუღებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის მოწოდება ომისკენ და არა მშვიდობისკენ. ეს იყო კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისკენ მოწოდებები“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია უცვლელია. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი თავიდანვე გვერდში ედგა აზერბაიჯანს და ასე გაგრძელდება ბოლომდე. ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღი კვლავ აზერბაიჯანის იქნება. თავის მხრივ მთიანი ყარაბაღის მიდამოებში აზერბაიჯანელ და სომეხ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები გახშირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, თურქეთი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, ღიად ვერ ჩაერთვება კონფლიქტში, რადგან ნატოს მე-5 მუხლი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტი მიმდინარეობს ნატოს წვერ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანი არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, შესაბამისად თურქეთი ღიად ვერ ჩაერევა. თუმცა, საომარი მოქმედების განახლების შემთხვევაში თურქეთის მხრიდან იქნება ლოგისტიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ თურქეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ამიტომ, თურქეთის ხელისუფლება აგრესიულ პოლიტიკაზე გადავიდა.

„თურქეთს დასაკარგი არაფერი აქვს. თუკი თურქეთის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტნას ყურადღებას, მით უკეთესია თურქეთისთვის, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი მყარი არ არის. ნებისმიერ დროს შეიძლება მხარეები გადავიდნენ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე. რუსეთს, ისევე როგორც თურქეთს თავისი ინტერესები აქვს და თუ განახლდა საომარი მოქმედება მთიან ყარაბახში, რუსეთს მოუწევს ამ კონფლიქტში ჩარევა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ალეკო კვახაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე აზერბაიჯანმა მშვენივრად იცის, რომ რუსეთი არ დაუშვებს მისი ნების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

„რუსეთს აწყობს ეს კონფლიქტის კერა, რომ ზეგავლენა შეინარჩუნოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დღეს, რუსეთის მთავარი ამოცანაა აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში შეყვანა. კრემლიდან მართული ექსპერტების მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს აზერბაიჯანს დაიკავოს მთიანი ყარაბაღის მიმდებარე 5 რაიონი და სანაცვლოდ კი, კრემლი აზრებაიჯანისგან ევრაზიული კავშირის წევრობას ითხოვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.