„აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვის უკან ვინ დგას, ვინ და როგორ დააფინანსა“

„აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვის უკან ვინ დგას, ვინ და როგორ დააფინანსა“

არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ბოლომდე მიყვანილი არ არის. ასევე, პრობლემური საკითხია მოსამართლეთა გადაყვანა ერთი სასამართლოდან მეორეში, ვინაიდან ეს პროცესი არ ხორციელდებოდა გამჭვირვალედ და დამსახურების გათვალისწინებით. არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მწვავე პრობლემებზე ფაქტებით და სტატისტიკით, საბჭოსგან კი ვიღებთ იმას, რომ თურმე, რადგან ვაკრიტიკებთ, ამიტომ ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ. ეს არის პასუხი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრისას. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იუსტიციის საბჭო, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია და ვერ აცნობიერებს იმ ძალიან მძიმე რეალობას, რომელსაც მისი მოქმედებებით ქმნის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობოების შენიშვნებს არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომლის განცხადებით, მოსამართლეთა გადაყვანა-დაწინაურების საკითხი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლებით რეგულირდება.

„ვერ დავეთანხმები შენიშვნას, რომ მოსამართლეთა დანიშვნისთვის საჭირო გასაუბრებაზე, ისეთ სენსიტიურ თემებს არ ვეხებით, როგორიც არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დასმული კითხვები. ყველა სენსიტიურ საკითხზე ვსვამთ კითხვებს, თუმცა დასასმელი კითხვების დახვეწაზე მუდივად მუშაობს უმაღლესი საბჭო“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

„აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვის უკან ვინ დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო“, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას შეეხება. მურუსიძე აცხადებს, რომ იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამეს ვერ დაიბრალებს, რასაც მისივე თქმით, აბრალებენ.

„თუ ვინმეს პრეტენზია აქვს გარკვეულ კანდიდატთან მიმართებაში, რა კანონიც არ უნდა მივიღოთ, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ვინ დაინიშნება და ვინ - არა. ზუსტად კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ კონკრეტული კანდიდატის მიმართ მიმდინარეობს ლანძღვა და მითითება, რომ არ უნდა იყოს დანიშნული. მაშინ მიგვითოთონ, რომელი კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეულები, რათა ჩაითვალოს, რომ პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

არასამთავრობოების შენიშვნებს არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე, რომლის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ეს არის არა მარტო არასწორი, არამედ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საკითხისადმი.

„ჩვენ არ ვართ ვალდებულები ღიად ჩავატაროთ გასაუბრებები, კანონით ის დახურულია, ჩვენ კი, ამას ღიად ვატარებთ და ყველას აქვს საშუალება დაესწროს ამ სხდომებს. ეს უნდა იყოს აღნიშნული! მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებდა, ვინმეს გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორეში, ამას კონკურსის ფორმა მივეცით“, - აცხადებს ევა გოცირიძე.

იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს. მისივე თქმით, ევა გოცირიძემ, კახა სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ, რომლებიც იუსტიციის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით მოხვდნენ, უღალატეს პრინციპებს. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელთაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ სასამართლოსთან, იმედები გაუცრუეს.

„ჩემთვის როგორც იურისტისთვის, უკვე ნაკლებად საინტერესოა რას ამბობს გოცირიძე იმიტომ, რომ მან ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის მოლოდინები ვერ გაამართლა. ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამჭირვალობა ამ საქმეს ვერ უშველის, უნდა შეიცვალოს კანონი და ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს წევრები ვერაფერს ვერ იზამენ. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემაში და იუსტიციის საბჭოში შენარჩუნებულია ის კადრები, რომლებიც წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ სასამართლოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილის განცხადებით, სრულყოფილი სისტემა ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით მიღწეული უნდა იქნას. მისივე თქმით, გამჭვირვალობისთვის საკმარისი ინდიკატორი არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების და კამერების დაშვება სასამართლო სხდომაზე.

„გამჭვირვალობის საკმარისი ინდიკატორია შერჩევის კრიტერიუმების არა სუბიექტური, არამედი ნორმატიული აქტის განსაზღვრა. იუსტიციის უმაღლესო საბჭოდან შეუძლია ვინმეს თქვას, რომ ეს კრტიტერიუმები განსაზღვრულია? როდესაც კენჭისყრაზეა საუბარი კოლეგიალურ ორგანოში, როგორ განისაზღვრება მომხრე და მოწინააღმდეგე კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებაში?

ავიღოთ ბოლო დანიშვნა, რა პრინციპით შეირჩა კონკრეტული მოსამართლე და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ეთქვა მეორეს უარი? სრულყოფილი სისტემა ბუნებაში არ არსებობს და არავინ ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით მიღწეული უნდა იქნას. არავინ ითხოვს იუსტიციის საბჭოსგან რატომ არის კანონში ესა თუ ის ნორმა, მაგრამ რატომღაც სწორედ იმ ნაწილზე პასუხობს იუსტიციის საბჭო, რომელიც მისი საქმე არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.