მერკელმა გამოსავალს „მიაგნო“

მერკელმა გამოსავალს „მიაგნო“

უკვე თვეებია, მიგრანტთა ლაბირინთში გახვეული ევროპა გამოსავლის ამაო ძიებაშია, რომლის მზა რეცეპტიც არ არსებობს.

საბოლოოდ, როგორც იქნა, ანგელა მერკელმა გამოსავალს „მიაგნო“. გერმანიის კანცლერი ირწმუნება, რომ ევროკავშირს აქვს შანსი, შეიმუშაოს მიგრაციის პოლიტიკა. კერძოდ, მიგრანტთა რაოდენობის შემცირება ევროპას საშუალებას მისც, გაუმკლავდეს კრიზისს. აღნიშნული შესაძლებლობა ევროკავშირმა გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს.

სწორედ ამის შესახებ ისაუბრა მერკელმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რიუტესთან გამართულ შეხვედრაზე, თუმცა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან სკეპტიციზმს წააწყდა.

მართალია, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას პოზიტიურ კონტექსტში აფასებს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება ჯერ კიდევ ნაადრევია.

მიუხედავად ბევრი საკამათო საკითხისა, გერმანიის კანცლერს მაინც მიაჩნია, რომ ეს საერთო გადაწყვეტილების მიღების რეალური შანსია, რადგან ერთობლივი გადაწყვეტილების არარსებობა ევროკავშირისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

არის თუ არა მიგრანტთა კრიზისის დაძლევის გარანტი მიგრანტთა რაოდენობის შემცირება, რომელთა შორისაც არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოქცეული ლტოლვილები, არამედ - კუნთმაგარი ბიჭებიც ჭარბობენ, რომლებიც ევროპელთა თვალში ტერორისტულ იერს უფრო ტოვებენ, ვიდრე გამოქცეულისას?!

დემოგრაფი ანზორ სახვაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპაში მიგრანტთა რაოდენობის შემცირების ორი საშუალება არსებობს. ერთი, რომ იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი მოდიან, მათი პირობები გაუმჯობესდეს და მიგრანტები იქიდან აღარ გამოვიდნენ და მეორე, მიგრანტთა რიცხვი შემცირდება, თუკი ყველა მათგანს ხელს დაავლებენ და გაყრიან ევროპის საზღვრების გარეთ. ამიტომ გააჩნია, მიგრანტთა შემცირებაში რა იგულისხმა ქალბატონმა მერკელმა.

დათანხმდება თუ არა ლიბერალური მიდგომის მქონე ევროპა მეორე ვარიანტს, ანუ მიგრანტების გაყრას ევროპიდან, ამის შესახებ ანზორ სახვაძე აცხადებს, რომ ევროპამ უკვე დაინახა, რომ უცებ მიმწყდარი მიგრანტების რაოდენობას ვერ აუვა. ამიტომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ საზღვრები ააშენა. უფრო მეტიც, შენგენის ზონაც კი დაშლის პირასაა, რამდენადაც თავდაპირველად ის ითვალისწინებდა შენგენში გაერთიანებული საზღვრების ადმინისტრაციულ საზღვრებად გადაქცევას და ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადასვლას. ახლა კი, მიგრანტთა ნაკადის გამო ბევრმა ქვეყანამ ხელოვნური ზღუდეები ააგო, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მიგრანტები, თავიანთი დიდი მასშტაბის გამო, ზოგჯერ ადვილად ლახავენ და გადადიან მათთვის სასურველ ტერიტორიაზე - ინგლისში, გერმანიასა თუ საფრანგეთში.

„თურქეთის მაგალითი აჩვენებს, რომ თურქები უკან აბრუნებენ მათთან ჩასულ ბევრ მიგრანტს, რომლებიც იმ ქვეყნებიდან არიან წამოსულები, სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოდის, რომ ასეთი ხელოვნური გზით მცირდება ევროპაში შემსვლელთა რაოდენობა. თუმცა ეს მაინც არ არის გამოსავალი. მთავარია ის, რომ ის ადგილები, საიდანაც ისინი გამოდიან, იყოს უსაფრთხო და ეკონომიკურად მიმზიდველი, რათა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა და საარსებო გარემოს ძებნა არ დასჭირდეთ. როგორც ძველები იტყოდნენ, არც ისე მარტივია, ადამიანის ერთი საცხოვრებელი ადგილიდან გასვლა და სხვაგან გაშვება. ამას ჯერ კიდევ შოტლანდიელმა პოლიტიკურმა ეკონომისტმა და ფილოსოფოსმა ადამ სმიტმა მიაქცია ყურადღება, მაგრამ გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო.

სხვათა შორის, ამ მიგრანტებსაც არ სურთ თურქეთში დაბრუნება. მოგეხსენებათ, თურქეთი მაინც ევროპის ბუფერული ზონაა, თურქეთი ატარებს მიგრანტებს საბერძნეთისკენ, ჩრდილოეთ ევროპისკენ, გერმანიისკენ. ახლა კი მერკელი და დასავლეთის სხვა ლიდერები მოურიგდნენ თურქეთს იმაზე, რომ მხოლოდ კვოტით გათვალისწინებულ მიგრანტებს მიიღებენ, ვისაც ეკუთვნით ლტოლვილის სტატუსი. ანუ ვისზეც უარს იტყვის გერმანია და, მთლიანობაში, ევროპა, ისევ უკან უნდა დააბრუნონ თურქეთში, სადაც ასეთი კონტინგენტისთვის არც არის მოწყობილი თავშესაფრები“, - აცხადებს ანზორ სახვაძე და მიიჩნევს, რომ მიგრანტთა რაოდენობის შემცირებით დასავლეთმა შესაძლოა, პრობლემა ერთ-ორი თვით გადააგოროს, მაგრამ ეს პრობლემა აუცილებლად ისევ იფეთქებს. მით უმეტეს, ახლა ზაფხული მოდის, მიგრაციისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება და, თუ ადამიანები ზამთარში მიდიოდნენ და იყინებოდნენ, ზაფხულის პერიოდში გადაცურვა, ნავით გადასვლა თუ ფეხით სიარული, უფრო იოლია.

ანზორ სახვაძის თქმით, ევროპის შეშფოთება საფუძვლიანია, რადგან მიგრანტებს შორის ძალიან ბევრი კატეგორიის ადამიანია. არიან ისინი, ვინც უშუალოდ სიცოცხლის საფრთხის გამო გამოიქცნენ თავიანთი სამშობლოდან, თუმცა არიან ისეთნიც, ვინც ლტოლვილებს მიებნენ. ძალიან ძნელია მათი გამოხშირვა თუ გარჩევა, რადგან შესახედაობით და ფერით ისინი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არც ისაა გამოსარიცხი, ზოგიერთ მათგანს ევროპაში ტერორისტული აქტის მოწყობა უნდოდეს და სწორედ ამისთვის იყოს წამოსული, ზოგი კი - ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას სკეპტიციზმს არ მალავს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში მიგრანტთა რაოდენობის შემცირება მიგრანტთა კრიზისის დაძლევას სულაც არ ნიშნავს. უბრალოდ, პოლიტიკაში რა შეცდომაც დაუშვა დასავლეთმა, ამას ვერ გამოასწორებენ. ამას ემატება ისიც, რომ მერკელის ავტორიტეტი უკვე დაცემულია.

„ახლა ვუყურებ ინტერნეტში გერმანიაში გამოცემულ კარიკატურას, სადაც დახატულია ამერიკელი ბიძია სემი, თავისი ცანცარა წვერით, და, ბოდიში თქვენთან, უკანალში გარჭობილი მერკელით. ასეთი განწყობაა მერკელის მიმართ. ასე რომ, მიგრანტთა რაოდენობის შემცირება მიგრანტთა კრიზისს ვერ გადაჭრის. ჯერჯერობით გამოსავალი არ არსებობს. წინასწარ პოლიტიკაში არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ იქნებ როდისმე მიაგნონ გამოსავალს?! იქნებ, დასავლური პოლიტიკის სათავეში უფრო რადიკალური განწყობის ადამიანი მოვიდეს? იქნებ, ამ იდიოტურ პოლიტკორექტულობას თავი დაანებონ და უფრო მტკიცე კურსი გაატარონ?! თუნდაც არაპოპულარული, მაგრამ -მტკიცე კურსი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.