„ივანიშვილი რომ პუტინის მეგობარი იყოს, ეს დაეტყობოდა თუნდაც სამაჩაბლოს რეფერენდუმის საკითხს“

„ივანიშვილი რომ პუტინის მეგობარი იყოს, ეს დაეტყობოდა თუნდაც სამაჩაბლოს რეფერენდუმის საკითხს“

რატომ ჰგონიათ ზოგიერთებს დასავლეთში, რომ საქართველო თავისუფლების უკანასკნელ თვეებს ითვლის, ნამდვილად აქტიურობენ თუ არა საქართველოში პრორუსული ძალები და რატომ შფოთავენ ევროპელები რუსული პროპაგანდის გაზრდით საქართველოში, მაშინ, როცა თავად რუსეთის შემორიგებას ცდილობენ?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებსპუტინის მოკავშირეივანიშვილის ანგარიშების გაყინვისკენ მოუწოდებს, ზუსტად იმეორებს ნაციონალების პათოსს. საქართველოში ხუმობენ, რომ რასელს სკანდალური განცხადების გაკეთებაშალვამ ურჩია“, რადგან შალვა ნათელაშვილმა თავად გაყო თავი ამ გაუგებრობაში, როცა განმარტა, რომ სწორედ ივანიშვილის ანგარიშების შესახებ ესაუბრა ამერიკელ სტივ რასელს. რეალურად, ვის ინტერესშია ამერიკელი კონგრესმენის განცხადება?

- ეს არის ქართული პოლიტიკის უკანასკნელი ოთხწლიანი პერიოდის ლოგიკური შედეგი. პოლიტიკა არ არის დილეტანტების საქმე. თქვენ ელაპარაკებით ადამიანს, რომელიც ივანიშვილის ლანძღვა-გინების პირველი მსხვერპლი გახდა. ყველანი რომ ეპირფერებოდნენ ივანიშვილს, მაშინ დავწერე, რომ ეს კაცი პოლიტიკისთვის არ იყო დაბადებული. გამოვიდა და ცუდად მომიხსენია. მერე რა, მე ისევ ისეთად დავრჩი, რაც ვიყავი, მაგრამ ეგ ისევ ისეთად დარჩა? არ არის მაგ კაცის საქმე პოლიტიკა. თორემ ახლა რას იტყვის ამერიკაში 500-ზე მეტი კანონმდებლიდან რომელიღაც კანონმდებელი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ მკვეთრად დაეცა ივანიშვილის რეიტინგი. კი ბატონო, „პირმშვენიერმა კვაჭანტირაძემ“ (როგორც ვანო ჯავახიშვილი მას უწოდებს) რამდენიც უნდა, იძახოს, შეეგუეთ მაგ აზრს, რომ ბიძინას გავლენა აქვსო, კი ბატონო, ეკა ბესელიამაც იძახოს, რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ბიძინა გენიოსიაო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მისი პოპულარობა და ავტორიტეტი ეცემა. გავლენა არ დაეცემა არასოდეს, სანამ ბიძინა აქ არის, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, გავლენის ბერკეტი რაც არის. კიდევ დაეცემა მმართველი პარტიის რეიტინგი, ივანიშვილის კლაკერებს მოუწევთ, გამოვიდნენ და უფრო ხმამაღლა იყვირონ მისი ქება-დიდება, კიდევ დაიწყება მლიქვნელობა, მაგრამ ამ მლიქვნელობას ხელად უკუშედეგი მოჰყვება. დღეს უკვე ისეთი სიტუაციაა, ვინც ივანიშვილს ბრმად აქებს და მესიად ასახელებს, ის დათვურ სამსახურს უწევს, რადგან ყოველი ასეთი განცხადება რამდენიმე პუნქტით ამცირებს მმართველი პარტიის გავლენას.

თქვენ ბიძინა ივანიშვილის გავლენის ბერკეტი ახსენეთ და, ცხადია, მისი ფინანსები იგულისხმეთ, მაგრამ სააკაშვილის დროს უამრავი თანხა იხარჯებოდა დასავლელ ლობისტებზე. საკითხავია, ასეთი ფინანსური გავლენის მქონე კაცმა - ბიძინა ივანიშვილმა რატომ ვერ მოახერხა ნაციონალებისგან გატეხილი სახელის რეინკარნაცია დასავლეთის თვალში?

- თუ სააკაშვილი ღამით ხალხს ფულს შეაწერდა ან ართმევდა, დღისით გზები გაჰყავდა. რაც გავიდა სააკაშვილის დროინდელი ავტობანი, ერთი მეტრიც არ მიმატებია ამ პროექტს. სააკაშვილს დღე და ღამე გაყოფილი ჰქონდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის.

ის, რომ ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცდილობენ წარმოაჩინონ ბიძინა ივანიშვილი, ამას აქვს რაიმე საფუძველი?

- ამას რეალური საფუძველი არ აქვს. ივანიშვილი რომ პუტინის მეგობარი, ან მასთან კონტაქტში მყოფი პირი იყოს, ეს დაეტყობოდა თუნდაც სამაჩაბლოს რეფერენდუმის საკითხს, დაეტყობოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობასაც, რუსეთი გააუქმებდა ვიზას საქართველოსთან. პოლიტიკაში ყველაფერი უნდა შეფასდეს შედეგებით და არა განცხადებებითა და ჭორებით. შედეგს მე ვერ ვხედავ.

სააკაშვილის მხრიდან მთავარი რესურსი იყო რუსეთისა და მისი ლიდერის იაფფასიანი ლანძღვა, ახლაც კვირიკაშვილს საყვედურობენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მას შეეძლო, უფრო მეტი ეთქვა რუსეთის საწინააღმდეგოდ. თუმცა ამის საპირისპიროდ ითქვა, რომ ოკუპაციის თაობაზე 1921 წელსაც ბევრი იძახა ჩვენმა გაქცეულმა ხელისუფლებამ საფრანგეთიდან, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. რუსეთის ლანძღვით დღეს რაიმე სარგებელს მიიღებდა საქართველო?

- არანაირ სარგებელს არ მიიღებდა. დღეს ევროპაში უკვე ისეთი განწყობაა, რომ რუსეთის გინებით ქულებს ვეღარ დააგროვებ. ხომ ხედავთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი იუკოსის საკითხებზე, გერმანიაში უკვე ნულამდე დაეცა მერკელის რეიტინგი სანქციებთან დაკავშირებით. ბევრი მომენტია ისეთი, რომ რუსეთის გინებით დღეს ევროპის სიმპათიას ვერ დაიმსახურებ. შეიძლება, ეს სიმპათია პოლონეთიდან მიიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლონეთი მთელი ევროპა არ არის.

როდესაც კონგრესმენების ასეთი განცხადებები კეთდება, ხომ არ ფიქრობთ, რომ თავისი სისუსტისა და რუსეთის მიმართ თვინიერების გადაფარვა სურს დასავლეთს, რომელსაც საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურება აფრთხობს, აშკარად კი ვერ ბედავს მხარი დაუჭიროს საქართველოს და დღემდე გრძელდება დავა, ნატოსა და მაპის შესახებ?

- შესაძლოა, ეს მართლაც უძლური განცხადებაა. ახლა ნახეს ტერმინი „ასოცირებული თანამშრომლობა“, რაც კაციშვილმა არ იცის, რა არის. ეს ყველაფერი ნატოს უგემოვნებო სპექტაკლს ემსგავსება. ალბათ, ამ „ასოცირებულ თანამშრომლობას“ შემოგვთავაზებენ. ეძებეს, ეძებეს ფორმულა და ბოლოს ეს ფორმულა ნახეს. აგერ, ჩვენი მინისტრი გვპირდება, უკვე წევრობას მოვითხოვო და ისინი მაპსაც არ იძლევიან. ამიტომ ესეც უძლურების გამოხატულებაა.

უძლურება ახსენეთ და, ამ კონგრესმენზე ადრეფრიდომ ჰაუსისპროექტის დირექტორი აცხადებდა, რომ არსებობს საფრთხე, საქართველოში პრორუსულმა ძალებმა მეტი გავლენა მოიპოვონ. უფრო მეტიც, დასავლეთში აშფოთებთ ისიც, რომ ყოფილი მთავრობა (ნაცმოძრაობა) რამდენ ხმასაც მოიპოვებს, იმდენივეს მოიპოვებენ პრორუსული ძალები და მმართველ პოზიციებსაც დაიკავებენ.

- როდესაც ქვეყანა ალტერნატივის წინაშე დგას - პრორუსული თუ პროამერიკული, ჩრდილოეთის ვექტორი თუ დასავლეთის, ბუნებრივია, თუ აქ ერთი ვექტორი სუსტდება, მეორე ავტომატურად ძლიერდება, გინდაც პირველმა მათგანმა ხელი არ გაანძრიოს. მე მაგალითად, საქართველოში ვერ ვხედავ რუსეთის პროპაგანდის გაძლიერებას. თუკი დასავლეთს და ყოფილ ხელისუფლებას (ნაციონალებს) სურთ, პროდასავლურობის ვექტორის შესუსტება ახსნან რუსული პროპაგანდით, ეს სწორი არ არის. ელემენტარულად, სასწორის ორი პინა რომ აიღოთ, თუ ერთი შემსუბუქდა, ავტომატურად მეორე მძიმდება. რუსეთი კაპიკს არ ხარჯავს აქაურ პროპაგანდაზე. მე არ ვიცი, შეიძლება, რომელიმე პარტიას ჩუმად ფულს აძლევს, მაგრამ, თუკი რაიმე რუსული საინტერესო გადაცემაა ინტერნეტსა და ტელევიზიაში, ხელად იქვე წაიკითხავთ, სამწუხაროდ, თქვენთვის ეს დახურულია, ან ფასიანია. პროპაგანდა რომ იყოს, ეს ინფორმაციები თავისუფლად უნდა შემოვიდეს, საერთოდ უფასო უნდა იყოს ყველაფერი. რაში სჭირდება რუსეთს ჩვენთან ფული დახარჯოს, რუსეთი ბრმა კი არ არის? ისინი ხედავენ, რომ გარდა განცხადებებისა, დასავლეთი არაფერს აკეთებს.

მაპი რა ჯანდაბაა, რომელიც არაფერს ავალდებულებს ნატოს, მაგრამ მაპის მოცემასაც ვერ ბედავენ. ქართულ დიპლომატიას, ქართულ სახელმწიფოს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ამ რაღაც თითიდან გამოწოვილ ცირკის ფორმულაზე - „ასოცირებულ თანამშრომლობაზე“ უარს იტყოდა. მაგრამ არა, ჩამოვა ხიდაშელი და პირველი განცხადება იქნება „ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება“. თუმცა, ქართულ დიპლომატიას ამ „წარმატებას“ ხიდაშელი არ დაუთმობს, არამედ იტყვის „ეს თავდაცვის სამინისტროს ბრწყინვალე გამარჯვებააო“, თითქოს დიდგორი მოიგო მეორედ. ეს ყველაფერი მიდის ისევ ივანიშვილამდე და „ქართულ ოცნებამდე“.

რაც შეეხება ევროსაბჭოში გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას, ეს გამოსვლა არც მინუსი იყო, არც პლუსი. ეს იყო მორიგი რიტუალური გამოსვლა. ასეთივე ტექსტით გამოდიოდნენ 10-15 წლის წინ, ამ ტექსტით გამოვლენ 10-15 წლის მერე. შესაძლოა, კვირიკაშვილის გამოსვლა ყველაზე უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოსვლის ფასი ნულია. გინდ კეისარი მოგეყვანათ ან ნაპოლეონი დაგეყენებინათ და მას ელაპარაკა, ჩვენთვის არაფერი შეიცვლებოდა. სიტყვები და გამოსვლები რამეს რომ ცვლიდეს, მაშინ დიპლომატია სულ სხვანაირად იქნებოდა.

თავის დროზე ერთა ლიგაში უბრწყინვალესი სიტყვით გამოვიდა ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე, მან ექვსი საათი ილაპარაკა, მაგრამ იტალია ამან შეაჩერა? ერთი თვეც არ იყო გასული, იტალია შევარდა ეთიოპიაში. ამიტომ გამოსვლების ფასი ნულია.

ნულია იმიტომ, რომ დასავლეთს სურს რუსეთი მეგობრად იგულვოს? ერთ-ერთი ექსპერტის თქმისა არ იყოს, თუ დასავლეთს რუსეთი მეგობრად უნდა, ჩვენ წიხლი არ უნდა მივაყოლოთ.

- რასაკვირველია. გუშინწინ პირველად ჩატარდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. მართალია, მხარეებმა ვერაფერს მიაღწიეს, მაგრამ ორივე მათგანი კმაყოფილია, ამბობენ, ჩვენ მაინც განვაახლეთ დიალოგიო. ტეხილი იქითკენ მიდის, რომ დასავლეთს სურს, უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეს რუსეთთან. ელემენტარულად, დასავლეთს რუსეთი სჭირდება და საქართველოს გულისთვის ამ რესურსს არავინ დაკარგავს.

დასავლეთს თუ სჭირდება რუსეთთან ურთიერთობა, მაშინ გაუგებარია, რატომ ღელავს დასავლეთი და რისთვის სჭირდება ასეთი რიტორიკა, რომ საქართველოში პრორუსული ძალები აქტიურდებიან?

- დასავლეთს უნდა, რომ თვითონ რუსეთს ეფეროს, ჩვენ კი სომხეთის გზაზე არ წავიდეთ. სომხეთის გზა არც მე მინდა და არც არავის უნდა, მაგრამ დასავლეთს სურს, ჩვენ რუსეთთან კონფრონტაციაში ვიყოთ, თადარიგში ვყავდეთ ისევე, როგორც შვეიცარიის ბანკში დადებული კაპიტალი არ სჭირდებათ, მაგრამ მაინც უფრთხილდებიან, რომ იდოს იმ ბანკში.

ანუ როგორც მიშა ჰყავდათ .. მყეფარე ძაღლის სტატუსში, ქართველებსაც ეს როლი გვერგო?

- დიახ, ერთი ძაღლი უნდათ, რომელიც რუსეთისკენ მუდამ იყეფებს, მაგრამ ამ დროს თვითონ რუსეთის მიმართ ლაქუცა კატის როლში არიან. ესეც პოლიტიკაა და არ უნდა ავყვეთ ამ იდიოტიზმს.