„ეს არის გზავნილი ევროპელებისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წახალისება ხელს შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას და ევროპული გავლენის გაძლიერებას კავკასიაში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, ეს არის უნივერსალური გზავნილი აფხაზებისთვის და ოსებისთვის, რომ მხოლოდ ერთიანი ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს მცირე ერების განვითრებას.
for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.
„დიახ, საქართველო ნამდვილად არ არის პატარა თავზე ხელწამოსაკრავი ბიჭი“, „საქართველო ნაწილობრივ არის ოკუპირებული, მაგრამ მთლიანად არის ევროპული“, „საქართველო ვერ განთავისუფლდება თუ გაჭირვებული იქნება“ – პრემიერის ეს გზავნილი რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზებისთვის და ოსებისთვის?
ვალერიან გორგილაძე: ეს არის უნივერსალური გზავნილი აფხაზებისთვის და ოსებისთვის, რომ მათი თვითმყოფადობა, ეთნიკური იდენტობა, მათი ეთნოსის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება შესაძლებელია, მხოლოდ ერთიან ქართულ სახელმწიფოში. მხოლოდ ერთიანი ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს მცირე ერების განვითარებას, ევროკავშირის და ეროპულ ოჯახში დამკვიდრებული ღირებულებების საფუძველზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩიხშია ორივე ოკუპირებული რეგიონი, რომელიც მოწყვეტილია საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეს. არაფერი არ იცვლება, არაფერი არ ვითარდება. სრული სტაგნაციაა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური, კულტურული და დემოგრაფიული კუთხით.
გარდა ამისა, პრემიერის გზავნილი განკუთვნლია რუსებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებენ სტატუს-კვოს, ისინი ვერ შეაჩერებენ საქართველოს სწრაფვას ევროპისაკენ. ეს არის გზავნილი ევროპელებისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წახალისება ხელს შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტას და ევროპული გავლენის გაძლიერებას კავკასიაში.
როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო ნახევრად ოკუპირებლია და მთლიანად ევროპული, ეს გზავნილი არის მკაფიო პასუხი დასავლური სამყაროს იმ ნაწილისთვის, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს გეოპოლიტიკურ არჩევანს, ან თუნდაც იგივე ოპონენტებისთვის?
– გააჩნია ოპონენტს. მაგალითად, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვიაზრებთ ოპონენტად, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ევროპისკენ სწრაფვა ბევრად უფრო შენელებული იყო და დიდწილად ქაღალდზე იყო დეკლარირებული, ვიდრე მოქმედებებით და საქმით. ასოცირების ხელშეკრულება ამ ხელისუფლების მიღწევაა, ისევე როგორც ამ ხელისუფლების აქტივად ჩაითვლება ვიზა ლიბერალიზაცია.
თუ საქმეებს გადავხედვათ და შედარებით ანალიზს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, 4 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 წლის განმავლობაში. მეტიც, ჩვენ არ გვესმოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი რიტორიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა შეუდრეკელი და თანმიმდევრულია. ჩვენ გვესმოდა არა შვედეთი, საფრანგეთი და ბელგია, არამედ ჩვენ გვესმოდა საუბრები სინგაპურზე და სინგაპურიზაციის აუცილებლობაზე, სინგაპურული მოდელი კი კარდინალურად ეწინააღმდეგება ევროპულ მოდელს.
თუმცა, ეკონიმიკური კუთხით, სინგაპური საკმაოდ წარმატებულია...
– კი ბატონო, წარმატებული ეკონომიკური მოდელია, მაგრამ ავტორიტარიზმზე დამკვიდრებული. ამიტომაც, ყოფილი პრეზიდენტი დიდი ენთუზიაზმით გამოხატავდა თავის აღფრთოვანებას ამ მოდელის მიმართ. აბსოლუტურად დემაგოგიურია და ნებისმიერ მეტნაკლებად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია თავად გააკეთოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ოპონენტების ე.წ. არგუმენტები.
საჯარო განცხადებების პარალელურად, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპელი მეგობრების ინფორმირება, იმასთან დაკავშირებით, რა კეთდება საქართველოში ევრიოპული მიღწევების თვალსაზრისით?
- ევროპელებმა იციან ამის შესახებ. სხვაგვარად ევროპელები არ მოახდენდნენ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. არც ერთ ქვეყანას არ დაუყენებია ეჭვის ქვეშ ჩვენი სწრაფვა. მაგალითად, უკრაინის მიმართ გამოვლინდა გარკვეული უნდობლობა, რაც გამოიხატა ნიდერლენდების რეფერენდუმის შედეგებში. გარკვეული ფრაქციებისა და ლობისტური ჯგუფების, თუ ცალკეული ოკლახომელი კონგრესმენების გარდა, არავინ არ სვამს კითხვებს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.
როდესაც ამერიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს მართავს ოლიგარქი, რომელიც პუტინის მეგობარია და ამიტომ დასავლეთმა უნდა იმოქმედოს, რომ ქვეყანა ისევ რუსეთისკენ არ წავიდეს - ეს განცხადება მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების სისუსტეზე, როდესაც ჩნდება კითხვები ქვეყნის კურსთთან დაკავშირებით?
- არაფერი სისუტე არ არის. უბრალოდ, ეს არის ძველი გზავნილები, რასაც ავრცელებდა მიხეილ სააკაშვილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის გამონახავს რომელიმე კონგრესმენს, ან სენატორს რომელსაც გააკეთებინებს მსგავს გზავნილებს, მაგრამ ეს არ არის ტენდენცია. რესპუბლიკური უმრავლესობის სახელით კონგრესში მყოფი ლიდერის მხრიდან რომ გაკეთებულიყო ეს განცხადება, მაშინ იქნებოდა საგანგაშო.
ცალკეული პერსონების განცხადება არ არის ტენდენციის გამომხატველი. საქართველომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრად უფრო დიდი გზა გაიარა ფორსირებულ ტემპში, ვიდრე ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომელიც ეწინააღდეგებოდა ასოცირების ხელშეკრულებას.
„სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტს ათქმევინეს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მიღება არჩევნების შედეგებზე ყოფილა დამოკიდებული, მაგრამ დავინახეთ, რომ ეს არის ტყუილი, შავი ნეგატიური კამპანია, რომლის ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ტაშს უკრავადა ამ განცხადებას და თავის აღფრთოვანებასაც ვერ მალავდა.
რა შეეხება პრემიერის გამოსვლას, თვლიან, რომ ეს იყო ნამდვილი ევროპული ლიდერის გამოსვლა. კვირიკაშვილის სიტყვაში იგრძნობოდა კონფრონტაციული ტონი, თუნდაც რუსეთთან მიმართებაში?
- კონფრონტაციული ტონი არავისთან არ უნდა გქონდეს, მათ შორის არც მტერთან და არც შიდა ოპონენტთან. ამ თვალსაზრისით კვირიკაშვილის გამოსვლა იყო დაბალანსებული, კონსტრუქციული და კორექტული. იყო გარკვეული სწორი აქცენტები, რომელიც საფრთხეზე მიანიშნებდა, მათ შორის იმ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთისგან და ეს არის რეალობა. მაგრამ მე ვარ დავინახე კონფრონტაციის ტონალობა, არც რუსეთთან მიმართებაში და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში.
იქ არის ფაქტები, ლოგიკური და ანალიტიკური გააზრება ჩვენი ურთიერთობის რუსეთთან არსებული სტატუს-კვოსი. არის მინიშნება იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში არ უნდა შევიდეს, რომ საქართველო ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხს იყენებს რუსეთთან მოლაპარაკების დროს. საქართველო არის ორიენტირებული თანამშრომლობაზე, სადაც ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა, კარგად აწყობილი და მკაფიო გზავნილებით. ყველა კითხვაზე გაცემული იყო ადეკვატური პასუხი.
იმისათვის, რომ ჩვენ დავიმკვიდროთ ევროპაში ღირსეული ადგილი, ალბათ, ამას დიდწილად განაპირობებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებზე ისაუბრა პრემიერმა და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო სისტების რეფორმირება...
- მართალია, რადიკალური სისტემური ცვლილება არ მომხდარა, ძველი მოდელი რჩება, მაგრამ თუკი 2012 წელს ჩატარებულ არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმაცია, მიუხედავად იმისა, რა პირობებშიც ტარდებოდა არჩევნები, არ დგას საკითხი ამ შედეგების ლეგიტიმაციის შესახებ. ჩვენ დავინახეთ, რომ ამომრჩევლის ნებას წინ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი ვერ დაუდგება და თუკი იმ ვითარებას შევადარებთ, რომელიც დღეს არის შექმნილი, განსხვავება სახეზეა – ეს არის ცა და დედამიწა. კონკურენცია გაზრდილია. დაახლოებით 5-6 პარტიას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გადალახოს ბარიერი. პარტიებს თავისი შესაბამისი დაფინანსება და საეთერო დრო აქვთ. მეტიც, ვისაც 2%-იანი ნიშნულის გადალახვა შეუძლია, ხელისუფლება მათაც კი პირდება ფინასურ კომპენსაციას.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ კორუფციად შეფასდა...
- პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ატარებს. ხელისუფლება არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ, პოლიტიკური სუბიექტების მოსყიდვითაც არ უნდა იყოს დაკავებული. ამის მიუხედავად, პროცესის ეჭვის ქვეშ დაყენება, როგორც მინიმუმ, უსინდისობაა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მედია არის გახსნილი, არასამთავრობო სექტორი საერთოდ თავისი ძლევამოსილების ზენიტში იმყოფება, ოპონირება საყოველთაოა. შესაბამისად, არსებული სისტების პირობებში, ეს წინ გადაგდმული ნაბიჯია. ის, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს, ამას ხელისუფლებაც ამბობს და იღებს ვალდებულებას ამ ვითარებას 2016 წლის არჩევნების შემდეგ შეცვლის.