მსოფლიო დონის ვარსკვლავები საქართველოში და ამ სიამოვნებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაღებული 29 მილიონი ლარი - ნაციონალებთან პარალელი საცნაურია, ყოველ შემთხვევში, ასე ფიქრობენ ქარველი ხელოვანები და ახსენდებათ სააკაშვილის დროს 2005 წელს საქართველოში ჩამოსული პირველი მერცხლის - უკრაინელი რუსლანას მიერ წაღებული 123 ათასი ლარი.
რიგითობით ამას მოჰყვა მილიონნახევარ დოლარად შეფასებული კოლუმბიელი შაკირა; 166 970 ლარის ასაღებად ჩამოსული ტოტო კუტუნიო; კრის დე ბურგის კონცერტი, რაც მთლიანობაში, 1 683 000 ლარი დაუჯდა ჩვენს ბიჯეტს; 737 500-ად გასტუმრებული პლასიდო დომინგო; ანდრეა ბოჩელი 2 მილიონ დოლარიანი ანაზღაურებით და სხვები.
მსახიობმა შერონ სტოუნმა კი საქართველოში თავისი ორდღიანი ვოიაჟისთვის ხუთი მილიონი დოლარი მიიღო.
ქართველი ხელოვანები ფიქრობენ, რომ ამჟამადაც ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, ხოსე კარერასის, Maroon 5 -ის, GROOVE SONI-ის ჩამოყვანას, აჯობებდა ადგილობრივ მომღერალთა და კომპოზიტორთა შესაძლებლობების საზღვარგარეთ წარმოჩენა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ამ კუთხით, რაც უცხოელების თვალში უფრო ცნობადს გახდიდა საქართველოს.
ცნობილია, რომ 2016 წლის აპრილიდან წლის ბოლომდე საქართველოში პროექტი Check-in Georgia ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას მსოფლიო დონის ვარსკვლავები თანხმხლებ პირებთან ერთად ესტუმრებიან. მაგალითად, ხოსე კარერასი რვა პირის თანხლებით ესტუმრება ბათუმს, ეროს რამაზოტი 66 ადამიანს იახლებს, რობი უილიამსი კი საქართველოს 55-კაციანი ჯგუფით ეწვევა...
მომღერალი ირმა სოხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, ამ მომღერლების ჩამოყვანა აძლევს კი ჩვენს ქვეყანას იმ ფასს, რასაც პირდაპირი გაგებით ვიხდით? მით უფრო, გაუგებარია, რატომ უნდა იხარჯებოდეს ამისთვის თანხები სარეზერვო ფონდიდან, რადგან არავინ არ არის უბედურებისგან დაზღვეული და ეს ფული რეზერვში უნდა არსებობდეს.
მომღერალს, ასევე, გაუმართლებლად მიაჩნია, რომ ნაციონალურ პროექტებზე ამდენივე თანხა არ იხარჯება და ამ შემთხვევაში, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა - ბიუჯეტს საკმარისი თანხა არ აქვს! არადა, ირმა სოხაძის აზრით, ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა განსაკუთრებული პროექტების გარეთ გატანით უფრო შეიძლება, ვიდრე თითო-ოროლა, თუნდაც პირველი ხარისხის ვარსკვლავის აქ ჩამოყვანით.
„საქართველოში ჩამომსვლელ მომღერალთა ამ ჩამონათვალში ისეთი კაშკაშა და დღეს მოქმედი დიდი ვარსკვლავი საეჭვოა, რომ იყოს. დიდ პატივს ვცემ ხოსე კარერასს, მაგრამ მოხუცდა და შეიძლებოდა, აღარ ჩამოგვეყვანა. გინდაც ამ სიაში ნიჭიერი და მოქმედი მომღერალი იყოს, დღეს ვინ არის სუპერსტარი ან პოპვარსკვლავი?! მიმაჩნია, რომ რომელიმე შეუდარებელი პოპვარსკვლავის ჩამოყვანაც არ არის ქვეყნისთვის საშური, რომ ამხელა მსხვერპლი გავიღოთ სარეზერვო ფონდიდან. სარეზერვო ფონდი ცარიელდება იმისთვის, რათა გაიგონ, რომ საქართველო არსებობს რუკაზე? 29 მილიონი ხომ კატასტროფულად უზარმაზარი თანხაა, რაც სააკაშვილის დროინდელ თანხებს აჭარბებს. სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონიც არ უნდა დაიხარჯოს ამ მიზნით. ეტყობა, კარგად ვერ აგვიხსნეს, ვინ ჩამოდის ასეთი და რა მოაქვს საქართველოსთვის, თორემ არა მგონია, ასე დაუფიქრებლად დახარჯონ თანხები. ვერ ვიტყვი, რომ ახლაც იგივე მეორდება, რაც მიშას დროს იყო, მაგრამ რაღაც გაუგებრად რომ კეთდება, ამას ვაღიარებთ“, - აღნიშნა ირმა სოხაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ ქართველ მომღერლებს კარგი პროექტების დამოუკიდებლად განხორციელება უჭირთ. უზარმაზარი თანხები ჯდება ასეთი პროექტები.
„გულწრფელად ვიჯერებ, როცა მეუბნებიან, არ არის საშუალება, უჭირს ქვეყანასო. 29 მილიონი უცხოური პროექტებისთვის კი ცოტა საწყენია. ტურიზმის განვითარება თუ სურთ, არა მგონია, უცხოელები წამოყვნენ რობი უილიამს თბილისში, ოღონდაც მისი სიმღერა აქ მოისმინონ. ეს არალოგიკურია. არ მინდა, ისე გამიგონ, თითქოს უცხოელების ჩამოყვანას ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი პროექტები უნდა დაფინანსდეს. ახალგაზრდობა ვეღარ მღერის, აღარ უსმენს ქართულ სიმღერებს, ყველა პროექტში სავალდებულია ამერიკული მუსიკა. გვიკვირს, როცა ცალკეულ პროექტში ქართული ტური ტარდება, თითქოს იაპონელები ვიყოთ, ქართულს როგორ ვახერხებთო. სინამდვილეში, იაპონელებიც მღერიან ქართულს და ამერიკელებიც, ჩვენ რაღა დაგვემართა, არ უნდა ვიმღეროთ? რად გვინდა ამდენი ამერიკული? ვგიჟდები ამერიკულ ჯაზსა და კულტურაზე, მაგრამ ამერიკულს გადასარევი პატრონი ჰყავს -თავად ამერიკა, ჩვენ კი ჩვენსას მივხედოთ, თორემ არავინ არ მიხედავს“.
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი For.ge-სთან საუბარში იმ დროს იხსენებს, როცა სააკაშვილმა შაკირა ჩამოიყვანა და მანაც ექსპრომტად მიუძღვნა - „ ჩამოვიდა შაკირა, მილიონნახევარი აიღო და გაგვაშაყირა“.
„პირდაპირ ვიტყვი, ამ მომღერლებისთვის 29 მილიონის დახარჯვა ამაზრზენი ფაქტია. კეთილი ინებონ, მოგვხედონ კომპოზიტორებს, ეს ქართველი ხელოვანების ჩაძირვაა, თავიანთ ხალხს აღარ უყურებენ. აქ ხალხი შიმშილობს, მათ შორის, -მაღალი რანგის პროფესიონალები. ბიძინა რომ არ იყოს, მეც მშიერი მოვკვდებოდი. ჩვენ არ გვყავს ისეთი მეცენატები, რომლებიც ჩვენი ნამუშევრების შეძენით დაინტერესდებიან. კამერულ მუსიკას ან სიმფონიას ვინ შეიძენს? სიმღერასაც არ იძენენ მეცენატები. თვითონ პრემიებს რომ იღებენ, ჩვენშიც დააბანდონ თანხები. რატომ გვაბრალებენ, თითქოს ქართველი კომპოზიტორები სიმღერებს არ ვწერთ? ძალიან კარგადაც ვწერთ, მაგრამ ჩაწერა ძვირი ღირს. ტურისტებზე ფიქრობენ? ტურისტები კი არა, საქართველოში მაცხოვრებელი აღარ რჩება, ამას მიხედონ, პირველ რიგში. ბოლოს და ბოლოს, შოსტაკოვიჩმა დამიწერა ხუთიანი სადიპლომო ნაშრომში. შარშან კონცერტის ჩატარება მინდოდა რაიონში, ვაპირებდი თემურ თათარაშვილის, ამერიკაში მოღვაწე მომღერლის, ნუცა შანშიაშვილის ჩამოყვანას, მაგრამ უარი უთხრეს თათარაშვილსაც და შანშიაშვილსაც. თურმე იმიტომ უთხრეს უარი, რომ უცხოელები ჩამოეყვანათ. ნახეთ ჩემი წოდებები - საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის, ფალიაშვილის, გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, კულტურის რაინდი, პროფესორი, ვარსკვლავიც გამიხსნეს, მაკლია რამე? უარი როგორ უნდა მითხრან, უცხოეთში რომ ვცხოვრობდე, მილიონერი გავხდებოდი“, - აღნიშნა ვაჟა აზარაშვილმა.
For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ჩვენში ერთობიან იმით, რომ 29 მილიონად ვიღაც ყავლგასული მომღერლები ჩამოჰყავთ. თორემ ნებისმიერ მოთხოვნად მომღერალს სამი წლით ადრე აქვს გაწერილი ყველა თავისი კონცერტი. ამ დროს ქართველები ნახავენ ვიღაც უსაქმურს, რომელსაც თავისუფალი დრო აქვს ზაფხულის პერიოდში და თბილისში ეპატიჟებიან.
„ასე ხდებოდა სააკაშვილის დროსაც, ყინულზე მოსრიალე ბებერი დედაკაცები ჩამოიყვანა მიშამ და პარტყა-პურტყით ეცემოდნენ ყინულზე თავისუფლების მოედანზე. ხოსე კარერასი უკვე აღარ არის ვარსკვლავი, 2015 წელს სულ რამდენიმე კონცერტი აქვს ჩატარებული, თანაც მეორეხარისხოვან ქვეყნებში და მისი ჰონორარი ხუთჯერ შემცირებულია. ჩემი ნება რომ იყოს, ვინც ხელი მოაწერა ამ 29 მილიონი ლარის ფლანგვას, ციხეში გავუშვებდი. დღეს ქვეყანა დამშეულია, გავიდნენ ქალაქში, ნახონ, რა ხდება, გვაქვს გადასაყრელი 29 მილიონი? ხალხს სანაგვეში აქვს ჩაყოფილი ცხვირი, ნახევარი ქალაქი ორმოებს მიაქვს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და განმარტა, შერონ სტოუნი რომ ჩამოიყვანა მიშამ, ის 5 მილიონი დოლარი ბიუჯეტს მაინც არ გადაუხდია და შეაწერეს ნაყოფიას, ესენი კი ბიუჯეტიდან იხდიან, განსხვავება ამაშია. თორემ ჩაწყობილი ტენდერიდან 40 მილიონის მომპარავი ყაჩაღი ბიზნესმენისთვის 5 მილიონის წართმევა არაფერი არ არის. ეს კი სარეზერვო ფონდის თანხებია.