მილიციონერი კოკოევის გმირობა

მილიციონერი კოკოევის გმირობა

წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისში ორი გახმაურებული „კრიმინალური შემთხვევა“ დაფიქსირდა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და მას უფროსი თაობის წარმომადგენლები კვლავ იხსენებენ.

დღევანდელი სახალისო მოგონებების გმირები თანამემამულე სამართალდამცველები არიან, რომლებიც იმ ორ „საინტერესო ისტორიას“ მოგვიყვებიან.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ ომარ რუხაძეს გადავცემ.

„ერთხელ, ორჯონიკიძის (საბურთალოს) რაიონის მილიციაში ერთმა ძალიან მაგრად ნაცემმა ქალმა თავის მეზობელ ქალზე საჩივარი შემოიტანა. მას ხულიგნობაში სდებდა ბრალს. განცხადებაში ეწერა, რომ თავდამსხმელი ნაგვის ვედროებით მიუვარდა სახლში, სულ ცხვირ-პირში ურტყა ჭუჭყიანი ჭურჭელი და წავიდა... თავდამსხმელი ერთი ცნობილი კაცის ცოლი იყო და თავად „ხულიგან“ ქალბატონსაც კარგად იცნობდნენ საზოგადოებაში. ამიტომ, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. თუმცა, საჩივარზე რეაგირება უნდა მომეხდინა და „ხულიგანს“ ბინაში ვეწვიე. კარი თავად თავდამსხმელმა გამიღო. მიხვდა, რისთვისაც ვიყავი მისული. გამიღიმა. სამზარეულოში შემიყვანა და მკითხა:

– თქვენ, ალბათ, იმ კახპის (დაზარალებული) განცხადების გამო შეწუხდით?

– თქვენზე საჩივარია შემოსული და უნდა გავარკვიო, რა მოხდა, – შევიშმუშნე მე.

– ყველაფერი ჩემი თახსირი ქმრის უტვინობის ბრალია, – თქვა „ხულიგანმა“. საძინებლისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – გდია ახლა „სპალნაში“ ნაბეგვ-ნაცემი. ჯერ მას დავურთე ცხვირ-პირში ნაგვის ვედროები და ისე დავუსიე ცხვირ-პირი, ერთი თვე მაინც ვერ გამოვა სცენაზე (ცნობილი ადამიანი მსახიობი იყო).

– თქვენს მეუღლეს რაღას ერჩოდით? – ჩამეცინა მე და მივხვდი, რომ ქალმა ეჭვიანობის გამო ჩაიდინა ხულიგნობა. მაგრამ რაც მან მიამბო, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

დიასახლისმა გააბოლა და მითხრა:

– გუშინ საღამოს ჩემი ქმარი გამოიპრანჭა, ჩემოდანი ჩაალაგა და განმიცხადა, ორი დღით ზუგდიდში მივდივარ გადაღებაზეო და წავიდა. მე დილით გვიან ვდგები, ჩემი ქმარი კი ადრე. როდესაც ნაგვის მანქანა მოდის და მენაგვე ვასო ყვირის – ნაგავი, ნაგავიო, ჩემი „ვაჟკაცი“ დაავლებს ხოლმე ხელს ვედროებს და ხალათში გამოწყობილი ჩადის ეზოში. ნაგავს ყრის და სახლში ბრუნდება. ამ დილით რომ ვასომ დაიწყო ღრიალი – ნაგავი, ნაგავიო, გამეღვიძა და რადგან ქმარი ზუგდიდში მეგულებოდა, ნაგვის გადაყრა დავაპირე. როგორც კი ავდექი და ხალათი მოვიხურე, კარზე ზარის რეკვა ატყდა. მივედი, გავაღე და ხალათმოცმული, „ზუგდიდში გამგზავრებული“ ჩემი ქმარი არ შემრჩა ხელში ორი ნაგვის ვედროთი? ხალათს დავაკვირდი და ვიცანი, რადგან იმ კახპას ეცვა – დრაკონამოქარგული, ატლასის ჩინური ქალის ხალათი. ყველაფერს მივხვდი. ჩემი ქმარი ზუგდიდის ნაცვლად, გვერდით სადარბაზოში ავიდა თავის საყვარელთან. ამ დილით კი, ჩვეულებისამებრ ნაგავი გადაყარა და იმის მაგივრად, იმ კახპასთან დაბრუნებულიყო, სახლში არ მომადგა?!

ჯერ გულიანად ვიცინე. შემდეგ დაზარალებულთან ავედი, ყველაფერი ავუხსენი და განცხადება უკან გავატანინე. ცნობილი ნაცემი მსახიობი კი ორი თვე არ გამოსულა სცენაზე და არ მგონია, „ზუგდიდში გამგზავრების“ სურვილი კვლავ ჰქონოდა“.

მეორე შემთხვევას ბატონი ომარ ნოზაძე გაიხსენებს. ამ ამბავზე მაშინ თბილისში ყველა საუბრობდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსტანტინე კეთილაძე ყოველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირს მართავდა, რომელსაც მილიციისა და განყოფილების უფროსები ვესწრებოდით. ერემიჩს (კეთილაძეს) სიზუსტე უყვარდა. ცხრას რომ თხუთმეტი წუთი დააკლდებოდა, ის პირადად შედიოდა საკონფერენციო დარბაზში და ყველაფერს ამოწმებდა. ჭაღზე ერთი ნათურაც რომ  ყოფილიყო გადამწვარი, კეთილაძე ძალიან გაბრაზდებოდა. ამ ყველაფერზე ზედამხედველობა კი ვალოდია კოკოევს ევალებოდა. ვალოდია ადრე გამომძიებელი იყო, მაგრამ, შეცდომით დასახვრეტი პატიმარი გაათავისუფლა. ამიტომ, მინისტრმა ის სამეურნეო ნაწილში გადაიყვანა და ვალოდია კეთილაძის ყოველ დავალებას უსიტყვოდ და ზუსტად ასრულებდა.

საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში ლენინის ძეგლის ათკილოგრამიანი ბრინჯაოს ასლი იდგა, სწორედ ისეთი, ახლანდელ თავისუფლების მოედანზე რომ იდგა ადრე. ერთ დილას, როდესაც კეთილაძე საკონფერენციო დარბაზის შესამოწმებლად შევიდა, შემთხვევით ამ პატარა ძეგლს დაეჯახა, გადმოაგდო და ფეხზე დაეცა. ერემიჩი ისე გამწარდა, რომ აყვირდა:

– ვალოდია, ვალოდია, მომაშორე ეს საზიზღარი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაინახოს. ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!

კოკოევმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და წავიდა. კეთილაძემ სული მოითქვა და თათბირი დაიწყო. ერთი საათის შემდეგ „ვეჩემ“ (მაღალსიხშირიანი სპეცტელეფონი) დარეკა. მინისტრმა ყურმილი აიღო და ეტყობოდა, რომ პირველმა მდივანმა შევარდნაძემ დაურეკა, რადგან ასე დაასრულა საუბარი: „კარგი. გასაგებია, ამბროსოვიჩ...“ შემდეგ გაფითრებული წამოხტა სკამიდან და მეც თან გამიყოლა. მინისტრის მანქანით ლენინის მოედნისკენ გავქანდით. მივედით და რას ვხედავთ, მანქანების მოძრაობა გაჩერებულია. ლენინის ძეგლს ორი უზარმაზარი ამწე მიდგომია და ვალოდია მას ტროსებს აბამს, თან ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებს ეჩხუბება, რომლებიც მას ამის გაკეთებას უშლიან. ერთი სიტყვით, ვალოდია კოკოევმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო კეთილაძის სიტყვები და გაგანია სოციალიზმის დროს, ლენინის ძეგლის დემონტაჟს აპირებდა“.

ნება მომეცით თბილისიდან ბათუმში გადავინაცვლოთ. ბატონი ბიკი ონოფრიშვილი ამ ქალაქში დატრიალებულ „სისხლის სამართლის“ საქმეს გაიხსენებს.

„ბათუმის მილიციაში მუშაობა ახალდაწყებული მქონდა, როცა აჭარის დედაქალაქში მოსკოვის ცირკი ჩამოვიდა. არტისტები სასტუმრო „მესხეთში“ ცხოვრობდნენ. როცა ქუჩაში აკრობატი გოგონები გამოდიოდნენ, მთელი ბულვარი მათ აედევნებოდა ხოლმე. ისინი ძალიან ლამაზები და ტანადები იყვნენ. რუს არტისტებს რომ პრობლემები არ შექმნოდათ, რადგან გოგონებს უამრავი თაყვანისმცემელი აკითხავდა, „მესხეთში“ ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა გვქონდა დაწესებული.

ერთ ცხელ საღამოს მე და ჩემი სამი კოლეგა ოთხმა მძიმეწონოსანმა შტანგისტმა რესტორანში დაგვპატიჟა. შტანგისტებიც „მესხეთში“ ცხოვრობდნენ და არც ისინი იყვნენ გულგრილნი მოსკოველი გოგონების მიმართ. ჩვენ ჯერ არ ვსვამდით. შემდეგ სმას შევყევით. ძალოსნები რესტორნიდან გაგვეპარნენ და ოთხი მილიციელი შევრჩით ერთმანეთს. ღამის 2 საათი სრულდებოდა, ერთ-ერთი აკრობატი გოგონა რომ შემოვარდა რესტორანში და აყვირდა:

– ჩქარა, ჩქარა, წამოდით, თორემ ჩვენს ნომერში უბედურება დატრიალდება.

ჩვენ წამოვცვივდით და გოგონას გავყევით. გზაში კი შევიტყვეთ, რომ მათ ნომერში სწორედ ის შტანგისტები ყოფილან, ვინც ჩვენ რესტორანში დაგვპატიჟა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მათ ეს იმიტომ გააკეთეს, აკრობატებთან დაუბრკოლებლად შესულიყვნენ და მათთან დრო გაეტარებინათ.

აკრობატი გოგონების ნომერი ჩარაზული დაგვხვდა. იქიდან კი საშინელი ხმები გამოდიოდა.

– აბა, ბიჭებო, კარი შევამტვრიოთ, თორემ გოგონები თუ გააუპატიურეს ამ მხეცებმა, ყველას დაგვიჭერენ, – ვუღრიალე კოლეგებს და ერთობლივი ძალებით შევამტვრიეთ კარი...

სასტუმროს ნომერში შევედით და რას ვხედავთ – ოთხი რჩეული, ერთმანეთზე ძლიერი შტანგისტი მამაკაცი ერთმანეთში ფაფასავით აზელილან და ტკივილისგან საშინლად კვნესიან... მომხიბვლელი რუსი აკრობატი გოგონა კი, რომელიც სულ რაღაც 55 კილოგრამს იწონიდა, გაოფლილი იდგა სარკესთან და მშვიდად ისწორებდა თმას. ანუ, რუსმა „ცირკაჩკამ“ ისე სცემა ოთხი მძიმეწონოსანი შტანგისტი მამაკაცი, რომ სამი კვირის განმავლობაში ტვინშერყეულები იწვნენ საავადმყოფოში“.