დასავალეთ საქართველოში ბზის ნარგავები თითქმის განადგურებულია. დაავადებამ თავი იჩინა აღმოსავლეთ საქართველოშიც. ვითარება იმდენად კატასტროფულია, რომ ახლა საუბარი მიდის მხოლოდ მცენარის გენოფონდის გადარჩენაზე. ბზიბის დღესასწაულის წინ გარემოს დამცველები კარანტინის გამოცხადებას ითხოვენ.
„მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე საქართველოს მთავრობას გადამჭრელი ზომების მიღებას სთხოვს. ამის მიზეზი რეგიონში გავრცელებული ბზის დაავადებაა. ჩხობაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დაწესებულებები არ გაატარებენ საკარანტინო ღონისძიებებს, გამორიცხული არ არის, რომ ბზობის დღესასწაულზე ამ მავნებელმა ოჯახებშიც შემოაღწიოს. ბზის ალურა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონშია გავრცელებული და მცენარეებს საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის.
„ალურა თავდაპირველად სოჭში გაჩნდა და ეს მავნებელი შემოვიდა ოლიმპიადის დროს. ის გავრცელდა ჯერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდგომ გადმოვიდა სამეგრელოში და რეალურად, საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის იმ საკულტო მცენარეს, რომლის დღესასწაულის რამდენიმე დღეში გვექნება - ბზობის დღესასწაულს ვგულისხმობ.
დღეს მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა დასავლეთ საქართველოში და უკვე აღმოჩნდა, რომ გარკვეული პრობლემები არის აღმოსავლეთ საქართველოშიც. „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მან გამოაცხადოს კარანტინი. გაატაროს თუნდაც საკარანტინო ღნონისძიებები საქართველოში და შეზღუდოს ბზის გადატანა-გადმოტანა ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში. ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაცა არა შესეული ბზის ალურა. შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის ბზის გადარჩენის საშუალება მაინც არსებობს. ეს არ არის კავკასიისთვის დამახასიათებელი მავნებელი და ის შეიძლება გადავიდეს სხვა მცენარეებზეც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფო დწესებულებებს, რომ გაატარონ საკარანტინო ღონისძიებები, რომ ალურა არ შევიდეს ოჯახებში ბზობის დროს“, - განაცხადა ჩხობაძემ.
ჩხობაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ბზის ყიდვამდე ისინი დააკვირდნენ მცენარის ტოტებს, რადგანაც ალურა, ერთგვარი ჭიაა, რომელიც მზის გამოსვლასთან ერთად გარეთ გამოდის, და იმ შემთხვევაში, თუ დააფიქსირებენ ამ ჭიას, მაშინ მექანიკურად გაანადგურონ - ხელით მოაცილონ.
მისივე განცხადებით, „ბზის ალურა“ ადამიანებისთვის საშიში არ არის, თუმცა ის საკმაოდ აქტიური მავნებელია და სასურველია, თუ ოჯახში არ მოხვდება.
კოლხური ბზის მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, სპეციალისტების შეფასებით, მარადმწვანე მცენარე გადაშენების პირასაა.
ბზის გადასარჩენად, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად, ეროვნულმა სატყეო დეპარტამენტმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა.
გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოხდა დაავადების იდენტიფიცირება, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და დაზიანებული ფართობების დამუშავება.
„ბზის 95% გამხმარია. არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. ბზის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გაჩენილი სოკოვანი დაავადების შედეგად გახმა. 2014 წლიდან კი ბზის მავნებელმა ალურამ საბოლოოდ დაზიანდა მცენარე“, – აცხადებს CENN-ის წარმომადგენელი მაია კოდუა.
ბზის დაავადებებამ დასავლეთის საქართველოს შემდეგ, პირველად იჩინა თავი აღმოსავლეთშიც. დაავადება დადასტურდა თელავსა და სიღნაღში. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარებაა ქვეყნის დასავლეთით, სადაც ასწლოვანი და უფრო ასაკოვანი ბზის ხეები მასობრივად განადგურდა.
CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი საუბრობს პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც მცენარის გადასარჩენად მიმდინარეობს. მომზადდა რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და მეცნიერების მიერ. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად მოხდა ბზის შეწამლვა.
„მესამე წელია, რაც დაავადება საქართველოში შემოვიდა. ბრძოლა გვიწევს ბზის ალურასა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ, ჯერჯერობით ეფექტური ღონისძიებების მიღება გვიჭირს. დაავადებასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია. მოქმედების ერთიანი გეგმა შემუშავებულია. მთავარია, გენოფონდის გადარჩენა მოხერხდეს“, - აცხადებს გეთიაშვილი.