„შეცდომა დავუშვი, ვითარება არ გავამწვავე და დავიცავი ტელეკომპანია“

„შეცდომა დავუშვი, ვითარება არ გავამწვავე და დავიცავი ტელეკომპანია“

ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო ახალი სკანდალი მწიფდება. ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, მასზე ზეწოლას ახორციელებდა. თავად გიორგი ბახტაძეს ჟურნალისტის ხმაურიან ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რამიშვილი ამბობს, რომ ბახტაძეს სურვილი იყო თოქშოუ „პოლიტიკის“ ერთ-ერთ გადაცემაში მისთვის სასურველი სტუმრები მოეწვიათ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სწორედ გიორგი ბახტაძის მოთხოვნით მიიწვიეს ეთერში ლევან მურუსიძე და რამდენიმე მოსამართლე, რომლებსაც მურუსიძის მიმართ კრიტიკული კითხვები არ ჰქონდათ. ამის დასამტკიცებლად რამიშვილმა წარმოადგინა მასსა და ბახტაძეს შორის არსებული „ვაიბერ“ მიმოწერა. მიმოწერიდან კარგად ჩანს, როგორი ფორმით ახორციელებს „იმედის“ დირექტორი მურუსიძის და ცნობილი მოსამართლეების ეთერში მიწვევას.

გადაცემა, რომელზეც რამიშვილი საუბრობს ეთერში 2015 წლის დეკემბერში გავიდა. ამ გადაცემიდან გამოჩნდა, როგორ ცდილობდა ტელეკომპანია ლევან მურუსიძის ინტერესების გატარებას. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა შავგულიძე, რომელიც როგორც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი, ოპონირებას უწევდა მურისიძეს, გადაცემის წამყვანები - შალვა რამიშვილი და თეონა გეგელია ტენდენციურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაცემის მიზანი ლევან მურუსიძის პიარკამპანია იყო, რაც ჟურნალისტებმა გააპროტესტეს.

რას ითხოვდა ბახტაძე და რატომ მოსთხოვა არხიდან წასვლა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge შალვა რამიშვილს ესაუბრა.

გადაცემა, რომელზეც საუბრობთ, ერთ-ერთი სტუმარი იყო შალვა შავგულიძე, რომელმაც გააპროტესტა მურისიძის პიარი და თქვა, რომ გადაცემა მურუსიძის გაპრავებით იყო დაკავებული, რასაც მოჰყვა თქვენი და თეონა გეგელიას აღშფოთება, რომ მისი პროტესტი უადგილო და უარგუმენტო იყო. დღეს კი ამბობთ, რომ ეს გადაცემა მურუსიძის გაპრავებას ემსახურებოდა. როდის იყავით გულწრფელი, დღეს, როცა აცხადებთ, რომ ეს იყო დაკვეთა, თუ მაშინ, როდესაც შავგულიძეს უმტკიცებდით, რომ არასწორად აფასებდა მოვლენებს?

შალვა რამიშვილი: მე წარმოდგენილი მაქვს მტკიცებულება და ეს არის ვაიბერ მიმოწერა ბახტაძესთან, რომელიც მაიძულებს მოსამართლეების იმ შემადგენლობის მოყვანას, რომლებიც კრიტიკული არ არიან მურუსიძის მიმართ. ამ მიმოწერაში ჩანს, რომ მე მას ვეწინააღმდეგები. რა თქმა უნდა, მაშინ დავუშვი შეცდომა, რისთვისაც ბატონ შალვას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რომ ამ ზეწოლას დავექვემდებარე. დიახ, მაშინ შეცდომა დავუშვი.

ამ მიმოწერიდან კარგად ჩანს, როგორ ვიცავ თავს და როგორ არ მინდა ლევან მურუსიძის და მოსამართლეების მოწვევა, რადგან ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იქნება დადგმული სპექტაკლი. ბახტაძემ მომაწოდა მოსამართლეების სია, რომლებიც მისი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ მომეწვია. ვაიბერ მიმოწერიდან ნათლად ჩანს, რომ მურუსიძესთან და აღნიშნულ მოსამართლეებთან მას ჰქონდა ურთიერთობა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეთერი იყო და ყველამ დაინახა, რომ აღნიშნული გადაცემა იყო სპექტაკლი.

გასაგებია, მაგრამ როდესაც იცოდით, ეს იყო დადგმული სპექტაკლი, მაშინ რატომ გააპროტესტეთ შავგულიძის აბსოლუტურად სამართლიანი შენიშვნა, რომ დაკავებული იყავით მურუსიძის პიარით?

- შეცდომა დავუშვი, არ გავამწვავე ვითარება და დავიცავი ტელეკომპანია. თუმცა, მაშინ არ მეგონა, რომ ასეთი რამ განხორციელდებოდა ბახტაძის მხრიდან. ეს იყო ჩემი შეცდომა. ამ კონკრეტული გადაცემის შემდეგ კატეგორიულად ვუთარი, რომ ასეთი რაღაცეების გაკეთება არ შეიძლებოდა.

არ ჰკითხეთ ბახტაძეს ვისი დავალება იყო, ამ გადაცემის მომზადება?

- რა თქმა უნდა, ბახტაძეს პირდაპირ ვკითხე, იყო თუ არა ეს ხელისუფლების დავალება, რაზეც მან მიპასუხა, რომ ეს იყო ირაკლი რუხაძის პირდაპირი ბრძანება. დიახ, ეს იყო ტელევიზიის რეალური მმართველის, ირაკლი რუხაძის პირდაპირი დავალება და ბრძანება.

ამ გადაცემის შემდეგ იყო მსგავის სახის დავალება?

- დიახ, და შემდეგ უკვე იყო ჩანაწერი. გიორგი ბახტაძე მოვიდა და შანტაჟის გზით მაიძულებდა დამეტოვებინა ტელევიზია. მითხრა, რომ არსებობს ფარული ჩანაწერი, რომელიც თათია სამხარაძეს ჰქონდა და რომლის გამჟღავნებაც ჩემთვის ცუდი იქნებოდა. მითხრა, თუ მშვიდად და ჩემი ნებით არ დავტოვებდი ტელეკომპანიას, ეს სკანდალური ჩანაწერი გავრცელდებოდა.

ამ შემთხვევაში ვის დაკვეთას ასრულებდა ბახტაძე?

- ჩემი აზრით, ეს არის ირაკლი რუხაძე, რომელიც თავის პოლიტიკურ ბეგ-რაუნდს აშენებს.

ეს არ უკავშირდება ხელისუფლებას?

- შეიძლება ხელისუფლებას რაღაცა ინტერესები აქვს, შეიძლება არა, მაგრამ ასე უხეშად ის არ მოქმედებს. ირაკლი რუხაძე დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს.