„ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი... ვირტუალური პრობლემა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს მოქალაქეთა დასაშინებლად და შემდეგ ამისგან სარგებელს იღებს“, -
ასეთნაირად აფასებს მმართველი გუნდი ნაცმოძრაობის მხრიდან დაყრილ ჭორებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერია და საკრებულო კომუნალურ ვაუჩერებს სოციალურად დაუცველებისთვისაც აუქმებენ.
სინამდვილეში, ნოემბერ-დეკემბრის თვეში კომუნალური ვაუჩერისთვის განსაზღვრულია 9 501 000 ლარი და ეს არის ვალდებულება, რაც მერიამ და მუნიციპალიტეტმა ერთობლივად აიღეს.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია საკრებულოს ნაციონალებს ტყუილში ადანაშაულებს და მათ მოუწოდებს, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებები უფრო ზედმიწევნით წაიკითხონ. კერძოდ, For.ge-სთან საუბარში ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ ნაცმოძრაობა ორ მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს კომუნალური ვაუჩერი სოციალურად დაუცველებს მოუხსნეს და, ამასთან, ბიუჯეტში საამისოდ განკუთვნილ 9 მილიონ ნახევარ ლარს მერია არჩევნებისა და სხვა მიმართულებისთვის განკარგავდა.
ჯაბა სამუშიას აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე ქმნის ვირტუალურ პრობლემას, მერე უნდა ამ პრობლემაზე აალაპარაკოს საზოგადოება, რათა მერე თქვას, ნახეთ, პრობლემა მოიხსნა, რადგან ის ჩვენ მოვაგვარეთო. სინამდვილეში, პრობლემა ბუნებაში არ არსებობს, რადგან, პირველი - ბიუჯეტში არსებობს საგანგებო მუხლი - კომუნალური სუბსიდია და ამ მუხლის თანახმად, ფინანსდება სოციალურად დაუცველთა კომუნალური ვაუჩერები. ასევე, შეღავათი შეეხებათ იმ ოჯახებს, რომელთაც 200 ათასი ქულა ერგოთ. ჯაბა სამუშიას განმარტებით, აღნიშნული მუხლი არავის გაუუქმებია, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კომუნალური ვაუჩერიც არავის გაუუქმებია და არსებული თანხა მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს.
რაც შეეხება ნაციონალების მეორე ბრალდებას, თითქოს ეს თანხა მიმართული უნდა იყოს სხვა ღონისძიებებისკენ, ჯაბა სამუშია ამასაც აბათილებს. ის აცხადებს, რომ ვერანაირად ვერ მოხდება ამ თანხის ვერც ერთი თეთრის მიმართება სხვა მიმართულებით, თუკი ამაზე საკრებულო არ იმსჯელებს, რადგან საკრებულოს აქვს თავისი შიდა დადგენილება, რომელიც არეგულირებს თითოეული საბიუჯეტო სახსრის გადანაცვლებას ერთი ქვეპროგრამიდან მეორე ქვეპროგრამაში.
„აბსურდის თეატრში ვართ. პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მერიამ მიმდინარე წლის 2 მარტს მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა, თუ როგორ უნდა გაცემულიყო კომუნალური ვაუჩერი მარტის თვეში. საქმე ისაა, რომ 24 თებერვალს შევცვალეთ წესი და ვაუჩერის მიმღებ კონკრეტულ ბენეფიციართა რაოდენობა განვსაზღვრეთ. ახლა ნაცმოძრაობა ბევრს რომ ლაპარაკობს, გაიხსენონ, რომ მანამდე ეს ვაუჩერი ძალზე მცირე რაოდენობას ეძლეოდა და ვაუჩერები ნაციონალებმა მხოლოდ და მხოლოდ თავისი მმართველობის ბოლო წელს შემოიღეს მთელი თბილისის მოსახლეობისთვის დასარიგებლად. ცხადია, მაშინდელი პროექტი არასამართლიანი იყო, რადგან როგორ შეიძლება, სოციალური პროექტის თანამონაწილე ყოფილიყვნენ მაღალშემოსავლიანი თანამდებობის პირები, მილიონერები? რატომ უნდა ესარგებლათ მათ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების სტატუსით?! მეტსაც გეტყვით, იმ წესის მიხედვით, რაც თავის დროზე ნაციონალებმა მიიღეს, მინისტრი, პარლამენტის, საკრებულოს წევრი იღებდა ამ კომუნალურ ვაუჩერს. მე გამოვედი ამის წინააღმდეგ და ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა სოციალური პროექტის თანამონაწილე გამხდარიყო ოჯახი, რომელსაც არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი. მით უმეტეს, ისე შეიძლება დარიცხვოდა ეს ვაუჩერი ათასობით ოჯახს, რომ მათ ვერც ეგრძნოთ ამის სიკეთე. ამიტომ საბოლოოდ განვსაზღვრეთ, რომ ამ ვაუჩერს მიიღებდა ორი კატეგორია: პირველი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და ამ ადამიანების ქულათა რაოდენობად განსაზღვრულია 70 ათასი. ეს კატეგორია მიიღებს გაორმაგებულ კომუნალურ ვაუჩერს, ვიდრე ნაცმოძრაობის დროს იღებდა ( ანუ თვეში 50 ლარის ნაცვლად ას ლარს); ხოლო 200 ათასი ქულის ზღვარზე მყოფი დანარჩენი ოჯახები მიიღებენ ვაუჩერს ისევე, როგორც აქამდე იღებდა ყველა ადამიანი და ეს ბაზა გააჩნია სოციალურ სააგენტოს“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
აქვე განმარტა, რომ იმის გამო, რომ ბენეფიციართა ბაზა არ იყო განცალკევებული და არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები, მარტში კომუნალური ვაუჩერის დარიცხვა მხოლოდ და მხოლოდ პირად ანგარიშებზე განხორციელდა. თუმცა სამომავლოდ ეს თანხა, როგორც კომუნალური ვაუჩერის თანხა, კონკრეტულად დაერიცხება პიროვნებას, ოღონდ აბონენტის ნომერზე, ანუ წყლის, დენის, დასუფთავების გადასახადზე და არა - პირად ანგარიშზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი გასაგებია, ეს არის პირდაპირი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ მიზანმიმართულ შეცდომაში. ეს არის ადამიანების მძიმე სოციალური მდგომარეობით თამაში და მანიპულირება. პირიქით, მე დღეს წარვადგინე დოკუმენტები, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ თანხა- 9 მილიონ 500 ათასი დარჩენილია ბიუჯეტში და ეს ის თანხაა, რომელიც ყოფნის ნოემბერ-დეკემბრისთვის კომუნალური ვაუჩერების გაცემას. გარდა ამისა, წარმოვადგინე დოკუმენტი, რომ საერთოდ წარმოუდგენელია საკრებულოსთან შეუთანხმებლად ეს თანხა სხვა მიმართულებით წავიდეს. ამიტომ ვთხოვ თბილისელებს, რომ იმ ოჯახებმა, რომლებიც თვლიან, რომ მათი სოციალური მდგომარეობა იძლევა კომუნალური ვაუჩერის მიღების საშუალებას, მიმართონ სოციალურ სააგენტოს, რათა მათ ბაზაში მოხვდნენ“.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომუნალური ვაუჩერის გაუქმებას არავინ აპირებს და ეს მოარული ჭორია. მისი თქმით, ბიუჯეტში ისევ არსებობს მუხლი, რომელსაც აწერია „კომუნალური სუბსიდია“ (სადაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია) და ეს ითვალისწინებს ამ თანხის გადანაწილებას სოციალურად დაუცველებზე ვაუჩერის სახით.
„ამისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები სერვისპროვაიდერებთან, როგორიცაა „თელასი“, GWP, „ენერგოპრო“, „თბილსერვისი“ და მათთან ერთად მოხდება მექანიზმის შემუშავება, რათა თანხის დარიცხვა მოხდეს აბონენტის ანგარიშზე და არა - საბანკო ანგარიშზე, როგორც ეს აქამდე ხორციელდებოდა. ერთმანეთთან უნდა მოხდეს ორი ბაზის, თელასისა და სოციალურად დაუცველთა ბაზის დაკავშირება, ვინაიდან ამ პროგრამის მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 ათასზე ნაკლებია“, - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა და განმარტა, რომ სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში თბილისის მასშტაბით ასი ათასი აბონენტი, ანუ ასი ათასი ოჯახი შედის.
მისივე თქმით, კომუნალუი ვაუჩერების გაუქმებასთან დაკავშირებული განცხადებები 2014 წლიდან მუდმივად ისმოდა, თუმცა სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა დედაქალაქის მთავრობის პრიორიტეტად რჩებოდა.
პირიქით, 2015 წლიდან მთავრობამ გაუორმაგა კომუნალური სუბსიდია და 250 ლარის მაგივრად 500 ლარი გადაუხადა სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფია. ამდენად, გელა ჩივიაშვილი თბილისელებს მიმართავს, გავრცელებულ ჭორებს ნუ აყვებიან, რადგან არავითარი გაუქმება ამ პროგრამას არ შეეხება.