თურქეთი შესრულებული ვალდებულების შესრულებას ითხოვს

თურქეთი შესრულებული ვალდებულების შესრულებას ითხოვს

ოფიციალური ანკარა საქართველოსგან თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ შეთანხმების შესრულებას ელოდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქი მესხების რეპატრიაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად იქნება ასახული ევროსაბჭოს წევრი საქართველოს სამოქმედო გეგმაში.

„როგორც აღვნიშნე, 1999 წელს საქართველომ აიღო თურქი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება და ჩვენ ამ მხრივ განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ადამიანების რეპატრიაცია იქნება ასახული ერთ-ერთ პრიორიტეტად ევროსაბჭოს წევრი საქართველოს სამოქმედო გეგმაში“, - განაცხადა აჰმეთ დავუთოღლუმ.

ოფიციალური თბილისისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რადგან ქვეყანას ამ ნაწილში პრობლემა არ აქვს. მეტიც, ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით 2007 წელს რეპატრიანტის სტატუსის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და ვადებიც ორჯერ გაახანგრძლივა.

„თურქეთის პრემიერ მინისტრმა ზედმიწევნით კარგად იცის, რომ საქართველოს ყველა ვალდებულება ევროპის საბჭოს წინაშე იყო შესრულებული“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

დევნილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, განაცხადების მიღების პროცესი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, უკვე დასრულებულია. ბოლო მონაცემებით, მსურველი 6 000-მდე მოქალაქიდან რეპატრიანტის სტატუსის 1533 პირს უკვე მიღებული აქვს. დანარჩენი განცხადებები ჯერ ისევ განხილვის სტადიაშია.

რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კოკაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სტატუსების მინიჭების პროცესი გრძელდება, მხოლოდ 4-ს ეთქვა უარი, რადგან დადასტურდა, რომ არ იყვნენ 2004 წელს დეპორტირებულები.

„ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ევროსაბჭოზე, რომლის დოკუმენტშიც წერია, „სამხრეთ საქართველოში დეპორტირებული მუსლიმი მოსახლეობა“ და არა თურქი მესხი. რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას, ყველა ის ვალდებულება რაც ევროსაბჭოს ჰქონდა განსაზღვრული, ქვეყანამ შეასრულა.

მივიღეთ კანონი რეპატრიაციის შესახებ, 1533 პირს მინიჭებული აქვს სტატუსი, 494 პირს მიეცა საქართველოს მოქალაქეობა, 5 ოჯახი უკვე ჩამოსახლდა და ცხოვრობს საქართველოში. არ ვიცი რით ხელმძღვანელობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადგან სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი კოკაია.

დავუთოღლუს განცხადებას პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა ეს ვალდებულება. მისივე თქმით, სახელმწიფომ რეგისტრაციის საშუალება ყველა იმ ადამიანს მისცა, ვისაც სურდა, დაბრუნებულიყო საქართველოში.

„ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს 2-ჯერ გავაგრძელეთ რეგისტრაციის ვადა. მაშინ ძალიან მკაფიოდ შევთანხმდით ჩვენს თურქ მეგობრებთან, რომ თუ გაგრძელებული ვადის პირობებშიც არ გაივლიდნენ რეგისტრაციას, ჩაითვლებოდა, ამ ადამიანებს დაბრუნების სურვილი არ ჰქონდათ.

რეგისტრაცია დაახლოებით 6 ათასმა ადამიანმა გაიარა და მათ ველოდებით საქართველოში, მაგრამ თემა დახურულია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სადღაც არსებობს ასეულობით ათასი ადამიანი, რომელსაც საქართველო არ იღებს, არასწორია. ეს ვალდებულება შესრულებულია“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საკითხის პოლიტიზირება მიუღებელია ექსპერტ თორნიკე შარაშენიძისთვის, რომლის განცხადებით, თურქეთის მთავრობის მეთაურის განცხადება უსაფუძვლოა, რადგან საქართველო ამ დრომდე ასრულებს აღებულ ვალდებულებას.

„საქართველოს დღესაც აგრძელებს ვალდებულების შესრულებას. თურქი მესხებისთვის საქართველო დღესაც ღიაა და შეუძლიათ ჩამოვიდნენ. ერთგავარდ ტრადიციად იქცა თურქეთის მხრიდან ამ საკითხზე განცხადების გაკეთება. ჩვენ ვასრულებთ ამ პროცესს და არასწორია, საკითხის პოლიტიზირება. მით უმეტს, არ ვიცი რაში სჭირდება თურქეთს საქართველოსთან პოლიტიკური დაპირისპირება, შესაბამისად, არასწორი იქნება საკითხის პოლიტიზირება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, თურქეთი ცდილობს რეგიონში გააძლიეროს დიასპორა, ანუ მუსლიმანთა რაოდენობა. მისივე თქმით, სახელმწიფომ თითქმის ყველა ვალდებულება შეასრულა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„თურქი მესხების პირველი მფარევლი იყო მეცნიერი გურამ მამულია, მან ჩამოიყვანა 2-3 ოჯხი, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ დიდი სურვილი არ ჰქონდათ აქ ჩამოსვლის. თუმცა, პროცესი დღემდე წარმატებით გრძელდება. ამის ფონზე, თურქეთის პრემიერის განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკის ნაწილი. საქართველოს შეურულებელი ვალდებულება თუქრ მესხებთან მიმართებაში არ გააჩნია. ყველაზე სწორი იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარონ თურქეთის ელჩი და მოსთხოვონ განმარტება, რის საფუძველზე აკეთებს თურქეთის წარმოადგენელი ამ განცხადებას და ამით დაიხუროს ეს თემა“, - აცხადებს ცინცაძე.

მისივე თქმით, „როგორც ჩანს, საქართველოს ადეკვატური პოზიცია არ აქვს თურქეთთან მიმართებაში, რადგან, თურქეთისა და საქართველოს ინტერესები ძალიან საეჭვო სფეროში თუ ემთხვევა ერთმანეთს. რასაკვირველია, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან. თურქი მესხები უნდა დასახლდნენ იქ, სადაც სომხები ცხოვრობენ, ეს გამოიწვევს ურთიერთობის დაძაბვას და დესტაბილიზაციას. ამ სომხების უკან დგას სომხეთი, სომხეთის უკან კი რუსეთი, საქართველოს უკან აბსოლუტურად არავინ არ დგას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.