„ინვესტიცია კარგია, მაგრამ უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, ვის ხელში ხვდება ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი“

„ინვესტიცია კარგია, მაგრამ უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, ვის ხელში ხვდება ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი“

„პანამის დოკუმენტებთან“ დაკავშირებით, სადაც საუბარია მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერების, პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და საზოგადო მოღვაწეების ოფშორული საქმიანობის თაობაზე, აშშ-ში უკვე გამოძიება დაიწყო.

პარალელურად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით გამოიძიოს სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები. IDFI, ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშაოს სპეციალური რეგულაციები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობის დასარეგულირებლად.

ოფშორების თემატიკასთან დაკავშირებით For.ge IDFI-ის პროგრამის კოორდინატორს თაკო იაკობიძეს ესაუბრა.

რამდენად საშიშია ის ფაქტი, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს აკონტროლებენ?

- რუსეთის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე სახიფათოა. ჩვენი ეკონიმიკის არაერთი მნიშვნელოვანი დარგის პრივატიზაცია სწორედ ოფშორული კომპანიების გავლით მოხდა და ამის უკან დგანან რუსეთის მოქალაქეები. მათ შორის, ნავთობის, ელექტროენერგიის, მადნეულის კომპანიებზე. რუსეთთან ჩვენი მძიმე ურთიერთობის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ჩრდილოელი მეზობლის ამხელა როლი ჩვენს ეკონომიკაში. რუსული გავლენა აშკარაა „თბოსადგურის“, შპს. „მტკვარის“, „ხრამჰესის“ შემთხვევში... „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ კი არის ერთ-ერთი დიდი შემთხვევა, რომლის წილიც მოგვიანებით „როსნეფტმა“ იყიდა „პეტროკასგან“ (საუბარია 49%-ზე) და ამის შესახებ კახი კალაძემაც თქვა, რომ ეს ოფშორში ორ კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტია და ჩვენ უკვე ვერაფერს ვიზამთო. გამოდის, პირდაპირ აღიარებს ჩვენი ხელისუფლება, რომ, ოფშორების შემთხვევაში, არანაირი ბერკეტი აღარ რჩება.

ნაციონალების დროს ხშირი იყო საკუთარი კომპანიების სახელმწიფოსთვის გადაცემის ფაქტები. მაგალითად, ცნობილია, რომ შპსსაქართველოს ლატარიის კომპანიის შემთხვევაში, „ლექსორ კაპიტალ კორპისწარმომადგენელმა დიმიტრი ჩიქოვანმა კომპანიის წილის 70% საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უბოძა. ეს კი ირიბად უკავშირდება დავით კეზერაშვილის სახელს, რადგან დიმიტრი ჩიქოვანი სწორედ მისი ცოლისძმაა.

- დიახ, აღნიშნული კომპანია საკმაოდ საინტერესო შემთხვევაა, რადგან იგი თავიდან შეიქმნა, როგორც ჩვეულებრივი კომპანია და ის ეკუთვნოდა კეზერაშვილის ცოლის ძმას. შექმნიდან ორ წელიწადში ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და ტენდერის პირობებით საკმაოდ დიდი თანხა უნდა შესულიყო საქართველოს ბიუჯეტში. ათწლიანი კონტრაქტიც არსებობდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ამ კომპანიამ თავისი წილის 70% უსასყიდლოდ აჩუქა ხელისუფლებას. მის მფლობელებს რომც შევეშვათ, თავისთავად, ეს ფაქტი ძალზე უცნაურია, რატომ უნდა გაუჩნდეს ბიზნესმენს სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების სურვილი?! თანაც, კონტრაქტში წერია, თითქოს კომპანიამ იმისთვის გადაწყვიტა ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის თავისი წილი, რომ უფრო წარმატებული ყოფილიყო. ამ ჩუქების შემდეგ კომპანიის მმართველი გახდა „საქართველოს ფოსტა“ და ახლაც, იანვარში ეს ობიექტი ძალზე დაბალ ფასად ჰქონდათ გატანილი აუქციონზე გასაყიდად. თუ არ ვცდები, ათას ლარად იყიდებოდა. რატომაც ყიდდა ასეთ დაბალ ფასად, ამის მიზეზი ის იყო, რომ ნაცვლად დიდი მოგებისა, ამ კომპანიას ერიცხება 200-მილიონიანი ვალი საქართველოს ბიუჯეტის წინაშე. საიდან გაჩნდა ეს ვალი? სად წავიდა ეს ფული? ვინ გამოიყენა ეს კომპანია, რომლის 30%-ის უკან ისევ ოფშორული კომპანია დგას, გაურკვეველია. ეს ისევ კეზერაშვილის სახელს უკავშირდება. დიდია ალბათობა, რომ რაღაც მაქინაციებით აქ ფულის არაკანონიერი გზით მიღება მოხდა.

თუმცა ეს არ არის მხოლოდ ქართული სინამდვილე. უცხოეთშიც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი იყენებს ოფშორებს. „პანამის დოკუმენტში“ აშშ-ის ორასამდე მოქალაქის შესახებ იყო საუბარი, რომელთა ვინაობაც არ კონკრეტდება. მაგრამ ამ გლობალურ პრობლემასთან მიმართებით საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის ოფშორის გამოყენების მასშტაბი გაცილებით დიდია? ფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება თუნდაც თქვენი კვლევის საფუძველზე?

- ზუსტად აქეთკენ მიდის საქმე. ამის შესახებ ჩვენ წლების მანძილზე ვწერდით, მაგრამ, ახლა, რაც „პანამის დოკუმენტები“ აქტუალური გახდა, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ეს საკითხი და მისი გამოძიება მოვითხოვეთ.

თქვენი კვლევის თანახმად, 2003-2015 წლებში საქართველოში შემოსული 13 611 225 100 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 10% (ანუ 1 315 265 700 აშშ დოლარი) ოფშორული ზონებიდან განხორციელდა. რას ნიშნავს ის ფაქტი, როცა ოფშორული ზონების გამოყენების გამო უცნობი რჩება ინვესტიციების დაახლოებით მეათედის რეალური წარმომავლობა?

- ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ოფშორებიდან ყოველ წელს უამრავი ინვესტიცია შემოდის. მარტო 2007 წელს 371 მილიონი შემოვიდა, რაც ძალიან დიდი თანხაა.

თქვენი კვლევა თუ არის განგრძობითი და, თუ დაადგინეთ, საეჭვო წარმომავლების თანხებს რაში იყენებენ ნაცმოძრაობასთან ასოცირებული პირები? - ნაციონალების პიარკამპანიებისთვის, აქციების მობილიზებისთვის?

- ამ ეტაპზე ასეთი კვლევა არ ჩაგვიტარებია. თანაც, ყველა ეს მონაცემი საეჭვო არ არის. თავისთავად, ოფშორი არ არის უკანონო და ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაცაა. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, სწორედ იმიტომ მიმართავენ ოფშორებს, რომ ხელისუფლების ჩარევის ეშინიათ. თუმცა პოტენციურად ეს რისკის შემცველია და, საქართველოს შემთხვევაში, საკმაოდ დადასტურებული ფაქტებიცაა, რატომაც შეიძლება იყოს ოფშორი რისკის შემცველი. ამიტომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, პირველ რიგში, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდების შემთხვევები, რისი დადასტურებული ფაქტებიც არსებობს. უბრალოდ, საჭიროა გამოძიება.

ანუ ოფშორების მხრივ სხვა ქვეყანასთან მიმართებით ამდენი კითხვა არ ჩნდება, როგორც საქართველოს შემთხვევაში?

- შედარება ჩვენ არ გაგვიკეთებია და აქცენტი მხოლოდ საქართველოზე გადავიტანეთ, თუმცა როგორც „პანამის დოკუმენტებმა“ აჩვენა, არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს რისკები არსებობს.

რუსულ გავლენაზე საუბრისას ჩამონათვალში გვხვდება რუსეთის მოქალაქეების გვარები - ვოლკოვი, ოკლეი, პალუნინი... ფიქრობთ, რომ ამ ადამიანების ფული პრორუსული პროპაგანდისკენ იქნება მიმართული?
- ამაზე ვერც „კი“-ს ვიტყვი, ვერც „არა“-ს, მაგრამ რისკი გაცილებით მეტია. უსაფრთხოების კუთხით რომ შეხედოთ, გამოდის, რომ შენს ეკონომიკაში წამყვანი ძალაა ის ქვეყანა, რომელსაც შენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, რომელიც ასხვისებს მნიშვნელოვან ობიექტებს. თორემ ოფშორების სრულად აკრძალვას არ მოვითხოვთ, უბრალოდ, უნდა განისაზღვროს სტრატეგიული სფეროები ეკონომიკაში, როგორიცაა ენერგეტიკა, პორტები, რკინიგზა. ახლა ამ ყველა სფეროში არიან რუსეთის მოქალაქეები.

როცა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ობიექტებზე ვსაუბრობთ, ჩამონათვალში აღმოჩნდა თბოსადგურიმტკვარი ენერგეტიკა“, რომლის მფლობელიცაა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაგარდაბანი ჰოლდინგზ ბი. ვი“. ამ კომპანიის წარმომადგენელი კი რუსეთის მოქალაქე დმიტრი კნიაგინინია. ამ ობიექტის გასხვისება ჩვენს უსაფრთხოებას დააზარალებს?

- რასაკვირველია. ეგ არის ამონარიდი დიდი კვლევიდან. თორემ რეალურად, ჩამონათვალი გაცილებით მეტია.

დავით იაკობაშვილის სახელიც გადაიჯაჭვა ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელთან.

- დავით იაკობაშვილი ეთნიკურად ქართველია, მაგრამ იგი რუსეთის მოქალაქეა. ოფიციალურად თავად არ ადასტურებენ ამას, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, იაკობაშვილმა სწორედ კეზერაშვილისგან შეიძინა ეს ბიზნესი - „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ და შემდეგ გაასხვისა „როსნეფტზე“.

გასხვისებები უფრო ნაციონალების დროს არ ხდებოდა?

- მაგალითად, „როსნეფტმა“ 2014 წელს იყიდა „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ეს ფაქტები მხოლოდ ნაციონალების დროს ხდებოდა. პრინციპში, პრაქტიკა არ შეცვლილა, ისეთივე ლიბერალური მიდგომაა ახლაც, როგორც - ადრე. მაგალითად, RMG-ის მფლობელთა კვალი ოფშორულ ზონებსა და რუსეთის მოქალაქეებამდე მიდის. ეს არის ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია, რომლის უკანაც რუსი მილიარდერები დგანან. მათ შეიძინეს სააქციო საზოგადოება „მადნეული“ და შპს „კვარციტი“ და შემდეგ გადაარქვეს სახელდებები. ასევე, საუბარია „ბილაინზე“ (შპს მობიტელზე), რომლის ოფიციალური მფლობელები არიან ოფშორული კომპანიები, ხოლო კომპანიის 47.9% რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის „ალფა ჯგუფის“ წევრ Altimo-ს ეკუთვნის. რასაკვირველია, ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში ინვესტიცია შემოდის, მაგრამ უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, ვის ხელში ხვდება ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამდენად პროკურატურა თუ ამ საქმეების შესწავლას დაიწყებს, შესაძლოა, ბევრ დანაშაულებრივ კვალზეც გავიდეს. ბევრი საქმე ისედაც ზედაპირზეც დევს.