იმ დროს, როცა დასავლეთში ბჭობდნენ, რომ სირიული დრამა გადამწყვეტ ფაზას უახლოვდებოდა, ასადის რეჟიმის დაცემა წინასწარ ცნობილი იყო, ოღონდ გასარკვევი გახლდათ მხოლოდ ის, ზუსტად როდის მოხდებოდა ხელისუფლებიდან ასადის ჩამოშორება, სირიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ასადის პარტიამ გაიმარჯვა.
შედეგების აღიარება არ სურს გაეროს, რომელიც იმედოვნებს, რომ ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 18 თვის განმავლობაში ჩატარდება. სირიის არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციაც.
აღსანიშნავია, რომ პარტია „ბაასი“ ხელისუფლებაში 1963 წლიდანაა, მისი გენერალური მდივანი კი სწორედ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადია.
ერთდერთი, ვინც სირიაში გამართული საპარლამენტო არჩევნებით კმაყოფილია, სავარაუდოდ, რუსეთია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჯერ კიდევ როდის ამბობდა, რომ ასადის გადაყენების შესახებ მოთხოვნები აფერხებდა სამშვიდობო ძალისხმევას. ლავროვი დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასაც „ამხელდა“ იმაში, რომ სწორედ მათ შეჰქონდათ წვლილი „სირიის ოპოზიციის ჯიუტ პოზიციაში“.
ყველაფერ ამის ფონზე, კარგა ხნის განმავლობაში დასავლეთი რუსეთის რეალურ სახეს ვერ არჩევდა და იტყობინებოდა, რომ სირიის მთავრობის დიდი ხნის მოკავშირე-რუსეთი სხვადასხვა სახის სიგნალებს იძლეოდა. მათ შორის, რუსებს თითქოსდა, სირიის ხელისუფლების შეცვლის პრობლემა არ აწუხებდათ და პრეზიდენტ ასადის დამხობის შემდგომი პერიოდისთვისაც ემზადებოდნენ.
სამაგიეროდ, რუსეთისგან განსხვავებით, სირიასთან მიმართებით გულახდილობას იჩენდა ამერიკა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სირიის სამოქალაქო ომის დასასრულებლად და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად მასთან მოლაპარაკებას გეგმავდა და ირწმუნებოდა, რომ ამერიკა ყველაფერს აკეთებდა, რათა ასადის რეჟიმი პოლიტიკური ტრანზიციის (შეცვლის) შესახებ მოლაპარაკებებზე წაეყვანა.
იგემა თუ არა მარცხი დასავლეთმა სირიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ასადის პარტიის გამარჯვების შემდეგ და რა დივიდენდს ჰპირდება ეს გამარჯვება რუსეთს?
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ბუნებრივია, სირიის მთლიან სივრცეში არ ჩატარებულა ეს არჩევნები, ჩატარდა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბაშარ ასადი აკონტროლებს და გასაგებია, როგორი შედეგიც დადგებოდა.
ამის მიუხედავად, ექსპერტი თვლის, რომ ეს ფორმალური არჩევნები ძალთა ბალანსს სირიაში არ შეცვლის. ეს უფრო რუსების ინიციატივით ჩატარებული არჩევნები იყო, რათა რუსებს აემაღლებინათ ასადის ლეგიტიმურობის სტატუსი.
„რუსები ასადის პარტიის გამარჯვებას გამოიყენებენ ჟენევაში მოლაპარაკებების დროს ასადის რეჟიმსა და სირიის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ანუ გაერიანებული სირიის კომიტეტს შორის. ამიტომ ეს იყო წმინდა ფორმალური ტიპის არჩევნები. უშუალოდ სირიის პოლიტიკაზე ამას არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. თავისი სიხისტითა და რუსული სამხედრო ძალის დახმარებით ასადმა კიდევ უფრო გაიმყარა თავისი პოლიტიკური გავლენა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს და, რომელიც მეტ-ნაკლებად გააფართოვა რუსული ინტერვენციის შედეგად. მსგავსი არჩევნები ტარდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირშიც და საბჭოთა საქართველოშიც, სადაც ტოტალიტარული რეჟიმი არსებობდა“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ასადის მომხრეების გამარჯვება სირიაში მოსალოდნელი იყო, რაც დასავლური პოლიტიკის არა მხოლოდ მარცხი, არამედ-კრახია, რადგან მარცხის გამოსწორება თუ შესაძლებელია, კრახი ვერ გამოსწორდება. ახლა მთავარია, რამდენად ადეკვატური იქნება დასავლეთი, ეს უკვე ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული.
„რას ნიშნავს სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიცია? ნებისმიერი ოპოზიციონერი, როგორც კი თოფს აიღებს ხელში, უკვე ზომიერი აღარ არის, ის აჯანყებულია. ოპოზიციის მოქმედების არეალი არის პარლამენტი, კანონი და მშვიდობიანი მიტინგები. ამიტომ თვითონ სირიელებს არანაკლებ ეშინიათ ამ ე.წ. ზომიერი ოპოზიციის და მათ მშვენივრად იციან ერთი რამ, საკმარისი იყო ზომიერი ოპოზიციის გამარჯვება, რომ მათი ბოევიკები შევიდოდნენ დამასკოში, სადაც ისეთი ამბავი დატრიალდებოდა, „ისლამისტური სახელმწიფო“ მონაგონი იქნებოდა. ამიტომ შეჩვეული ჭირი ამჯობინეს საეჭვო ჭირს. გარდა ამისა, ბაშარ ასადს რუსეთის დიდი დახმარება ჰქონდა. ორი დღის წინ მმართველი პარტიის ცნობილი წევრი, ინგლისელი კონსერვატორი ჩავიდა დამასკოში, შეხვდა ასადს და ასადმა მას პუტინის სიტყვები გადასცა, ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენ თავს არავის დავამარცხებინებთო. ამიტომ მოსწონს თუ არა, დასავლეთი უნდა შეეგუოს ასადის წარმატებას, ან სირიაში უნდა დატრიალდეს სამოქალაქო ომი. აქ ორი გამოსავალია- ზომიერი ოპოზიცია შეეგუოს ასადს, რომელიც მათ ჰპირდება რამდენიმე მინისტრის პოსტს, დაყაროს იარაღი და ბრძოლას დაანებოს თავი და მეორე - ასადი იომებს გამარჯვებამდე და ასადი ანუ, სინამდვილეში, რუსეთი გაიმარჯვებს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ, მართალია, რუსეთმა სირიიდან თავისი ძალები გაიყვანა, მაგრამ იქვე დაიბარა, თუ საჭირო გახდა, ჩვენ ისევ დავბრუნდებითო. ამის ფონზე კი, დასავლეთი ვერც ასადს ამარცხებს, ვერც იმდენად ეხმარება ამ ე.წ. ზომიერებს, რომ თავად ე.წ. ზომიერებმა დაამარცხონ ასადი. საბოლოო ჯამში, იჭყლიტება ევროპა, სადაც მილიონ ნახევარი ლტოლილია შესული და ინგლისელი კონსერვატორი ღიად აცხადებს უკვე, რომ ათასამდე ისლამისტი ჯიჰადისტია შესული კუნძულზე, ანუ ინგლისში.