„ვერავითარ ტრაგიკულს ვერ ვხედავ იმაში, რომ პარლამენტის შემადგენლობა ჭრელი აღმოჩნდეს“

„ვერავითარ ტრაგიკულს ვერ ვხედავ იმაში, რომ პარლამენტის შემადგენლობა ჭრელი აღმოჩნდეს“

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე მომავალ პარლამენტში ძალების გადაადგილებასა და სამომავლო ძალთა ბალანსზე მსჯელობენ.

იქედან გამომდინარე, რომ ქართული პოლიტიკა ასე დანაწევრებული არასდროს ყოფილა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბევრ პარტიას ექნება ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი, რის შემდეგაც ჭეშმარიტი კოალიციები შეიქმნება. წინამობედის მსგავსად, ახალი კოალიციები არ იქნება მხოლოდ ერთი კაცის მიერ შექმნილი და დაფინანსებული. ამდენად, გაცილებით პროგრესულ შედეგს მივიღებთ.

რაც შეეხება ძალთა ბალანსს, აქ ფანტაზიები უფრო შორს მიმავალია. არ გამოირიცხება, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები პარლამენტში სულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან, თუნდაც „ნაცმოძრაობასთან“ ერთ გუნდში აღმოჩდნენ, რადგან ბევრ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიციები უფრო თანხვედრაშია ნაციონალებთან, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“, რომელთანაც საერთო ძაფი უკვე გაწყვიტეს.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ძალთა ბალანსზე საუბარი უადგილოა, რადგან ჩვენ არ ვიცით, რეალურად დღეს ელექტორატის განწყობა როგორია. მართალია, ქართველი ხალხის სტრატეგიული ევროატლანტიკური არჩევანი ურყევია, მაგრამ აქ დგას სასურველი და ნაკლებად სასურველი პოლიტიკური რეალობის პერსპექტივები.

ექსპერტის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რანაირი კონფიგურაცია აღმოჩნდება პარლამენტში. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება, ის არ იქნება მონოლითური და ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ის მაინც ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას.

„რეალურად, ბევრ ძალას აქვს საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა. თუ როგორ განლაგდებიან ისინი, ეს დამოკიდებული იქნება, როგორ და რა შემადგენლობით შევა „ქართული ოცნება“ პარლამენტში, როგორი პოზიცია ჩამოუყალიბდება ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში, როგორი ამოცანა იქნება დასმული. თუკი ამერიკელების პოზიცია ისევ ხისტი იქნება რუსეთთან მიმართებით და მათ შორის არ შედგება რაიმე სტრატეგიული შეთანხმება რეგიონში ამოცანებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ივანიშვილი გააკეთებს არჩევანს „თავისუფალ დემოკრატებზე“, რესპუბლიკელებზე, რომლებსაც პარლამენტში შესვლის შანსი გააჩნიათ. ხოლო, თუ შეთანხმება შედგება რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მხრივ, ჰიპოთეტურად, მაშინ შეიძლება ჩვენმა ხელისუფლებამ „პატრიოტთა ალიანსთან“ და ბურჯანაძესთანაც ითანამშრომლოს, მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილმა ახლახანს მათთან თანამშრომლობა გამორიცხა. ვერავითარ ტრაგიკულს ვერ ვხედავ იმაში, რომ პარლამენტის შემადგენლობა ჭრელი აღმოჩნდეს. ჩვენ აჩრდილად და საფრთხედ გვადგას თავზე 200-პარტიული დემოკრატია და ჭრელი პარლამენტი, რომლის სპიკერიც ვახტანგ გოგუაძე გახლდათ და, სადაც გადაწყვეტილებების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა, ახლა დემოკრატიის განვითარებისთვის შესაძლოა, სჯობდეს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიმართ ხალხის არაერთგვაროვანი განწყობა პარლამენტზეც აისახოს. ამიტომ აჯობებს, არასაპარლამენტო ოპოზიციაც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების თანამშრომლობას ნაციონალებთან, ექსპერტი ამ ფაქტს მიუღებლად და წარმოუდგენლად მიიჩნევს, რადგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ მათ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა გააჩნია, პარლამენტში როგორი კონფიგურაცია იქნება, ჩვენ თუ ასე დაგვიდგება საკითხი, რომ აუცილებელია თუნდაც, დროებითი ალიანსი ნაციონალებთან, ვიდრე დესტრუქცია და ქვეყნის პოლიტიკური დესტაბილიზაცია, მაშინ არაფერი არ უნდა გამოირიცხოს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ გონს მოეგებიან ნაციონალები და სწორად შეაფასებენ თავიანთ შეცდომებს. ასევე მოხდა გერმანიაში, როცა ერთმანეთთან დაპირისპირებული „ქრისტიან-დემოკრატები“ და „სოციალ-დემოკრატები“ იძულებულნი გახდნენ, ერთიან მთავრობაზე ესაუბრათ, რადგან მძიმე რეზულტატი დაიდო არჩევნების შემდეგ.

„ის, რომ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის შექმნილი იყო კოალიცია, რასაც დღეს ხელოვნურად მიიჩნევენ, ეს არ ყოფილა ახირებული მილიარდერის ხუშტური, ეს იყო ქართველი ხალხის დაკვეთა, ნებისმიერ ფასად ჩამოეცილებინა ხელისუფლებისთვის ნაცმოძრაობა. ახლა სხვა დაკვეთა აქვს ქართველ ხალხს, ის მოითხოვს პოლიტიკოსებისგან რეალისტურ მიდგომებს და სოციალური საკითხების მოგვარებას. ვინც ამას კარგად შეაჯერებს, ის შექმნის კოალიციას. ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად აღარ დაბრუნდება, არც უნდა დაბრუნდეს, მან უნდა გააგრძელოს მასშტაბური საქმიანობა საქართველოში. ის არ უნდა იყოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღები, ან მრჩეველი, რომლის აზრზეც არის დამოკიდებული თუნდაც კვირიკაშვილის ნაბიჯები. ივანიშვილს უზარმაზარი აქტივები აქვს სამართავი და მინისტრები თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არ უნდა ელოდნენ, როდის მოიცლის ივანიშვილი უამრავ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც ბევრი პრობლემა არ წყდება ქვეყანაში, გვიანდება ბევრი რამ, რადგან კარდინალური საკითხების შეთანხმება წყდება ივანიშვილთან“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რეალურად კოალიციები მას შემდეგ შეიქმნება, რაც მოხდება პარლამენტის ფორმირება. თუ პარტიას არ ეყოფა ხმები, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება დააკომპლექტოს, მაშინ დაიწყება სხვა პარტიებთან კონსულტაციები და შეიქმნება კოალიციური უმრავლესობა.

„აქ პრობლემა გამოიწვია იმან, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ გავიდა არა საკუთარი დამსახურების, არამედ ივანიშვილის ძალზე მაღალი რეიტინგის ხარჯზე. თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, გულწრფელად გითხრათ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ პარლამენტში ბევრი პარტია შევა. ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტია მხოლოდ ორ საარჩევნო სუბიექტს აქვს - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენებს, 6-7 პარტიას, ფაქტობრივად, 5%-იანი ბარიერის გადალახვის მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე შანსი აქვთ. რა იქნება 6 თვის შემდეგ, ცოტა რთული სათქმელია, რადგან პოლიტიკური სპექტრი ჯერ არ დალაგებულა. ვნახოთ, თუ სხვა პარტიებიც გადალახავენ საარჩევნო ბარიერს, ეს ძალზე კარგი იქნება, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ. არჩევნებში, ალბათ, ზოგიერთი პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, ზოგიერთი წინასწარ გააკეთებს საარჩევნო ბლოკს, არც ამაში ვხედავ დიდ უბედურებას. თუ მოხერხდა რეალური ბლოკების შექმნა, ძალიან კარგი იქნება ქვეყნის ინტერესებიდან (და არა პარტიების ინტერესებიდან) გამომდინარე, რადგან პროპორციული სისტემით საარჩევნო მანდატების მაქსიმალურად გადანაწილება მოხდება და გაუნაწილებელი მანდატები მცირე რაოდენობით დარჩება. რაც შეეხება ძალთა ბალანსის შეცვლას, კონსტიტუციით, სულაც არ არის აუცილებელი, რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, რადგან პრემიერობის კანდიდატის პირველი დასახელების უფლება აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მანდატების ყველაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება. დავუშვათ, თუ „ქართული ოცნება“ აიღებს 60 მანდატს, ხოლო დანარჩენები - ცოტა ნაკლებ მანდატს, ცხადია, 60 მანდატი „ქართულ ოცნებას“ მთავრობის ფორმირებისთვის არ ეყოფა. ამას 76 ხმა სჭირდება, ამიტომ „ოცნება“ დაიწყებს კონსულტაციებს. ამ შემთხვევაში, ძალთა ბალანსი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება ფავორიტი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.