მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საკონსტრიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულო აღნიშნული საკითხის განხილვას მომდევნო სხდომაზე არ მიუბრუნდება.
ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მიაჩნია, რომ მანკიერია კანონი, რომელიც მოსამართლის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კანონი იძლევა საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის ბინის გადაცემის საშუალებას, მაგრამ თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ეს პრაქტიკა არასწორია და მერაბ ტურავას საკმარისი ანაზღაურება აქვს იმისთვის, რომ ბათუმში ბინა იქირაოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები. აღნიშნულ ჩანაწერს იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განამტკიცებს აგრეთვე სახელმწიფოს იგივე ვალდებულებას.
ითხოვს თუ არა სიმბოლურ ფასად სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის მიღებას, ამ საკითხზე for.ge საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების პროცესში შეუძლებელია მოსამართლე ტურისტის მდგომარეობაში იყოს.
მერაბ ტურავა: 2006 წელს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, მაშინ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ მოსამართლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ბათუმში საცხოვრებელი, მომხდარიყო ბინით უზრუნველყოფა. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ჩემი განმწესება მოხდა საკონსტიტუციო მოსამართლედ და დღემდე ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი.
ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო იმიტომ, რომ შეუძლებელია მოსამართლე ტურისტის მდგომარეობაში იყოს სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების პროცესში. ყოველ ბათუმში ჩასვლისას ან სასტუმროში ვცხოვრობ, ან ნაცნობთან. კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს გარკვეული პირობებით გადაეცემა ბინა საკუთრებაში, რომ სახელმწიფომ 10 წლის განმავლობაში არ იხადოს ბინის ქირა. თუ პრაქტიკას გადავხედავთ, მოსამართლეებს საცხოვრებელი ბინა გადაეცემოდათ საკუთრებაში, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლის ვადის ამოწურვის შედმეგ, ეს ბინა საკუთარებაში გრჩება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს აქვს სახელმწიფოსგან საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა გადაცემული?
- როგორც მოქმედებს, ასევე უკვე ყოფილებს სახელმწიფომ გადასცა ბინა. ამ ხელისუფლების დროს ერთადერთი ახალი მოსამართლე მე ვარ, რომელსაც არ აქვს ბინა. მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ პრივილეგიებს, ვითხოვ მოქმედი კანონის აღსრულებას და ეს ყველა იურისტმა იცის.
თქვენს შემთხვევაში პრობლემა რაში მდგომარეობს?
- სახელმწიფოს უჭირსო, ბევრი ლტოლვილი და სოციალურად დაუცველი არის ქვეყანაშიო...
ეს რეალობაა ბატონო მერაბ...
- გეთანხმებით, მაგრამ თუ საკითხს ასე მივუდგებით, მაშინ მოდით ყველა მოქალაქეს ერთნაირი ხელფასი მივცეთ.
ამ შემთხვევაში საუბარია არა ხელფასზე, არამედ საცხოვრებელი ბინის ჩუქებაზე. ადამიანს, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი, პლუს სახელმწიფომ მას უნდა აჩუქოს საცხოვრებელი ბინა, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყვას უამრავი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი? არ თვლით, რომ ეს არასწორი მიდგომაა? თინა ხიდაშელის განცხადებით, თქვენ გაქვთ მაღალი ხელფასი და შეგიძლიათ თავად დაიქირავოთ ან იყიდოთ საცხოვრებელი...
- ეს არის სახელმწფოს მიერ აღებული ვალდებულება და არ იყო ცალკეული მოსამართლის ინიციატივასა და სურვილზე დამოკიდებული. როდესაც ხიდაშელი დეპუტატი იყო, მას სახელმწიფო არ უხდიდა ბინის ქირას? რატომ არ ცხოვრობდა მის მიერ დაქირავებულ ბინაში? დეპუტატებსაც აქვთ საკმარისი ხელფასი, რომ იქირაონ ბინა, მაგრამ სახელმწიფო უხდის მათ ქუთაისში ბინის ქირას. თუ სახელმწიფო არ იზრუნებს ჩემი ბინით უზრუნველყოფაზე, მაშინ საკითხი სხვანაირად უნდა გადავწყვიტო, როგორც ამას მდგომარეობა მოითხოვს.
სახელმწიფოს გადასაწყვეტია გადმომეცემა თუ არა ბინა, სახელმწიფოს სწორად როგორც მიაჩნია, ისე უნდა მოიქცეს. მოსამართლე ძალით არავის არ გამოართმევს ბინას. შევარდნაძის დროს მოსამართლეებს საერთოდ ხელფასები არ ჰქონდათ და გვქონდა კარგი შედეგები? სააკაშვილის დროს სახელმწიფო მოხელეებისა და მოსამართლეების უზრუნველყოფა მოხდა იმისათვის, რომ სახელმწიფო სისტემა კორუფციისგან და სხვა სამართალდარღვევისგან დაეცვათ.
მოსამართლისთვის ხელფასით უზრუნველყოფა მოწესრიგებულია სხვა კანონით, ხოლო ცხოვრებისა და ღირსეული პირობების შექმნა სხვა კანონით. არ თვლით, რომ ბინით უზრუნველყოფის საკითხი არასწორია?
- დავუშვათ და არასწორია ის, რომ სახელმწიფო მოხელეებს მაღალი ხელფასი ჰქონდეთ და პენსიები იყოს 150 ლარი. თუ ხელისუფლებას უნდა, შეუძლია თქვას, რომ საჯარო მოხელეების ხელფასს 10-ჯერ ვამცირებ, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ ის უქნიათო...
ბატონო მერაბ, ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ხელფასზე, ვსაუბრობთ საცხოვრებელ ფართის გადაცემაზე. ადამიანს, რომელსაც არ აქვს სახლი და მისი შემოსავალია 200-დან 300 ლარამდე, და ამ დროს მოსამართლეს აქვს 6 ათასი ლარი, სახელმწიფომ მისი ბინით უზრუნველყოფის საკითხიც უნდა გადაწყვიტოს...
- გასაგებია, მაგრამ ის არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. არ აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც აქვს მოსამართლეს. სახელმწიფოს, რომელსაც უნდა, რომ მოსამართლემ მარჯვნივ და მარცხნივ არ გაიხედოს, მას უნდა შეუქმნას პირობები.
მოსამართლის მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა დამოკიდებულია იმაზე, უზრუნველყოფილი იქნება თუ არა სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით?
- ეს არის პრინციპი მთელს მსოფლიოში. შევარდნაძის დროს იყო დაბალი ხელფასები, სააკაშვილმა გაზარდა ხელფასები და ეს იყო იმისთვის, რომ მოსამართლის და სახელმწიფო მოხელეების დამოუკიდებლობის ხარისხი გაზრდილიყო. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი.
თქვენ რომ საცხოვრებელი ბინა არ გაქვთ ბათუმში, ამით ხელი გეშლებათ? ანუ ქირას გიხდით სახელმწიფო...
- არაფერს არ მიხდის სახელმწიფო. მე ვიხდი ქირის თანხას. ერთი წელია ვცხოვრობ სასტუმროში, რაც ხელს მიშლის ნორმალურ მუშაობაში. თუ შენ 10 წელი მუშაობ ბათუმში, იქ უნდა ცხოვრობდე ოჯახით და ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებას უნდა ეწეოდე. ეს არის კანონით გათვალისწინებული. ბათუმში რომ ჩადის მოსამართლე სამუშაოდ 10 წლის ვადით, მას ჩემოდნის დასადგამი ადგილი უნდა ჰქონდეს. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ და ყველა მოსამართლე თანაბარ პირობებში უნდა იყოს.