თურქეთი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს

თურქეთი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს

თურქეთსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება. იმ შემთხვევაში თუ 1-ელ ივნისამდე ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ დააწესებს, თურქეთი ცალმხრივად შეწყვეტს ევროკავშირთან საემიგრაციო შეთანხმებას. მარტში თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, თუკი თურქეთი უკან მიიღებდა ლტოლვილთა ნაკადს, ევროკავშირი 6.3 მილიარდ ევროიან ფინანსურ დახმარებასთან ერთად, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე თურქეთთან სავიზო რეჟიმს გააუქმებდა.

თავის მხრივ ევროკავშირი აპირებს თურქეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხის 21 აპრილს განხილვას. როგორც ცნობილი გახდა, ევროკავშირი გააუქმებს უვიზო რეჟიმს, თუ თურქეთი შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთი მუშაობს ევროკავშირის წინაშე აღებული საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე.

„ეს ვალდებულებები ორმხრივია, თუ ევროკავშირი არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, არც თურქეთი განახორციელებს თავის მხრივ აღებულ ვალდებულბებს, ეს წარმოუდგენელია. ვერ ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, რომ ევროკავშირმა თავის ვალდებულებებზე უარი თქვას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ასე შორს მოვედით ამ შეთანხმებით. მჯერა, რომ ივნისამდე ევროკავშირი დააწესებს უვიზო რეჟიმს, სხვა შემთხვევაში, არც თურქეთი შეასრულებს თავის მხრივ ნაკისრ ვალდებულებებს“, - აღნიშნა აჰმედ დავუთოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ მარტში ევროკომისიამ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრი ავრომოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკომისია თურქეთის მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს. შესასრულებელ რეკომენდაციებს შორის აღნიშნულია მოქალაქეების პასპორტიზაციისა და თითების ანაბეჭდების აღების სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და არალეგალურ მიგრაციასთან გამკლავება.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიის მიგრაციული კრიზისის ფრონტის ხაზზე მყოფმა თურქეთის ხელისუფლებამ აჩვენა მტკიცე განზრახვა და დიალოგის მხარდაჭერა ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამ ანგარიშისა, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიგრანტების თემა არ არის ერთადერთი საკითხი, რის გამოც ევროკავშირი თურქეთთან მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რისი განხორციელებაც თურქეთს ევალებოდა, ეს იყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც თურქეთს სრულად არ აქვს შესრულებული. თუკი ტექნიკური მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება.

ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესი იქნება რთული, მაგრამ კონსენსუსი მიღწეული იქნება, ვინაიდან ევროკავშიირის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, თურქეთთან ერთად მოაგვარონ მიგრანტების პრობლემა, რომ ეს ნაკადი არ დაიძრას ევროპისკენ. მისივე თქმით, ეს ერთობლივად მოსაგვარებელი საკითხია და ამ შემთხვევაში ევროკავშირი თურქეთს მარტო არ დატოვებს.

„ევროკავშირის მხრიდან იყო დაპირება, რომ თუ შესრულდებოდა მიგრანტების პრობლემა, თურქეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმედებოდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი არ აპირებს თურქეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. თურქეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების გაფორმებას ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ თავის დროზე, რამდენად შესრულებადი იყო ეს ყოველივე. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე გასაკვირი არ არის. მაინც არ მგონია, რომ პროცესი ასე შორს წავიდეს. გამომდინარე იქედან, რომ შეთანხმება იყო მიღწეული, არა მგონია, რომ ასე მოკლე დროში გააუქმონ შეთანხმება. ვფქრობ, რომ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდებიან. მით უმეტეს, რომ ევროკავშიირის წევრი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია თურქეთთან ერთად მოაგვარონ სირიიდან მიგრანტების პრობლემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში გარკვეული პრობლემები არსებობს, ვინაიდან, ვაჭრობა მიმდინარეობს როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ მხარეზე. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესი იქნება რთული, თუმცა მხარეები შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას.

„სავარაუდოდ, საკმაოდ რთული მოლაპარაკება იქნება, თუმცა პროცესი ორივე მხარისთვის მისაღები შედეგებით დასრულდება. სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ორივესთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება. ვხედვათ, რომ თურქეთს სერიოზული პრობლემა აქვს და მას სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა, თუნდაც სასაზღვრო ზოლში. ასევე, ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია ჰყავდეს თურქეთი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქოფანიძემ.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რატომაც ითხოვს საფრანგეთი და გერმანია ოფიციალური ანკარისგან აღებული ვალდებულების შესრულებას, ეს არის დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფა. მისივე თქმით, აშკარა იყო, რომ უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და პოლიტიკური მოტივით მასმედიის შევიწროვება, რამაც დემოკრატიული პროცესების შეფერხება გამოიწვია.

„ეს ყველაფერი აისახა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობაში. ბუნებრივია, რომ ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს იმ პროცესებზე, რაც თურქეთში ხდება. თურქეთი დაინტერესებული უნდა იყოს შეასრულოს ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ევროკავშირი ასრულებს მიღწეულ შეთანხმებას. დემოკრატიული ფასეულობების დაცვა არის ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც თურქეთმა უნდა შეასრულოს და რომელზეც ევროკავშირი უბრალოდ, თვალს ვერ დახუჭავს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.