„Московский комсомолец“ ალიევის განცხადებას ავრცელებს, თითქოს 2008 წელს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა სთხოვა

„Московский комсомолец“ ალიევის განცხადებას ავრცელებს, თითქოს 2008 წელს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა სთხოვა

რუსული გამოცემა „Московский комсомолец“-ი ილჰამ ალიევის სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, თითქოს 2008 წელს სააკაშვილმა ალიევს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა სთხოვა.

აღნიშნულ გამოცემაში მიმოხილულია მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებასთნ დაკავშირებული მოვლენები, მოცემულია სამხედრო დაპირისპირების შესაძლო განვითარების პერსპექტივა და სიტუაცია შედარებულია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებთან.

კერძოდ, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „აშკარაა, ყარაბაღის კონფლიქტის „გამოღვიძება“ და მისი „გადნობა“ ყველაზე მეტად სომხეთსა და თვით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აინტერესებს, მაგრამ ეს არ აწყობს აზერბაიჯანს, რომელსაც მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვს დაკარგული. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ავანტიურებში ვერ დაადანაშაულებ, არის იმის მაგალითები, თუ როგორ შეიკავა მან თავი, რომ სხვადასხვა რთულ სიტუაციებში არ ჩარეულიყო. მაგალითად, ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით დაურეკა აზერბაიჯანის ლიდერს და შეეცადა იგი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით გადაებირებინა, მაგრამ ილჰამ ალიევმა თავის ქართველ ექსცენტრიკულ კოლეგას აუხსნა, რომ ბაქოს მშვენიერი ურთიერთობები აქვს მოსკოვთან და ამიტომაც სარისკო ნაბიჯს არ გადადგამს. სხვათა შორის, ეს ისტორია თვითონ ილჰამ ალიევმა უამბო ერთ-ერთ დასავლელ მაღალჩინოსან დიპლომატს.
ახლა კი რა ხდება? როგორც ჩანს, ეს არ არის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მცდელობა მთიანი ყარაბაღის დაბრუნების მიზნით. ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ომს და, თუ მასში რუსეთი და თურქეთი ჩაერევა, მით უმეტეს, ბაქომ მშვენივრად იცის, რომ ელვისებურ „ბლიცკრიგს“ ვერ განახორციელებს“.

რას ნიშნავს ილჰამ ალიევის სკანდალური განცხადება აგვისტოს ომიდან თითქმის რვა წლის თავზე და, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ხომ არ ცდილობს ალიევი რუსეთის გულის მოგებას?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საინტერესოა, ვინ იყო მომსწრე იმ საუბრის, როცა თითქოს ალიევს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა სთხოვა?! მართალია, სააკაშვილის დროს კეთდებოდა ასეთი ექსტრაორდინარული და პიკანტური განცხადებები, მაგრამ მაინც საეჭვოა, სააკაშვილს ასეთი რამ შეეთავაზებინა ალიევისთვის, მოდით, ერთად ვეომოთ რუსეთსო. შესაძლოა, სააკაშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას სთხოვა დიპლომატიური დახმარება, ჩვენს გვერდით დადგომა, როგორც ეს მოხდა ევროპელი ლიდერების საქართველოში ჩამოსვლისას. ასე რომ, სულ მცირე, ალიევის ნათქვამის ჭეშმარიტება იმ დასავლელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმაც უნდა დაადასტუროს, ვისაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამის შესახებ წლების წინ ესაუბრა.

„მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი თავის ემოციურ სტილში ალიევს მხარდაჭერას სთხოვდა. ალიევის ნათქვამის სისწორე და ფართომასშტაბიან ომში ჩართვის შეთავაზება რომც ვირწმუნოთ, მაშინ აზერბაიჯანი დაკარგავდა ორ იმდენს, რაც დაკარგა. რასაკვირველია, რუსეთი ომს არ დაუწყებდა აზერბაიჯანს, მაგრამ სომხეთი გააგრძელებდა ომს რუსული იარაღით, რუსი მრჩევლებით და შესაძლოა, ბაქომდეც მისულიყვნენ.

როგორია ალიევის მოტივაცია, რომ მაინცდამაინც ახლა, აგვისტოს ომიდან 8 წლის თავზე, როცა უკვე 4 წელია, მიშა აღარ არის პრეზიდენტი, აგვისტოს ომის დეტალები გაიხსენოს?! ალიევი დღეს არცთუ სახარბიელო სიტუაციაშია, ახლა მან ტერიტორიის 200-300 მეტრი დაიბრუნა და ცდილობს, აქედან მეტი დივიდენდი მიიღოს. გარდა ამისა, თვითონ რუსეთიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სომხურ პრესას რომ გადაავლოთ თვალი, იქ ნახავთ გაცოფებას, როგორ, ჩვენ რუსეთის ასეთი ერთგულნი ვართ და ამ დროს კონფლიქტის დღეებშიც და შემდეგაც რუსეთი მძიმე შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს?! ორივეს აიარაღებს რუსეთი, ესეც რუსული ხელწერაა. არც პუტინი იყო, არც - ელცინი, მაგრამ საქართველოში სამოქალაქო ომის დროს რუსები იარაღით ერთნაირად ამარაგებდნენ გამსახურდიასაც და კიტოვანის გვარდიასაც, ოღონდ ეხოცათ ერთმანეთი. ახლა კი ალიევი ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გადაიბიროს თავის მხარეს რუსეთი.

ალიევი სულელი არ არის და იცის, რომ რუსეთი სომხეთთან არ გაწყვეტს ურთიერთობას, მაგრამ მტრადაც არ უნდა მოიკიდოს რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ალიევმა მშვენივრად იცის, ვის გამო დაკარგა აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი და ის დერეფანი, რომელიც სომხეთს აკავშირებს მთიან ყარაბაღთან. ის დერეფანი რომ არა, მთიანი ყარაბაღი ერთ დღესაც ვერ გაძლებდა და შიმშილით ამოწყდებოდა ყველა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, ეს ჩვენთვისაც მაგალითი უნდა იყოს, რადგან რუსეთზე განაწყენებული ყველა ქვეყანა, იაპონელებიდან დაწყებული, აზერბაიჯანელებით დამთავრებული, მაინც ცდილობს, დიალოგის არხები მთლიანად არ გადაკეტოს. ასევე იქცევა იაპონიის პრემიერი, რომელიც ჩადის რუსეთში, შემდეგ პუტინიც ეწვევა იაპონიას, ახლა კი ლავროვია ჩასული ამ ქვეყანაში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა როგორმე იაპონელებმა კიდევ არ წამოაყენონ ტერიტორიული საკითხი. თუმცა იაპონიის პრემიერი მაინც დააყენებს ამ საკითხს. ასევე, აზერბაიჯანიც დაუტკბა რუსეთს, თუმცა მშვენივრად იცის, ვის უნდა „უმადლოდეს“ მილიონ ლტოლვილს და 7 უდიდესი რეგიონის დაკარგვას.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, თუ რა შესთავაზა სააკაშვილმა ალიევს, ამის თაობაზე თავად სააკაშვილმა უნდა განმარტოს. გამორიცხული არ არის, ალიევმა სხვანაირად გაიგო მისი ნათქვამი. თუმცა სააკაშვილის ხასიათისა და იმპულსურობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ასეთი შეთავაზება. ვაჟა ბერიძისთვის ერთი რამ ცხადია, სააკაშვილმა პრობლემები შეუქმნა ყველას, მათ შორის, დასავლეთს, რომლის მოკავშირედაც თავი დღემდე მოაქვს და დასავლეთის ნდობით აღჭურვილი პირი რომ არ იყოს, არ შეასრულებდა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს უკრაინაში.

„რას და როგორ აკეთებდა სააკაშვილი, ეს ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების თავსატეხია, მათ შორის, შეერთებული შტატების პრობლემაცაა. რა გაუკეთა მან დასავლეთს ამ რეგიონში და დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორების საქმიანობის გამო, განსაკუთრებით, მუსლიმანურ სამყაროში რატომ არის შელახული დასავლეთის ავტორიტეტი?! უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი აქვს დასავლეთს და თვითონვე გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს კაცი, რომელმაც 2008 წლის ავანტიურა წამოიწყო, რასაც მოჰყვა რუსეთის შემოჭრა საქართველოში და ომი, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა. ერთ მშვენიერ დღეს ამერიკელები, ალბათ, დაფიქრდებიან სააკაშვილის წარსულ ნაბიჯებზე და იმაზეც, რატომ მოჰყვება პროდასავლელი სააკაშვილის საქმიანობას რუსეთის წარმატებები? როგორი იყო დასავლეთის პრესტიჟი სააკაშვილის მოსვლამდე, როცა მთელი პოსტსაბჭითა ელიტა, ეროვნული მოძრაობა, ერი და ბერი მიისწრაფოდა დასავლეთისკენ, დღეს კი კრიტიკულად შეიცვალა ეს განწყობა. ფასადურობის, ზედაპირულობის შედეგია 200 პოლიტპატიმრის დაფიქსირება, 300 ათასი პრობაციონერისა და 28 ათასი პატიმრის არსებობა სააკაშვილისდროინდელ საქართველოში“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე და განმარტავს, რომ ალიევის წუხილი გასაგებია, მაგრამ თავად ალიევმაც კრიტიკულად უნდა გადახედოს თავის ქმედებებს საქართველოში, მჭიდრო თანამშრომლობას სააკაშვილთან, მასაც აქვს დაშვებული შეცდომები, თუნდაც იმავე აზერბაიჯანის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით საქართველოში, როცა საკმაო ანგარიში გაეწია ნაციონალებთან დაკავშირებულ ბიზნესმენთა ინტერესებს.

ამის მიუხედავად, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და, დღევანდელი კონფლიქტების ფონზე, ყველას დაავიწყდა ერთიანი მშვიდობიანი კავკასია, რომლის გარეშეც რეგიონში პერსპექტივა არ იქნება. აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ფონზე ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ, კეთილგონიერების შემთხვევაში, სულ რაღაც ათი წელი დასჭირდება ერთიანი კავკასიის საერთო სივრცის ჩამოყალიბებას, რომლის გარეშეც ვერც აზერბაიჯანი გამოიყენებს თავის ენერგეტიკულ რესურსებს, ვერც სომხეთი აღორძინდება და ვერც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.