„აღმოჩნდა, რომ თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა „ოდეერების“, - ასეთია თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორის, ლადო პაპავას განწყობა, რომელიც ირწმუნება, რომ თანამდებობიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე წავიდა.
ლადო პაპავა კიდევ ერთხელ იხსენებს იმ პერიპეტიებს, თუ როგორ დაიწყო პროცესები, როგორ გაერთიანდა სტუდენტების ორი ჯგუფი მოთხოვნით, რომ „ოდეერები“ უნივერსიტეტიდან უნდა წასულიყვნენ, მოგვიანებით კი, ორივე ჯგუფმა ერთდროულად მოითხოვა რექტორის გადადგომა. თუმცა, როგორც კი პაპავამ თანამდებობიდან გადადგომა დააანონსა, ყველა გაჩუმდა და „ოდეერის“ საკითხიც არავის გახსენებია.
აქედან გამომდინარე, ლადო პაპავა ასკვნის, რომ ეს მის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო, რისთვისაც სტუდენტების ნაწილი საშიმშილოდ დასვეს. ეს მაშინ, როცა უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები მხოლოდ სამჯერ ჩატარდა, როდესაც პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს რექტორად, შემდეგ - ივანე ჯავახიშვილი, მესამე კი, რიგით 28-ე რექტორი თავად ლადო პაპავა აღმოჩნდა და „ის იყო პიროვნება, რომელიც ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა“. ამ სამეულისგან განსხვავებით კი, დანარჩენი რექტორები სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე ინიშნებოდნენ.
რამდენად მართალია ლადო პაპავა, რომ ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს და რას შეეწირა ლადო პაპავას თანამდებობა? ვერსები მრავალგვარია, დაწყებული „ოდეერიდან“, დამთავრებული „გაზპრომით“. ხელისუფლებისგან წამოსული პირველი სუსხი კი პაპავამ მაშინ იგრძნო, როდესაც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება ჩინოვნიკთა ლობირებით იგეგმებოდა.
რაც შეეხება „გაზპრომს“, შესაძლოა, ლადო პაპავას ძვირად დაუჯდა 14 იანვარს გაკეთებული ხმაურიანი განცხადება: „თუ საქართველო „გაზპრომის“ წინადადებებს დათანხმდება, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული“. საკუთარ მოსაზრებას ლადო პაპავა იმით ხსნიდა, რომ 2015 წელს სომხეთი შეუერთდა ევრაზიულ კავშირს, ხოლო ევრაზიული კავშირის უმთავრესი გამაერთიანებელი ბერკეტი იყო ენერგეტიკა და ენერგეტიკულ წყაროებზე ფასები, რომელსაც რუსეთი აწესებდა. შესაბამისად, თუკი ჩვენ გადავწყვეტდით გაზის შეძენას რუსეთისგან, რუსეთი ჩვენთვის გაზის საფასურს გაზრდიდა, რადგან ჩვენ არ ვიყავით ევრაზიული კავშირის წევრები. ამით ჩვენი ენერგეტიკული ბალანსიდან 12%-ს დავკარგავდით ნატურაში, ხოლო მის სანაცვლოდ მიღებული ფული არ გვეყოფა იმისთვის, რომ სამყოფი გაზი გვეყიდა. ეს საქართველოსთვის წამგებიანი სვლა იქნებოდა იმის გათვალოწინებითაც, რომ ენერგეტიკაში, როგორც ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში, ფასები ცვალებადი იყო, ხან მაღლა იწევდა, ხან - დაბლა.
დღეს ლადო პაპავა გადადგომის მიზეზებზე ვრცლად არ საუბრობს და პირობას დებს, რომ უნივერსიტეტში არსებულ კოაბიტაციაზეც მომავალში აუცილებლად ისაუბრებს, მაგრამ საინტერესოა, იყო თუ არა მავანთათვის პრობლემა თავად ლადო პაპავას რექტორობაში თუ პირადად მასში იყო პრობლემა?
ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფაქტია, ლადო პაპავას არ ჰქონდა მხარდაჭერა არც შიგნიდან და არც გარედან, რის გამოც გადადგა კიდეც.
სიმონ ჯანაშია ერთსაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პაპავას სხვა პრობლემებიც ჰქონდა, რის შესახებ ჩვენ არ ვიცით, თუმცა რექტორის არჩევნებში სახელმწიფო არ ჩარეულა და გარედან ისე ჩანდა, რომ თავად უნივერსიტეტმა აირჩია ლადო პაპავა. უბრალოდ, ამ ადამიანს ძალზე ცოტა დრო ჰქონდა რაღაცის შეცვლისთვის ან საერთოდ, არ სურდა რაიმე შეეცვალა უნივერსიტეტში.
„მე მგონი, „ოდეერის“ პრობლემა არსებობს უნივერსიტეტში. სერიოზული პრობლემა და ტოტალიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი მართვის ფორმაა, როდესაც უშიშროება მიუჩენს ადამიანს ან რომელიმე ორგანიზაციას კონკრეტულ პიროვნებას, რომელსაც შეუზღუდავი უფლებები აქვს და შეუძლია, აკონტროლოს, დირექტივები გასცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებზე, ჩაერიოს მართვაში და, ამავდროულად, არ ჰქონდეს არანაირი პასუხისმგებლობა საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე. ამ დროს კი, თავად უნივერსიტეტს ანგარიშვალდებულება გააჩნია საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ, ფინანსური მართვის ნაწილში უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს ექვემდებარება. წესით, ეს საგანმანათლებლო ორგანო უნდა ექვემდებარებოდეს უნივერსიტეტის შიდა საზოგადოებას, რომელიც მას უნდა აკონტროლებდეს სხვადასხვა მართვის ორგანოთი, მათ შორის, აკადემიური საბჭოთი.
უშიშროების მიერ უნივერსიტეტის მართვის მცდელობა კი ნიშნავს იმას, რომ ისინი არც საზოგადოებას ენდობიან, არც განათლების სამინისტროს და არც თავად საუნივერსიტეტო საზოგადოებას. ეს საერთო პრობლემაა ყველასთვის. რექტორის გადადგომა არასდროს არ არის გამოსავალი, თუკი პრობლემა პრობლემად რჩება.
ბატონ ლადოს, ალბათ, უნდა გაეკეთებინა განცხადება, რა პრობლემის გამო გადადგა. ცხადია, დაპირისპირება იყო სტუდენტებს შორის, ასევე - სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, მაგრამ არ ჰგავდა, რომ ეს აქციები მაინცდამაინც პაპავას წინააღმდეგ იყო მართული, რადგან სტუდენტების რაღაც ნაწილი ითხოვდა, პაპავა არ უნდა გადამდგარიყო“, - აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.
ამასთან, განმარტა, შესაძლოა, რექტორმა ვერ შეძლო ისეთი სტუდენტების დარწმუნება, რომლებიც მართულნი არ იყვნენ, რადგან შეუძლებელია, მთელი სტუდენტობა ვინმესგან მართული იყოს. მისივე აზრით, თუკი ამ დაპირისპირებას უფრო ფართოდ შევეხებით, აღმოჩნდება, რომ სტუდენტები ზოგადად უკმაყოფილონი იყვნენ განათლების ხარისხით და ისინი იყენებდნენ „ოდეერების“, თვითმმართველობის თემას განათლების პრობლემის წამოსაწევად, დანარჩენი ყველაფერი დეტალებია.
სიმონ ჯანაშიას თქმით, ცხადია, იარსებებს ბევრი ინტერესი უნივერსიტეტის თემის გარშემო, პოლიტიკური პარტიებიც შეეცდებიან, გამოიყენონ ეს დაპირისპირება, შესაძლოა, უშიშროებასაც ჰქონდეს თავისი ინტერესები, მაგრამ ფაქტია, რომ ძირი ამ ყველაფრისა არის სტუდენტების უკმაყოფილება სწავლების ხარისხით და იმით, თუ როგორ იმართება უნივერსიტეტი, როგორ ნაწილდება ფინანსები.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ოდეერების“ თემა იმთავითვე წამყვანი იყო და სტუდენტების დიდი უკმაყოფილებაც მოჰყვა ამ პრობლემას, შემდეგ თითქოს მინელდა ეს საკითხი, მაგრამ ახლა ისევ წამოჭრეს სტუდენტებმა „ოდეერების“ საკითხი და ის ფაქტი, რომ სუს-ის თანამშრომლებმა მათ ბინებში მიაკითხეს.
„ბატონი ლადო თვითონ არ ამბობს ბოლომდე რაც მოხდა. ჩემი აზრით, ბატონ ლადოს იქ რაღაცები არ უნდა დაეთმო და ისეთ ტალღაზე იყო მოსული, რომ კოაბიტაციის პროცესი ნაციონალებთან უნივერსიტეტში არ უნდა დაეშვა, მაგრამ სახელმწიფოს კურსი იყო ასეთი და ბატონი ლადოც მიჰყვა ამ კურსს. სამწუხაროდ, ასე ცუდად მოტრიალდა ყველაფერი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დარჩა ისეთი ხალხი, რომელიც ნაცმოძრაობასთან ძალზე მჭიდრო და ცუდ კავშირშია შემჩნეული. „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნაშიც არის ეს პუნქტი, რომ „ოდეერების“ საკითხი გამოიძიონ. ჩემი აზრით, ეს გამოძიებას არც საჭიროებს, უბრალოდ, უშიშროებამ უნდა ახსნას, სჭირდება თუ არა უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობა და დაასაბუთოს, კი ან არა“, -აცხადებს გიორგი ოთხმეზური, რომლის აზრითაც, უნივერსიტეტი ავტონომიას საჭიროებს, უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოსგან ჩარევა და აქ არ უნდა იყოს თვითმმართველობა, რომელიც დაახლოებით კომკავშირული ორგანიზაციაა, რომლის გამოყენებასაც ყველა ხელისუფლება ცდილობს.
რაც შეეხება ლადო პაპავას შედარებას პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის დამოუკიდებლობის ხარისხთან, გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ შესაძლოა, დანიშნული რექტორი იყო ილია ვეკუა, მაგრამ ძალიან კარგი რექტორი იყო. ასეთივე გახლდათ ნიკო კეცხოველიც და არც როინ მეტრეველის დანიშვნა მომხდარა ზემოდან.