მთიან სოფლებში საშეღავათო განცხადებები დიდი სისწრაფით ივსება

მთიან სოფლებში საშეღავათო განცხადებები დიდი სისწრაფით ივსება

მთის კანონის ნაწილობრივ ამოქმედებას რეგიონებში დიდი აქტიურობა მოჰყვა. გამგეობებში უკვე ასობით განაცხადია შესული. მას შემდეგ, რაც კანონი სრულად შევა ძალაში მიმართვიანობა პიკს მიაღწევს. შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება მოუწევს.

2015 წლის 14 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა. სია საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. ეს სტატუსი დასახლებებს 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. 10 წლის შემდეგ კი, კანონის მოქმედების შედეგებიდან გამომდინარე, გადაისინჯება დასახლებული პუნქტების სია.

კანონის მთავარ მისიას წარმოადგენს მთის დაცლის პროცესის შეჩერება, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფლის მოსახლეობა თითქმის 24 პროცენტითაა შემცირებული.

დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ გამგეობაში მოქალაქეების მიმართვიანობა იანვრიდანვე დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტეში შექმინლია საბჭო, რომელიც თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად განიხილავს. ჩოხელი აცხადებს, რომ გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს განხილვა არ გააჭიანუროს და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მოქალაქეებს რაც შეიძლება სწრაფად მიანიჭოს.

იანვრიდან დღემდე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 300 ინდივიდუალური მიმართვა განიხილა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი დასახლებული ობიექტია, რომელიც მთის კანონით დადგენილ ნუსხაში შედის და რომლის მოსახლეობასაც შეღავათებით სარგებლობა შეუძლია.

მესტიის გამგებლის ინფორმაციით, კანონის ამოქმედების დროისთვის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სამინისტროდან მიიღო იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, ვინც კანონის ბენეფიციარია. კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ ფორმით სტატუსი 5 ათასზე მეტ ადამიანს მიენიჭა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ მიმართვებს, მესტიის გამგებელი ამბობს, რომ ამ დრომდე დაახლოებით 200-მდე მიმართვაა გამგეობაში შესული. ეს ის პირები არიან, რომლებიც სამინისტროების მიერ გადმოგზავნილ ნუსხაში ვერ მოხვდნენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი და შესაბამისად, შეღავათები სახელმწიფოსგან მათაც ეკუთვნით.

კახა ჟორჟოლიანი მიმართვიანობის გაზრდას სექტემბრისთვის ელოდება, როდესაც ასაკით პენსიონერების პენსია გაიზრდება.

მიმართვიანობა აქტიურია ადიგენის მუნიციპალიტეტშიც, სადაც მთის კანონის შეღავათები 33 დასახელბულ პუნქტზე ვრცელდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება მთაში მცხოვრები მოქალაქის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია.

მაღალ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვანი შეღავათები უწესდება. გაიზრდება პენსია და სოციალური დახმარება, დენის გადასახადზე სუბსიდია დაუწესდება, ხოლო იქ მომუშავე პედაგოგებისა და მედპერსონალის ანაზღაურება თვალშისაცმად მოიმატებს.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ. მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას. ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტიც 20%-ით გაიზრდება. ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანონი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აწესებს.