ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში ევროკავშირი ახალი პირობების ჩადებას არ აპირებს

ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში ევროკავშირი ახალი პირობების ჩადებას არ აპირებს

„ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს“, - წერს გერმანული დი ველტი“. გამოცემა ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი პირობები შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც.

ე.წ. გადადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა. როგორც გამოცემა წერს, საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შს მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.

ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ამბობს, რომ საქართველომ გადაჭარბებით კარგად შეასრულა ვიზალიბერალიზაციით დაკისრებული მოთხოვნები და ამ მიღწევების აღიარების მოლოდინშია.

„აღნიშნულის შესახებ ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია და ნამდვილად ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება აღნიშნული მუხლი დამატებით იქნას ჩადებული რაიმე ფორმატში ჩვენთან მიმართებაში. საქართველომ გადაჭარბებით კარგად შეასრულა ის მოთხოვნები, რომელიც დაკისრებული ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და შესაბამისად, ძალიან ცხადი მოლოდინია, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ახლა ჯერი არის ევროკავშირის პარლამენტზე და ევროკავშირის საბჭოზე, რომ მოხდეს ამ მიღწევების აღიარება“, - აცხადებს გიგი გიგიაძე.

რაც შეეხება მიგრანტების საკითხს, რის გამოც ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს, დევნილთა და განსახლების მინისტრი, აცხადებს, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას სრულად ასრულებს.

„არა მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე და ეს გადაწყვეტილება არის დადებითი საქართველოსთვის. რაც შეეხება მიგრანტებთან დაკაშირებით საქართველოს ვალდებულებას, საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, რაც კი საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მსჯელობს, არაფერი სმენია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. თედო ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საქართველოს საკითხი თურქეთისა და უკრაინის საკითხს მიებას.

„გერმანული გამოცემა ძირითადად ეყრდნობა წყაროს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამგვარ მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი მსჯელობს, რომ კიდევ ახალი შეთავაზება გაუკეთონ საქართველოს, არაფერი მსმენია. გერმანული გამოცემის ინფორმაცია რჩება მხოლოდ ინფორმაციად, რომელსაც ყოველდღიურად ავრცელებენ გაზეთები. ყველაფერი გაირკვევა მიმდინარე კვირაში, როდესაც ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა გაიმართება“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

„საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის საკითხს შესაძლოა, რაღაც პიროებები დაემატოს, თუმცა გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, რომლის განცხადებით, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადს, საქართველო კი, ლტოლვილების სატრანზიტო ქვეყანა არ არის.

„დანარჩენი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის, უბრალოდ დართულია ამ ინფორმაციაში. საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთისდან ლტოლვილების ნაკადს. ამ თვალსაზრისით კი, უპირველესად თურქეთია ევროპისთვის კრიტიკული მომენტი. ამ თვალსაზრისით საქართველოს ჩართვა ამ პროცესში წარმოუდგენლად მიმაჩნია. შესაძლებელია, რაღაც პიროებები დაემატოს და ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. მისივე თქმით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ტექნიკური ვალდებულება, რაც გაწერილია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში.

„საერთოდ არ მგონია, რომ აუცილებელი იყოს რამე წინაპირობის ჩადება. რაც შეეხება იგივე მიგრაციის თემას, გასაგებია, რომ თურქეთს უნდა მიეღო დიდი რაოდენობით მიგრანტები სირიიდან, მაგრამ არ ვიცი რა წინაპირობა უნდა წაუყენონ კოსოვოს და საქართველოს. „დი ველტი“ არ გამოხატავს ოფიციალურ პოზიციას, მაგრამ ერთმინშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს არ იქნება მიგრაციის საკითხი.

თუკი საუბარია იმაზე, რომ გერმანიას და საფრანგეთს ჰქონდა პრობლემა ქართველ კრიმინალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ეს მარტო ქართველებს არ შეეხება. შეიძლება თვითონ ევრკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებიც ჩადიოდნენ ამგვარ დანაშაულს ევროკავშირის ტერიტორაზე. არის ვალდებულების შესრულების ტექნიკური პროცესი და მერე უკვე არის პოლიტიკური. საქართველო ტექნიკურიდან უკვე გადავიდა პოლიტიკურში, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ პრობლემა არ იქნება და ყველანაირი წინაპირობის გარეშე მივიღებთ უვიზო მიმოსვლას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.

ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში ახალი პირობების ჩადების შესახებ,ინფორმაცია არ აქვს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს რომლის განცხადებით, თუკი რაღაც ეტაპზე რისკები გაიზარდა, ევროკავშირს აქვს უფლება, რომ ამ საკითხს გადახედოს.

„თორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ საფრთხეს ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, იმიტომ რომ პროცედურულად 21 აპრილს კომიტეტზე უნდა მოხდეს საკითხის განხილვა, შემდეგ იგივე კომიტეტმა უნდა უყაროს კენჭი და შემდეგ უნდა გავიდეს პლენარულზე. საფუძველს მოკლებულია შიში, რომ ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში ახალი პირობების ჩადება მოხდება. დღევანდენი მონაცემებით ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, მაგრამ რა იქნება სამომავლოდ, როგორ განვითარება პროცესები ევროკავშირში და საქართველოში, ამაზე საუბარი რთულია. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით პროცესს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.