„61% არ ნიშნავს იმას, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ჩამოყალიბებულები არ იქნებიან. თუმცა, შეიძლება რაღაც ნაწილი არ წავიდეს არჩევნებზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, პოლიტიკუმა პარტიებმა ამ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოყენება დაიწყეს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის.
for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნება“ გეგმავს საზოგადოებას წარუდგინოს პარტიის მიერ ჩატარებული შიდა კვლევები. ნდობის თვალსაზრისით შიდა კვლევის გამოქვეყნებას ეფექტი ექნება?
ზაალ ანჯაფარიძე: ნებისმიერ ინფორმაციას, ალბათ, აქვს თავისი ღირებულება. თუ პარტია გამოაქვეყნებს თავის შიდა კვლევას, რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ამას ექნება გარკვეული მნიშვნელობა. ვინ როგორ შეხედავს მას, ნდობით მოეკიდება თუ უნდობლობით, ეს ცალკეული ადამიანების გადასაწყვეტია.
თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებდა მის მიერვე დაფინანსებული და შეკვეთილი კველვების შედეგებს, რაც გარკვეულწილად მუშაობდა საზოგადოების ინფორმირებისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების კუთხით. ერთ ნაწილს უქმნიდა იმის განცდას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო უპირობო ლიდერი. არ ვიცი ეს კვლევა გამოქვეყნდება თუ არა, მაგრამ თუ გამოქვეყნდება საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.
საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს, თუმცა, ეს ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევას ენდობა...
- ეს ორგანიზაცია თავის საქმეს აკეთებს. იმ მეთოდოლოგიით ატარებს კველვას, რომელიც მას მიაჩნია საჭროდ. ვინ არის ამ პროდუქტის მომხმარებელი? - საზოგადოება. შესააბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მისი ავკარგიანობა. რასაც მე ვკითხულობ და ვისმენ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი დიდი ნდობით არ ეკიდება ამ კვლევას. შეიძლება იმიტომ, რომ ვიღაცას შედეგები არ მოსწონს.
მიუხედავად იმისა, რომ შედეგებისადმი არის ასეთი უნდობლობა, შეიძლება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად, რასაც აკეთებს უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, ლეიბორისტები...
- შეიძლება კი არა, უკვე დაწყებულია ამ კვლევების გამოყენება და ალბათ, ნახეთ მათი კომენტარებიც. „თავისუფალი დემოკრატებმა“ თქვეს, რომ მათი რეიტინგი იზრდება, გამოვიდნენ ნაციონალები და თქვეს, რომ ამ კვლევების შედეგებით ჩვენ მოვიგებთ არჩევნებსო. დაახლებით იგივე განცხადება გააკეთეს იმ პარტიებმაც, რომლებისთვის ამ კვლევის შედეგები პოზიტიური გზავნილი იყო. რა თქმა უნდა, გამოიყენებენ იმიტომ, რომ მერე, თუკი არჩევნებზე ვერ მიიღებენ მათთვის სასურველ პროცენტებს, იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდაო და მოტივად მოყვანენ კვლევას.
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამ კვლევის მიზანი არის პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა ქვეყანაში?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, აქ ყველანაირი ვარაუდის დაშვება შეიძლება. მაგრამ ფაქტია, რომ პარტიები იყენებენ ამ კვლევის შედეგებს და მხედველობაში მყავს ის პარტიები, რომელთა მიმართ კვლევა კეთილგანწყობილია და სხვებთან შედარებით უწერს მაღალ პრცენტებს. ისინი ამას იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ფაქტი, რომელიც კარგად ჩანს.
როდესაც კვლევა კეთილგანწყობილია კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს ადასტურებს, რომ NDI-ის მიერ წარმოდგენილ კვლევას პოლიტიკური დატვირთვა აქვს?
- საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული ყველა კვლევა, ერთი მხრივ ემსახურება იმას, რომ ასახოს საზოგადოების განწყობები, დაანახოს პოლიტიკოსებს თუ როგორია ხალხის დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის, ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები და გავხსნათ ფრჩხილები. ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელიც აქ ტარდება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაატარებს NDI, IRI თუ სხვა ორგანიზაცია, გარკვეული დოზით მაინც ახლავს პოლიტიკური კომპონენტი. იმიტომ, რომ კვლევას ვიღაცა უკვეთავს და შესაბამისად, ეს ინტერესი შეიძლება იყოს პოლიტიკურიც.
იმისათვის, რომ საზოგადოება დარწმუნდეს NDI-ის სისწორეში, ალბათ, უნდა არსებობდეს ალტერნატიული კვლევის შედეგები. ხელისუფლება ვერ ჩაატარებს კვლევებს, მაგრამ შეუძლია ხელი შეუწყოს ალტერნატიული სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას...
- გეთანხმებით, მთავრობა ვერ დააფინანსებს ამ კვლევებს, მაგრამ შეუძლია ხელი შეუწყოს პროცესს, რომ ჩამოყალიბდეს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და მხარში დგომის მქონე სოციოლოგიური ორგანიზაციების კონსტრუქციუმი, რომელიც შეთანხმებული იქნება ერთიან მეთოდოლოგიაზე და ჩაატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვებს. ამის რესურსი საქართველოში არის. თუ ამისთვის თანხები გამოინახება, შესაძლებელია, რომ ჩატარდეს კვალიფიციური კვლევა.
რამდენად ობიექტური იქნება?
- მე ვვარაუდობ, რომ ეს გამოკითხვა იქნება ობიექტური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია თავის რეპუტაციას დააზიანებს და შემდეგში მას კვლევას აღარავინ არ შეუკვეთავს.
რაც შეეხება კვლევას, 61% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. რამდენად დიდია ეს მაჩვენებელი და სავარაუდოდ, ვისი ამომრჩეველი შეიძლება გახდეს ეს 61%?
- ყველა პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი შეიძლება გახდეს. როგორ შეიცვლება სიტუაცია არჩევნების წინ, პრინციპში, პროგნოზირებადია იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი ძვრები მოხდეს, გამოჩნდეს ახალი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ისეთივე შოკისმომგვრელი იქნება, როგორიც იყო თავის დროზე ციხის კადრები.
რამდენადაც ვიცი, მზადდება ფილმი წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობის პერიოდზე, მზადდება დოკუმეტი რომლის მიზანიც არის დაანახოს საზოგადოებას, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. დარწმნებული ვარ, რომ არც მეორე მხარე ზის გულხელდაკრეფილი და ისიც შეეცდება რაღაც ისეთი მოიმოქმედოს, რაც ხელისუფლების ავტორიტეტს და იმიჯს დააზიანებს.
გარდა ამისა, არჩევნების ბოლო დღეებში ხელისუფლებამ შეიძლება დაიწყოს ინტენსიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური შეღავათები. მაგალითად, ხელფასები მოემატათ მასწავლებლებს, ესეც არის გარკვეული პატარ-პატარა ნაბიჯები, რომლის მიზანია ამომრჩეველი თავისკენ გადმოყვანონ. ასე რომ, ეს 61% არის ის ხალხი, რომელიც ამ გამოკითხვის ჩატარების მომენტისთვის მკაფიოდ არ იყო დარწმუნებული თავის არჩევანში. 61% არ ნიშნავს იმას, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ჩამოყალიბებულები არ იქნებიან. თუმცა, შეიძლება რაღაც ნაწილი არ წავიდეს არჩევნებზე.
NDI-ის სიმპათიები რომ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იხრება ეს დასტურდება იმითაც, რომ დავით ბაქრაძე ლიდერობს ამ გამოკითხვებში...
- აქ მთავარია როგორ არის დასმული კითხვა. როცა ინტერვიუერი რესპონდენტს უსვამს კითხვას, რომელი პოლიტიკოსი მოსწონს, აქვე უთვლის გვარებს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას ბაქრაძე იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პიროვნებაა. საზოგადოებაში დიდ გაღიზიანებას და ნეგატიურ ემოციებს არ იწვევს, შესაბამისად, ვიღაცამ დაასახელა. მაგრამ არ გამოვრიცხავ ცდომილებების არსებობას.
ჩემთვის რთულია იმის ახსნა, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე როგორ მოხვდა დავით ბაქრაძე. ჩვენ არ ვიცით რას დებს რესპონდენტი მოწონების კითხვაში, რა კუთხით მოსწონს - გარეგნობით, საუბრის მანერით, ჩაცმულობით, მიხვრა-მოხვრით, თუ გაკეთებული საქმეებით? გეთანხმებით, რომ ბევრს გაუჩნდა კითხვა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კითხვის დასმის ფორმა. მოწონების ხარისხს ნამდვილად არ მივანიჭებდი დიდ მნიშვნელობას. თუმცა, პარტიებმა დაიწყეს ამ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოყენება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის.