დღეს კვირაა და ტრადიციულად მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. ტრადიციას არ დავარღვევ და სიტყვას კვლავ ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში „დაფიქსირებულ“ რამდენიმე „სახალისო-კრიმინალურ“ ისტორიას გაიხსენებენ.
„ისტორიების“ მოყოლას ბატონი ჯემალ ნინიძე დაიწყებს, რომელიც წინა საუკუნის სამოციან წლებში დაგვაბრუნებს.
„იმ რაიონში, რომლის მილიციაშიც მე ვმუშაობდი, მრავალი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა. ეს ისტორია, რომელიც ძალიან ცნობილ და პატივცემულ ქართველ ხელოვან (პროფესიას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ) ქალბატონს შეემთხვა, გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს მოხდა. ცნობილ ქალბატონს პირობითად ანიკო ვუწოდოთ.
ზაფხულის ერთ ცხელ დილას, მილიციაში ძალიან ცნობილმა ქართველმა მსახიობმა დარეკა და აღშფოთებულმა თავისი ყველასთვის ნაცნობი ხმით გვამცნო:
– ჩქარა, ჩქარა მოდით და გვიშველეთ, ანიკო გაგიჟდა!..
ხშირად გვირეკავდნენ ხოლმე უსაქმურები და გვატყუებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტყუილი გამორიცხული იყო, რადგან იმ მსახიობის სპეციფიკური ხმის ტემბრს, ვერავინ მიბაძავდა. ამიტომ, ცნობილ მისამართზე გავედით. მივედით და რას ვხედავთ – ღამის პერანგისამარა ქალბატონი ანიკო მეხუთე სართულის აივნის სქელ, ქვის მოაჯირზე ზის. შიშველი ფეხები გარეთ აქვს გაყოფილი. გვერდით, წყლით სავსე გრაფინი უდევს. ოთხი თითი პირში ჩაუდევს და გამაყრუებლად უსტვენს... დროგამოშვებით კი გრაფინს მოიყუდებს, წყალს სვამს და სტვენას აგრძელებს. ეზოში მთელი იმდროინდელი ქართული ბომონდია შეკრებილი და ერთხმად ევედრებიან, მოაჯირს მოშორდეს. ის კი თავისას არ იშლის და აგრძელებს სტვენას. ანიკოს ბინას რკინის კარი ჰქონდა და მას ვერ შევამტვრევდით. სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები რომ მოვიდნენ, ანიკომ ხმა ამოიღო და გადმოხტომით დაიმუქრა, თუ მის კიბით ჩამოხსნას შეეცდებოდნენ. თავად კი სტვენა განაგრძო... ისევ ჩვენ ვიყოჩაღეთ. ერთ-ერთი ჩვენი ოპერი მეექვსე სართულიდან ჩაძვრა ანიკოს ბინაში. ფეხაკრეფით მიუახლოვდა მას და მოაჯირიდან „მოხსნა“... ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. აბობოქრებული ანიკო ექიმებმა ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს, მეორე დილით კი, საღსალამათი გამოწერეს და ქალბატონი ანიკო სამსახურში დაბრუნდა.
ქალბატონი ანიკოს სიშმაგის საიდუმლო ის გახლდათ, რომ პაპიროსის მწეველმა ქალმატონმა, რომელიც იმ დილით მარტო იყო სახლში, ახალგამოღვიძებულზე, ტრადიციულად, ყავა მოიდუღა და პაპიროსი მოისაკლისა. ძებნა დაუწყო. შვილიშვილის მაგიდის უჯრაში იპოვა და გააბოლა... პაპიროსი „ყაზბეგის“ ღერში კი ცნობილი გუდაუთური „პლანი“ იყო „შეკეთებული“, რომელიც ცნობილმა ქალბატონმა ბოლომდე „ჩაკლა“ ... შემდეგ რაც დაემართა, უკვე მოგიყევით...“
შემდეგი სტუმარი ბატონი თემურ დოლიძე იქნება, რომელიც „მილიციონერული ცხოვრების“ შიდა სამზარეულოში ჩაგვახედებს.
მთელი ჩვენი მილიციის განყოფილება რესტორანში აღნიშნავდა ჩვენი უფროსის დაბადების დღეს და, იმდენი ღვინო დავლიეთ, ერთმანეთს ვერ ვარჩევდით. ჩემი მეგობარი მერაბ კოკაია „შნუროკივით“ იყო და უფროსმა მისი სახლში წაყვანა მიბრძანა. ტაქსი გავაჩერე, მერაბი მანქანაში ჩავდე და რამდენიმე წუთში საცხოვრებელ კორპუსთან მივედით. ჩემი მეგობარი „გადმოვიღე“ და ზურგზე ავიკიდე, მაგრამ, ჰაერმა რომ დამარტყა, უფრო დამიბნელდა თვალებში, თუმცა სადარბაზოში შესვლა მაინც მოვახერხე, ჩემი „ბარგი” მეოთხე სართულზე ავიტანე; ბინის ღია კარში შევედი, საძინებელში შევიყვანე, ვიღაც მძინარე ქალს მივუწვინე გვერდით და უკან გამოვბრუნდი...
მეორე დღეს „პახმელიაზე” გამოსასვლელად დავურეკე მერაბს და ხაშზე დავპატიჟე.
– რა ხაში, ფეხი მაქვს ნაღრძობი. ვერ დავდივარ. რას მერჩოდი, ბიჭო?! – შემომჩივლა მერაბმა და დაამატა: – ოთხი სართული სულ კისრისტეხით ჩავიარე. თან, ისე მაქვს ცხვირ-პირი დალილავებული, ფეხიც რომ არ მტკიოდეს, ქუჩაში მაინც ვერ გამოვჩნდები...
ერთი სიტყვით, შემშლია და მერაბი გვერდით სადარბაზოში ამიყვანია, სადაც მძინარე ქალს იმიტომ ჰქონდა კარი ღიად დატოვებული, რომ ღამის ცვლიდან დაბრუნებულ მეუღლეს ბრახუნი არ აეტეხა და არ გაეღვიძებინა. მერაბს კი, მე რომ წავსულვარ, უცხო ქალი ცოლი ჰგონებია, წაპოტინებია და, სწორედ მაშინ დაუჟეჟავს შეურაცხყოფილ დიასახლისს ჩემი მეგობარი ცომის გასაბრტყელებლით და კიბეებზე ჩამოუგორებია...
მართალია, ყველაფერი რომ გაირკვა, ინციდენტიც ამოიწურა, მაგრამ მერაბი სამი კვირის განმავლობაში იშუშებდა ჭრილობებს და მას მერე ასე უგონოდ აღარ დამთვრალა...
ბატონი გურამ ლაბაძე ერთი ცნობილი ბოროტმოქმედის დაკავების ამბავს გაიხსენებს.
„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში სამეგრელოში ვმუშაობდი ოპერმუშაკად. იმ პერიოდში, გვარს არ დავასახელებ და, მთელი სამეგრელო-აფხაზეთი ერთ მოუხელთებელ ყაჩაღს ჰქონდა აკლებული, რომელზეც საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული.
ერთ დღეს მე და ჩემი ახალბედა მეწყვილე, გურამ შანიძე, გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონში პატრულირებას ვახორციელებდით. გურამი თბილისელი იყო, უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული და ბრწყინვალე მომავალი ესახებოდა. მიუხედავად ამისა, მან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მილიციაში დაიწყო მუშაობა და ჩვენს რაიონში გაამწესეს. აგვისტოს ცხელი დღე იყო და, ერთი სული გვქონდა, ჩრდილს შევფარებოდით.
საჭეს გურამი უჯდა და, ერთ-ერთ შარაზე რომ გავედით, ჩვენ წინ მიმავალ, საშუალო სიმაღლის ოცდაათიოდე წლის ხშირწვერიან მამაკაცს მოვკარით თვალი, რომელსაც ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ჩვენს შემხვედრად მოძრაობდა. მანქანა გავაჩერეთ და ვინაობა ვკითხეთ, თან მისი ზურგჩანთის შიგთავსითაც დავინტერესდით. ზურგჩანთის დათვალიერებას გურამი შეუდგა. იმ კაცმა რომ მითხრა – მონასტერში მივდივარ აღსარების ჩასაბარებლად და ზურგჩანთაში სახარება და ლოცვები მიდევსო, გურამს ვუთხარი, – წამოდი-მეთქი. მაგრამ ჩემი ახალბედა მეწყვილე თაბახის ფურცელს ჩაჰკირკიტებდა, რომელზეც ძველი ქართულით ეწერა რაღაც ტექსტი. კითხვა რომ დაასრულა, გურამმა უცებ ხელბორკილები ამოაცურა, „მორწმუნეს” მაჯებზე ჩამოაცვა და ისე სწრაფად შეტენა მანქანაში, რომ პირდაღებული დავრჩი. მორწმუნეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და უხმოდ და გაუნძრევლად იჯდა მანქანაში.
– რა ხდება, არ მეტყვი? – ვკითხე გურამს. მან კი სიამაყით მომიგო, ეს ის ცნობილი ძებნილი ყაჩაღია, რომელმაც ნახევარი საქართველო აიკლოო.
როგორც გაირკვა, ძებნილს აღსარება ძველი ქართულით ჰქონდა დაწერილი და მამაოსთვის უნდა გადაეცა. წითელდიპლომიანმა გურამმა კი ადვილად წაიკითხა ეს ტექსტი და ძებნილი განყოფილებაში მივიყვანეთ. მას 15 წელი მიუსაჯეს. მაგრამ ხუთ წელიწადში გათავისუფლდა და შემდგომში მაღალი წოდების სასულიერო პირი გახდა. გურამ შანიძემაც კარგი კარიერა გაიკეთა – საკავშირო სამინისტროში ერთ–ერთ მაღალ პოსტზე დანიშნეს...“