გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის (MAD) შიდა მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის სამხედრო ძალების, სულ მცირე, 29 ოფიცერი ტერორისტულ დაჯგუფებებში გასაერთიანებლად სირიაში გაემგზავრა. როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, აღნიშნული 29 ოფიცრიდან 19 პირი ჯერ კიდევ 2007 წელს სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„ისლამიზმი გერმანიის არმიის მთავარი პრობლემა არ არის, თუმცა ის იმდენად სერიოზულია, რომ მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს“, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის არმიაზე ზედამხედველობის კომიტეტის პასუხისმგებელმა წევრმა ჰანს-პეტერ ბარტელიმ.
იმ ფონზე, როცა გერმანიის არმიის ყოფილი ოფიცრები ISIS-ს უერთდებიან, ხშირია შემთხვევა, როცა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოდან“ მებრძოლები გარბიან.
როგორც „რადიკალიზაციისა და პოლიტიკური ძალადობის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის“ (ICSR) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ე. წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლები მას შემდეგ განუდგნენ, რაც „ისლამისტური უტოპია“ მდიდრული მანქანებისა და „საგმირო საქმეების“ შესახებ არ განხორციელდა. დაჯგუფების წევრების ნაწილი მიხვდა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ მათ საზარბაზნე ხორცად და თვითმკვლელ ტერორისტებად გამოიყენებდა. გარდა ამისა, დაჯგუფებისგან თავდაღწეული მებრძოლები გაოცებულნი იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ სისასტიკით. ბევრ ბოევიკს არც ის მოსწონდა, რომ დაპირებული დიდება და სიმდიდრე ვერ მოიპოვა.
რას ნიშნავს გერმანიის არმიის 29 ყოფილი ოფიცრის ISIS-ის ძალებთან შეერთება და რა იზიდავთ ევროპელებს ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“?
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის სრულმასშტაბიანი ომი და, ბუნებრივია, ომში ხშირია აქეთ-იქით გადასვლის შემთხვევა. ზოგს ერთი მხარე არ მოსწონს, ზოგსაც-მეორე, მაგრამ ის, რომ გერმანიაში 29 ოფიცერი გადავიდა ისლამისტი მებრძოლების მხარეს, ეს უკვე სერიოზული გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ეს პირველი ფაქტი არ არის, პირველად ტაჯიკელი სამხედროები გადავიდნენ ისლამური სახალიფოს მხარეზე, ისევე, როგორც- თარხან ბათირაშვილი, რომელიც თავის დროზე ქართული შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო და მანაც ისლამისტებთან შეერთება და ნომერ პირველ, ყველაზე ძლიერ საველე მეთაურად გადაქცევა არჩია.
„ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, გერმანელი ოფიცრები მუსლიმანები იყვნენ თუ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, მთავარია, რომ ისინი იყვნენ გერმანიის არმიის ყოფილი ოფიცრები, რაც სერიოზული გამოწვევაა. გვახსოვს ფაქტები, როცა არაერთი ისეთი ევროპელიც გადასულა ISIS-ის მხარეს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია მუსლიმანებთან და არც მუსლიმანი წინაპრები ჰყოლია. მათ შორის, იყვნენ გოგონებიც. ეს არის იდეოლოგიური ომი. ცივი ომის პერიოდშიც დასავლეთში რამდენი გიჟი კომუნისტი იყო, რომლებიც იმ დროს იღებდნენ კომუნისტურ იდეებს, როდესაც საბჭოეთში ყველას კომუნიზმი ყელში გვქონდა ამოსული და ერთი სული გვქონდა, წავსულიყავით დასავლეთში. იგივე ხდება ახლაც. სანამ ისლამურ სახალიფოს კვლავაც აქვს თავისი კვაზი სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულების საშუალება, მანამდე ამ პრობლემას შესაძლოა, მზარდი ტალღის ეფექტი ჰქონდეს.
თუ რატომ იზიდავთ ევროპელებს ისლამისტ მებრძოლებთან გაერთიანება, ამის მიზეზი, ალბათ, დასავლეთში გამეფებული იდეოლოგიური ფრუსტრაციაა, ის მოტყუებაა, რასაც საზოგადოების დეპრესია მოჰყვა. დასავლეთს ახასიათებს ფილოსოფიურ ცხოვრების წესის სრული ეროზია, იდეოლოგიური, რელიგიური, ტრადიციული ფასეულობების სრული უარყოფა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ჩვენს ფასეულობებზე ხელოვნურად შეტევის გამო ბევრი ქართველი მუსლიმანი გადავიდა ისლამური სახალიფოს მხარეს. საქართველოში დღეს არასწორად ხდება იმ ფასეულობების თავზე მოხვევა, რაც ქართული საზოგადოებისთვის არ არის მისაღები - ერთსქესიანთა ქორწინება და სხვა. როგორც უნდათ, ისე ჩათვალონ, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ვინმე რამეს თავს რომ მახვევს, ასეთ მდგომარეობაში, შესაძლოა, მეც გადავიდე ისლამური სახალიფოს მხარეს. ადრე კომუნისტურ იდეოლოგიას გვახვევდნენ თავს, ახლა კი გვახვევენ ასეთ ე.წ. ფასეულობებს. ძალადობას კი ძალადობა, პროტესტს პროტესტი მოჰყვება“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, გერმანელი ოფიცრები იყვნენ თუ არა მუსლიმანები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპული გაგებით ლიბერალურმა ფასეულობებმა გამოიწვია პოლიტიკური კონიუნქტურის მთლიანი შეცვლა. ისლამი დღეს ევროპაში აღარ არის უბრალოდ რელიგია, არამედ ისლამი ევროპაში გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი და ეს საშიში ტენდენციაა. სოსო ზაალიშვილის აზრით, სწორედ ისლამს გამოიყენებენ ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რადგან მუსლიმანი ამომრჩევლები საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ერთ-ერთ ძირითად ელექტორალურ ძალას წარმოადგენენ, რომლებიც წყვეტენ არჩევნების ბედს. უფრო მეტიც, გერმანიაში დაშვებულია, რომ იმ ადამიანს, ვინც არ არის მოქალაქე, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს გერმანიაში, უფლება ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში. ცხადია, უამრავი მუსლიმანის გარემოცვაში, ის ადამიანი გაიმარჯვებს იქაურ არჩევნებში, ვინც მუსლიმანების ევროპაში შესვლასა და მათი ცხოვრებისთვის კარგ პირობებს მხარს დაუჭერს.
„აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცხადია, რატომაც დაუჭირეს მხარი გერმანელმა ოფიცრებმა აისისი-ს ძალებს. რაღაც მომენტში ევროპამ უარი თქვა მემარჯვენეობაზე და მემარცხენე მხარეს წავიდა, ისლამი კი თავიდან ბოლომდე იზიარებს მემარცხენე ღირებულებებს, ერთიანობის ღირებულებებს, ყველა მუსლიმანი ერთია და არ უნდა იყოს განსხვავება ქონებაში. მეორე მხრივ, ისლამი კონსერვატორულია, ამ დროს ევროპაში დაკარგულია ნამდვილი ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, ამიტომ აგრესიული ისლამი ადვილად პოულობს მომხრეებს. თანაც, ძალზე დიდ ფულს ხარჯავენ მუსლიმანი ლობისტები ევროპასა და აშშ-ში. ისლამისტებთან გაერთიანებული მებრძოლებიც კატეგორიებად იყოფიან, ვთქვათ, უბრალო ბომჟი მალაიზიაში რომ გაიგებს, სირიაში ჯიჰადში ფულს უხდიანო, ცხადია, წავა სირიაში, მაგრამ მხოლოდ 200$-ს მისცემენ და უკან გაბრუნდება, თუმცა მოჯაჰიდებს გაცილებით მეტს უხდიან, ვიდრე ადრე უხდიდნენ, რადგან ისინი გამოცდილი მებრძოლები არიან. „ისლამური სახელმწიფო“ რაოდენობაზე მეტად მებრძოლთა ხარისხს ანიჭებს უპირატესობას, რაც უფრო ამართლებს“,-აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ გამორიცხული არ არის, გერმანელმა ოფიცრებმა უფუნქციო გერმანულ ჯარში თვითრეალიზაცია ვერ განახორციელეს, ამიტომაც გაეშურნენ ისლამისტ მებრძოლებთან. არც ის არის გამოსარიცხი, რომ მას შემდეგ, რაც ტერორისტები გერმანიას დაემუქრნენ, გერმანულმა სპეცსამსახურებმა ბიუჯეტის გაზრდა განიზრახეს და თქვეს, 29 კაცი აღმოვაჩინეთო. თორემ არაერთი ევროპელი სამხედრო იქნება ISIS-ში გაწევრიანებული და „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის დავალებებსაც შეასრულებენ. ამის ერთ-ერთი პრეცედენტი ის ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც ტყვეობაში ჰყავდა თალიბანს, შემდეგ სამშვიდობოს ჩამოვიდა, მაინც ისლამი მიიღო და ახლა ასამართლებენ.