„გარკვეულ ძალებს და არა ქვეყნის მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად დავით ბაქრაძის ხილვა სურთ. ვფიქრობ, რომ რეიტინგებიც ამის გასამაგრებლად არის წარმოდგენილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ ბაქრაძის მიმართ დამოკიდებულება გამოხატა საპრეზიდენტო არჩევნებზე და მას შემდეგ ბაქრაძე არ შეცვლილა.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
NDI-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ყოფილი მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ 9 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ჩაალაგოს ჩემოდნები. ბატონო ვახტანგ, წარმოდგენილი კვლევა იძლევა ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს?
ვახტანგ ძაბირაძე: უფრო კატეგორიული ვიქნებოდი, რომ კოალიცია იმ ფორმით არსებობდეს, რა ფორმითაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე იყო წარმოდგენილი. ეს ალიანსი, რომ შენარჩუნებულიყო, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის აღების პრობლემა ნამდვილად არ ექნებოდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა, საკმაოდ გადანაწილდება ხმებიც. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით პოლიტიკური სპექტრიც ჩამოყალიბებული არ არის.
მაგრამ კვლევა ჩატარდა კოალიციის დაშლამდე...
- იცით, ტენდენციები სწორია, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ მმართველმა გუნდმა დაკარგა შანსი, ამის თქმა ძალიან ადრეა. საქართველოსთვის არჩევნებამდე დარჩენილი 6 თვე, იმდენად დიდი დროა, რომ ვერავინ იტყვის რა მოხდება. ვფიქრობ, რომ დაახლობით ივლისის დასაწყისში ნათელი გახდება პოლიტიკური სურათი. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ადრე ზეიმობენ ნაციონალები და ეს არის პიარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩემოდნები უნდა ჩაალაგოს, ასე ნამდვილად არ არის. „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი საშუალება აქვს შეინარჩუნოს ძალა-უფლება და ამომრჩეველი თავისკენ მოაბრუნოს.
ამ კვლევებში ერთი საინტერესო დეტალია - კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელი პარტია იქნებოდა ლიდერი და რამდენ პროცენტს მიიღებდა - 31% ასახელებს „ქართული ოცნებას“, 11% „ნაციონალურ მოძრაობას“. თუკი „ქართული ოცნება“ სწორად დაგეგმავს საარჩევნო კამპანიას 31% ამავე გამოკვლევით უკვე აქვს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო ოთხი წელია სტაბილურად ინარჩუნებენ 10-12% -ს. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა თუ არა, ნაციონალების რეიტინგი არ იზრდება. ასე რომ, ჩემოდნების ჩალაგება ადრეა.
ბატონო ვახტანგ, შეიძლება ითქვას, რომ NDI-ს კვლევა ერთი პარტიის ინტერესებზეა მორგებული? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ამავე კვლევით ლიდერობს დავით ბაქრაძე. ასევე, კვლევის თანახმად 27% ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიასთან უფრო ახლოს არის.
- ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი, მაგრამ თუ 2012 წელს გავიხსენებთ, ასეთი აზრის არსებობის უფლებას ნამდვილად იძლევა NDI-ს კვლევები. რაც შეეხება რეიტინგებს, ვფიქრობ მუშაობა მიდის იმაზე, რომ გარკვეულ ძალებს და არა ქვეყნის მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად დავით ბაქრაძის ხილვა სურთ. ვფიქრობ, რომ რეიტინგებიც ამის გასამაგრებლად არის წარმოდგენილი.
ნდობის ხარისხის თვალსაზრისით რამდენად სწორია ის, რომ კვლევა იმ მიმართულებას გვთავაზობს, რაც სურს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას? სწორედ, ამიტომ ჩნდება კითხვა ამ ორგანიზაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით...
- გეთანხმებით, რომ უნდობლობა არსებობს და ამას აქვს საფუძველი. როდესაც NDI-ს კვლევებს ვეცნობი, პროცენტებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩვენ უფრო ტენდენციებზე უნდა ვისაუბროთ და არა პროცენტებზე. თავი დავანებოთ პროცენტებს და ვნახოთ ფაქტი, 4 წლის განმავლობაში ნაციონალებს ერთი და იგივე რეიტინგი აქვთ, იგივეა NDI-ის ყველა კვლევის მიხედვით და ეს არის 10-12%. რაც არ უნდა შეეცადონ ნაციონალები ხმებს ვეღარ მიიმატებენ. ძალიან უნდა მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ არჩევნები წააგოს.
რაც შეეხება დავით ბაქრაძის ლიდერობას, ეს მიმართულია არა მოსახლეობაზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაწყებულ გადანაწილებაზე, თუ ვინ უნდა იყოს სიის პირველი ნომერი და ვინ ლიდერი. ქართულმა საზოგადოებამ ბაქრაძის მიმართ დამოკიდებულება გამოხატა საპრეზიდენტო არჩევნებზე და მას შემდეგ ბაქრაძე არ შეცვლილა.
იგივე NDI-ის ყველა გამოკითხვაში სერგეენკო იყო ლიდერი, მაგრამ არჩევნებამდე 6 თვით ადრე რადიკალურად განსხვავებულ სურათს ვიღებთ, რომლის მიხედვით არა თუ ბაქრაძე, არამედ მას ნათელაშვილიც კი უსწრებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება, რომ ეს კვლევა რეალურად მივიღოთ?
- ის, რომ სერგეენკოსადმი დამოკიდებულება დადებითია საზოგადეობაში, ეს ცალსახაა, მაგრამ სერგეენკოს როგორც პოლიტიკოსს აღიქვამს საზოგადოება? აი პრობლემა სად არის. სერგეენკოს აღიქვამენ როგორც კარგ მენეჯერს, მინისტრს, რომელმაც რაღაცეები კარგად გააკეთა, იგივეა კვირიკაშვილზეც და სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენი მოსახლეობა მას პოლიტიკოსად ვერ აღიქვამს და ეს ხელისუფლების ბრალია. როდესაც გინდა, რომ გუნდი აჩვენო, სრულფასოვნად უნდა აჩვენო.
კი ბატონო სერგეენკომ ისაუბროს ჯანდაცვაზე, მაგრამ მან პოლიტიკაზეც უნდა ისაუბროს, რომ მოსახლეობამ ის აღიქვას არა მხოლოდ როგორც ჯანდაცვის მინისტრი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. ჩაატარეთ სატელეფონო გამოკითხვა, რომელ პოლიტიკოსს გაიხსენებს საზოგადოება, ალბათ, არც ერთ გამოკითხვაში როგორც პოლიტიკოსი სერგეენკო არ მოხვდება. მაგრამ როგორც კი კითხავთ რომელი მინისტრია ლიდერი, პირველ ადგილზე იქნება.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ექსპერტები საუბრობთ, რომ ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ შეძლებს ბარიერის გადალახვას, თუმცა, კვლევა ამბობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. ამ ნაწილში შეიძლება ვენდოთ კვლევის შედეგებს?
- ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ დაშლილ კოალიციაზე, მაგრამ მგონია, რომ მინიმუმ 3 პარტიას აქვს შანსი, მაგრამ გარანტიები არ აქვს. გარანტია აქვს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და სამწუხაროდ „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა პოლიტიკურ პარტიებს 5%-იან ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ.
არც „თავისუფალ დემოკრატებს“ და რესპუბლიკელებს?
- არა. არავის არ აქვს გარანტია. რაც შეეხება შანსებს, შანსი აქვს, „თავისუფალ დემოკრატებს“ და რესპუბლიკელებს ესეც იმ შემთხვევაში, თუ სწორად იმუშავებენ. ასევე, ბურჯანაძეს, ლეიბორისტებს და „ალიანსს“. დანარჩენ არასაპარლამენტო ოპოზიციას ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ გააჩნიათ.