ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთის შეამდგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა იგეგმება. კონკრეტულ თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ რეფერენდუმი აგვისტომდე ჩატარდება. ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ რეფერენდუმზე გაიტანენ საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, რაც ცხინვალს საშუალებას მისცემს, რუსეთს შეერთების თხოვნით მიმართოს. „პრეზიდენტის“ განცხადებით, ცხინვალი არ ელის, რომ რუსული მხარე რეფერენდუმის შედეგებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.
„ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოქმედ კონსტიტუციაში, კერძოდ მის მეათე მუხლში. ვგეგმავთ, შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტს პარლამენტთან შეთანხმებით მისცემს უფლებას რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, განიხილოს სამხრეთ ოსეთის მის შემადგენლობაში შესვლის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარს დაუჭერს“, - აცხადებს ლეონიდ თიბილოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
თიბილოვის განცხადებას აფასებენ თბილისში. ქართული მხარე აცხადებს, რომ ცხინვალი ოკუპირებული ტერიტორიაა და ყველა პროცესი, მათ შორის ე.წ. რეფერენდუმიც არალეგიტიმურია. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს არც პირველი განცხადებაა და არც პირველი ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც ტარდება ამავე კითხვით.
მისივე განმარტებით, ცხინვალი არის ოკუპირებული ტერიტორია და ყველა პროცესი, მათ შორის ე.წ. რეფერენდუმი არის არალეგიტიმური, რომელსაც არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ძალა არა მარტო ქართული მხარის შეფასებით და კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
„პოლიტიკურად ეს განწირულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მათი პოზიცია არის ცალსახა - ეს არის არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ეს ე.წ. რეფერენდუმი პრაქტიკაშიც ვერანაიარად ვერ დაუკავშირდება ვინმეს ნებას, იმიტომ, რომ ეს რეგიონი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისგან. 90-იანი წლების კონფლიქტამდე მოსახლეობის 80% დღეს აღარ ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში, აქედან უმეტესობა გამოდევნილია, მაგრამ სხვებმა დატოვეს იმიტომ, რომ არის თვითოზილირებული რეგიონი“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
რაც შეეხება ქართული მხარის რეაქციას, როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხებს მუდმივად განიხილავენ პარტნიორებთან და მათ აქვთ მიმდინარე მოვლენების და შესაძლო საფრთხების შესახებ ინფორმაცია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს, რომ არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა არ ექნება, ამის შესახებ განმარტებები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას პროვოკაციულ მცდელობად აფასებს. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟენევის თანათავმჯდომარეები საქმის კურსში არიან და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ოფიციალურ თბილისს ძალიან სერიოზული კომუნიკაცია ექნება.
„მსგავსი სახის მოწოდებები ჩვენ არართხელ გვსმენია და ძალიან სამწუხაროა, რომ ამჟამად კიდევ ერთხელ გაისმა მსგავსი სახის მოწოდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად პროვოკაციული მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის მცდელობა მცოცავი ანექსიის გაგრძელების და ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია იქნება ის, რომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღიკვეთოს ეს ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცახადა დავით ზალკალიანმა.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ცხინვალის რეჟიმის სურვილია რეფერენდუმის გზით კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტს“ მიეცემა უფლება ნებისმიერ დროს მოახდინოს ე.წ. რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა.
„კრემლი ამით მიგვანიშნებს, რომ ქართველებო კიდევ გაძლებთ შანს თუ არ გინდათ სრულად მოვახდინოთ თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს აშკარად არის პოლიტიკური ზეწოლას რუსეთის მხრიდან. კრემლი გვაძლევს სიგნალს, რომ დავფიქრდეთ, თუ საით მივდივართ. თავისი ჭკუით ბოლო შანსს გვაძლევენ, თუ „ჭკვიანად“ არ მოვიქცევით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშეც შეუძლია ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანოს. სამწუხაროდ, თბილიოვის განცხადება პირდაპირ უკავშირდება ლავროვის განცხადებას, რომ მათი საკონსულოში, რომელიც შვეიცარიის ეგიდით სარგებლობს, გაიზარდოს თანამშროემლთა რაოდენობა. ორივე ამ განცხადებაში სახიფათო ნაღმია ჩადებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
„ყველაფერი, რის უფლებასაც რუსეთი აფხაზებს და ოსებს აძლევს, ეს საქართველოზე ირიბი ზეწოლაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, რუსეთი მსგავსი ქმედებით საქართველოს მიანიშნებს, რომ კარასინის განცხადება სწორედ ვერ გაიგო.
„რეფერენდუმებს მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალა აქვს. რუსეთმა შეძლო ტერიტორიულად ჩამოეშორებინა ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი. ახლა მუშაობა მიდის იმაზე, რომ ფსიქოლოგიურად დაგვაშორონ ერთმანეთს. არა მგონია რეფერენდუმმა რამე გავლენა იქონიოს რუსეთზე, ვინაიდან დღეს რუსეთს იმედად უჭირს, იძულებული ხდება, ჩინელები შეუშვას ციმბირში. რუსეთის ეს ტრაგედიაა, მაგრამ ფულის გამო იძულებული ხდებიან ეს გააკეთონ.
ამიტომ, არ მგონია, რომ აიკიდოს ის ოსები, რომელთაც მუშაობა არ უნდათ, მარტო რუსული ფულის ჭამა უნდათ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საქართველოზე. რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორი რეაგირება იქნებოდა ამ განცხადების იგნორირება. კარასინის განცხადების შემდეგ, რომ რაღაც დიალოგისმაგვარი დაწყებულიყო, რეფერენდუმის საკითხი არ დადგებოდა დღის წესრიში. იმიტომ, რომ რუსეთს სულაც არ აწყობს საქართველოს დაკარგვა. რუსეთისთვის საქართველო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსეთი. დღეს რუსეთს არ აქვს იმის ფუფუნება იფიქროს, როგორ გადაყლაპოს საქართველო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.