სმოგი (Smog) ინგლისური სიტყვაა და შავი ნისლის აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც მე-20 საუკუნეში დამკვიდრდა სიტყვათა საინტერესო შერწყმით - კვამლი (ინგლ. Smoke) და ნისლი (ინგლ. Fog).
სწორედ ჰაერის ასეთი დაბინძურება ახასიათებდა მჭვარტლითა და გოგირდის ოქსიდით სავსე იმდროინდელ ლონდონს და, ასევე, იმ დიდ ქალაქებს, სადაც ძირითადად სამრეწველო ცენტრები იყო განთავსებული.
დღეს თბილისშიც ე.წ. სმოგური წვიმა მოდის,- აცხადებს For.ge-სთან საუბარში საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა და ფიქრობს, რომ თბილისში მოსული ფერადი წვიმები, სინამდვილეში, ის გამონაბოლქვია, რასაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ. შესაბამისად, ჩვენ რომ უცხოელებს ჰაერის დაბინძურების ზუსტი მონაცემები ვაჩვენოთ, აქ არავინ ჩამოვა.
ევროპის დედაქალაქებს შორის თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერია. სწორედ ამიტომ ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად თბილისის ქუჩებში ე.წ. ინდიკატორული კვლევა ჩატარდა, რომლის თანახმადაც, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა გამოიკვეთა ტაშკენტის ქუჩაზე, სადაც აზოტის დიოქსიდის მოჭარბებული რაოდენობაა, ასევე, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც ტრანსპორტი აბინძურებს ტერიტორიას, რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ასევე, ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე. რამდენად სანდოა ეს მონაცემები?
- პირობითია ეს კვლევა. განა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ჭავჭავაძეზე ნაკლებია? ზოგადად, სადაც ე.წ. საცობებია, ყველაზე კატასტროფული მდგომარეობაა. ამიტომ ჰაერის დაბინძურების სრული რუკა უნდა გაკეთდეს და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. გარდა ამისა, უნდა შევთანხმდეთ, დაბინძურების რამდენ ინგრედიენტს, შემადგენელს ვზომავთ. უნდა ავიღოთ ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც ყველაზე მავნეა ჯანმრთელობისთვის. თორემ ჰაერში გამოყოფილ ზოგიერთ მავნე ნივთიერებას ჩვენ ვერ გავზომავთ, რადგან არ გვაქვს ამის ანალიზატორები. აქ უნდა აიღონ ნიმუშები და წაიღონ უცხოეთში, ეს ფანტაზიის სფეროა. გარდა ამისა, როცა დაბინძურებას ვზომავთ, ჩვენ არ ვითვალისწინებთ ინვერსიას, ჰაერის მოძრაობას ზედა ფენებში. ამის გარეშე სრული სურათი არ გვექნება. ცალკე საკითხია კიდევ ე.წ. გათბობის ინდივიდუალური სისტემები, რომლებიც უამრავი რაოდენობითაა თბილისში. ესენი ე.წ. სმოგურ წვიმას იწვევენ. ჩვენ შეიძლება ვზომავდეთ 50 ინგრედიენტს, ცალ-ცალკე ყველა მათგანი ნორმაში იყოს, მაგრამ ჯამური ეფექტი მაინც სასიკვდილო აღმოჩნდეს.
გათბობის სისტემებში რას გულისხმობთ?
- ე.წ. კარმას სტილის გამათბობლებს. არსებობს ინდივიდუალური გამათბობლებიც. ამიტომ ასეთი ანალიზი უნდა ჩავატაროთ, ჩვენ უნდა ავიღოთ გაზის ხარჯვის ოდენობა თბილისში, აქედან ზამთრისა და ზაფხულის სეზონი ერთმანეთს შევუდაროთ და მიახლოებით დავადგინოთ, რა ოდენობის გაზი იხარჯება გათბობაზე, როგორია მისი ნამწვის შედეგი. ამით გავიგებთ, რა ნივთიერებებს გამოყოფს გამათბობლები. მანქანების გამონაბოლქვის გარდა, გაზიც გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ახლა ლაპარაკობენ აზერბაიჯანულ, ქართულ და რუსულ გაზზე და რატომღაც ყველა მარტო პოლიტიკურ შემადგენელს განიხილავს, რომ რუსეთისგან გაზი არ უნდა ვიყიდოთ, თურმე უნდა ვიყიდოთ მხოლოდ აზერბაიჯანისგან. ამ დროს არავინ ამბობს, რომ რუსეთის გაზი თავისი მაჩვენებლებით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აზერბაიჯანული. აადუღეთ ჩაიდანი აზერბაიჯანული გაზით და მიხვდებით, რამდენ ხანს მოუნდებით, რამდენ ხანს იწვის ეს გაზი, ამ დროს სამჯერ ნაკლები დრო სჭირდება რუსულ გაზს.
ბუნებრივი აირის რუსული და აზერბაიჯანული წარმომავლობა ჰაერის დაბინძურებაზეც აისახება?
- ჰაერის სისუფთავისთვის უკეთესია ის გაზი, რომელსაც კარგი წვა აქვს, ანუ რუსული და ყაზახური გაზი, რომელიც სჯობს თავისი შემადგენლობითაც და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. აზერბაიჯანული გაზი უბედურებაა. რატომ არ ბომბავს რუსეთს უცხოეთი? იმიტომ, რომ რუსეთის საწვავი ყველასთვის აუცილებელი და საჭიროა. ყველა ერიდება მასთან პირდაპირ კონფრონტაციას.
თბილისში მოსულ ფერად წვიმებს რამდენად განაპირობებს ავტომანქანების გამონაბოლქვი?
- მე ამას სწორედ გამონაბოლქვს ვუკავშირებ. არასაკმარისი იქნება მსჯელობა დაბინძურებაზე, თუკი არ ვილაპარაკებთ გაბინძურებით გამოწვეულ ავადმყოფობაზე და მათ დინამიკაზე, ეს არის ფილტვების და სასუნთქი ორგანოების, ალერგიული, იმუნური და კიდევ სხვა დაავადებები. ალერგიული და იმუნური ავადმყოფობები ძალზე გაზრდილია. კომუნისტების დროს ხუთ ადგილას ატარებდნენ მუდმივ სტაციონარულ გაზომვებს. ერთ-ერთი იყო ფილარმონიის ქვევით, მეორე - გმირთა მოედანზე, ჭავჭავაძეზე და ა.შ. ყველაზე მძიმე სურათი ამ ადგილებში იყო. გარდა ამისა, დღეს ვინმე ახსენებს ფორმალდეჰიდი ნორმაშია თუ არა? ახლა ჰაერის დაბინძურების ხარისხი რომ გავზომო ბავშვური ინგრედიენტებით და ვთქვა, ყველაფერი ნორმაშია-თქო, არ იქნება სწორი. მთელი სერიოზულობით ვამტკიცებ, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურება კატასტროფული ხასიათისაა, რომელიც ათი წლის შემდეგ ავადმყოფობის ათმაგ ზრდას გამოიწვევს.
თქვენ მიიჩნევთ, რომ უცხოელებს თბილისში ჰაერის დაბინძურების ზუსტ მონაცემს თუ ვაჩვენებთ, აქ არავინ ჩამოვა, მაგრამ თქვენეული კვლევით, დაბინძურების მაჩვენებელი ციფრობრივად როგორ გამოიხატება?
- აქ ჩამოდიან მესამეხარისხოვანი ტურისტები, ჩამოდიან მეორეხარისხოვანი ბიზნესმენები. თუ გადახედავთ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შედგენილ საქართველოს დახასიათებას, თქვენ ნახავთ, რომ ისინი აქ სერიოზულ ტურისტს არ ჩამოიყვანენ. ჩვენთან ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან ჩამოდიან. კანტი-კუნტად თუ ჩამოდიან მაღალი დონის ქვეყნებიდან. ვინც წაიკითხავს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებს, ცხადია, თავს აარიდებს აქ ჩამოსვლას.
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვოს მონაცემებში საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებაც წერია?
- ყველაფერი წერია მანდ. მაგალითად, მე დავპატიჟე სტუმრები უცხოეთიდან, მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, დიდი ბოდიშიო. ევროპის დედაქალაქებიდან თბილისი 126-ე ადგილზეა დაბინძურების დონით და მეტი რაღა უნდა დაიწეროს?! როგორ შეიძლება, მანქანა დადიოდეს ქალაქში და არ ჰქონდეს ნეიტრალიზატორი, კატალიზატორი, კარგი საწვავი... გასაგებია, რომ ხალხი რაიონებიდან ჩამოდის, მანქანაში ღამეს ათევს და ფულს ამით შოულობს, მაგრამ ურუგვაის დედაქალაქში 60 წლის წინ იყო 1 მილიონი მანქანა 400 ათას მოსახლეზე. ურუგვაი ჩვენი დონის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მოსახლეობაც დაახლოებით ამდენივეა, მხოლოდ რეპრესიული აკრძალვითი მეთოდით შეძლო ამ ქვეყანამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩვენი კი, ერთი შეხედვით, გარემოს დაცვის მინისტრიც გვყავს, მისი მოადგილეებიც გვყვანან, ცალკე აქვთ სააგენტო, რომელიც, წესით, უნდა ზომავდეს წყლის, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს, მაგრამ მითხრან ერთი დინამიკა, დაბინძურების თვალსაზრისით, რაიმე გაუმჯობესდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში?
დედაქალაქში ელექტროტრანსპორტის გაუქმებას თქვენ დანაშაულად მიიჩნევთ და მის აღდგენას მოითხოვთ.
- უძვირფასესი დედაქალაქია ჩვენი თბილისი, ჩვენ სხვა დედაქალაქს არავინ მოგვცემს, მაგრამ სხვა ქვეყნებში დიდად პოპულარულია მეტრო, ტრამვაი და ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ელექტრონზეა. არავითარი დიზელი და ბენზინი. როგორ შეიძლება, დიზელიანი ძველი ავტობუსები დადიოდეს ქალაქში? დიზელს კიდევ სულ სხვა შენაერთები აქვს. შიდა წვის ძრავის გამონაბოლქვი სხვა არის, დიზელი სხვა არის. ვიზალიბერალიზაციის გარეშეც ხალხი დადის უცხოეთში და ხედავს, რა წილი უჭირავს იქ ავტობუსსა და ელექტროტრანსპორტს.
თბილისში წყლის ხარისხის მდგომარეობას პერიოდულად ზომავენ და გვატყობინებენ, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. თუმცა გვახსოვს პერიოდი, როცა ონკოლოგიური ნარჩენები ჩაედინებოდა მტკვარში.
- მაღალი ხარისხის სასმელი წყალი თბილისში ბლეფია. ჩვენთან წყალი ქლორირებით იწმინდება, მაგრამ 73 წერტილი დავადგინე, საიდანაც არასანქცირებულად ჩადის მტკვარში დაბინძურებული წყალი. მერე თბილისიდან რომ გადის, სად მიდის ეს კანალიზაცია? ისევ მტკვარში ჩადის. ეს არის უბედურება. დაავადება ამებიოზი რომ იყო ცოტა ხნის წინ გავრცელებული, სწორედ სასმელი წყლის მიზეზით იყო. არავითარი ექსპერიმენტი არ უნდა, აიღეთ ბროლის ჭიქა, ჩაასხით წყალი და დილამდე გააჩერეთ. არაკორექტულია, შენს მოსახლეობას რომ ატყუებ ფინანსურად, ეკოლოგიურად. კუმულაციის ეფექტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ცალ-ცალკე რომ დაალევინო ერთი ბოთლი ღვინო, არაყი, ლუდი, ამას აიტანს, მაგრამ, თუ ყველაფერს ერთად დაალევინებ, მოკვდება.
თბილისში ბევრი ავტომობილი მოძრაობს და გამონაბოლქვიც მაღალია, მაგრამ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ამ მხრივ რა პრობლემებია?
- ყველა ქალაქში, ასე თუ ისე, ეს პრობლემაა, რადგან ყველგან იმატა მანქანებმა. ქუთაისში თავის დროზე ბევრი სამრეწველო ობიექტი იყო - ზესტაფონის ქარხანა, ავტოქარხანა. ეს ყველაფერი ჰაერს აბინძურებდა. ჩემი ხელით მაქვს გაზომილი ეს მონაცემები, მაშინ ქუთაისის ტექნიკური უნვერსიტეტის ეკოლოგიის კათედრის გამგე გახლდით. როგორც კი მოსცილდა ქარხნები ქუთაისს, დაბინძურებაც შემცირდა, მაგრამ მაინც ჰაერის დაბინძურების ხარისხი ნორმაში არ არის. იგივე ხდება ბათუმში, ზუგდიდში. ცალკე თემაა ქალაქები, სადაც ტრასა გადის. ვთქვათ, სურამში გადის ტრასა, რა ხდება იქ? გავზომოთ, რამდენი მანქანა გადის ერთ საათში, 24 საათში, რამდენ ბენზინს წვავს მანქანა, რა მანძილი აქვს გავლილი და ზუსტად მივიღებთ, როგორია ჰაერის ხარისხი. თორემ არ შველის ამას სხვა ქალაქებში ჩასვლა და მათი მაგალითების გადმოღება. თბილისს გეოლოგიური განლაგებაც სხვანაირი აქვს.
თბილისს გარშემო გორები არტყამს და ჯამისებრი ფორმა აქვს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰაერის დაბინძურების მიუხედავად, თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე, მაინც ბუნებრივად იწმინდება. ზოგის აზრით კი, ეს დაბინძურება ჯამისებრი ფორმის გამო დედაქალაქიდან ვერ გადის.
- ბუნებრივ ვენტილაციას თავისი შეზღუდვები აქვს. მას შემდეგ, რაც თბილისში უამრავი სახლი ჩადგეს, ვიცით კი, როგორი ვენტილაცია აქვს თბილისს? 70-იან წლებში სამჯერ ნაკლები სახლები გვქონდა სამჯერ ნაკლები სიმაღლით. ყველაზე დიდი სახლი 11-სართულიანი იყო გმირთა მოედანზე. დღევანდელი ურბანიზაციის პირობებში თბილისის ვენტილაციაც საეჭვოა. ურბანიზაციაში ვგულისხმობ, რომ სახლი სახლშია ჩაჭედილი.
ე.წ. მჟავური წვიმებიც ახასიათებს თბილისს? საუბარია იმაზე, როცა დედამიწაზე წვიმის სახით ბრუნდება ატმოსფეროში გატყორცნილი ქიმიური ნივთიერებები.
- მჟავური წვიმა უკვე მსოფლიო ტენდენციაა. მჟავური წვიმა იმდენად არ არის ჩვენთვის საშიში, რამდენადაც ე.წ. სმოგური წვიმა. ტერმინი „სმოგური წვიმა“ მე შემომაქვს, ეს გამოწვეულია ჰაერის გაბინძურებით, როცა ავტომანქანების საოცარი დაბინძურება ხდება ამ წვიმების შემდეგ.