ობამას მთავარი შეცდომა და წარმატება

ობამას მთავარი შეცდომა და წარმატება

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, რომ „ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს და სხვასაც უტოვებს ამის შესაძლებლობას“, ბარაკ ობამა კი, მისი პრეზიდენტობისას აშშ-ის მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომას ასახელებს და ამ შეცდომად ლიბიაში ინტერვენციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მიიჩნევს.

მართალია, ობამა აღიარებს, რომ თავის დროზე ლიბიის ინტერვენციას სწორ ნაბიჯად თვლიდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლიბიაში ინტერვენციის შემდგომი გეგმის არარსებობამ და იქ განვითარებულმა მოვლენებმა სულ სხვა შედეგი გამოიღო.

საუბარია იმაზე, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის თებერვალში დაიწყო. მარტში კი აშშ-მა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებმა ქვეყანაში საჰაერო ოპერაცია განახორციელეს. აღნიშნულ ოპერაციას ამბოხებულების მიერ ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობა მოჰყვა. დღეისთვის კი ლიბიაში ორი მხარე ებრძვის ერთმანეთს და ძლიერ მხარეს წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფოც“.

რაც შეეხება წარმატებას, ობამა მთავარ მიღწევად 2008 წლის კრიზისის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენას ასახელებს.

რამდენად გულახდილია ბარაკ ობამა შეცდომებისა და მიღწევების ჩამონათვალისას და რა შესძინა მან როგორც ამერიკულ პოლიტიკას, ისე-ამერიკულ ეკონომიკას?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ობამამ გამოარჩია ლიბია, რადგან იქ ტრაგედია დატრიალდა, კადაფი ველურად მოკლეს, ამას მოჰყვა იმავე რეგიონში ამერიკის ელჩის სიკვდილი. თუმცა ობამას შეცდომების ჩამონათვალი იმიტომ არის ასე მწირი, რომ ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და პრეზიდენტი ცდილობს, როგორმე მისი ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების მინიმალიზაცია მოახდინოს.

„ობამას შეცდომების გაანალიზებისას მარტო ლიბიაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, ლიბია იყო არაბული გაზაფხულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მაშინ ობამას უნდა ეთქვა, რომ მთლიანად ავანტურა იყო არაბული გაზაფხული, ობამას უნდა ეთქვა ისიც, რომ მან გააგრძელა წინამორბედების შეცდომები, მაგრამ ამას ამერიკელი ელექტორატი მიუტევებელ შეცდომად ჩაუთვლიდა. ამერიკელები კარგად ასხვავებენ, როცა მათი პრეზიდენტი ქაღალდის ცარიელ ადგილას დაუშვებს შეცდომას, მაგრამ არ მოსწონთ ამ შეცდომების გამეორება, ანუ ორმაგი შედომები. ამერიკა საქართველო არ არის და იქ ნებისმიერ განცხადებას კრიტიკულად აღიქვამენ. ახლა კი რუსულ საიტებზე ვკითხულობ, თურმე როგორ წამოაყენა მუხლებზე კვირიკაშვილმა ქართული ბიზნესი, რაც დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას ემყარება, თურმე ჩვენთან ხალხის ცხოვრების დონე გაზრდილა. ამერიკაში ასე არ ხდება, იქ სანამ რამეს იტყვის პრეზიდენტი, მისი მრჩევლები გამადიდებელი შუშით უყურებენ იმ პერსპექტივას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტის განცხადებას მოწინააღმდეგე ექსპერტების მხრიდან. ამიტომ სჯობს, მოქმედმა პრეზიდენტებმა საკუთარ თავზე აიღონ პატარა შეცდომები.

ამერიკელები მიმტევებლები არიან მაშინ, როდესაც მათი ლიდერი თვითონვე აღიარებს შეცდომას. თავის დროზე ამერიკელებმა აპატიეს კლინტონს, რადგან მან მოინანია და თქვა, ძალიან მწყინს, რომ ჩემი ცოლი და ჩემი ქალიშვილი გავანაწყენეო. ადრეც, გასულ საუკუნეში პრეზიდენტმა კლივლენდმა აღიარა ასეთი რამ და ხელად მისი რეიტინგი გაიზარდა, რადგან ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერმა ცოცხალმა ადამიანმა შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ, თუ ის აღიარებს და მოინანიებს, ეს გარანტიაა, რომ მეორედ ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

რაც შეეხება დროში დამთხვევას, რომ ტერორიზმმა სწორედ ობამას დროს შეისხა ფრთები, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ეს მაინც გლობალური საკითხია და ტყუპების ტრაგედიის შემდეგ თავად ამერიკა იქცა ერთ-ერთ მთავარ მსხვერპლად. უფრო მეტიც, ინგლისში დღეს 2 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს. აქედან 2/3-ზე მეტმა განაცხადა, მე რომ გავიგო, რომ ვიღაც მეორე მუსლიმანი აპირებს ტერორისტული აქტის მოწყობას, ამას პოლიციას არ შევატყობინებო. ეს ნიშნავს რომ ერი ერშია, ანუ ბრიტანელ ერში არის კიდევ პატარა ერი-მუსლიმანების სახით, რომელთა რაოდენობა ორ წელიწადში 6 მილიონამდე ავა. ამერიკაში კი სულ სხვა მდგომარეობაა იმავე ტერორიზმთან დაკავშირებით.

ობამას მიერ 2008 წლის კრიზისის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენას სოსო ცინცაძე ერთი ადამიანის (ანუ ობამას) დამსახურებად არ მიიჩნევს. მისი აზრით, დღეს უკვე ობამა საკუთარ თავზე აღარ ზრუნავს, მას გარანტირებული აქვს ყველაფერი, მათ შორის, გარანტირებული აქვს ერთ-ერთ გამომცემლობასთან წინა კვირას დადებული ხელშეკრულებაც, რომლის თანახმადაც, ოც მილიონ დოლარს მიიღებს ჯერ კიდევ დაუწერელ წიგნში. უბრალოდ, ობამას ჰილარი კლინტონის მომავალი აწუხებს, რომელმაც ცხრიდან შვიდი პრაიმერიზი ზედიზედ წააგო და მას 75 წლის ბერნი სანდერსი უგებს.

„აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ყველაზე უნაკლოდ მაინც შეიძლება ჩაითვალოს თეოდორ რუზველტი და მისი ძმის შვილი - ფრანკლინ რუზველტი. უფრო შორეულ წასულში კი გამოირჩევა აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი. რაც შეეხება რეიგანს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით მისი როლი ცოტა გაზვიადებულია, რადგან საბჭოთა კავშირი მაინც უნდა დაშლილიყო გეგმიური ეკონომიკისა და ნავთობის ფასების დაცემის სასიკვდილო დარტყმის გამო. სად იყო ჯერ რეიგანი და რატომ ივიწყებენ, რომ ხრუშჩოვის დროს დაიწყო პირველი კრიზისი. პური აღარ იყო მაღაზიებში და დილის ექვს საათზე დგებოდნენ პურის რიგებში. რეიგანი მაშინ კალიფორნიის გუბერნატორიც კი არ იყო. უბრალოდ, საბჭოთა კავშირის საბოლოო კრიზისი მის პერიოდს დაემთხვა და რეიგანს მიეწერა დამსახურებად“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2008 წლის კრიზისი ცნობილი ფაქტია და ეს კრიზისი სწორედ შეერთებული შტატებიდან დაიწყო. აქ მთავარი იყო, აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი შეხედვით, საბაზრო სისტემისადმი გვერდის ავლად და საყოველთაო კანონების უგულებელყოფად შეიძლება მოგვეჩვენოს. კერძოდ, როცა ამ კრიზისის დროს „ჯენერალ მოტორსი“ გაკოტრების პირას დადგა, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მას პირდაპირი დაფინანსება მისცა და განვითარებისთვის ჩვეულებრივი პირობები შეუქმნა. რაც შეეხება სირიის კონფლიქტს, პაატა აროშიძის თქმით, არა მარტო სირიის, არამედ, ზოგადად, ნავთობმფლობელი ქვეყნების მიმართ გამძაფრებული მიმართება, პირველ რიგში, ნავთობის ფასებს უკავშირდება. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ნავთობის ფასები მინიმუმამდეა დაცემული. 2008-09 წლებში კი, როცა ეს კონფლიქტი დაიწყო, ნავთობის ფასი სადღაც 100$-ის ზემოთ იყო და 140 $-საც მიაღწია 2009 წლის ივლისის თვეში, რაც არანაირად არ ჯდებოდა შეერთებული შტატების ინტერესში. იმ დროს შეერთებულმა შტატებმა თავისი სტრატეგიული მარაგები გახსნა, მაგრამ დღეს უკვე ნავთობის ფასი მინიმუმამდეა დასული, ანუ 40 $-ის ფარგლებშია, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები შეივსებს ნავთობის მარაგს და ესეც შეერთებული შტატების სწორი პოლიტიკაა. ეს პოლიტიკა კი ძირითადად მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ და ამით, პირველ რიგში, რუსეთმა წააგო.

„საერთო ჯამში, პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას მოღვაწეობას დადებითად შევაფასებ, რადგან მისმა ქვეყანამ გადაიტანა ეკონომიკური კრიზისი, რომელზეც ამბობდნენ, რომ 70-იანი წლების შემდგომ მსგავსი კრიზისი არ ყოფილა. ამ კრიზისს ესკალაციის საშუალება არ მიეცა და ამერიკის ეკონომიკის მამოძრავებული მსხვილი კომპანიებიც არ გაკოტრებულან. ამდენად, საგარეო კუთხით რამდენად წარმატებული იყო ობამა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეკონომიკის გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ობამა მართლაც წარმატებული პრეზიდენტი იყო. ნავთობთან დაკავშირებით მისი მოღვაწეობა საკმაოდ წარმატებულად დასრულდა თავისი ქვეყნისთვის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ასეთივე წარმატებული იყო ობამას მოღვაწეობა სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.