ფარული საფრთხე - შიმშილი (პირველი ნაწილი)

ფარული საფრთხე - შიმშილი (პირველი ნაწილი)

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, გარემოს დაცვის, ენერგიის ახალი წყაროების გამოყენებისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად მიეკუთვნება მსოფლიოს გლობალურ პრობლემათა რიცხვს, რომელთა გადაჭრაზე ბევრადაა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი (რომის დეკლარაცია, 2012).

სულ უფრო მეტი მეცნიერი, პრაქტიკული მუშაკი და პოლიტიკური მოღვაწე თვლის, რომ მალე სასურსათო პრობლემა საერთაშორისო კრიზისამდე მიგვიყვანს და ექსპერტების აზრით სურსათზე მოთხოვნის ზრდა განპირობებული იქნება ორი გარემოებით: დედამიწის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდითა და ყველა ქვეყნის მისწრაფებით, რათა გაზარდოს თავისი მოსახლეობის კვების კალორიულობა და ხარისხი. გაანგარიშების თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2030 წლისათვის მიაღწევს 8,9 მლრდს. სხვადასხვა ქვეყნებს შორის კვების ხარისხისა და კალორიულობას შორის განსხვავების ლიკვიდაცია ასევე იქნება სურათზე მოთხოვნის ზრდის მძლავრი ფაქტორი. ექსპერტების ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, თუ ამოსავალ პუნქტად მხოლოდ პლანეტის მოსახლეობის აღნიშნულ ზრდასა და კვების თანამედროვე ნორმებს მივიჩნევთ, მაშინ მარცვლეულის დეფიციტი 2030 წლისათვის იქნება 526 მლნ. ტონა, ხორცის - 40 მლნ. ტონა, ზღვის პროდუქტების - 68 მლნ. ტონა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იან წლებში მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის, ფაო-ს ხელმძღვანელი ჟაკ დიუფი თვლიდა, რომ თუკი არ მოხდება სურსათის წარმოებასა და ნიადაგის ნაყოფიერებაში ტექნოლოგიური გარღვევა, XXI  საუკუნის პირველივე ნახევარში უკვე შეიძლება დაიწყოს უმძლავრესი სასურსათო კრიზისი.

აღნიშნულ სფეროში სიტუაციის მოსალოდნელ გართულებასთან დაკავშირებით  შესაძლებელია ცალკეულ ქვეყნებში მოხდეს ეროვნული სტრატეგიის გადასინჯვა. განვითარებული ქვეყნების ერთი ნაწილი უკვე მუშაობს ამ მიმართულებით, მათ გადახედეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადრინდელი შეხედულებები ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის შესახებ.

ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“ საერთაშორისო პრაქტიკაში შემოღებულია                   XX ს. 70-იანი წლებიდან, მარცვლეულის ღრმა კრიზისის შემდეგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის - ფაო-ს ეგიდით შექმნილია საერთაშორისო სასურსათო უსფრთოხების მუდმივმოქმედი კომიტეტი.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებს დიდი ყურადღება ექცევა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აღნიშნული საკითხები მთავრობების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანია და ამ საკითხებიდან გამომდინარე ისინი აყალიბებენ იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრას (კრისტოფ კორდონიე, 2010; ვინსენტ ვოლკჰარტი, 2008).

ამჟამად განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას აქვს სასურსათო უსაფრთხოების საკუთარი საკანონმდებლო ბაზა. ასე მაგალითად, აშშ-ში კანონს „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ აქვს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია. გერმანიაში, ჯერ კიდევ 1955 წელს მიიღეს კანონი „გერმანიის სოფლის მეურნეობის შესახებ“ რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია სასურსათო მომარაგების პრობლემა განიხილოს როგორც სტრატეგიული ამოცანა, აუცილებლობის შემთხვევაში მოახდინოს სასურსათო ფონდების ფორმირება, გამოიყენოს ეკონომიკური სტიმულირებისა და მხარდაჭერის ღონისძიებების მთელი კომპლექსი და არ დატოვოს სასურსათო პრობლემა მესამე ქვეყნებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში.

სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზაცია განვითარებულ ქვეყნებში ხორციელდება სახელმწიფოს მხრივ ეკონომიკურ განვითარებაში აქტიური ჩარევის, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო საქონლის მწარმოებლების მიმართ თანადგომის გზით. სახელმწიფოს მხრივ მხარდაჭერას აქვს მრავალასპექტიანი ხასიათი. ესაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, ფასების რეგულირება, აგრარული წარმოებისთვის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე კვოტის დაწესება, საქონელმწარმოებელთა დაცვა საზღვარგარეთიდან უფრო იაფი სურსათით ინტერვენციისგან, სოციალური პროგრამების დაფინანსება და ა.შ. დასავლეთის ბევრი მთავრობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის რეგულირებას ახდენს სათესი ფართობების დაგეგმვის, სახელმწიფოს მიერ საქონლის ნამატის შენახვისა და შემდგომი რეალიზაციის გზით, ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საგარეო ბაზრების გაფართოებას, უზრუნველყოფს მისი ხარისხის კონტროლს, ატარებს ბუნების დაცვის ღონისძიებებს და ა.შ.

სასურსათო უსაფრთხოების არსი

საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში სასურსათო უსაფრთხოების საკითხი გასული საუკუნის 70–იან წლებამდე არ წამოწეულა. ბუნებრივია, ამ პრობლემის ირგვლივ სამეცნიერო კვლევაც ამ დრომდე არ მიმდინარეობდა. თანამედროვე პირობებშიც საქართველოში პრაქტიკულად მხოლოდ ბოლო წლებში მიმდინარეობს მუშაობა სასურსათო უსაფრთხოების საკითხების შესწავლაზე, იშვიათია თუმცა მაინც გვხვდება მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესახებ ფუნდამენტური გამოკვლევები (ნ. მოდებაძე, ზ. გარაყანიძე, 1998; პ. კოღუაშვილი 1999, 2004). ძალზე სუსტი და ნაკლებ ეფექტიანია ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა.

როდესაც ლაპარაკია უსაფრთხოებაზე, აშკარაა, რომ იგულისხმება გარკვეული საფრთხეები, რომელთა ნეიტრალიზებაც აუცილებელია, უკიდურეს შემთხვევაში უნდა შემცირდეს მათი ნეგატიური ზემოქმედება. სასურსათო უსაფრთხოება უწინარეს ყოვლისა გულისხმობს სურსათის ნაკლებობის (უკმარისობის) თავიდან აცილებას. ამასთან, სურსათის დეფიციტი განიხილება როგორც ადამიანების ფიზიოლოგიური არსებობის საფრთხე. კაცობრიობის სურსათის ნაკლებობისაგან (უკმარისობისაგან) დაცვა ნიშნავს ადამიანების ფიზიოლოგიურ გადარჩენას. თუმცა, ადამიანები უბრალოდ ფიზიკურად კი არ უნდა არსებობდნენ, არამედ უნდა ქმნიდნენ, სრულყოფდნენ გარემოსაც და საკუთარ თავსაც.

სურსათის დეფიციტი - ნიშნავს სურსათის მოხმარების დეფიციტს, ამიტომ სურსათის ნაკლებობის (უკმარისობის) საფრთხის ლიკვიდაცია განიმარტება უფრო ფართოდ, ვიდრე უბრალოდ ფიზიოლოგიური გადარჩენა. სურსათის მოხმარება უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების (სიცოცხლისუნარიანობის) აქტიურ და ჯანსაღ შესაძლებლობას. ამრიგად, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი. აუცილებელი მოთხოვნაა (პირობაა) - სურსათის მოხმარების ისეთი საკმარისობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებას.

სურსათის საკმარისობა არის ის ძირითადი დებულება, რომელიც გვხვდება საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების არსებულ განმარტებებში. თუმცა, საკმარისობა განიმარტება ზოგადად და იგი ფოკუსირებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ერთ სახეობაზე - მარცვლეულზე, რომლის არსებობა (საკმარისობა) სპეციალისტების აზრით უზრუნველყოფს მსოფლიოში სასურსათო მდგომარეობის სიმყარეს და ქმნის გარანტიებს საგანგებო მდგომარეობების შემთხვევაში. ამასთან, უსაფრთხოდ ითვლება გარდამავალი მარაგების ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს მარცვლეულის მოხმარების 60 დღეს, ანუ მთელი მოხმარების 17%-ს.

ცალკეული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ხასიათდება სიმწვავის სხვადასხვა ხარისხით, რომელიც განპირობებულია ამა თუ იმ ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარების სხვადასხვა დონით, წარმოებითი ურთიერთობებით, კლიმატურ-ნიადაგური პირობებითა და ა.შ. აშკარაა, რომ ყოველი ქვეყნის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს წინაშე, დგას სურსათის ნაკლებობის (უკმარისობის) საფრთხის ნეიტრალიზაციის ამოცანა. ამ მხრივ, ცალკეული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება უკავშირდება საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ძირითად პირობებს. აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების განმსაზღვრელ მოთხოვნას როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო დონეზე, წარმოადგენს სურსათის საჭირო რაოდენობით სტაბილური უზრუნველყოფა. ესაა ფიზიოლოგიური სასურსათო უსაფრთხოება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სურსათით დიდი რაოდენობით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არასაკმარისია. ადამიანს სიცოცხლის დაცვის (პროდუქტიული საკვებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით), მისი სრულფასოვანი ფიზიოლოგიური არსებობის პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიღწეული იქნება ამ დაცვის ბოლო სტადია - მოხმარება. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ მოითხოვს ისეთი ეკონომიური პირობების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების ისეთი დონის მიღწევას, სურსათზე ისეთი ფასების არსებობას და ა.შ., როცა შესაძლებელი გახდება მოსახლეობის სურსათზე ხელმისაწვდომობა.

ამრიგად, ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობის საფრთხისგან დაცვა, ამ საფრთხეთა შემცირება და ნეიტრალიზება შესაძლებელი გახდება სურსათით საკმარის დონეზე უზრუნველყოფის გზით, აგრეთვე მასზე ხელმისაწვდომობის პირობების შექმნით. სწორედ ეს ორი მთავარი დებულება - საკმარისობა და ხელმისაწვდომობაა დაფიქსირებული საერთაშორისო დოკუმენტების უმრავლესობაში სასურსათო უსაფრთხოების განმარტებისას. სასურსათო უსაფრთხოება ხასიათდება, როგორც ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს გარანტირებულად ხელეწიფება ნებისმიერ დროს მიიღოს სურსათი იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.

ჩვენის აზრით, სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოება უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ. ეს დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა იმასთან, რომ სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა სახელმწიფო წარმონაქმნების ფარგლებში „მუშაობს“ აგრეთვე სახელმწიფოს, როგორც ასეთის ამოცანების გადაწყვეტაზე და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ხაზი გაესვას შემდეგს:

1. ისტორიული განვითარების გამოცდილება ამტკიცებს, რომ ე.წ. „მშიერ ამბოხს“ შეუძლია შეარყიოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთი შეხედვით მყარი საფუძვლები.

2. კაცობრიობის ისტორია, სხვათაშორის, ესაა სახელმწიფოებისა და ხალხების უწყვეტი ბრძოლა თავიანთი ეროვნული ინტერესების დაცვისა და მათი რეალიზაციისათვის. თანამედროვე პირობებში ამ ბრძოლის სიმძიმის ცენტრში წარსულში მსოფლიო ომებიდან და ლოკალური კონფლიქტებიდან გადაინაცვლებს ეკონომიკური ურთიერთ დაპირისპირებისაკენ, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გადაიზარდოს აშკარა დაპირისპირებაში.

სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა ბევრად განსაზღვრავენ საზოგადოებაში სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც თავის მხრივ ქმნის სახელმწიფოს თანმიმდევრული ეკონომიკური განვითარების, მისი სიძლიერის და ავტორიტეტის განმტკიცების პირობებს და საბოლოო ჯამში ამყარებს სახელმწიფოს პოზიციებს სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ დაპირისპირებაში. სხვა სიტყვებით - ხდება სახელმწიფოს პოზიციების განმტკიცება მთლიანად მისი ეკონომიკური და ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ალბათ, სწორედ ამაში მდგომარეობს სასურსათო უსაფრთხოების, როგორც ქვეყნის ეროვნული უშიშროების შემადგენელი ნაწილის როლი.

ბუნებრივია, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების აღნიშნული პოზიცია შეიძლება გახდეს ეკონომიკურ მოწინააღმდეგეთა ზემოქმედების ობიექტი. ამას გარდა, სასურსათო პრობლემის საერთაშორისო ხასიათის გამო, სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა არის ისეთი საერთაშორისო ზეგავლენის ქვეშ, როგორებიცაა ფასები მსოფლიო სასურსათო ბაზარზე, რყევები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დონეში, ლოკალური კონფლიქტები და ა.შ. სრულიად რეალურია ისეთი სიტუაცია, როდესაც აღნიშნული ფაქტორების მოქმედებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს სურსათის საკმარისობასა და ხელმისაწვდომობაზე, და აქედან გამომდინარე, გამოიწვიოს საზოგადოების დესტაბილიზაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი იქნება იმის მტკიცება, რომ სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა, მართალია გარკვეულწილად არის სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორები, მაგრამ მხოლოდ მათი ზემოქმედებით არ შეიძლება განვსაზღვროთ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის არსი და შინაარსი. სასურსათო უსაფრთხოების შინაარსის არსებით შემავსებელს წარმოადგენს დებულება თვითუზრუნველყოფის გარკვეული დონის არსებობისა, და ამის ხარჯზე, სურსათის უზრუნველყოფის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ.

თეზისი თვითუზრუნველყოფის მიღწევის აუცილებლობის შესახებ  დეკლარირებულია მთელი რიგი ავტორების მიერ.  ასე მაგალითად,  მეცნიერები რუსეთიდან ს. ძარასოვი და ს. ფილიევი თვლიან, რომ ქვეყანა უნდა უზრუნველყოფდეს კვების პროდუქტებით მიმდინარე და საგანგებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას საკუთარი რესურსების ხარჯზე. ამ დარგის სლოვაკი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სასურსათო უსაფრთხოების ზღვარია სურსათის წარმოების ისეთი დონე, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი რესურსებით რეალური მოთხოვნილებების მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებას. ამავე დროს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისათვის არ არსებობს თვითუზრუველყოფის დონის ერთიანი კრიტერიუმები. ჩვენის აზრით, აღნიშნული მოთხოვნის კორექტული ფორმულირება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, მისი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ბუნებრივ-კლიმატურ და სხვა პირობებს, აგრეთვე ჩამოყალიბებულ ტრადიციებს როგორც წარმოების, ისე მოსახლეობის კვების სტრუქტურაში.

გარდა სურსათის დეფიციტის საფრთხისა, ადამიანის სისცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს კვების პროდუქტების დაბინძურება. ასე, მაგალითად, გამწვავდა სურსათის მიკროტოქსინებით, განსაკუთრებით ფუზარიტოქსინებით დაბინძურების პრობლემა, რომელიც ხასიათდება მაღალტოქსიკურობით, იმუნოდეპრესიული მოქმედებით და აქვთ ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენის უნარი. უკანასკნელ წლებში სამჯერ და მეტად გაიზარდა პროდუქციის ნიტრატებითა და მისი დაშლის პროდუქტებით დაბინძურების დონე.

თუ განვაზოგადებთ ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს, მართებულად მიგვაჩნია ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების შემდეგი ფორმულირება: სასურსათო უსაფრთხოება - ესაა სახელმწიფოს ეკონომიკისა და მისი შესაბამისი ეკონომიკური ინსტიტუტების უნარი უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა სურსათის სტაბილური საკმარისობა და ხელმისაწვდომობა იმპორტისაგან დამოუკიდებლობისა და თვითუზრუნველყოფის გარკვეული დონის პირობებში.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემას აქვს აგრეთვე შიგა სახელმწიფოებრივი, რეგიონალური ასპექტიც, ანუ მართებულია განხილული იქნას გარკვეული ავტონომიური ან ტერიტორიულ-ადმინისტრაციული წარმონაქმნის სასურსათო უსაფრთხოება, რომლის რეგიონალური ასპექტის კვლევა, პირველ რიგში მოითხოვს მოცემული პრობლემის ირგვლივ  გადასაჭრელი ამოცანების მკვეთრ გამიჯვნას ცენტრსა და რეგიონებს შორის. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ საკუთარი სასურსათო ბაზის განვითარების, აგროსამრეწველო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირების, სამამულო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების დაცვის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დაცვის საერთო-სახელმწიფო პროგრამების საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. საქმიანობის მოცემული სფერო კი არის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა.

რეგიონალურ დონეზე გადასაჭრელი ამოცანები დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონის არსებულ და პოტენციურ შესაძლებლობებზე, რომელიც მოიცავს სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების უნარს, აგრეთვე საკუთარი სახსრების აკუმულირებისა და გადანაწილების ხარჯზე საწირო რაოდენობის სურსათის შესყიდვის საკმარისობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს და ა.შ. ფაქტიურად, საუბარია საერთო სახელმწიფო მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის წარმოების საქმეში შრომის რეგინალურ დანაწილებაზე. ჩვენი აზრით, როგორც რეგიონის ეკონომიკის გარკვეული მდგომარეობა, მიღწეული სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების საკმარის (სამედიცინო ნორმებით) უზრუნველყოფას საკუთარი წარმოების ან საკუთარი სახსრების ხარჯზე. ეს გულისხმობს პროდუქტების ყიდვას, საკუთარი პროდუქტების გაცვლას სხვა ქვეყნის ან რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე (კლიმოვა. ნ. მ. 2012). ის მსოფლიო ვაჭრობაში გართულებების არსებობის შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს სურსათის ხელმისაწვდომობის შესაბამის დონეს და სასურსათო მომარაგების შეფერხებების მაქსიმალურად აღმოფხვრას.