„ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების მიზანია, საზოგადოებაში პანიკა და ინტრიგა იყოს“

„ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების მიზანია, საზოგადოებაში პანიკა და ინტრიგა იყოს“

პარლამენტის წევრები მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარებას სთხოვენ.

ირაკლი შოთაძე წარსდგება თუ არა კანონმდებლების წინაშე და მიაწოდებს თუ არა მათ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება, თუმცა, ფარული ჩანაწერებით ადამიანების დაშანტაჟება თითქმის ყოველ დღე ხდება.

მთავარი პროკურატურა დამნაშავეებს აკავებს და საქმის გამოძიებას აწარმოებს, თუმცა, კანონმდებლებისთვის ეს საკმარისი არ არის და ისინი მეტი დამაჯერებლობისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა, გივი თარგამაძემ განუცხადა, საგამოძიებო ორგანო იმ მაიმუნობას მაინც უნდა მორჩეს, რომ ვითომ, ვიღაცეებს იჭერს.

„გუშინწინ ხალხი დაიჭირეს და დღეს კიდევ ახალი კადრები გავრცელდა. ეს მაიმუნობა ყველამ იცის და განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ მაიმუნობენ ან თქვან, გამოძიებისთვის რა ნაბიჯებს დგამენ. თქვან, იგივე ჩოკუტაევის საქმე რატომ არ გამოიძიეს, რაც მათ ევალებათ. პროკურატურა არც ამ საქმით და არც „ჰაკიმ ფაშათი“ არ დაინტერესებულა. რატომ უნდა ველოდოთ, რომ რაღაცას ახლა გამოიძიებენ?“, - აცხადებს თარგამაძე.

კანონმდებელის მოსაზრებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება მხოლოდ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„მისთვის პირველადი პრიორიტეტი ასეთი კადრების გავრცელებაა, ხოლო შედეგები მეორადია. ეს აშკარად ავადმყოფური მოვლენაა და ეს მის მენტალიტეტში ზის“, - ამბობს კანონმდებელი, რომელსაც კითხვით მივმართეთ, თავის დროზე, თუ ვინ მოახდინა ამ კადრების ჩაწერა.

თარგამაძე არ უარყოფს, რომ ფარული ჩანაწერების განხორციელება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოხდა.

„არავინ არ დავობს, რომ კადრები იმ დროს არის ჩაწერილი. გავიგეთ, რომ ჩაწერილი იმ დროს არის, თუმცა, ვერ გავიგეთ, ეს კადრები გუშინწინ რატომ გაახსენდათ და ის ხალხი ახლა რატომ დაიჭირეს?! ასევე მაინტერესებს, სამი წლის მანძილზე, ამ კონკრეტულ ადამიანებთან რატომ თანამშრომლობდნენ? რაზეც არავინ არ დავობს, იმაზე განცხადებების კეთებას, რა აზრი აქვს? ამ ხალხს ან პასუხი უნდა აგებინონ, ან უნდა თქვან, რომ უძლური ხელისუფლება არიან. იმ სტრუქტურის ხელმძღვანელები მაინც გადადგნენ, ვინც ამას ვერ იძიებს. იმაზე ლაპარაკი სისულელეა, რომ ამის პოვნა რთულია. პირდაპირი მაგალითებია იმისა, რომ დამნაშავეების პოვნა არც უნდათ“, - აღნიშნავს თარგამაძე.

პარლამენტში შოთაძის მისვლის მნიშვნელობაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი პავლე კუბლაშვილიც საუბრობს. for.ge-სთან საუბარში კუბლაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს, ვინ ისჯება და როგორ ისჯება.

„ადამიანების დასჯის გარეშე, საგამოძიებო მოქმედებების წარმოება წინ გადადგმული ნაბიჯი ვერანაირად ვერ იქნება. ამიტომ მთავარ პროკურორს პასუხები უნდა ჰქონდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმევა და მიგვაჩნია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. შოთაძის სტუმრობით ის მოხდება, რომ იმ კოლეგებს, რომელთაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, ნაბიჯის გადაადგმა გაუადვილდებათ და ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ“, - ამბობს კუბლაშვილი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განწყობას, მთავარი პროკურორის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის თაობაზე, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

for.ge-სთან საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმება.

„მთავარი საგამოძიებო მოქმედებებია და პროკურატურის წარმომადგენელი პარლამენტში როდის და რა ეტაპზე გამოცხადებიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გამოძიების დეტალები ცნობილი იმ ხალხისთვის არ უნდა გახდეს, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას იღებს. მათ სასჯელისგან მიმალვა არ უნდა გაუადვილდეთ. გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება გამოძიების ინტერესების შესაბამისად უნდა მოხდეს. ბალანსი უნდა იყოს დაცული, საზოგადოებრივ ცნობისმოყვარეობასა და გამოძიების ინტერესებს შორის“, - განაცხადა ფოფხაძემ.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუკი პროცესზე ვინმე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი განცხადებებით პანიკას თესავენ.

ფოფხაძის მოსაზრებით, კადრების გამავრცელებელი პირების მიზანია, რომ საზოგადოებაში პანიკა და ინტრიგა იყოს, ვისზე რა გამოქვეყნდება. დეპუტატი არ ეთანხმება იმას, რომ ვიღაცამ გამოძიებას საათი ჩაურთოს.

„ეს ატმოსფერო ყველაზე ცუდია და პროკურატურას ამ პირობებში მუშაობა უფრო გაუჭირდება. ვინც ამას აკეთებს, ხვდება, რომ პანიკა სამართალდამცავებსაც ურტყამს და საკუთარ მიზანს აღწევს. თუკი ტერორიზმის გარკვეულ ფორმაზე ვსაუბრობთ, ტერორიზმის მიზანიც სწორედ ეს არის. შეიძლება ადამიანი შენობაში შევიდეს, თავი აიფეთქოს და მას არანაირი მოკავშირე არ ჰყავდეს, მაგრამ შედეგი იმით მთავრდება, რომ მოსახლეობა დაძაბულია და იმის განცდა აქვს, რომ დაუცველია. ამ თემებზე პოლიტიკური მანიპულაციები სწორი არ არის“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

ფოფხაძისგან განსხვავებით, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ გონივრულია, მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს პასუხები გასცეს. როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, პოზიტიური ფაქტია, რომ რამდენიმე ადამიანი დაკავებულია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პრობლემა აღფმოფხვრილად ერთხელ და სამუდამოდ ჩაითვალოს.

„მნიშვნელოვანია, დეპუტატები იმაში დარწმუნდნენ, რომ პროკურატურა აქტიურ მოქმედებებს აწარმოებს იმისათვის, რომ დამკვეთებზე გავიდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იპოვოს, რომელსაც ეს ინფორმაცია შენახული და ქვეყნის გარეთ აქვს გატანილი. ძალიან კარგად გვესმის, რომ კონრეტულ პირებზე და კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნის უფლება არ გვაქვს, მაგრამ პასუხის იმაზე მიღების უფლება გვაქვს, რომ პროკურატურა სწორად ვითარდება“, - დასძენს კორძაია.

პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე გასულ წელს დანიშნა და მან პირობა დადო, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ითანამშრომლებდა. ქვეყნის მთავარი მბრალდებელი შეასრულებს თუ არა პირობას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.