ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან მიერთების საკითხზე მიმდინარე წლის აგვისტოში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ოფიციალური თბილისი კი, დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის იდეაში რუსულ კვალს ხედავს და პოლიტიკურ პროვოკაციაზე მიანიშნებს.
ლეონიდ თიბილოვი რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა, განმარტავს, რომ რეფერენდუმის საკითხი ე.წ კონსტიტუციაში იმ მუხლის შესწორებას მიეძღვნება, რომელიც მომავალში ოკუპირებულ რეგიონს შესაძლებლობას მისცემს რუსეთს მის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართოს.
სეპარატისტების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსოფლიოში შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ სურს, სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი სერიოზული პოლიტიკური რისკების წინაშე დააყენოს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილება თუ როგორი იქნება, ამას აგვისტო აჩვენებს, მანამდე კი, თბილისში კრემლის ზრახვებზე მიანიშნებენ. როგორც for.ge-ს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე პრაქტიკული მიზანი გამორიცხულია, რადგან რუსეთი ოკუპურებული ცხინვალის ტერიტორიებს მხოლოდ სამხედრო ბაზებისთვის იყენებს და ალბათ, ამ ტერიტორიისთვის სხვა დატვირთვა არც მომავალში არ ექნება.
კანონმდებლის თქმით, ის, რომ ამ საკითხში კრემლის ხელი ურევია, ამაზე არავინ დავობს, ხოლო თიბილოვის მიერ გაჟღერებულ იდეასა და კრემლის ზრახვებს საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების პერიოდს უკავშირებს.
„თუკი იმ საქმეში ვთანხმდებით, რომ ამაში კრემლის ხელი ურევია, მაშინ კითხვამდე ბუნებრივად მივდივართ, ეს იდეა რა მიზანს ემსახურება?! - ამ ნაბიჯის რელევანტობას ვერ ვხედავთ, ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ პოლიტიკური მიზნები აქვთ, რომელიც შესაძლოა, საარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, რადგან ეს უფრო მეტად პოლიტიკური პროვოკაციაა, რადგან ცხინვალში რეფერენდუმი არაერთხელ ჩატარებულა, რომელიც კრემლს არ უღიარებია, თუმცა, პოლიტიკური ზეწოლისა და ჩვენი შეშფოთებისთვის გამოუყენებია“, - აცხადებს სესიაშვილი.
საკითხზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ხაზს სამ მოცემულობას უსვამს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ღრმა თემაა, რომელიც განსახილველია. მისი შეფასებით, საზოგადოებამ საგანგებო ყურადღება იმ მემკვიდრეობას უნდა მიაქციოს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა.
„მათ საკუთარი შეცდომებით თუ დანაშაულებრივი შეცდომებით იმ ზომამდე მიგვიყვანეს, როდესაც თიბილოვი ასეთი განუკითხავია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი განსაკუთრებულ აქცენტს ოსების განწყობებზე აკეთებს და ამბობს, რომ ვლადიკავკაზსა და ცხინვალში ბევრი ისეთი ოსია, რომელიც თიბილოვის მსგავსად არ ფიქრობს. შესაბამისად, ამ თემას ის ხასიათი არ უნდა მიეცეს, რომ ეს ოსების ანტიქართული განწყობაა.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ცხინვალის რეგიონში ოსების გარდა, ჩვენი სანათესაო და სამეგობრო ცხოვრობს, რომლებიც ასე არ ფიქრობენ“, - დასძენს დეპუტატი.
ვოლსკი აღნიშნულ პროცესში რუსეთის როლზეც მიანიშნებს და ამბობს, რომ თუკი ეს უკანანო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული რუსეთზეც იქნება.
„რუსეთი სტრატეგიულად ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუკი მის წინააღმდეგ კიდევ ერთ თემას შექმნის. ყველაფერი, რაც ოკუპაციის პირობებში იქნება მიღებული, უკანონოა. ეს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნა და ნორმაა, რომელსაც ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ. მით უმეტეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სამხედრო რესურსი არ გამოიყენება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძემ კი for.ge-ს განუცხადა, რომ თიბილოვის განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის მიბმა უსინდისობაა. მისი განცხადებით, დაშლილი და მატყუარა ხელისუფლების ამგვარი კომენტარები იმას აჩვენებს, ისინი საღ აზრს რამდენად აცდენილები არიან.
„ხელისუფლება მზადაა, ყველა სისულელეზე ხელი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გამოიშვიროს. დილით ცუდ ფეხზე რომ ადგნენ, ესეც ნაციონაონალების ბრალია. ყოველგვარ ზღვარს გადასულ განცხადებებს აკეთებენ და ამას ის ხელისუფლება აკეთებს, რომელმაც მსოფლიო დღის წესრიგიდან საქართველოს ოკუპაციის საკითხი მოხსნა“, - აცხადებს ბარამიძე.
კანონმდებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სურვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს იდეა თიბილოვის ტვინში არ დაიბადებოდა და მას იმის უფლებას არავინ არ მისცემდა, რომ ეს გაეჟღერებინა.
„კრემლში გადაწყვიტეს, რომ ეს თემა გაამწვაონ. ეს იმ ოპერის გაგრძელებაა, როცა კარასინმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის პოლიტიკა აჩვენა. ეს ერთი ბარტყის გადმომიგდეს პოლიტიკაა. მათი დამოკიდებულებაა, რომ ჩვენი პრობლემების მომგვარებელი ისევ რუსეთი უნდა იყოს. ფაქტია, რომ რუსეთი თავის კბილებს აჩვენებს“, - დასძენს ბარამიძე.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ თიბილოვის იდეა რუსეთის მხრიდან მორიგი დესტრუქციაა.
დოლიძის განმარტებით, სეპარატისტებმა რაც არ უნდა რეფერენდუმი ჩაატარონ და დოკუმენტები მიიღონ, ამას არავითარი საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება.
„ეს ნათელი და რეალურია. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმ ბერკეტებს არ ვფლობთ, რომ რაღაცეები ადგილზე შევცვალოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესების გარშემო საერთაშორისო ჩართულობა გავზარდოთ. მათ შორის, ჟენევის ფორმატში“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომლითაც მათ დაანახებს, რომ საქართველოს ლეგიტიმური მხარე მომხიბვლელია.
„მათ უნდა დავანახოთ, მათთვის ქართული მხარე უფრო პერსპექტიული რატომ არის და ოკუპირებულ რეჟიმში ყოფნა ცუდი რატომ არის. ისინი ამას ადრე თუ გვიან დაინახავენ. ამ თამაშებიდან კი, განსაკუთრებულს არაფერს არ ველოდები“, - დასძენს დოლიძე.