„ოფშორული ზონები ყველას აწყობს და საეჭვოა, საერთაშორისო საზოგადოებამ მათი გასაჯაროება მოახდინოს“

„ოფშორული ზონები ყველას აწყობს და საეჭვოა, საერთაშორისო საზოგადოებამ მათი გასაჯაროება მოახდინოს“

ოფშორულ ზონებში არსებულმა რისკებმა საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად დააფიქრა იმაზე, ხომ არ უნდა შეიქმნას მსოფლიო მასშტაბის ბენეფიციარ მფლობელთა ერთიანი სია, რათა აღარ დაიფაროს ოფშორებში რეგისტრირებულ ბენეფუციარ მფლობელთა ვინაობა და მათ ხელსაყრელი საშუალება არ მიეცეთ, ფული ტერორიზმის დაფინანსებას, ნარკოტიკებსა და სხვა არალეგალურ საქმიანობას მოახმარონ. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობაც დასახვეწია.

მანამდე კი მსოფლიო ლიდერები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საკუთარი ფინანსების სამართავად ოფშორულ ზონებს წარმატებით ირჩევენ და იქ მოქმედ ხელსაყრელ პირობებსაც სათავისოდ იყენებენ, რაც საგადასახადო შეღავათს, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისთვის თავის არიდებას, უკანონო საქმიანობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და იქიდან კაპიტალის შემოდინება ძირითადად 2004 წლიდან შეინიშნებოდა. ყველაზე დიდი მოცულობის თანხა (საუბარია თითქმის 150 მილიონ დოლარზე) საქართველოში კვიპროსიდან 2007 წელს შემოვიდა. 2013 წელს კი იმავე კვიპროსში საქართველოდან 106 მილიონი დოლარი გავიდა.

თუმცა პრობლემა მარტო კვიპროსით არ ამოიწურება. საქართველოსა და ოფშორული ზონების მქონე სხვა ქვეყნებშიც აქტიური ფინანსური მოძრაობა შეიმჩნევა. მათ შორისაა, ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულები, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები...

პანამის ოფშორული ზონის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, რასაც ისლანდიის პრემიერის გადადგომა მოჰყვა, ოფშორების თემამ კვლავაც წამოიწია. სხვათა შორის, ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიცაა ნახსენები.

თუ როგორ უნდა შემცირდეს ოფშორებიდან მომავალი საფრთხე, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ესაუბრა. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ბენეფიციარ მფლობელთა ერთიანი რეესტრი თუ შეიქმნება, შესაძლოა, მიმზიდველობა დაკარგონ ე.წ. ოფშორებმა. კერძოდ, ოფშორში ადამიანს ან კომპანიას თუ მიაქვს თანხა, ეს იქ არსებული თავისუფლებითა და საიმედობით, ინკოგნიტო დაცულობით აიხსნება, ხოლო, თუკი რეესტრი შეიქმნება და გაიხსნება ყველა დოკუმენტი, მათ პრობლემები შეექმნებათ. ამიტომ, პაატა აროშიძის თქმით, საეჭვოა, ამაზე წავიდეს საერთაშორისო საზოგადოება. ისევე, როგორც თავის დროზე, მეორე მსოფლიო ომის დროს, შვეიცარიამ შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი და ეს აწყობდა ყველა მხარეს, ასევე აწყობს ოფშორული ზონები ყველას.

რაც შეეხება პანამის დოკუმენტებს, პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევით გამოჟონილ ინფორმაციას არ ჰგავს და შესაძლოა, ეს დოკუმენტები რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იყოს მიმართული. მთავარია, რომ ის შემოსავალი, რომელიც დაფიქსირდა ოფშორულ ზონებში (საუბარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ-ბიძინა ივანიშვილზე) ნამდვილად არ ყოფილა საქართველოდან გატანილი, ეს იყო ივანიშვილის პირადი ქონება და გამორჩა თუ ძალით გამოტოვა ეს ქონება ივანიშვილმა, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის.

„მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ბიუჯეტში უპრობლემოდ გადაიხდის გადასახადს, რომელიც მას ეკუთვნის. სხვა საქმეა დავით კეზერაშვილთან მიმართებით. კეზერაშვილს არანაირი შემოსავალი არ ჰქონია, ეს ყველამ იცის და, როგორც ამბობდნენ, ცალ-ცალი კალოშით ჩამოდიოდნენ თბილისში ყოფილი პრეზიდენტის დროს. სააკაშვილი უწოდებდა მათ გაღლეტილებს და, მათ შორის, კეზერაშვილსაც გულისხმობდა. საიდან აღმოაჩნდა კეზერაშვილს ეს თანხა? ხომ არ არის ამ შემოსავალში ის ფინანსები, რომლებიც 2008 წლის სექტემბერში გადმოირიცხა საქართველოში ომის შედეგების სალიკვიდაციოდ? 5 მილიარდიდან 2 მილიარდნახევარი იყო სწორედ ის თანხა, რომელიც გრანტის სახით უნდა მოხმარებოდა საქართველოს. როგორც მოხმარდა, ჩვენ კარგად ვხედავთ. ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. 2004 წლიდან გაეხსნა გზა იმ კაპიტალს, რომელიც დარეგისტრირებული იყო ოფშორებში. მართლაც, თუ გადავხედავთ ინვესტიციებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საეჭვო კომპანიები ახორციელებენ საქართველოში ინვესტირებას. ეს არის კომპანიები, რომლებიც ოფშორშია დარეგისტრირებული, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ისინი იგებენ ძალიან დიდი რაოდენობის თანხებს და ისმის კითხვა, ხომ არ დგანან ამის უკან ისეთი ჩინოვნიკები, როგორებიც იყვნენ კეზერაშვილი და ე.წ. გაღლეტილი მინისტრები?! შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, ხომ არ მოიკიდებს კეზერაშვილი აშენებულ ქონებას და ხომ არ წაიღებს? მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მათ კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირეს ეს ქონება და ინვესტიციები შემოდიოდა ასეთი ოფშორული ზონებიდან. ასე რომ, აქ მინიმუმამდე იყო დაყვანილი ევროპული თუ ამერიკული ინვესტიციები. პლუს ამას, დავაკვირდეთ, რა დროს გადის თანხები საქართველოდან? ეს პოლიტიკური აქტივობის პიკს ემთხვევა. გარდა ამისა, შეიძლება თანხა შემოდიოდეს რაღაც ღონისძების დასაფინანსებლად ნაცმოძრაობისთვის და ეს ე.წ. ქეშ-ფული იყოს. გახსოვთ ალბათ, ზღულაძე რომ დააკავეს 4 მილიონით. დარწმუნებული ვარ, ის ოთხი მილიონი საქართველოში შემოდიოდა“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი ერეკლე ურუშაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბენეფიციარი მფლობელების გლობალური რეესტრის შექმნა გლობალური მოძრაობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივაა. ამ რეესტრის შექმნის მიზეზი ისაა, რომ ოფშორებში არსებული აქტივები ან მოძრავი ფული არ გამოიყენონ უკანონო საქმიანობისთვის, ან უკანონო შემოსავლის დასაფარად, ან ფულის გასათეთრებლად, ან ტერორიზმისა და სხვა დანაშაულებივი საქმიანობის დასაფინანსებლად. ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მსოფლიოს მასშტაბით დიდი ხანია ეწევა ადვოკატირებას, რომ დამკვიდრდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სათანადო სტანდარტები ოფშორულ ზონებში.

„ცხადია, საქართველოსთვის ეს პრობლემურია. მაგალითად, როცა ხდებოდა რომელიმე ბუნებრივი მონოპოლიის პრივატიზება, როგორც ეს მოხდა თბილისში წყალგამანაწილებელი სისტემის შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყო ამ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტის, ან ლიცენზიის მიმღები კომპანიის ბენეფიციარი მფლობელი. ვერ გეტყვით, რას ხმარდებოდა ოფშორიდან შემოსული თანხები, მაგრამ, როცა სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა არ არის ბოლომდე გამჭვირვალე, აქ ყოველთვის იარსებებს კორუფციის რისკი და ეჭვი. ამიტომ გამჭვირვალობის სტანდარტები უნდა დაწესდეს, როგორც თავის დროზე ეს მოხდა საქართველოს ყველაზე მსხვილ ტელეკომპანიებთან მიმართებით. მოგეხსენებათ, წინა წლებში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები იყვენენ ოფშორული კომპანიები და ჩვენ არ ვიცოდით, რეალურად ვინ იდგა ქვეყნის ყველაზე მსხვილი მაუწყებლების უკან. თუმცა 2010-11 წელს შემოვიდა შესაბამისი რეგულაცია და აიკრძალა სამაუწყებლო ლიცენზიების ოფშორული მფლობელობა. ევროპის შიგნითაც არის ასეთი ადგილები და ყველა ასეთ იურისდიქციაში უნდა დაწესდეს გამჭვირვალობის სტანდარტები. აქ არ არის მთლიანად გაუქმებაზე ან აკრძალვაზე საუბარი, უბრალოდ, გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ყველა კომპანია“, - აღნიშნა ერეკლე ურუშაძემ.