ნატოს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უახლოეს მომავალში გაფართოებას არ აპირებს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიგრანტების განთავსების საკითხებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიგრანტების დიდი ნაკადის გამო, ევროპას სამეზობლო პოლიტიკის შეცვლა მოუწევს. რა გავლენა შეიძება მოახდინოს ამ განცხადებებმა საქართველოს საგარო და საშინაო პოლიტიკაზე, როგორ აისახება ევროკავშირის კრიზისი და რუსეთ-ამერიკის დაძაბულობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორია გლობალიზაციის ფონზე ძალთა ახალი გადანაწილის საკითხი და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ ამ რთულ მდგომარეობაში?
For.ge გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს ნანა დევდარიანს ესაუბრა
ნიშნავს თუ არა სტოლტენბერგის და მერკელის განცხადებები იმას, რომ საქართველოს გეგმები, ნატოს და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, საფრთხის წინაშე დადგა?
- რამდენიმე თვის წინ, როდესაც განვაცხადე, რომ ევროპა მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით, კარს ღიად ვერ მოაფრიალებს, პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოების და მედიის გარკვეულმა ნაწილმა ეს თემა საქილიკოდ გაიხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლა აუცილებლად ექნებოდა. უვიზოდ მიმოსვლა ზედმეტი ენთუზიაზმის საბაბი ნამდვილად არ არის. როდესაც ევროპაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შესვლის უფლება გაქვს, თან უნდა გქონდეს იმაზე მეტი დოკუმენტაცია, ვიდრე საელჩოები აქ ითხოვდნენ ვიზის გასაცემად და არ ხარ დაზღვეული, რომ მებაჟე, საკუთარი გადაწყვეტილების თანახმად, უკან არ გამოგაბრუნებს.
თავისთავად, საზღვრების გახსნა, ცუდი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, მსოფლიო საზღვრების გარეშეც უნდა იყოს, მაგრამ დღეს, ტერორიზმის და მიგრანტების გამო, თვით ევროპის უსაფრთხოების საკითხი დადგა საფრთხის ქვეშ. გარდა ამისა, რამდენ ადამიანს ვიცნობთ ჩვენს გარშემო, რომელთაც მითითებული რაოდენობის თანხის დეკლარირება შეუძლიათ? ვისაც შეუძლია, ის ისედაც უპრობლემოდ გადაადგილდებოდა ევროპაში და რჩებოდა იმდენ ხანს, რამდენიც უნდოდა. ძალიან კარგია ის, რომ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში ცოდნა აიმაღლონ და დასავლური განათლება მიიღონ. მეორე მხრივ, ჩვენმა ხელისუფლებამ გარკვეული ქმედებები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უკან დაბრუნების მოტივაცია ჰქონდეთ.
ეს ალბათ შორეული პერსპექტივაა...
- არც ისე შორეულია და არც ისე რთული. ჯერ კიდევ 100 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყანა არც ვიყავით, ცალკეული ადამიანები და მეცენატები ახერხებდნენ. ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და სამწუხაროა, რომ დღეს ასე არ არის. ზედმეტი ტაშ-ფანდური ყველაფერში და ხბოს აღტყინება ჩვენთვის დამახასიათებელია. ევროკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირში შესვლა ჩვენთვის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირს თავისი პრობლემები გააჩნია.
ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ევროკავშირი უარს აცხადებს გაფართოებაზე და ტერორიზმის საფრთხეს და მიგრანტების პრობლემას იმიზეზებს, რადგან ევროგაერთიანების პოლიტიკამ ვერ გაამართლა და კავშირი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა?
- მსოფლიოს მოწყობის მოდელი კრიზისში შევიდა 2008 წლის თებერვლიდან, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალდატანებით აღიარებინეს კოსოვოს დამოუკიდებლობა თავის პარტნიორ ქვეყნებს. ასეთი პრეცენდენტის შემქმნელები, დღეს პუტინს ვეღარ ედავებიან იმაზე, რატომ აღიარა აფხაზეთი, ცხინვალი და ყირიმი მიიერთა. მსოფლიო, როგორც აქამდე იყო, ასეთი ფორმით ვეღარ იარსებებს. გარდა ამისა, კრიზისია დაწყებული ევროპული ფასეულობების გარშემო. ევროკავშირმა კონსტიტუციიდან ამოიღო განმარტება, რომ ევროპა ეფუძნება ქრისტიანულ საფუძვლებს. ეს ყველაფერი ძაფზე აწყობილი მძივივით ერთმანეთს მიეწყო. ევროკავშირი კი არ იმიზეზებს, სინამდვილეში პრობლემა რეალურად და ბევრად ღრმაა, ვიდრე ისინი ამას ხმამაღლა აღიარებენ.
ძაფზე მძივივით აწყობილი პრობლემები, როგორც აღნიშნეთ, ხომ არ არის ამერიკის კარგად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგი ევროკავშირის წინააღმდეგ და ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ ამერიკა ცდილობს ისევ ორპოლუსიან რეჟიმში გადაიყვანოს მსოფლიო?
- შეერთებულ შტატებს არც ორპულუსიანი და არც მრავალპოლუსიანი მსოფლიო არ სჭირდება. მას სურს ერთპოლუსიანი სამყარო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მართავს მსოფლიოს. ჩვენი თაობა ყოველთვის დასავლეთისკენ იყურებოდა. დღეს დიდი იმედგაცრუებაა, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია. ოცი წელიწადიც ვერ გაუძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო ჰეგემონის სტატუსს.
რა იყო ამის მიზეზი?
- მიზეზები ბევრია და მრავალმხრივი. ქვეყანა მთლიანად თავის თავზეა ორიენტირებული. მისმა მოქალაქეებმა ხშირად არც იციან, ქვეყნის გარეთ რაც ხდება. მეტსაც გეტყვით, კონგრესმენების უმეტესობას საზღვარგარეთის პასპორტიც არ აქვთ და ქვეყნის გარეთ გამოხედვის ინტერესიც კი არ გააჩნიათ. ისინი საკუთარ თავზე ორიენტირებული ხალხია. ამერიკულმა მოდელმა, რომელიც მართლაც, მართვის განსხვავებული მოდელია, ძველი ცივილიზაციის ქრისტიანულ ქვეყნებში რაც მოიტანა, კარგად ვნახეთ. დემოკრატიის ექსპორტის ამერიკულმა მოდელმა სრული კრახი განიცადა. ისინი თავის თავში თუ არ იპოვიან იმის ძალას, რომ გადახედონ პრობლემებს და მის გამომწვევ მიზეზებს, არაფერი არ გამოვა.
რაც შეეხება ევროპას, დე-გოლის გადადგომის შემდეგ, მას მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ამერიკა მართავდა და ევროპაში დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან უკმაყოფილია. ეს ერთ-ერთი პრობლემაა იმ კრიზისისა, ძაფზე აწყობილი მძივი რომ ვახსენე ზემოთ.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ არც ვარშავის და არც უახლოესი სამიტებიდან, არც მაპს და არც მასზე უკეთესს არ უნდა ველოდოთ. არადა იმედი და განცდა იმის, რომ ნატო-ში გავწევრიანდებოდით, თითქოს რეალური და ახლო იყო. ამ იმედებით წლების განმავლობაში ვიკვებებოდით. ყოფილი და ახალი ხელისუფლების დაპირებები მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, თუ მათ რეალურად ამის იმედი ჰქონდათ?
- მათ ამის სურვილი ნამდვილად ჰქონდათ. არ მჯერა იმის, რომ იცოდნენ რეალობა და მაინც ტყუილ-უბრალოდ ლაპარაკობდნენ. მაგრამ, ერთია, შენ რა გინდა და მეორეა, როგორ ვითარდება მსოფლიოში მოვლენები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ, რომ სადღაც, რაღაც რომ მოხდება, ის შენზე აუცილებლად ჰპოვებს ასახვას - დღეს თუ არა, ხვალ და ზეგ - აუცილებლად. მსოფლიო დაპატარავდა, გლობალიზაცია მხოლოდ ფინანსური ნაკადების გადადინება არ არის. იმის ძახილმა, რომ ნატო-ში შესვლა გვინდა, დღემდე ნეგატივის გარდა, არაფერი მოგვიტანა. შესაძლებელი იყო ამ თემაზე სხვანაირი განმარტებით გველაპარაკა. ცუდი ნამდვილად არ არის, რომ თანამედროვე და ქმედუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი არმია შექმნა. ცუდი ნამდვილად არ არის, რომ შენ თუ მონაწილეობ სხვა ქვეყნის სამშვიდობო მისიაში, მოითხოვო, რომ სხვამაც მიიღოს მონაწილეობა მაშინ, როცა შენ ეს გინდა და გჭირდება, ომს არ ვგულისხმობ.
ნატო-ს გენერალური მდივნები, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, რომელთა გადაწყვეტილებაზეც დიდწილადაა დამოკიდებული ნატო-ში შესვლა-არშესვლის საკითხი, ყველა გეუბნება, რომ ახლა ეს არ მოხდება, ვერ მოხდება, მაგრამ ოდესმე მოხდება. გააგრძელე თანამშრომლობა, იმუშავე იმაზე, რომ შენი არმია პროგრესული, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იყოს. ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, რომ დღეს არადა ხვალ მიგვიღებენ ნატოშ-ი, მაპ-ზე უკეთესს, ან ოქროს დარბაზებს მოგვცემენ, ეს საუბარი შიდა მომხმარებისთვისაა განკუთვნილი. ამდენ ძახილში ერთი პრობლემაც წამოეწია ხელისუფლებას - პროდასავლურ ფრონტზე იმდენი სუბიექტი გამოიქექა, ერთმანეთს თუ გაუწევენ კონკურენციას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.
ვის გულისხმობთ?
- ძირითადი სპექტრი - ნაციონალებიდან დაწყებული „ახალი მემარჯვნეებით“ დამთავრებული, ყველა აცხადებს, რომ ნატოში შესვლა უნდათ. „ახალმა მემარჯვნეებმა“ ისიც განაცხადეს, რომ ყველა პროდასავლური ძალა უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთო.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილი სპექტრი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელისუფლებას დასავლეთიდან რუსეთის მიმართულებით, პოლიტიკურ ვექტორის ცვლილებაში ადანაშაულებს. მმართველი ხელისუფლების ზოგიერთი ნაწილი ღიად საუბრობს იმაზე, რომ როდესაც დასავლეთი უარს გვეუბნება წევრობაზე, მაშინ აღმოსავლეთ მეზობელს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასავლეთსა და რუსეთს შორის „წითელი ნაჭერის“ როლი არ უნდა შევასრულოთ.
დასავლეთს და რუსეთს შორის „წითელი ნაჭრის“ როლი ნამდვილად არ უნდა შევასრულოთ. ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ძალიან სათუო საკითხია. საქართველო და ქართველები უძველესი ევროპული ერი და სახელმწიფო ვართ და ჩენ არსად შესასვლელი არ გვჭირს. ჩვენ ბოლომდე შევინარჩუნეთ ის ფასეულობები, რომლებიც ევროპამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში დაკარგა. აქ სადმე შესვლაზე კი არა, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით, ნორმალური სახელწმიფოს აშენებაზე უნდა ვსაუბრობდეთ. ნატო-ც, ევროკავშირიც ინსტრუმენტებია იმისთვის, რომ შენი ქვეყანა გაამთლიანო და გააძლიერო. მიზანი არ შეიძლება რაიმეს წევრობა იყოს. მიზანი ნორმალური სახელმწიფოს შენება უნდა იყოს, რომელიც საკუთარი მოქალაქეებს დაიცავს და იზრუნებს მათზე.
ნატო-ს გენერალური მდივნის და გერმანიის კანცლერის განცხადებები, რომ დავაკონკრეტოთ, ხომ არ დააჩქარებს ხელისუფლების ვექტორის შეცვლას?
- ვისაც გეომეტრია კარგად უსწავლია, იცის, რომ ვექტორი რაღაც მიმართულებით ისწრაფვის. ჩვენი მიზანი რომელიმე მიმართულებით სწრაფვა არ უნდა იყოს. ვექტორი არ შეიცვლება და არც უნდა შეიცვალოს. ჩვენ რატომღაც დავხატეთ ორი მახინჯი არჩევანი - ან დასავლეთში შევდივართ, ან რუსეთში. არსად არ უნდა შევიდეთ. ჩვენ მათი ინტერესები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ვახეიროთ.
საერთაშორისო ურთიერთობები სრულიად ცინიკურია და ყველას საკუთრი ინტერესები გააჩნია - ლამაზი თვალების გამო არავინ არაფერს გაგიკეთებს და ამას ფხიზლად უნდა შევხედოთ. კონკურენცია გამოიხატება იმაში, რომ შენ არც იქით და არც აქეთ არაფერი არ დათმო და მათი ინტერესები გამოიყენო.
არსებულ პოლიტიკურ ფონზე საქართველომ რა უნდა გააკეთოს?
- მოვეშვათ ლოზუნგებით ლაპარაკს. ძალიან პრაგმატულად ველაპარაკოთ როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს. ჩვენ ვიცით რა არის რუსეთის ინტერესი - მას არ უნდა საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების ხილვა. მეც ვფიქრობ, რომ ეს ბაზები მდგომარეობას დაგვიმძიმებს. მაგრამ რის ხარჯზეა რუსეთი თანახმა, რომ საქართველოს გამთლიანების საკითხზე რეალური დიალოგი დაიწყოს? ეს უნდა გავარკვიოთ. ჩვენ მხოლოდ კარასინი-აბაშიძის ფორმატის ამარა ვართ, რომელიც რეალურად ვერაფერს ცვლის. დასაწყებია კონსულტაციები, მაგრამ იმ თემებზე, რომელიც ყველაზე მეტად გვაწუხებს.