სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს და პროექტის ფარგლებში 200 ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან ერთად ბრიფინგი გამართა და დასაქმების პროგრამის ფარგლებში ურთერთთანაშრომლობის შესახებ მოსახლეობას აცნობა.
როგორც სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, ისინი კანდიდატებს უფასო გადამზადების პროგრამასა და სწავლების პროცესში ანაზღაურებად სამუშაოს სთავაზობენ. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევასა და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას. უფრო კონკრეტულად, ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
არსებული ინფორმაციით, კანდიდატების შერჩევა მოხდება 21 აპრილს დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 10:00 – 18:00 საათამდე. დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას და მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას გამოცხადებულ ვაკანსიაზე, წარმატებული კანდიდატები კი მიიღებენ სტაბილურ სამსახურს მსხვილ კომპანიაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დასაქმების შესახებ ძალზე საინტერესო წინადადება წარადგინა „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, რაც სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
ჩვენს შეკითვაზე, საქართველოში რამდენი ადამიანია დასაქმების მოლოდინის რეჟიმში, ასევე, თუ გამოიკვეთა ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და დასაქმების მხრივ გასათვალისწინებელია თუ არა უცხოეთის გამოცდილება, ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ჯერ კიდევ შარშან გამოვლინდა. ეს საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს, დაახლოებით 40-მდე პროფესიას მოიცავს. გარდა ამისა, დასაქმების პროექტი მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად და, ბუნებრივია, მთელ ამ პროცესში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო გამოცდილებასაც. უფრო მეტიც, დღეისათვის ევროკავშირის დახმარებით მიმდინარეობს შესაბამისი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინსტიტუციურ მოწყობას, ასევე, შესაბამისი სერვისების შეთავაზებას ჩვენი სამუშაოს მაძიებლებისთვის.
„განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის გზით ხორციელდება ეს პროექტები და ამ მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით შემდეგ სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამის პროფესიებში სამუშაოს მაძიებლობის განვითარებას. უფრო მეტიც, სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებს შესაბამის სტიმულირებას უკეთებს, გარკვეული თანხით უფინანსებს ამ პროცესს, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროგრამაში და დასაქმების უფრო მეტი შანსი ჰქონდეთ. ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებულად დამთავრდება. სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა, დაარეგისტრიროს სამუშაოს მაძიებლები, ასევე, ერთ-ერთი ამოცანაა, დარეგისტრირდნენ დამსაქმებლებიც, ანუ უშუალოდ ისინი, ვინც აწოდებს შესაბამის ვაკანსიებს შრომით ბაზარს. ამის შემდეგ აუცილებელია სამუშაოს მაძიებლების კონსულტირება, შესაბამისი არჩევის პროცედურების ჩატარება, რომ თავიანთი უნარ-ჩვევების მიხედვით ზუსტად მივმართოთ სამუშაოს მაძიებლები შესაბამის დამსაქმებელთან, რათა მყარი ურთიერთობა შედგეს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლონ დამსაქმებლის პირობების დაკმაყოფილება“,-გვითხრა ზაზა სოფრომაძემ და განმარტა, რომ დღეისთვის მათ საიტზე სამუშაოს მაძიებელთა 60 ათასამდე განცხადებაა დარეგისტრირებული, თუმცა ცხადია, მაძიებელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. რაც შეეხება რეალურ დასაქმებას, რამდენიმე ასეული ადამიანი შესაბამისი დასაქმების ფორუმების მეშვეობით უკვე დაუკავშირდა ვაკანსიების მიმწოდებლებს და დასაქმდა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროექტის ფარგლებში კი დასაქმდება 200 ადამიანი და ეს რიცხვი მზარდი იქნება, რადგან მოთხოვნად პროფესიაზეა გათვლილი.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დასაქმების ახალი პროგრამა 200 ადამიანის გადამზადებასა და მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს მათ კომპანიაში გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. ასე რომ, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს მათი ფეისბუკის გვერდზე, ან მივიდნენ 21 აპრილს „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში.
„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ აქ არ არის ასაკობრივი შეზღუდვა, ანუ საშუალო ასაკის ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ამაში მონაწილეობა. პირიქით, გვინდა მათ მივცეთ ახალი შანსი, შეიძინონ გარკვეული ცოდნა, ახალი საქმე შეისწავლონ და შემდეგ დასაქმდნენ პერსპექტიულ კომპანიაში. გვინდა, შევქმნათ ისეთი პირობები, როდესაც მათ საშუალება ექნებათ, თან ისწავლონ, გაიარონ ტრენინგი, თან იმუშაონ და ამისთვის ანაზღაურება მიიღონ. ეს არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მათ კიდევ ერთ ახალ შანსს მისცემს, გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. ამ პროგრამით გათვალისწინებულია მხოლოდ გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმება, მინიმალური ანაზღაურებით 400 ლარის ფარგლებში, მაგრამ, როცა ისინი უფრო მეტ უნარს შეიძენენ, მათი საშუალო ანაზღაურება თვეების განმავლობაში სადღაც 600-700 ლარამდე უნდა ავიდეს. ყველაფერი დამოკიდებულია მათ მონდომებასა და ჩართულობაზე ჩვენს სასწავლო და სამუშაო პროცესში. რაც მთავარია, გამომუშავების ზედა ზღვარი არ არსებობს“,-აღნიშნა პაატა ლომაძემ.