საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი კოალიციური გაერთიანების შექმნა უკვე დაანონსდა. მსგავს შესაძლებლობას ინტერპარტიული ჯგუფის წევრები არ გამორიცხავენ და ადასტურებენ იმასაც, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან ერთად კოალიციაში საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც გამოჩნდნენ.
"ჩვენ გვინდა, რომ იდეოლოგიური, საგარეო პოლიტიკური ვექტორის ფუნდამენტზე დაფუძნებული ძლიერი ერთობა შეიქმნას, რომელიც იქნება სერიოზული გავლენის მატარებელი აქტორი პოლიტიკაში მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. მსგავსი იდეოლოგიის და საგარეო პოლიტიკური ვექტორის პარტიებთან ჩვენ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა ეს პარტიები გვეგულება, როგორც არასაპარალამენტო, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციაში,“ - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.
გამორიცხული არ არის, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სწორედ პრემიერის პასუხის შემდეგ გაახმოვანონ საკუთარი გადაწყვეტილება კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ, ვინაიდან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მათ პრემიერ-მინისტრისთვის სწორედ 15 აპრილამდე აქვთ ვადა მიცემული.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბლოკების (და არა-კოალიციის) შექმნა ძალზე აქტუალური იქნება, რადგან პირველად საქართველოს ისტორიაში დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს შორის მმართველი ძალა განსაკუთრებული უპირატესობით გამოკვეთილი არ არის. უფრო მეტიც, პირველად საქართველოს ისტორიაში არ იქმნება გაერთიანებები ვიღაცის წინააღმდეგ და ვიღაცის დასამარცხებლად. ეს კი იძლევა შანსს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი გემოვნების მიხედვით აარჩიოს თავისი პარტნიორი, შექმნას მასთან ერთად ბლოკი, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გადალახოს ბარიერი. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორიც. კერძოდ, კოალიციის დაშლა და ცალკე სუბიექტებად მათი გასვლა არჩევნებში. სწორედ ეს არის ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ ერთიანი პოლიტიკური იდეოლოგიით, პოლიტიკური გემოვნებით შეიქმნას საგარეო პოლიტიკური ვექტორის შესაბამისი კოალიციები.
„ყოველ შემთხვევაში, „ახალი მემარჯვენეები“ ამ ეტაპზევე ვამბობთ, რომ ჩვენ აუცილებლად ბლოკურად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და უპირატესობას მივანიჭებთ ბლოკს, რომელშიც იქნება იდეოლოგიური და საგარეო პოლიტიკური კურსის თანხვედრა. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჯერჯერობით ყველა პოლიტიკური ძალა იყენებს ე.წ. პიარტექნოლოგიურ ხერხს და ამომრჩეველს ეუბნება, მე დამოუკიდებლადაც კარგად შემიძლია ბარიერის გადალახვა, მაგრამ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ყველა გააცნობიერებს იმას, რომ შესაძლოა, ბარიერი ვერ გადალახონ. ამ საარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი იქნება, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალები დაჯგუფდებიან საგარეო პოლიტიკური ვექტორით; ანუ ამომრჩევლისთვის საინტერესო იქნება არა მემარცხენეობა ან მემარჯვენეობა, არამედ, თუ რომელ პოლიტიკურ კურსს იჩენს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. სხვათა შორის, კარასინის განცხადებებიც მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის აშკარა მტრის, ოკუპანტის სურვილია, საქართველოს პარლამენტში იხილოს პრორუსული ძალები. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, დასავლეთზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, სულ მინიმუმ, კოორდინირებულ რეჟიმში ვიმოქმედოთ“,-აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ და არ დააკონკრეტა, თუ ვისთან ესახება ბლოკში ურთიერთობა. მისი თქმით, ისედაც ყველამ კარგად იცის, ვინ არიან პროდასავლური და პრორუსული ძალები საქართველოში.
სავარაუდო კოალიციის შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია. ჩვენთან საუბარში ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ არ იცის, რომელი პარტიები მოიაზრებიან კოალიციაში, თუმცა ერთიცაა, კოალიციას ყოველთვის მეტი პერსპექტივა ექნება, ვიდრე არჩევნებში ცალკე გასვლას.
„არ ვარ ინფორმირებული კოალიციის შექმნისა და საამისო კონსულტაციების შესახებ. ერთადერთი, შეხვედრა მქონდა ირმა ინაშვილთან, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, მათგან იყო წინადადება ფართო კოალიციის შექმნის შესახებ. ამის შემდეგ კი ჩვენი შეხვედრა არ შემდგარა. ზოგადად, საერთო იდეოლოგიაზე, საერთო სტრატეგიულ საკითხებზე მაინც უნდა შეთანხმდნენ პარტიები. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მჭიდრო კოალიციებს შექმნიან და უფრო წარმატებულნიც იქნებიან; ხოლო, როცა პარტიები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ ბარიერი გადალახონ, მაღალი ხელფასები და პრემიები დაირიგონ, მაშინ ისე მთავრდება, როგორც ბევრ შემთხვევაში გვინახავს“,-აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში ისეთი ჭრელი პოლიტიკური ორიენტაციისა და საგარეო პოლიტიკური კუთხის პოლიტიკური პარტიები თუ სუბიექტები არიან თავმოყრილნი, რომ მათი კონსენსუსი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით საეჭვოა. თუკი ეს კონსენსუსი მაინც მიიღწევა, მაშინ შედეგად მივიღებთ მცირე ზომისა და მცირე შანსის კონგლომერატს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნოდ იქნება შექმნილი.
„მესმის, რომ ამ წუთში არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის სხვა შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ბევრი მათგანისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვის, საპარლამენტო მანდატების მოპოვების წინაპირობა და პოლიტიკურ მზის ქვეშეთში დარჩენის ერთადერთი შანსი სწორედ გაერთიანებაა. საპარლამენტო უმცირესობას რაც შეეხება, არა მგონია, რაიმე საფუძველი ჰქონდეს ასეთ ინსინუაციებს, ეს ყველაფერი წინა საარჩევნო ბაქი-ბუქს ემსგავსება. ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა, მთავარია, არასაპარლამენტო ოპოზიციაც და საზოგადოების თავმოყვარე ნაწილიც კონსოლიდირებული იყოს ერთი მიზნის გარშემო, რაც შეიძლება, დროულად მოვაცილოთ ქვეყანას დამნაშავე ივანიშვილი, რომელსაც ყოველდღიურად უკან მიჰყავს ქვეყანა.
„მემარჯვენეებს“ პროდასავლური ხედვა აქვთ, დარწმუნებული ვარ, ირმა ინაშვილსა და „პატრიოტთა ალიანსს“ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება ექნება საგარეო ვექტორთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მარტო დასავლური ორიენტაციის და დასავლური საგარეო ვექტორის პარტიები არ არიან ამ წუთში არასაპარლამენტო უმცირესობაში, იქ ძალიან ჭრელია სიტუაცია, ამიტომ რაიმე ხელშესახებ და ანგარიშგასაწევ ძალას ამგვარი მცდელობის პირობებში ნაკლებად მივიღებთ, თუმცა მივესალმები ქართული პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერი სახის კონსოლიდაციას, რათა არჩევნებში გარკვეული შედეგი დაიდოს. მივესალმები იმასაც, რომ მომავალი პარლამენტი ძალზე მრავალპარტიული და განსხვავებული სახოვნების იყოს, რადგან ამით მოგებული დარჩება ქართველი ამომრჩეველი. ამჟამად კი, წინასაარჩევნოდ, ყოველგვარ პოლიტიკურ პრაგმატიზმს იქნება მოკლებული „ნაციონალების“ ვინმესთან ალიანსი, რადგან მაშინ „ნაციონალებმა“ უნდა ჩავიბათ გარკვეული სიმძიმე“,-აღნიშნა გიორგი თევდორაძემ.
მანვე გაიხსენა ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობას კოალიცია წინა არჩევნებზეც ჰქონდა შექმნილი შოთა მალაშხიას პარტიასთან, „ქრისტიან -კონსერვატორებთან“, თუმცა დღეს დარწმუნებულია, რომ, თუკი არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს ეგზისტენციალური აუცილებლობა, ძალები გააერთიანოს და ისე გადალახოს ბარიერი, ნაციონალებს ასეთი უცილევლობა არ აქვთ და, ნორმალური არჩევნების შემთხვევაში, ყოველგვარი კოალიციის გარეშე შეეძლებათ წარმატების მიღწევა.
თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ, გიორგი თევდორაძის თქმით, საერთოდ, პოლიტიკა ალიანსების ხელოვნებაა და სამომავლო ალიანსების შექმნა არ არის გამოსარიცხი.