პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებას, რომ საფუძველი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაუყარა, ეს ცნობილია ფაქტია. ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული კადრები ქვეყნიდან გატანილია. თუმცა, გუშინ მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ 11 და 14 მარტის ვიდეოკადრების გავრცელებით ყოფილი ძალოვანები იყვნენ დაკავებული.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნაციონალები დაინტერესდნენ, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის რა საშუალებები არსებობდა. უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაბამისი ტექნიკა 2005 წელს შეიძინეს და სწორედ, 2005 წლიდან დაიწყეს ფარული მიყურადება. 2008 წლიდან კი პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალმა მასური სახე მიიღო.
მთავარმა პროკურატურამ 11 და 14 მარტს ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე კუდ-ის ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავა. დაკავებულნი არიან კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი; რევაზ შიუკაშვილი; რომან ზაალიშვილი; ირაკლი ყიფშიძე და ზურაბ პავლიაშვილი.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულს, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილესს, გიგლა შიოშვილს, იგი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ამავე საქმეზე დაუსწრებლად ბრალი წარედგინა კუდ-ის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროს გივი კაციტაძეს.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, თუმცა არსებობენ მოწმეები, რომლებიც ამ საქმესთან უშუალო კავშირში იყვნენ. მთავარი პროკურატურის სპიკერ-პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ ის მოწმეები იძლევიან ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ შემხებლობაში როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან. მისივე თქმით, მოწმეთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას.
როგორც გამოძიებით ირკვევა, 2011-2012 წლებში შსს-ს კუდ-ის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ვაჟა ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით, ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას.
გამოძიების ინფორმაციით, 2012 წლის მაისში, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს, ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ, მან შეატყობინა ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება.
დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2012 წლის 5 მაისს, ლელუაშვილისა და ყიფშიძის დავალებით შსს-ს თანამშრომლებმა ზურაბ პავლიაშვილმა და გიგლა შიოშვილმა ორგანიზება გაუწიეს სასტუმროს ნომერში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ფაქტიდან ერთ თვეში, ვაჟა ლელუაშვილის დავალებით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კუდ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რევაზ შიუკაშვილმა და მისმა მოადგილემ რომან ზაალიშვილმა ორგანიზება გაუწიეს აღნიშნულ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რა გზითაც უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
გარდა ამისა, ასევე გახსნილია ვაჟა ლელუაშვილის ორგანიზებით განხორციელებული კიდევ ერთი დანაშაულებრივი ფაქტი. საქმე ეხება, 2013 წლის მაისში საჯარო სივრცეში ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებას.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის დეკემბერში თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ლელუაშვილის დავალებით კუდ-ის მე-6 სამმართველოს უფროსმა გივი კაციტაძემ ორგანიზება გაუწია ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებასა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვებას.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე, გამოძიება გრძელდება. პროკურატურის მიერ ხუთი ყოფილი მაღალიჩინოსანის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობა“ უკომენტაროდ ტოვებს. უმრავლესობა აცხადებს, რომ პროკურატურამ მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი უფლება აქვს - ბოდიში მოიხადონ.
„დადასტურებულია, რომ ეს ფირები გადაღებულია 2012 წლის არჩევნებამდე. იმედს გამოვთქვამ, რომ ასევე შეძლებს პროკურატურა დაადგინოს, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მიზნები იყო, რომლის იდეოლოგებიც მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები, ხელისუფლება გახლდათ. აქამდე მივა ეს ყველაფერი და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდება სისტემური დანაშაული. დადასტურდება ის პოლიტიკური იდეოლოგია, რომლითაც მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები ქვეყანას მართავდნენ. დღეს კი, ოპოზიციაში გადმობრძანებულები თითს იშვერენ დღევანდელი ხელისუფლებისკენ, რაც უბრალოდ სირცხვილია. ერთადერთი, რისი უფლებაც აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
„თავისუფალ დემოკრატები“, რომლებიც პირველები გახდნენ ამ დანაშაულის მსხვერპლი, იმედოვნებენ, რომ დამნაშავეები უმკაცრესად აგებენ პასუხს. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პროკურატურის ამოცანა სწორედ ის არის, რომ გამოავლინოს დამნაშავეები.
„მთავარია, დამნაშავეები იყვნენ დაკავებული და შემდეგ უკვე მტკიცებულებების მოპოვებით მათ უმკაცრესად აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. რაც მთავარია, პროკურატურის ამოცანა სწორედ ეგ არის, რომ გამოავლინოს დამნაშავეები, ჩემი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარება იყოს არჩევნების შემდეგ, რომ აღარასდროს არავის მოუვიდეს თავში ფარული ჩანაწერების კეთება და საკუთარი მოქალაქეების შანტაჟი“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.