გუშინ, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულდა პრესტიჟული “ევროვიზია-2011”-ის ფესტივალი. ამ წარმომადგენლობით კონკურსში საქართველოც იღებდა მონაწილეობას. მას წარადგენდა ჯგუფი “Eldrine”, კომპოზიციით “One More Day”. ჩვენი თანამემამულეები ფინალში მოხვდნენ და საპატიო მეცხრე საფეხურზე დამკვიდრდნენ. საინტერესოა, რომ მას შემდეგ რაც საქართველო ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობს, ეს ადგილი გასულ წელს მომღერალ სოფო ნიჟარაძეს მიერ დაკავებული პოზიციის გამეორება აღმოჩნდა.
“ევროვიზია-2011”-ის მთავარი მოულოდნელობა აზერბაიჯანული დუეტის" ELL and Nikki"-ს გამოსვლა იყო. 21 წლის პროფესიონალი მომღერლის ელდარ გასიმოვისა და 30 წლის ეკონომისტის, მაგრამ მოყვარული მუსიკოსი ნიგიარ ჯამალის კომპოზიცია “Running Scared”, ევროპელმა მელომანებმა და კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესოდ სცნო.
აზერბაიჯანულმა წყვილმა საბოლოოდ 211 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი 189 ქულით, იტალიელ მომღერალს, “სან რემო-2011”-ის გამარჯვებულს რაფაელ გუალაცის ერგო.
მესამეზე შვედი მომღერალი ერიკ საადე გავიდა. მან 185 ქულა დააგროვა. მეოთხე პოზიციაზე უკრაინელი მიკა ნიუტონი დამკვიდრდა, მეხუთეზე კი დანიური ჯგუფი “A Friend in London”.
პირველ ათეულში აგრეთვე მოხვდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინას, საბერძნეთის, ირლანდიისა და გერმანიის წარმომადგენლები.
მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენდა შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული ლენა მაიერ-ლანდრუტი. დიუსელდორფში ამ მუსიკოსმა შეასრულა კომპოზიცია “Taken By A Stranger”. მიუხედავად თანამემამულეთა დიდი იმედებისა მან მხოლოდ მეათე ადგილის დაკავება შეძლო.
რუსებს მოლოდინი გაუწბილა მომღერალმა ალექსეი ვორობიოვმა. მისი პროდიუსერი ცნობილი RedOne გახლდათ, რომელიც ნაყოფიერად თანამშრომლობს ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან ლედი გაგა, შაკირა, მილენი ფარმერი და ჯენიფერ ლოპესი. აღმოჩნდა რომ თუ ნიჭი ხელს არ გიწყობს, რა დიდძალი თანხებიც არ უნდა დახარჯო, წარმატებას მაინც ვერ მიაღწევ. ვორობიოვი მხოლოდ მე-16 ადგილზე გავიდა და თანამემამულე ჟურნალისტებს მრავალი სალაპარაკო თემა გაუჩინა.
ფესტივალის მიმდინარეობის დღეებში რამდენიმე კონფლიქტური სიტუაციაც დაფიქსირდა. პირველი ნახევარფინალიდან გადამწყვეტ ეტაპზე ვერ გადავიდა სომეხი მომღერალი ემი. სომხეთის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ მათი მომღერალი უსამართლოდ დაიჩაგრა. ამისი მიზეზი ის ყოფილა, რომ კონცერტის ტელეტრანსლაცია ისე იყო მოწყობილი, რომ ევროპაში მიმობნეულმა ემის თაყვანისმცემლებმა საყვარელი მომღერლისათვის ხმის მიცემა ვერ მოახერხეს. სომხების მტკიცებით, კომპოზიცია “Boom Boom”-ი, “ევროვიზია-2011”-ის უპირობო ლიდერი იყო. საკუთარი სიტყვების სიმართლეს კი იმით ასაბუთებდნენ, რომ გერმანიის ბარებსა და საცეკვაო მოედნებზე ეს სიმღერა ფრიად პოპულარული იყო. სომხებს ოფიციალური საჩივარი უნდა შეეტანათ, მაგრამ ბოლოში გადაიფიქრეს და ბედს შეურიგდნენ.
მეორე კონფლიქტის უშუალო მონაწილეებიც სომხები აღმოჩნდნენ. 13 მაისს რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პოპულარულ გადაცემაში “ილაპარაკონ”, პროგრამის წამყვანები დიუსელდორფის ფესტივალში მონაწილე კომპოზიციების მოსალოდნელ შანსებზე საუბრობდნენ. როდესაც საუბარი აზერბაიჯანულ დუეტზე ჩამოვარდა, მოულოდნელად დიდი რაკურსით სომხეთის ეროვნული დროშა უჩვენეს. რასაკვირველია ამან აზერები ფრიად განარისხა და რუსეთის “პირველ არხს” ოფიციალურად უჩივლეს. ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ. აზერბაიჯანელები ამ ინციდენტში იმ სომხების კვალს პოულობენ, რომლებიც მოსკოვში, ოსტანკინოში მოღვაწეობენ.
“ევროვიზია-2011” დასრულდა. მომავალი წლის ფესტივალს უკვე აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.